მთავარი

წერილი შვილს

2 Comments

ამ წერილს ალბათ კიდევ რამდენიმე წელი ვერ წაიკითხავ და ათეული წლები მაინც ვერ გაიაზრებ ბოლომდე იმ მოლოდინს და ემოციას რომლითაც ის იწერება. მე და მამა უკვე მეშვიდე თვეა ველოდებით იმ დღეს როცა გაგიცნობთ. 60 დღეზე ცოტა მეტია დარჩენილი შენს დაბადებამდე და უკვე თითქმის ყოველ ღამით გხედავთ სიზმარში. გუშინ დამესიზმრე, რომ გულზე მეწექი და ხელის გულებს გიკოცნიდი. შენი დარტყმების საპასუხოდ მეც მოგიკაკუნებ ხოლმე თითით მუცელზე რომ თავი მარტო არ იგრძნო. ალბათ შენთვის მხოლოდ ეგ სამყარო არსებობს ჯერ და ჩვენი არსებობის მხოლოდ უნდა გჯეროდეს, როგორც მე მჯერა ღმერთის არსებობის და როგორც მე ხანდახან ვეჭვობ რომ ის არსებობს, შენც ალბათ ეჭვობ რომ ჩემი მოკაკუნება შენი მოძრაობის ექოა.

მე არ ვიცი როგორი იქნები ან რანაირი, მაგრამ მინდა იცოდე რომ მე ყველა შემთვევაში და უპირობოდ მიყვარხარ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებული იქნება ჩემი აღზრდის მეთოდები, რა მოხდება მომავალში ან ვინ იქნები. როგორ გზას აირჩევ, იქნები თუ არა კარგი ადამიანი. მე შენ მიყვარხარ უპირობოდ და ამ სიყვარულს ვერ შეცვლის გარემოებები და შენი პიროვნების ფორმირების დრამატულობა. მე შენ მიყვარხარ, მე შენი თავშესაფარი ვარ, რომელიც ყოველთვის მიგიღებს, მაგრამ არასოდეს შეგაჩერებს.

ვიქნები გულწრფელი და ყველაფერს ისე დავწერ როგორც არის სინამდვილეში.  მე ზუსტად ვიცი, რომ გადაწყვეტილება გაგაჩინო ყველაზე ეგოისტური გადაწყვეტილებაა რაც კი ოდესმე მიმიღია. ეგოისტურია იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი შენ ამ ცხოვრებაში აუცილებლად ერთხელ მაინც დაიტანჯები რაიმე მიზეზით, აუცილებლად ერთხელ მაინც იავადმყოფებ, აუცილებლად ერთხელ მაინც დაეცემი, ან გეტკინება და აუცილებლად გაგიცრუვდება იმედი და ბოლოს აუცილებლად დაასრულებ სიცოცხლეს, როგორც ყველა მოკვდავი ადამიანი. მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული რომ შენ ოდესმე იქნები ბედნიერი, რომ შენ ოდესმე გამოცდი სიყვარულს ან იქნები ძლიერი, მე ამ ყველაფერზე მხოლოდ შემიძლია ვიოცნებო და მომავალში უამრავი ძალისხმევა დავხარჯო, რომ შენ შეძლო იქცე ადამიანად, რომელიც ბევრ სასიკეთოს და სასიხარულოსაც გამოცდის. სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება, შენ ამ ქვეყანაზე გაჩნდე, არის ჩემი ყველაზე ეგოისტური გადაწყვეტილება.

მინდა გახსოვდეს, რომ ეს ჩემი არჩევანია და არა შენი. ჩემი არჩევანია შენ დაბადებულიყავი, ეს არჩევანი შენ არ გაგიკეთებია და ამიტომაც შენ არასდროს იქნები ვალდებული ჩემს წინაშე იმისთვის, რომ მე 9 თვე მუცლით გატარე, ღამეები გითენე და აღგზარდე, შენ არ იქნები ვალდებული იმ შრომის, დროის და ენერგიისა რომელსაც მე შენ დაგახარჯავ. ეს მხოლოდ ჩემი არჩევანია. შენ ჩემგან თავისუფალი ხარ და ყოველთვის ასე დარჩება. შენ შეიძლება ბევრჯერ გითხრან ადამიანებმა, რომ შენ ჩემი ვალი გაქვს, რომ მე შენ ცხოვრება შემოგწირე, რომ შენ ჩემი ჯანმრთელობა წაიღე, ბევრჯერ შეიძლება გაგახსენონ, რომ მე შენი დედა ვარ რომელმაც 9 თვე მუცლით გატარა და მხოლოდ ამიტომ შენ რაღაც ვალდებულებები გაქვს ჩემს წინაშე. მე, ადამიანი რომელმაც მოგავლინა ამ ქვეყნად გეუბნები, რომ მხოლოდ მე ვარ შენს წინაშე ვალდებული, შენ თავისუფალი ხარ.

