Home

დღეს მე ჰომოსექსუალი ვარ

1 Comment

ამ ქალაქში, ჩემთან ერთად გაჩერებაზე დგას ადამიანი, რომელსაც დაუფიქრებლად შეუძლია მესროლოს ქვა იმიტომ რომ არ მოვეწონე. მაღაზიის რიგში ჩემს შემდეგ მდგომს შეუძლია მსდიოს სანამ არ დავარდები რომ ჩამქოლოს. მე ყოველ დღე გულთბილად მესალმება ადამიანი, რომელიც მზად არის ფიზიკურად გამისწორდეს თუ მე მისთვის მისაღები არ ვიქნები, აღსარებაზე მისულს მოძღვარმა შეიძლება თავში ჩამარტყას სკამი თუ გავუმხელ რომ ჰომოსექსუალი ვარ.

ამ ქალაქში ადამიანებს აკლიათ პატარა ბედნიერებები, ჩახუტება, გულწრფელობა და სიყვარული. ამ ქალაქში ადამიანებს აღარ უყვართ საკუთარი თავი და სძულთ სხვები. ამ ქალაქს სჭირდება რეანიმირება, რომ არ მოკვდეს. ამ ქალაქში რომ გადარჩე უნდა იყო ჩუმად, უნდა მოატყუო, ითვალთმაქცო და უნდა იყო მათნაირი. ამ ქალაქში შეგიძლია გიყვარდეს მხოლოდ კოლექტიური თანხმობის შემდეგ. ამ ქალაქში ღმერთის სწამთ, მაგრამ ადამიანის წამებას ამართლებენ. ამ ქალაქს არ შეუძლია პატიება. ამ ქალაქში წიგნებს აღარ კითხულობენ. ამ ქალაქში დაივიწყეს თანაგრძნობის შესახებ. ამ ქალაქში აღარ არის მეამბოხე ახალგაზრდობა, ამ ქალაქში ბებრებად იბადებიან.

ამ ქალაქში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან მომკლან იმის გამო, რომ მე დღეს ჰომოსექსუალი ვარ.

 

just love

სიმბოლო გველი

Leave a comment

რადგან 2013 გველის, უფრო სწორად კი შავი, წლის გველის წელია, მოდით გაგიზიარებთ ჩემს ცოდნას გველის სიმბოლოს შესახებ. ნუ მცირე შევასალის სახით ვიტყვი იმას, რომ გველები ჩვეულებრივ არ იკბინებიან, ზუსტად იგივე შანსია თავს დაგესხათ გველი და ცოტა უფრო ნაკლებიც, რაც მაგალითად ძაღლის შემთხვევაში. მე მაგალითად ძაღლების მეშინია და გველების არა. იმიტომ რომ ძაღლებს შემოუღრენიათ და დაკბენის მცდელობაც ქონიათ, გველებს კი არა. მიუხედავად ჩემი განუზომელი ცნობისმოყვარეობისა მათი აგებულების მიმართ, განსაკუთრებით ბავშვობაში )))

00-03-429-000

გველი ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა და ის თითქმის ყველა ძველ კულტურაში გვხვდება. ამ სიმბოლოს ხიბლი იმაშია, რომ მას ორმაგი მნიშვნელობა აქვს და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც. ბევრ არქაულ კულტურაში გველი მიწისქვეშეთის სამფლობელოს, ასე ვთქვათ მკვდრების სამეფოს სიმბოლო იყო. შესაძლოა იმიტომ რომ ის მიწაში ბინადრობს ან იმიტომ რომ ძველად და ახლაც სხვადასხვა რელიგიები სხვადასხვაგვარად აღწერენ სიკვდილს, მაგრამ ის ყველა შემთხვევაში გარდასახვასა და ტრანსფორმაციას განასახიერებს. გველს უნიკალური უნარი აქვს კანი გამოიცვალოს. რაც შეეხება მის ორმაგ მნიშვნელობას, მაგალითად ბიბლიაში გველი განასახიერებს ეშმაკს, რომელმაც აცდუნა ევა და ამავე დროს ის მოსეს ეხმარება უდაბნოში.

გველის სიმბოლოს სხვადასხვა საინტერესო მნიშვნელობები შეიძლება შეგხვდეთ, სადაც აღნიშნულია რომ ადამიანმა ისევე როგორც გველმა უნდა დატოვოს თავისი სხეული და განახლებულმა შეაბიჯოს ახალ სამყაროში. გველი ტოვებს ქვაზე შხამს წყალში შესვლისას, რათა მისი სისპეტაკე არ აამღვრიოს და ამიტომ ის შიშველ ადამიანებს არ კბენსო. არ ვიცი ბევრი ფიქრობდა ალბათ რომ შიშველი პირდაპირი მნიშვნელობით იყო ნახსენები, თუმცა არ მგონია თქვენმა გენიტალიებმა გიხსნათ გველისგან ))) ბავშვობაში, როცა დავსდევდი და ვიჭერდი გველებს, ხელში ვათამაშებდი და ვიკვლევდი მათ ყველა უჯრედს, როგორც ეს შეიძლება ბავშვა გააკეთოს ჩემთვის არასდროს უკბენიათ. მოგვიანებითაც მომიწია რამდენიმე ასეული მეტრის გავლა წელამდე ბალახში სადაც ფიზიკურად ვგრძნობდი როგორ დასრიალებდნენ გველები ჩემს ფეხებზე და არცერთ მათგანს არ უკბენია. უცნაურია მაგრამ გველების არასდროს მეშინოდა, მათ დიდ პატივს ვცემ, დიახ. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არსებაა და მესიმპატიურება. ყოველთვის ვიყავი გულწრფელი, როცა მათი არ მეშინოდა და ალბათ ვიყავი შიშველიც, ამიტომ შეგიძლიათ ტანსაცმლის გახდით არ დაიწყოთ როცა გველს დაინახავთ, ემოციების გახდით დაიწყეთ. გრძნობენ :)