შენ არ ხარ ვალდებული დამეთანხმო როცა არ თვლი რომ მართალი ვარ, არ ხარ ვალდებული გაჩუმდე იმიტომ რომ გაგაჩინე, შენ არ ხარ ვალდებული იყო მადლობელი იმისთვის რომ ღამეები გითენე, არ ხარ ვალდებული გაამართლო ჩემი მოლოდინი, ან ის იყო ვისაც მე დავინახავ შენში, არ ხარ ვალდებული ჩემი ოცნებების რეალიზება მოახდინო. შენ შენი ცხოვრება გაქვს, შენი მიზნებით, ოცნებებით, შეხედულებებით, იმიტომ რომ თავისუფალი ხარ. ეს მე ვარ მადლობელი რომ მომეცემა შესაძლებლობა შენ აღგზარდო. მე მჭირდებოდი შენ ჩემს ცხოვრებაში და არა პირიქით. შენ არ ხარ ვალდებული დამიჯერო, ან გაიზიარო ჩემი შეხედულება, შენ არ ხარ ვალდებული მომიარო როცა დავბერდები და ჩემზე იზრუნო. შენ არ ხარ ვალდებული იყო ჩემს გვერდით მთელი ცხოვრება. შენ თავისუფალი ხარ.

რატომ აღარ ვოცნებობ მილიონზე

2 Comments

ყველას უოცნებია რაღაც რაოდენობის მილიონზე ან მილიარდზე ან რამდენიმე ათასზე, გააჩნია ადამიანს და მოთხოვნებს. მე დათვლილიც კი მაქვს, თან ბევრჯერ. ჯერ 1 მილიონი მინდოდა როცა თინეიჯერი ვიყავი, მერე შემრჩა ეს მილიონი და უბრალოდ მილიონი მინდოდა ისე რომ არც ვიცოდი რაში დავხარჯავდი. მერე მოთხოვნები გაიზარდა ოცნებისას და დათვლის გარეშეც ვხვდებოდი რომ მილიონი აღარ მეყოფოდა და დათვლა დავიწყე, ავედი 5 მილიონზე და ასე დიდხანს ვამბობდი რომ 5 მილიონი მინდოდა.

ყველაზე მადის აღმძვრელი მილიონებზე ოცნებისას ისაა, რომ პირდაპირ ფულზე ოცნებობ, იმას არასდროს ფიქრობ მოცემულ მომენტში როგორ იშოვნი მილიონს. ოცნებობ რომ მოიგებ, ან ვინმე დაგიტოვებს მემკვიდრეობად, ვიღაც შეიძლება ოცნებობდეს რომ ბანკს გაიტანს. არ ვიცი. მე ვფიქრობდი რომ მოვიგებდი, მაგრამ ერთხელაც დავფიქრდი იმაზე, რომ თითქმის არასდროს ვთამაშობ ლატარეას, ან რაიმე აზარტულ თამაშს. საერთოდაც არ მაქვს იმის სურვილი რომ მილიონი მოვიგო, არა როგორ არ მაქვს, მაგრამ ამისთვის რეალურად არაფერს ვაკეთებ.

ერთადერთი რასაც სულ ვაკეთებდი და ვაკეთებ მუშაობაა, რამე ახალის შექმნაა, ახალი საქმეა, ახალი იდეა, საინტერესო, ის რაც მომწონს, მაღელვებს, Passion არის ასეთი კარგი სიტყვა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ნაკლები დრო მრჩებოდა საოცნებოდ. მით უფრო ნაკლები დრო მრჩება ძილისთვის, გართობისთვის და მით უფრო მეტს ვმუშაობ. სულ ვმუშაობ, ყოველთვის, იმდენად ბევრს რომ ჩემი ყველა მეგობარი ამაზე ხუმრობს, მე უკვე დიდი ხანია არ მძინავს 4 საათზე უფრო დიდხანს, თუ ინსომნია არ მაქვს და ძილის წამლებით არ ვარ გათიშული, დიდი ხანია არ მრჩება დრო ვიფიქრო რამეზე სამსახურის გარდა, დიდი ხნის წინ მივხვდი რომ ბავშვის დრო საერთოდ არ მაქვს და უსასრულოდ გადავდე ეს საკითხი მომავლისთვის, ჩემს ძაღლსაც კი ვერ მოვუვლი რომ არა ოჯახის წევრები. მე უკვე დიდი ხანია არ მაქვს უქმეები და დასვენების დღეები, დღესასწაულებისთვისაც კი ვერ ვიცლი და თავს დამნაშავედ ვგრძნობ 1 კვირაზე უფრო დიდხანს თუ მიგრძელდება შვებულება. მე ვმუშაობ, ბევრს და თავდაუზოგავად, პროდუქტიულად და ძალიან შედეგიანად.

და აი ერთ დღესაც, დიდხნიანი პაუზის შემდეგ მეგობრებმა თქვეს რამდენი ფული უნდოდათ, ყველა თავისას ამბობდა და მეც ვთქვი ასე 10 წლის წინ დათვლილი 5 მილიონის შესახებ. მეხამუშა. მეხამუშა ის რომ ფულზე ვოცნებობდი, ყველაზე არასწორი რაც შეიძლება იყოს ფულზე ოცნებაა, იქნება ეს 5 მილიონი თუ 50 მილიარდი ან საფულე რომელშიც ფული არასდროს თავდება. გული დამწყდა რომ ოდესღაც ფულზე ვოცნებობდი უსაქმური ადამიანივით, რომელიც არაფერს აკეთებს და მხოლოდ თავზე დაცემულ ფულზე ოცნებობს. იმას არ ვამბობ რომ ვინც ფულზე ოცნებობს ყველა უსაქმურია ან მე ვიყავი უსაქმური როცა 5 მილიონზე ვოცნებობდი, მაგრამ ჰო ასეა? მე დავიწყე ოცნება იმაზე რაც მინდა რომ მქონდეს და რისი კეთებაც სიამოვნებას მომანიჭებდა.

ყველაზე სასიამოვნოა ისაა, რომ ზუსტად ვიცი რა არის ჩემი მიზანი, რა მინდა ვაკეთო, როგორ მინდა ვიცხოვრო და რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ეს მიზანი განვახორციელო და საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა რამდენი მილიონის დახარჯვა მომიწევს ამ მიზნის მისაღწევად.

ჩემი შვილი რომ გეი იყოს

დატოვე კომენტარი

ჩემი შვილი რომ გეი იყოს, როგორც დედა ვისურვებდი საქართველოში არ ეცხოვრა, მაგრამ როგორც ადამიანი უფრო მეტად დავაფასებდი მის პიროვნულ ძალას და გამბედაობას. მე მას ისევე ვასწავლიდი სიარულს და გავუთენებდი ღამეებს, როგორც ამას დედამიწაზე ყველა მოსიყვარულე დედა აკეთებს. ჩემი შვილი რომ გეი იყოს ისეთივე თავისუფალ, დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ ადამიანად ვისურვებდი მის ჩამოყალიბებას, როგორც ეს ყველა დედას უნდა სურდეს ამ პლანეტაზე. ჩემი შვილი რომ გეი იყოს, მე აუცილებლად ვიამაყებდი, რომ ასეთი განსაკუთრებული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე საყვარელი ადამიანი მოვავლინე ამ ქვეყნად, როგორც ამას გულის სიღრმეში ყველა დედა ფიქრობს. მე ამაყი ვიქნებოდი რომ ჩემი შვილი არ არის მკვლელი, ქურდი ან მოძალადე. ბედნიერი ვიქნებოდი რომ ჯანმრთელია. ჩემი შვილი რომ გეი იყოს ის ისევე იქნებოდა ჩემი ყოველი ჩასუნთქვის მიზეზი, როგორც ეს ყველა სხვა დედისთვის არის. მე ვერ გავიგებდი ადამიანებისას, რომლებიც მას სიყვარულისთვის გაკიცხავდნენ და ზიზღით შეხედავდნენ, როგორი უჩვეულოც არ უნდა ყოფილიყო მათთვის ეს სიყვარული. ჩემი შვილი რომ გეი იყოს უფრო მეტად ვერ გავიგებდი ადამიანებისას, რომელთაც სიყვარულის გამო მისი მოკვლის სურვილი ექნებოდათ. ჩემი შვილი რომ გეი იყოს ყველა ღამე უძილო მექნებოდა ფიქრით, რომ ერთხელ აუცილებლად მომიკლავდნენ.