al_ouroboros2

გველის სიმბოლოს სხვადასხვაგვარადაც გამოსახავდნენ, მათ შრის ყველაზე პოპულარული არის გველი, რომელიც საკუთარ კუდს კბენს ე.წ. ურობოროსი, ეს არის სიმბოლო უსასრულობის, უკვდავების, განახლების და ციკლის დაბრუნების. ალქიმიკოსები ამ სიმბოლოთი გამოსახავდნენ იმ პროცესებს რომელიც ციკლურად მიმდინარეობს, მაგალითად აორთქლება, კონდენსაცია – მრავალჯერადი განმეორება. ვერ გამოვრიცხავთ იმ ფაქტს რომ გველს ასევე ნეგატიურ მნიშვნელობასაც ანიჭებენ და ეს პირველ რიგში მის შხამს უკავშირდება, თუმცა ამავე შხამს უკავშირდება განკურნებაც, ამიტომ არის გველი ასეთი წინააღმდეგობრივი სიმბოლო.  ძველ ეგვიპტეში გველი ურეუსი რომელიც ფარაონის გვირგვინს განასახიერებდა მტრებს შხამით იგერიებდა, ის ასევე მზის დისკოს ეკვროდა გარს.

a_5862ead4 (1)ცენტრალურ ამერიკაში აცტეკებთან კოატლი მნიშვნელოვან სიმბოლოდ გვევლინება. კოატლი – გველი კალენდრის მეხუთე დღის მფარველია. ამ დღეს დაბადებულები უარყოფითად ხასიათდებიან. როგორც უსახლკაროები და ღარიბები. მაშინ როდესაც კეტცალი არის ფრინველი ძალიან ღრმა მნიშვნელობით განსაკუთრებით რელიგიურ საკითებში, დაჯილდოებული სიბრძნით და სხვა სიმდიდრეებით. აცტეკებთან კარგად ჩანს გველის კიდევ ერთ თვისებაზე ხაზგასმა, გველი როგორც ფრინველი კვერცხიდან იჩეკება. შესაბამისად აცტეკებმა ეს პროცესი დაუკავშირეს მის ორმაგ სახეს და უკიდურესი უარყოფითი და დადებითი მხარეები ამ ორი სიბოლოების, როგორიცაა კოატლი და კეტცალი გააერთიანეს ერთში და მას ეწოდება კუკულკანა, ეს სიმბოლო აერთიანეს გველისა და ფრინველის როგორც მიწისა და ცის სიმბოლოებს. ფრინველისა და გველის პოლარულობა ყველაფერთან ერთად მეხიკოს გერბზეცაა გამოსახული აცტეკურად ტე ნოჩტიტლან, მასზე გამოსახულია კაკტუსზე მჯდომიარე არწივი გველით კლანჭებში. ეს სიმბოლო განასახიერებს ორი უკიდურესობის კავშირს.

ეზოთერულ სისტემებში დახვეული გველი – კუნდალინი სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლოც არის.  გველისმაგვარი არსებები ნახევრადღვთაებრივი ნაგები კი ასევე დიდ როლს თამაშობენ ძელ ინდურ მითოლოგიაში. ნაგი განასახიერებს მიწიერი საგანძურის მცველს. ისინი კეთილი სულები არიან, რომლებიც გველის ტანითა და ადამიანების თავით გვევლინებიან. გველი თავისი კანის გამოცვლის უნარით – განახლებას, ხოლო წყლის სტიქიასთან მჭიდრო კავშირით ნაყოფიერებას განასახიერებდა.

ჩინეთში გველი – შე, ზოდიაქოს მეხუთე ნიშანია. ითვლება ცბიერ და საშიშ ნიშნად. ამავე დროს გველები დადებით მნიშვნელობას იძენენ, რადგან მდინარის კალაპოტი ზემოდან წააგავს გველს თავისი ფორმით, ამიტომაც მათ წყალთან უფრო მეტად აკავშირებენ. გარდა ამისა არსებობს ლეგენდა, რომლიც მიხედვითაც მადლიერ გველს რძით დაპურების შემდეგ, საჩუქრად მოაქვს მარგალიტი ოკეანეების სიღრმეებიდან. ამიტომაც აღმოსავლეთში გველი სიბრძნის მატარებელთანაც ასოცირდება.