აპოკალიფსი

დატოვე კომენტარი

ერთ დილას ჩვენ აღარ გავიღვიძებთ. ხანდახან ძილის წინ თვალს რომ ვხუჭავ იმ დილის წარმოდგენა მინდა. რას ვიგრძნობ ნეტა. მეშინია რომ იქ არაფერი იქნება და მერე ვცდილობ არაფერი წარმოვიდგინო, არაფრის გრძნობა, არაფერზე ფიქრი, არაფერი გარშემო და მეც არაფერი. მერე ფიქრს ვწყვეტ ხოლმე, ან შეიძლება მგონია და უბრალოდ მეძინება. სიზმარში ვხედავ იმ დილას სადაც არაფერია. თქვენ გგონიათ რომ არაფერი შავია? აღიარეთ ჰო შავი წარმოიდგინეთ? კარგად არ წარმოგიდგენიათ, არაფერს ფერიც არ აქვს, ამ მდგომარეობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, იმიტომ რომ ის არაფერია. დილაა როდესაც არ ვიღვიძებთ. იმ დილას სულერთია როგორ იცხოვრე და რამდენი ცოდვა გქონდა, ან რამდენი სიკეთე გაგიკეთებია, იმ დილით ჩვენში ღმერთები კვდებიან, ის დილაა აპოკალიფსი. ის დილაა მეორედ მოსვლა ადამიანებს რომ ეშინიათ, მაგრამ არასწორ მისამართზე ელიან. გრძნობა რომ შეგვეძლოს ვაღიარებდით რომ ტყვეობაში გვიცხოვრია და ნამდვილი თავისუფლება არაფერშია როგორც იმ დილას. იმ დილას რომ შეგეძლოს ინანებდი ყველაფერს რაც არ გამოგიცდია, იმიტომ რომ ეს დილა მაინც აუცილებლად არ გათენდებოდა.

შვილი

3 Comments

მაპატიე ჩემო პატარა ანგელოზო რომ ვერ გაგაჩინე. ბოლო 6 წლის განმავლობაში დღე არ გავა რომ არ ვიფიქრო ჩემს დანაშაულზე. იმ უჯრედს ვეძებ რომელმაც შენ ვერ აგიტანა ჩემს ორგანიზმში, დავსდევ ჩემს ორგანოებს, ფსიქიკას, ჩემს ჯანმრთელობას, ყველაფერი მძულს, იმიტომ რომ შენ ვერ გაგაჩინეს. მე ყველაზე უსუსურმა ადამიანმა ვერ შევძელი ჩემი სიცოცხლე დამეთმო შენთვის. 6 წელი გავიდა კიდევ მაგაზე ფიქრობო, სხვა შვილს გააჩენ ახალსო. მათ ტვინებში და გულებში ჩამახედა რა ადამიანები არიან ეს რომ ამოსდით პირიდან. სხვა ჩანთა, სხვა მანქანა, სხვა სახლი, ახალი ფეხსაცმელი და ახალი შვილი რომ ყავთ გატოლებული ერთმანეთთან, ან 6 წელი განა რა არის როცა მკვდარი შვილის მატარებელი ხარ მუცლით, რამდენი ასი 6 წელი უნდა გავიდეს რომ ეს დაივიწყო ან რამდენი შვილი უნდა გააჩინო, რომ ის დაივიწყო, უნიკალური ადამიანი, თავისი ხასიათით, სულით, ადამიანი და არა ხორცის ნაგლეჯი. ალბათ ისინი ხორცის ნაგლეჯებს აჩენენ, მე კიდევ ადამიანი მომიკვდა ჩემში, ჩემი და თან თავისუფალი, ინდივიდუალური, განუმეორებელი. მე იმ ადამიანისთვის მინდოდა სიცოცხლის მიცემა. რატომ განიცდი ცხარე ცრემლით ასე ახლად ამ ტკივილსო, ნეტა არ განვიცდიდე, ნეტა მეც ახალ ხორცზე ვფიქრობდე. დაშლილი ვარ ნაწილებად და ვკოწიწდები ყოველ წელს იმ დროს ის რომ უნდა გაჩენილიყო, მისი დაბადებისდღე რომ უნდა ყოფილიყო. სხვა შვილი გააჩინეო გაგივლისო, დაივიწყებო. მე სხვა შვილი არ მინდა, ან როგორ უნდა მინდოდეს როცა ერთი უკვე მოვკალი, ვერ გავზარდე, ვერ მივეცი სიცოცხლე, კიდევ რამდენი უნდა შეიწიროს ჩემმა ეგოიზმმა სანამ დედა გავხდები, ან იმან როგორ უნდა შემიყვაროს მუცელში კი არა სასაფლაოში რომ გაიზარდება.