სამხრეთ აფრიკულ კულტურაში გვხვდება გიგანტური გველები, რასაც ადასტურებს კლდეზე გამოსახული ნახატები. მათ ღვთაებრივი შესაძლებლობებიც ქონდათ, ისინი წვიმას იწვევდნენ და ზოგადად წყალს განასახიერებდნენ. გარდა ამისა მითებში ისინი რქებითაც გვხვდება, რითაც ისინი უფრო მეტად დრაკონს მოგვაგონებენ.

nagi

გველის არა მარტო მნიშვნელობებია მსგავსი სხვადასხვა კულტურებში, არამედ მსგავსი ლეგენდებიც კი არსებობს თავისი შინაარსით. მაგალითად იაპონიაში არის ლეგენდა, რომელიც ძალიან გავს ჰერაკლესა და ცხრათავიანი ჰიდრას შებრძოლების ბერძნულ მითს. იაპონური ლეგენდის მიხედვით ქარიშხლის ღმერთი სუსანოო შეებრძოლა რვათავიან გველს იამატანო ოროტისს და დაამარცხა ის, ხოლო მის კუდში აღმოაჩინა მახვილი, რომლის საშუალებითაც დატყვევებული პრინცესა – ინადახიმე გაათავისუფლა. გველის დამარცხების ლეგენდას სხვაგანაც შეხვდებით, როგორიცაა მაგალითად იგივე თეზევსის ანდა წმინდა გიორგის შებრძოლება გველთან, როგორც ქართულ თარგმანშია ნახსენები – გველეშაპთან.

რაც შეეხება გველის წელს მე პირდად ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ აღმოსავლური ჰოროსკოპით ხელმძღვანელობა სწორია. ზოგადად სიმბოლოებს დიდი დატვირთვა აქვს, თავისი ენერგეტიკა. ამიტომ ჯობია საერთო კონტექსტში განვიხილოთ ეს სიმბოლო. მოკლედ რომ ვთქვა, წელს ალბათ კანი უნდა გამოვიცვალოთ და ტრანსფორმაცია განვიცადოთ, იმისთვის რომ წარმატებას მივაღწიოთ. წარმატებას გისურვებთ ამაში :)

 

რაც ძალიან მიყვარს

Leave a comment

ძალიან ბევრი რამეა რაც გვიყვარს, მაგრამ მე ამ “ბევრს” დავყოფდი შემდეგ კატეგორიებად: არსებობს საგნები და მოვლენები რომლებიც გიყვარს მაგრამ მათი ცოდნა სხვა ადამიანებისთვის არაფრის მომცემია, მაგალითად რა ფერი გიყვარს ან რომელია შენი საყვარელი რიცხვი )))  არის მეორე კატეგორია რომელიც ისედაც ზედაპირზე ტივტივებს და ცუდ ნაცნობზე ოდნავ კარგად ვინც გიცნობს შესაძლოა ყველამ გასცეს მასზე პასუხი შენს ნაცვლად. მაგალითად ასეთია რა სტილის ჩაცმულობას ანიჭებ უპირატესობას, გიყვარს თუ არა ლუდი და ა.შ. არის კიდევ მესამე საინტერესო კატეგორია, რომელიც როგორც წესი დანარჩენ ორზე უფრო ღრმაა და ბევრად ინტიმური, შესაძლოა ეს ყველაფერი იმათმაც არ იცოდნენ ვინც ფიქრობს რომ კარგად გიცნობს.

ამ მესამე კატეგორიაზე დავწერ ზუსტად, იმ საგნებსა და მოვლენებზე რომლებიც რომ იცოდე ალბათ იმ ადამიანთან უნდა იცხოვრო კიდეც.

კიტრის სურნელი – საერთოდ კიტრი არ მიყვარს და არც მძულს, შესაძლოა რამდენიმე წელი ისე გავიდეს რომ არც გავსინჯო, მაგრამ ძალიან ხშირად ვყიდულობ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს კიტრის სურნელი.

სტუმრები – გამიჭირდება ვთქვა რა შეიძლება მანიჭებდეს უფრო დიდ სიამოვნებას ვიდრე სტუმრები, იქნება ეს ერთი ადამიანი თუ ადამიანებით გაძეძგილი ოთახები. ჩემთვის სტუმრის მოსვლა, იქნება ის პირველად ჩემს სახლში თუ ძველი მეგობარი, არის მოვლენა, ვემზადები ყოველთვის, ვცდილობ კარგი განწყობა ქონდეს, ვცდილობ არ მოიწყინოს და ყოველთვის როცა ჩემთან მოდის ადამიანი ვცდილობ ჩემი ერთი ნაწილით მეტი გავაცნო.

ნაცრისფერი ამინდები – არ მიყვარს ბევრი მზე, ალერგია მაქვს. არ მიყვარს წვიმა, იმიტომ რომ არ მიყვარს წვიმაში ჩასაცმელი ფეხსაცმელები. არ მიყვარს თოვლი, იმიტომ რომ მხედველობა მიჭირს თეთრს რომ ვხედავ და თანაც სულ მგონია რომ ახლა უნდა გავხდე ავად და მოვკვდე. ეს ალბათ ფობიების რიცხვშიც შეგვიძლია გავიყვანოთ. არ მიყვარს ქარი იმიტომ რომ ზედმეტად ცივა თბილ ამინდშიც კი. ძალიან მიყვარს ნაცრისფერი ამინდები, როცა მოღრუბლული, წყნარი, მშვიდი ამინდია. არც ქარია, არც წვიმს და თოვს, მზისგან დამცავი კრემის წასმაც არ მჭირდება სახლიდან გამოსვლისას და თვალებიც არ მტკივა, იმიტომ რომ იდეალურად თანაბარი განათებაა.