ყოფილი ცოლის პოსტი

16 Comments

როგორც საქართველოში საშუალოდ 30 წლის ქალების 90%-ს მეც მყავდა “ბავშვობის ქმარი”. ამ თემაზე არ დავწერდი გუშინდელი ფაქტი რომ არა. გუშინ ჩემს ბავშვობის მეგობართან საღამოს ჩაიზე ჩავედი, ბევრი ვისაუბრეთ და აქტუალობიდან გამომდინარე ყოფილებზე გადავერთეთ, მოულოდნელად ჩემი მეგობარი მიყვება ჩემს თავზე ამბავს, რომელიც საერთოდ არ მახსოვს. მიყვება დეტალებში და მე ვისმენ ისე თითქოს აბსოლუტურად უცნობ ადამიანზე იყოს. მან მომიყვა, რომ დაახლოებით 10 წლის წინ მასთან ჩავედი სრულ ისტერიკაში, ტირილით და საშინელი ისტორიებით, რომელზეც მანამდე არ ვსაუბრობდი, ჩემი დაქალი განაგრძობს და მეუბნება, რომ ისე გაბრაზდა უნდოდა მისულიყო, გაელანძღა, თურმე მეუბნებოდა რომ გავშორებოდი და როცა გამაცილა, ჩემი ყოფილი ქმარი მის კართან იდგა და ჩუმად ყველაფერს ისმენდა.

გუშინ მთელი საღამო შოკში ვიყავი, როგორ შეიძლება რამე მსგავსი გაიგო საკუთარ თავზე და არათუ ფაქტის დონეზე ემოციურადაც კი ვერ აღიდგინო ვერცერთი წამი მონაყოლიდან. მერე დავიწყე გახსენება და მხოლოდ გუშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეხსიერებაში არის დიდი შავი ლაქები იმ პერიოდიდან, რომელთა არსებობასაც კი ვერ ვამჩნევდი გუშინდელ დღემდე, გუშინ კი მოულოდნელად როდესაც აღმოვაჩნე რაღაც არ მახსოვდა ყველა შავი ლაქა ერთბაშად გაჩნდა ჩემს მეხსიერებაში. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ უამრავი რამ მოხდა იმ დროს, რაზეც წარმოდგენაც კი არ მაქვს.

მხოლოდ ის დავასკვენი, რომ ჩემს მეხსიერებაში სადღაც ღრმად უჯრაში ჩაკეტილი უამრავი ნეგატივია, რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს, იმაზეც ვიფიქრე ჩემი ხასიათის ცვლილებები და პერიოდული აუხსნელი დეპრესიის მიზეზი ეს ჰო არ არის და ფსიქოლოგს ჰო არ ვიმართო, რომ ეს უჯრა გავხსნა და მივიღო ჩემი წარსული. ერთადერთი რაც კარგად მახსოვს ისაა, რაც მაშინ სასამართლოზე მოვყევი, ოღონდ მხოლოდ ფაქტებად ემოციების გარეშე, თითქოს ვიღაც სხვისი ამბავია და არა ჩემი.

ყველაფერი დაიწყო ჩემი დაკარგვის შიშით. მას ქონდა მანიაკალური შიში, რომ მე აუცილებლად მივატოვებდი და ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებდა. მახსოვს 2 კვირა საწოლში გავატარე როცა სედატიურებზე ვყავდი მუდმივი ძილის რეჟიმში, ზუსტად არ ვიცი რას მასმევდა, მაგრამ ერთ დილას ყავა რომ მომიტანა საწოლში დაახლოებით 2 კვირა მეძინა მას შემდეგ. ბუნდოვნად მახსოვს პერიოდულად რომ მაღვიძებდა ჭამისთვის. იყო პერიოდი, როცა მომწამლა და დიდი სიამოვნებით მივლიდა, მისივე თქმით ძალიან სიამოვნებდა ჩემი მოვლა და მზად იყო მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა, ოღონდ არ წავსულიყავი არსად. აბსოლუტურად ყოველთვის ჩუმად დამყვებოდა, ქუჩაშიც კი ვგრძნობდი როგორ მომდევდა უკან, როცა მეგობართან მივდიოდი, რამდენჯერმე დავიჭირე კიდეც ფაქტზე. კიდევ ბევრი რამე შემიძლია ვთქვა, უფრო მტკივნეულს და ჩემთვის შეურაცხმყოფელის მოყოლისთვის მზად არ ვარ ასე საჯაროდ, მაგრამ მთავარი კითხვა ალბათ რაც ყველას აქვს. რატომ გავყევი ცოლად? ან რატომ არ დავშორდი პირველივე ასეთ შემთხვევაზე?

რატომ გავყევი ცოლად? მიყვარდა, თავს კარგად ვგრძნობდი მასთან, მხიარული იყო, თავისუფალი და კარგად ვერთობოდით, ბევრს ვსაუბროდით ფროიდზე და ა.შ. როგორცკი ჩემს მეგობრებს და ოჯახს გავაცანი ყველამ ერთხმად მითხრა რომ გავშორებოდი. არ მოეწონათ, იმდენად რომ დედაჩემმა მასთან შეხვედრა ამიკრძალა, მეგობრებმაც მისი მხარე დაიჭირეს. ზუსტად ვიცოდი, რომ შევხვედროდი აუცილებლად მივიდოდა დედაჩემის ყურამდე, მეგობრებისგან თავის დაღწევა  და რამეს დამალვა ბევრად რთულია ვიდრე მშობლებისგან. არავის ვადანაშაულებ აბსოლუტურად, მე ვიყავი სრულწლოვანი ადამიანი და თავად მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ არ შეეზღუდათ ჩემთვის მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა აუცილებლად გავშორდებოდით ერთმანეთს, ოღონდ როგორც “შეყვარებულები”, ნუ მაქსიმუმ 1 დღე ვიტირებდი რომ მანიაკი შემიყვარდა და გამივლიდა.

რატომ არ გავშორდი პირველივე ძალადობის შემთხვევაზე? პირველი რეაქცია როცა მანიაკალური დამოკიდებულებების გამოვლენა დაიწყო იყო ჩემი თავმოყვარეობის შელახვა. როცა აცნობიერებ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი მართალი იყო და მათი ყოველი სიტყვა იყო ჭეშმარიტება, მხოლოდ შენ იყავი დებილი შეყვარებული გოგო და თვითგვემას ეწევი, რომ მეტის ღირსი ხარ. მეორე ეტაპი იყო, როცა გინდა საშველად მიმართო, უკვე გკიდია თავმოყვარეობა, მაგრამ ემოციურად იმდენად დაღლილი ხარ ამ ყველაფრისგან რაც შენს თავს ყოველდღე ხდება, რომ კიდევ ვინმეს “აი მე ჰომ გეუბნებოდის” მოსმენაზე შეიძლება ხარაკირი გაიკეთო. და ასე რჩები სრულიად მარტო “იდეალური” ურთიერთობით. იმ პერიოდის ჩანაწერი რომ არსებობდეს სადმე ზეცაში, სამოთხეში ნაღდად არ მოვხვდები მაგრამ ოსკარს აუცილებლად მომცემენ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