საღამოს გაღვიძებულს ძილის შებრუნება – იშვიათად მაქვს ისეთი უქმე როცა არაფერი მაქვს საქმე. საერთოდ არ მიყვარს უსაქმურობა, მაშინაც კი როცა არ მაქვს რამე სამუშაო, მოვიგონებ ან ნამცხვარს გამოვაცხობ, ან ძველ დავიწყებულ საქმიანობას ამოვატივტივებ, ან რომელიმე ოთახს შევღებავ და ა.შ. მაგრამ იშვიათად არის ხოლმე დღეები, როცა ვიღვიძებ როცა გამეღვიძება და ეს ყოველდღე მოხდებოდა საღამოს, როცა უკვე ბნელა, რომ არა ჩემი მაღვიძარა და კეთილი ადამიანები, რომელთაც მისი ხმა ესმით. ჰოდა ხდება ასეც რომ ვიღვიძებ დაძინების დროს, გადმოვბრუნდები ამოვყოფ საბნიდან თავს და გადავბრუნდები და ეს დღეები არის ყველაზე გემრიელი ტორტის ნაჭრები.

მგზავრობის დროს ძილი – ისე გამომდის რომ ძილი მიყვარს, თუმცა არა. არასდროს მიძინია დღისით თუ არ ჩავთვლით მგზავრობის დროს ძილს. უბრალოდ მგზავრობისას მომენტალურად ვიძინებ. ეს არის ის დრო, როცა ყველა მდგომარეობაში, გარემოში, ყველანაირ ადამიანებთან და ყველანაირი ხმაურისა და მუსიკის ფონზე შემიძლია ანგელოზივით დავიძინო და სიზმარიც კი არ ვნახო.

სამაგიდო თამაშები – ძალიან აზარტული ვარ და განსაკუთრებით მიყვარს სამაგიდო თამაშები. ჩემი აზარტულობა იმდენად მაქვს გაცნობიერებული რომ ფულზე არასდროს მითამაშია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ბოლოს ორგანოების გაყიდვით დავასრულებ და ამიტომ მხოლოდ მეგობრებთან ერთად ვთამაშობ არაფერზე :დ უბრალოდ მოგებისთვის. ვთამაშობ ცუდად, მიმართლებს მაგრად. ცუადად იმიტომ რომ ძალიან სულსწრაფი ვარ და ყველაფერი უცბად მინდა, მიმართლებს იმიტომ, რომ როცა კარტს ვხსნი დამცინიან ამით როგორ წააგეო )))) ყველაფერს ნიჭი უნდა რას იზამ.

საჩუქრების ჩუქება – მიყვარს ადამიანების სურვილების შესრულება, ეს მანიჭებს თითქმის ფიზიკურ სიამოვნებას )))  ის მომენტი როცა ვინმეს რამე უნდა, უსრულდება და მე ვარ ის ვინც ამას ასრულებს, არის მომენტი, საკმაოდ ხანმოკლე მაგრამ საკმარისად შთამბეჭდავი. მადლობები არა, ხანდახან ისე ამისრულებია რომ არც ცოდნია ვინ აუსრულა, ამას არ აქვს მნიშვნელობა მთავარია მე ვიცი რომ ავუსრულე.

ჩემი დაბადებისდღე – მიკვირს როცა ამბობენ რომ საკუთარი დაბადებისდღე არ უყვართ. მე ყველაზე მეტად მიყვარს ეს დღე, ახალ წელსაც მირჩევნია და ყველაფერ დანარჩენსაც. არ ვიცი რომ შეიძლებოდეს თან ნაძვის ხის დადგმა, თან კვერცხების წითლად შეღებვა და თან ვალენტინობის მილოცვას ყველაფერს ერთად ვიზამდი. ისე რატომაც არა? მიყვარს იმიტომ რომ ეს ჩემი დღეა და მარტო ჩემი, ვიცი რომ ამ დღეს მე ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. ეს არის დღე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მიზეზია და ყველაზე დიდი საჩუქარი რაც კი მიმიღია ოდესმე.

ომლეტი საუზმედ – ჩემთვის დილა დილა არ არის თუ კვერცხი არ შევიწვი. არ არსებობს არანაირი კარაქიანი პური და ბუტერბროტი, ტოსტი და ნამცხვარი, დილა არის შექმნილი სპეციალურად იმისთვის რომ ადამიანებმა მიირთვან გემრიელად მომზადებული ომლეტი.

და ვაღიარებ ფრანგული შანსონები :დ – დიახ ვაღიარებ რომ ძალიან მომწონს ფრანგული შანსონები, აი არც მეტი და არც ნაკლები, მომწონს და მორჩა, ვუსმენ ხოლმე ფლეიერშიც მაქვს ჩაწერილი U2-სა და  Rolling Stones -ს შორის, ვინცობაა და დაინტერესდნენ რომ თითის მარტივი მოძრაობით ავიმაღლო მუსიკალური გემოვნება :დ არადა ფრანგული შანსონი ჰო სულ სხვაა )))

Never Forget to Dream

2 Comments

არ მეგონა თუ წელს კიდევ მივწერდი წერილს სანტას, ამდენი საყვედური მისთვის ალბათ არასდროს მიმიწერია. მაგრამ მივწერე ერთი, ყველაზე მთავარი, რომელიც ჩემს ბლოგზე ვერ მოხვდა. ის საქართველოს ბანკის Orange Santa-ს გავუგზავნე. შეიძლება აქამდე იმიტომ არ მისრულდებოდა სურვილები, რომ იმ სანტამ, ლაპლანდიელმა, ქართული არ იცის. ჩემი საახლწლო სურვილი ბევრისთვის ყოვლად არასაჭირო ნივთში მდგომარეობდა.

32470_1452489799089_5211071_n

2007 წლის დამდეგია, ნიუ იორკში ახალ წელს თუ არ ყოფილხართ აუცილებლად წადით. იქ იგრძნობთ რამდენად ჯადოსნური შეიძლება იყოს ახალი წელი. მე და დათო მოვსეირნობდით როკფელერის ცენტრიდან,  45-ე ქუჩიდან შევუხვიეთ და გადაკვეთაზე მუსიკალურ მაღაზიასთან მოვხვდით, რომელიც 1884 წლიდან არსებობდა და მისი კედლები მთლიანად დაფარული იყო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ლეგენდარული ვარსკვლავების ავტოგრაფიანი ფოტოებით. ამ მაღაზიაში ყველა სახის და წარმოების, ასაკისა და ფერის ინსტრუმენტს შეხვდებოდით.

დათომ ყოველთვის იცის რა უნდა, ამიტომ ბევრი არც უფიქრია ისე ჩამოხსნა გიბსონი და დაიწყო დაკვრა. უამრავი ელექტროპიანოდან თითქმის ყველასთან დავჯექი, შევეცადე მომერგო. ზოგის სიმაღლე არ მომეწონა, ზოგის კლავიშების მგრძნობელობა, ზოგის ფერი, ხმა და ბოლოს ვიპოვნე ის ერთადერთი, რომელიც იყო იდეალური ჩემი თითების გაგრძელება. ეს იყო ინსტრუმენტი მთელი თავისი არსით, ინსტრუმენტი არა მხოლოდ როგორც მუსიკალური, არამედ ინსტრუმენტი გაგეზიარებინა მუსიკა, ის იყო საშუალება, კომფორტი, ის ხდებოდა შენ, შენი შთაგონების ყალიბი. მერე დავიწყეთ დაკვრა. მე კლავიშზე, დათომ გიტარაზე. პრინციპში არაფერი საეჭვო და საერთოდ არაფერი შეგვიმჩნევია, სანამ ტაშის ხმა არ გავიგეთ. ასე იქცა ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო, გამოუსადეგარი და უსარგებლო ნივთი ჩვენ ოცნებად.

229973_10151325172868586_1069278536_n

როცა ტელევიზიით გათამაშებებს ვუყურებდი ხოლმე და გამარჯვებულები არაორდინალურად იქცეოდნენ ვფიქრობდი როგორ მოვიქცეოდი ნეტა მე მათ ადგილას. არადა ტელევიზიით იცი მაინც, ელოდები, უყურებ, მორალურად ემზადები რომ აი შენი ნომერია, მერე რა რომ ბოლო სამი ციფრი არ ჩანს, მაინც იმედს იტოვებ, რომ ის სამი ციფრი შენია და ეს ამსუბუქებს შენს მდგომარეობს.

დათო უკვე ზედიზედ მეორედ იყო ღამის მორიგე. მე ჩემს მანსარდში ვიჯექი კომპიუტერთან და მექანიკურად ვწერდი, გადაღლილი, გადამწვარი, საახალწლო განწყობას სრულიად მოკლებული და ვცდილობდი არ მეფიქრა სხვენში შენახულ ნაძვისხეზე. ღამის ათის წუთებზე საქართველოს ბანკის ნომრიდან დამირეკეს, არ ველოდი. იმიტომ რომ არც ვალი მაქვს და თან ღამეა. არცერთი წამით არ მიფიქრია რომ მირეკავდნენ Orange Santa -ს კანცელარიიდან, იმიტომ რომ არმოგებას შეჩვეული ვარ, არც გავბრაზდებოდი და არც ლანძღვას დავუწყებდი, ძალიანაც რეალურია 17 000 წერილიდან თუ შენზე უკეთესი სხვა აღმოჩნდება. მიჭირს იმის გახსნება რა მოხდა მერე, მახსოვს რომ რაღაც მომენტში გავჩუმდი, ხმა ჩამივარდა, მერე ვეღარ ვიმორჩილებდი ნიკაპს და ბოლოს ავსლუკუნდი, კი რაღაცეებს ვყვიროდი ზუსტად ისე ტელევიზორიდან რომ ყვირიან ხოლმე ხმაჩახლეჩილები და ვიცინოდი ისტერიულად, თან ვსლუკუნებდი და ვტიროდი.