როცა ჩემზე მისმა არცერთმა მუქარამ არ გაჭრა, არც სედატიურებით გათიშვამ, არც მოვლამ, არც მოკვლის რამდენიმე მცდელობამ, გადაწყვიტა ჩემს სუსტ წერტილზე ემუშავა – სიბრალულზე. მისი მთავარი შანტაჟის იარაღი ის იყო, რომ თავს მოიკლავდა თუ მივატოვებდი. უცბად რომ გინათდება გონება ეგ დამემართა ერთ დღეს, მივხვდი, რომ არავინ არ იკლავს თავს გაშორების გამო თუ თავად არ აქვს სერიოზული პრობლემები ფსიქიკასთან, მივხვდი რომ მსხვერპლი მე ვარ და არა ის. ვაღიარე საკუთარ თავთან რომ შევცდი და გავაცნობიერე რომ შეცდომის აღიარება სამარცხვინო არ არის, სამარცხვინო ასეთ მდგომარეობაში ცხოვრებაა. დავიჯერე საკუთარი თავის და ძალების, რომ მე ამას აუცილებლად შევძლებდი.

იმ დღეს მეგობრები დავპატიჟე სახლში, ოთახი დავალაგე და ამ პროცესში ყველა ბასრი იარაღი გადავმალე. მერე გავიყვანე ცალკე და ვუთხარი რომ ბარგს ვულაგებდი, იმიტომ რომ ჩვენ ვშორდებოდით. კითხვაზე რატომ? არ ვუპასუხე. იმიტომ რომ იცოდა რატომ. მაშინ გამოვიტანე გაკვეთილი, რომ ადამიანებს არასდროს უნდა აუხსნა ის რაც ისედაც იციან, მაგ კამათში ვერ მოიგებ. ჯობია არ აუხსნა. კარისკენ რომ წავედი ჯიბეში გადამალული ქაღალდის საჭრელი დამადო ყელზე, უბრალოდ კარში ფეხის ჩადება მოვასწარი რომ ვერ დაეკეტა და გვერდით ოთახში მჯდომ მეგობრებს დავუძახე. როცა მიხვდა მაინც ვშორდებოდი ვენები გადაიჭრა, მერე მთელ სახლში მუხლდაჩოქილმა მსდია და შერიგება მეხვეწა, იატაკი სულ სისხლიანი იყო, მაგრამ მე მაინც განვაგრძობდი 0 ემოციით მისი ტანსაცმლის ჩანთებში ჩალაგებას. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვინარჩუნებდი ამდენ სისხლში სიმშვიდეს, მაგრამ მართლა აღარაფერი მქონდა დარჩენილი შიგნით უკვე ემოციის მაგვარი, ან შეიძლება ეს იყო ზუსტად ის მომენტი, როცა ყველა ჩემი მოგონება ემოციებთან ერთად იმ უჯრაში ჩავკეტე. სასწრაფო რომ მოვიდა ყველაფერი გავატანე. წასვლის წინ დამემუქრა რომ მჟავას გადამასხავდა ქუჩაში მის გარდა არცერთ კაცს რომ არ შეეხედა ჩემთვის ზიზღის გარეშე და როცა დედამიწაზე მხოლოდ მას ვეყვარებოდი ისეთი მახინჯიც, მასთან აუცილებლად დავბრუნდებოდი.

პ.ს. ჩვენ ერთად 3 თვე ვიცხოვრეთ, წარმოდგენა არ მაქვს ასეთ პატარა ასაკში როგორ მოვახერხე ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. მაგრამ ძალიან რთულად წარმომიდგენია რას განიცდიან ქალები, რომლებიც წლობით არიან ამ მდგომარეობაში. თუ მე რამდენიმე თვიანი ურთიერთობის მერე მაქვს შავი ლაქები მეხსიერებაში და ჩემმა ტვინმა გადასარჩენად მეხსიერებიდან ეპიზოდები სადღაც გადამალა, რა მდგომარეობაშია იმ ქალების ფსიქიკა, რომლებიც წლების განმავლობაში არიან ძალადობის და ტერორის ქვეშ.