382869_461687147222810_1265087938_n

დათო უნდა მოსულიყო დილით ღამის მორიგეობიდან. ნაძვისხე აღმოჩნდა სხვენში გაჭედილი და არა შენახული. მე დაახლოებით 45 გრადუსით გადახრილი თითის წვერებზე ვიდექი წიგნებზე, წიგნები იდო სკამზე და რომ დაიძახა და წამოვიდა ნაძვისხემ, გადმოყვა სათამაშოების ყუთი, დასრიალდა წიგნი, ჩამოვყევი მე და ბოლოს ნაძვისხე მქონდა თავში მორტყმული. ასე სწრაფად ჯერ არასდროს მომირთავს ოთახი.  საერთოდ სიკეთე გადამდებია. ჩავხედე სათამაშოებით, ნათურებით, ძველი ნაძვის ხითა და წვიმებით სავსე ყუთს და გადავწყვიტე მეც ვყოფილიყავი წელს ვინმეს სანტა, დავაწერე ზემოდან “საახალწლო სათამაშოები სანტა კლაუსისგან” და არ მოვყვები იმას თუ როგორ, მაგრამ როგორღაც გავიტანე ქუჩაში, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ეს იყო ტელევიზორის დიდი ყუთი და თანაც გაძეძგილი.

314572_10151324141183586_728058065_n

უკვე ღამის სამი საათია დ სასწრაფოდ მჭირდება ლეგენდა ე.წ. სცენარი, რომელიც იქნება იმდენად დამაჯერებელი, რომ მორიგეობიდან მოსულ და ორი ღამის ნათევ დათოს აიძულებს არ დაიძინოს. ეს ყველაზე კეთილი ტყუილი იყო, რომელიც ოდესმე მითქვამს. კარგად ვიტყუები, მაგრამ ძალიან ეძინებოდა, იმდენად, რომ გეგმის შეცვლა და იმპროვიზაცია იყო საჭირო. საბოლოოდ დათო თბილ ლოგინში ჩაღუნღულების ნაცვლად მანსარდში, დივანზე, საძილე ტომარაში ელვაშეკრული აღმოჩნდა. ეს იმისთვის, რომ სწრაფად გამეღვიძებინა და ჩაცმა არ დასჭირვებოდა სანტას მოსვლისას.

არასდროს მინახავს ასეთი ბედნიერი და გაოგნებული ერთდროულად. უჭირდა ემოციების გამოხატვა, იყო ჩუმად გაფართოებული თვალებით და ცდილობდა დაბნეულობა არ შეემჩნია, მე რაღაცეებს ვლაპარაკობდი გაუჩერებლად, ვიცინოდი, მადლობებს ვიხდიდი, თუმცა ყველას ყურადღებას მაინც დათოს გაოგნებული ბედნიერება იპყრობდა.

24 საათის უძინარი, დღეს ისევ ღამის მორიგეა 12 საათით, მაგრამ ვიცი რომ ბედნიერია, იმიტომ რომ მას აქვს არა აბსტრაქტული, პოლიტიკური, მიუწვდომელი ან არარეალური, არამედ ხელშესახები, ფიზიკური, მუქი შავი ფერის, სრული დინამიური კლავიატურითა და უამრავი სხვა ფუნქციით, ყველაზე ერგონომიული ოცნება, რაც კი არსებობს დედამიწაზე. საახალწლო საჩუქარი – ელექტრო პიანო სანტასგან.

75968_10151325286753586_1256001586_n

როგორ გადავიტანეთ აპოკალიფსი

1 Comment

წესით წლის შემაჯამებელი პოსტი უნდა დამეწერა რამდენიმე დღის წინ, მაგრამ შემდეგ აპოკალიფსამდე მოცდა გადავწყვიტე. წინააპოკალიტპურ აჟიოტაჟს მიყურადებული წარმოვიდგინე რას იფიქრებდენ რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ როცა მაგალითად ინტერნეტ არქეოლოგები აღმოაჩენდენ უამრავ პოსტს აპოკალიფსსა და 21 დეკემბერთან დაკავშირებით. ალბათ იფიქრებდნენ რომ ჩვენ იმდენად განვითარებული ვიყავით რომ სხვა განზომილებაში გადავინაცვლეთ და იქიდან შევძელით დაკავშირება დედამიწაზე დარჩენილებთან, რომლებიც განადგურდნენ.

6127934_700b (1)

რაც წელი ის აპოკალიფსი. ახალ წელს ჩემი მეგობრები მოვიდნენ, ვაპირებდით გართობას, გავაკეთე ტირამისუ, მოვიდნენ 3 საათის დაგვიანებით და დაიძინეს, მერე გაიღვიძეს და წავიდნენ. დაბადებისდღეც მქონდა საკმაოდ მოსაწყენი პრინციპში, ვერც კი ვიხსნებ. მერეც ვერ ვიხსნებ და ო მერე დავიწყეთ რემონტი, გადავიხადეთ ბევრი ფული კომუნიკაციებისთვის და რემონტი ისევ ისეა. ანუ არანაირად და შესაბამისად ველოდები გამოდარებას.

უკვე სახლში მაქვს ყველა საჩუქარი რომელიც დათოს, დედას და დედამთილს ვუყიდე საახალწლოდ, მაგრამ მათ ეს არ იციან. ალბათ ხვდებიან იმიტომ რომ სულ ვყიდულობ ხოლმე საჩუქრებს და დარწმუნებული ვარ მე წელსაც არაფერს მაჩუქებენ როგორც ყოველთვის.

სანტა იმედი მაქვს არ არსებობ, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულად და ნელა მოკვდებოდი ყველა ჩემი საჩუქრის გამო, რომელიც არ მიმიღია შენგან.

პ.ს. რაც მთავარია თუ ოდესმე ბევრი ათასწლეულის შემდეგ აღმოაჩენენ ამ წერილს ინტერნეტ არქეოლოგები, მინდა ვუთხრა, რომ დიახ, მე ვიცოდი რომ თქვენ არსებობდით იმიტომ რომ მომავალში ვიმოგზაურე. დიახ, სამყარო განადგურდა 21 დეკემბერს, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც გადავრჩით და თქვენ ახლა ჩვენი შთამომავლები ხართ და კიდევ, შემდეგი აპოკალიფსი მოხდება 25820 წლის 30 თებერვალს და ამ თარიღის შეტანა არ დაგავიწყდეთ კალენდარში.

6138288_460s_v2

სიზმრები

Leave a comment

კოშმარებზე დავწერე, არ ვიცი ეს ჟანრიც რამდენად კოშმარულია ასე მოყოლით, მაგრამ შეგრძნებებით არის და ავხსნი რატომ. ყოველთვის როცა ვხედავ სამეცნიერო ჟანრის სიზმრებს აქ ფიგურირებს რაღაცის აღმოჩენა, თავისი სამუშაო ოთხით რომელიც არ იცვლება და რომლის მსგავსიც თითქმის დარწმუნებული ვარ რომ არსად მინახავს. მაგრამ პრინციპში არ გამოვრიცხავ რომ მინახავს და არ მახსოვს. ეს არის ოთახი დიდი ფანჯრებით, დაბალი რაფებით, ბევრი თაროებით და წიგნებით. დიდი დაფით, რომელიც იკეცება და იშლება, დაფა შავია. ამ სიზმარში ყოველთვის არის დღე და ძალიამ მზიანი გაზაფხულის ამინდი.

როცა ამ სიზმარში ვიღვიძებ ვზივარ მაგიდასთან და მიჩნდება იდეა. ანუ იდეა რომელიც უკავშირდება აღმოჩენას, მერე ვდგები, მივდივარ დაფასთან და ვიწყებ ფორმულების წერას, ყოველთვის ასეთ სიზმრებში, აი ყოველთვის, ფორმულას ვიღებ და ჩემს აღმოჩენას ვასაბუთებ, მაგრამ არასდროს როცა ვიღვიძებ ფორმულა აღარ მახსოვს. ისე ცნობიერი მოიკოჭლებს ჩემი აზრით, ფიზიკას რომ გავყოლოდი ან რომ ვკითხულობდე უფრო მეტს ამაზე, შეიძლება მეხსიერებაც გამომყვეს, უბრალოდ იმდენად არ მახსოვს ბევრი რამ იქიდანაც კი რაც სკოლაში მასწავლეს, რომ ჩემი ცნობიერი გაღვიძებისას შოკშია ))))

ერთხელ მახსოვს დავამტკიცე რომ მაკრო და მიკრო სამყარო აბსოლუტურად ერთ წერტილს წარმოადგენდა. ანუ ავხსნი, რომ წარმოიდგინოთ ქვიშის საათის ფორმის მსგავსი სივრცე, რომელიც აი სადაც ქვიშის საათი ვიწროვდება იქ მთლიანად ერთდებოდეს. მაგრამ ქვიშის საათისგან განსხვავებით ის მეტ შრიანი იყოს და უფრო მეტად ყვავილს წააგავდეს. სიზმარში დავამტკიცე რომ მაკრო და მიკრო სამყარო აბსოლუტურად იდენტური წერტილია. ამ თეორიის მიხედვით სამყარო საერთოდ ერთი წერტილია რომელიც უკიდურესაც მცირედან სივრცის გამრუდების შედეგად აღწევს ზემასას და შემდეგ უბრუნდება საწყის წერტილს. მოკლედ არ ვიცი რამდენად გასაგებად გადმოვცემ იმას რაც თავში მაქვს, ანუ ასე ზეპირსიტყვიერად მახსოვს ეს თეორია, მაგრამ ფორმულები სამუდამოდ დაკარგულია ჩემს ქვეცნობიერში. მიუხედავად ამისა ხშირად ვფიქრობდი ამ თეორიაზე და იმაზე რომ რაღაც აკლდა. ანუ რაღაც დეტალი აკლდა და ეს დეტალი იყო დრო. გულწრფელად ვიტყვი რომ ჩემი ცნობიერის თეორია მდგომარეობდა იმაში, რომ დრო ამ პროცესში იყო განგრძობითი. ანუ ეტაპობრივად ხდებოდა გამრუდების შედეგად ზემასის მიღწევა და ისევ გამრუდება საწყის წერტილამდე დასაბრუნებლად. თანმიმდევრობით. ასეთი სამეცნიერო ჟანრის სიზმრები მაქვს ხოლმე, მაგრამ რატომ მოვყევი ეს სიზმარი, იმიტომ რომ ის პირდაპირ უკავშირდება ჩემს წუხანდელ სიზმარს. როდესაც ქვეცნობიერმა ცნობიერს დაუმტკიცა, რომ მწარედ ცდებოდა.