ჩემს თვალში ყველა ქალი, რომელმაც ამ ჩაკეტილ წრეს თავი დააღწია და ცოცხალი გადარჩა ნამდვილი გმირია.

ვინ არის დოლი პარტონი

%(count)s კომენტარი

დოლი პარტონი ჩემი ძაღლის სახელია. დღემდე ვერ გავარკვიე სუფთა ჯიშისაა თუ მეტისია, მაგრამ დიდად არც მაინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძაღლების ჯიშის მიხედვით გარჩევა ჩვეულებრივი რასიზმია. როგორც ადამიანს არ ირჩევ მეგობრად კანის ფერით, ისევე არ ირჩევ ძაღლს გენეალოგიით თუ ნამდვილ მეგობარს ეძებ. ძაღლსაც აქვს ხასიათი და ეს ჯიშზე სრულიად არ არის დამოკიდებული, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, მის უნიკალურ თვისებებზე.

დოლი პარტონი ალბათ იანვრის დასაწყისში დაიბადა. მე პირობითად მის დაბადებისდღედ 1 იანვრად ვთვლი, რადგან ზუსტი თარიღი არ ვიცი. ჩემი ქუჩის ბოლოს მაღაზიაა, სადაც მომიყვნენ რომ დოლი და მისი ძმა სადღაც ერთი თვისები იქნებოდნენ იანვრის ბოლოს მანქანა რომ გაჩერდა, გადმოსვა და წავიდა. გახსოვთ წელს როგორი ზამთარი იყო? მე მახსოვს კარგად. იმ დღეს გვიანობამდე მქონდა ლექციები, სადღაც ღამის 11 საათზე გავთავისუფლდი, ლესელიძედან თავისუფლების მოედანზე რომ ამოვედი სლომოუშენით მოძრაობდა მთელი ქალაქი. ყველას გვაქვს ის ვიდეოები ნანახი მანქანები რომ ვერ ამუხრუჭებდნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ. ზუსტად ეგ დღე იყო 31 იანვარი, ჩემი მეგობრის დაბადებისდღე, როცა თოვლი დადო და ქალაქი გაჩერდა. 31 იანვარს დოლი პარტონი დაახლოებით 1 თვის იქნებოდა, წარმოდგენა არ მაქვს სად იყინებოდა, რომელი ქუჩის, რომელ კუთხეში. თებერვალში ყინვები დაიჭირა და სადღაც შუა თვეში ერთი ღამით -20 გრადუსამდეც ჩამოვიდა ტემპერატურა. იმ დრო დოლი პარტონი მაქსიმუმ 6 კვირის იქნებოდა. მერე უკვე წვიმების სეზონი გაიხსნა მთელი 4 თვით.

არაერთხელ მითქვამს რამდენად მაღიზიანებს პირადი სივრცის დარღვევა, შეხება და როგორ მეშინია ძაღლების. მე არ ვთვლიდი რომ ძაღლები მიყვარდა, არც მძულდა, მაგრამ ძაღლების მოყვარულად არ ვთვლიდი არასდროს თავს და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჩემი ძაღლი მეყოლებოდა. არც იმ ადამიანების რიცხვში ვარ, ვისაც შეუძლია მიუსაფარი ცხოველი ისე შეეცოდოს, რომ უბეში ჩაისვას და სახლში წამოიყვანოს. ინდეფერენტული არასდროს ვყოფილვარ, მეცოდებოდნენ, მაგრამ თან ძალიან, ძალიან მეშინოდა ცხოველების და უფრო მეტად იმის, რომ ისინი შემეხებოდნენ. როცა სერიოზულ დისკომფორტს გიქმნის პირადი სივრცის დარღვევა და შეხება, მნიშვნელობას კარგავს ვინ ან რა აკეთებს ამას.

მარტის მიწურული იყო, ძალიან დაღლილი და მშიერი დავბრუნდი სახლში გვიან ღამით. ალბათ თორმეტს გადაცილებულიც იქნებოდა და ამიტომ ცოტა მზა საჭმელი წამოვიყოლე. მანქანიდან რომ გადმოვედი და ჩემი სახლის კიბეს მივუახლოვდი სიბნელიდან გამომავალი საშუალო ზომის ძაღლის ლანდი დავინახე, სადღაც მუხლამდე