სიზმარი დაიწყო ასე. მე ვიჯექი ჩემი სიზმრის ოთახში მაგიდასთან როგორც ყოველთვის. მზიანი ამინდი იყო, ფანჯარაც კი მქონდა შეღებული. ხელში მეჭირა საპნის ბუშტების გასაბერი სათამაშო დ ბუშტებს ვუშვებდი.  თან ვაკვირდებოდი როგორ სკდებოდა ბუშტები, წარმოვიდგინე როგორ იწყებდნენ ისინი რღვევას, ანუ შევანელე ასე ვთქვათ წარმოსახვაში ეს პროცესი. როგორ იწყებს საპნის ბუშტი რღვევას? როგორ და ერთ წერტილში ჩნდება მიკროხვრელი და ნელ-ნელა ირღვევა სტრუქტურა. ანუ კი არ სკდება როგორც ამას ჩვენ აღვიქვამთ, არამედ ირღვევა როგორც ქსოვილი უხეშად რომ შევადარო. აი ამ ფაქტმა უცბად მიმიყვანა აზრამდე, რომლითაც დავამტკიცე ჩემი ცნობიერის მცდარობა. როგორ.

პირობითად წარმოვიდგინოთ რომ ბუშტის შემადგენელი ატომები არის მიკრო სამყარო და მე ოთახში რომ ვზივარ და ბუშტებს ვუშვებ წარმოვადგენ მაკრო სამყაროს ამ ატომებთან მიმართებაში. რადგან მოლეკულურ დონეზე ეს პროცესი არის რღვევა და მას აქვს თანმიმდევრობა, ხოლო ჩემთვის ეს არის წამის სადღაც მეათედი და იმდენად სწრაფი პროცესი, რომ მე მას სრულყოფილად თვალით ვერც კი აღვიქვამ და ის ჩემთვის უფრო გახეთქვაა ვიდრე რღვევის თანმიმდევრული პროცესი. გამოდის რომ ერთი და იგივე დროის მონაკვეთი მაკრო და მიკრო სამყაროში სხვადასხვანაირად აღიქმება.

უფრო დაღეჭილად. ამ საპნის ბუშტის ატომებზე რომ დავუშვათ სიცოცხლის არსებობა, ისინი განვითარდებოდნენ და შესაძლოა რამდენიმე მილიონი წელიც კი ეცხოვრათ სანამ ძალიან ნელა და მათთვის მტკივნეულად მათი სამყარო დაირღვეოდა და გაქრებოდა. ხოლო ჩემთვის ეს იქნებოდა რამდენიმე წამიანი საპნის ბუშტის გაფრენა და შემდეგ მისი გახეთქვა წამის მეათედში. შესაბამისად გამოდის რომ მასა და მოცულობა პირდაპირ ზემოქმედებს აჩქარებაზე რაც ძალიან დიდ მასშტაბებში ზემოქმედებს სივრცესა და დროზე, უფრო კონკრეტულად კი ამრუდებს მას.

და ახლა დავუბრუნდეთ პირველ სიზმარს :)

დეკემბრის პოსტი

Leave a comment

გარდა იმისა რომ ზამთარი დგება, ახალი წელი მოდის, ცივა, თოვლია და ჩაი ლიმნით მთელი მოვლენა, ჩემთვის ეს თვე ცხოვრების ეპიზოდია, რომელიც გაფუჭებული ფირფიტასავით ერთ ადგილას ტრიალებს ყოველ დეკემბერს.  უკვე მეოთხე წელია რაც ტრადიციულ პოსტს ვწერ და მგონი ყველა დეტალი მოყოლილი მაქვს, ყველა ემოცია გადმოცემული, არაფერი მაქვს ახალი სათქმელი.

წელს არ მინდოდა დამეწერა ამაზე, გულწრფელად ვიტყვი. ბევრი ვიმუშავე ზოგადად ამ ემოციის გარდაქმნაზე, ამ ფაქტის ნეგატიურობის ჩახშობაზე. ხანდახან მთელი გულით მინდა ეს ეპიზოდი ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ამის გაფიქრების შემდეგაც კი საშინელი დანაშაულის გრძნობა მაქვს და ალბათ ამიტომ ვერასოდეს განვახორციელებ ამ ნებაყოფლობით ამნეზიას, ყოველშემთხვევაში ტრეპანაციის გარეშე. ტვინის რაღაც ნაწილს თუ ამომიღებენ ალბათ დავივიწყებ. განა არ შემიძლია? რისთვის არსებობენ ფსიქოთერაპევტები, მაგრამ არ მინდა. ჯერაც ვერ დავლაგდი მოკლედ, ვერ ჩამოვყალიბდი რა დამოკიდებულება მაქვს ამ თემის მიმართ. ჩაღრმავება მჭირდება, მაგრამ რთულია, უფრო სწორად ჩემთვის საშიში, მშიშარა ვარ.

ყურით მოთრეული პოსტია, სიტყვებად ვაკოწიწე. რაც დრო გადის უფრო მიჭირს ლაპარაკი, ფიქრი ისედაც მიჭირდა. მიგროვდება და ზამთარი რომ მოდის უბრალოდ მაქვს მიზეზი ვთქვა რომ დეკემბერში ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო.

Older Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 372 other followers

%d bloggers like this: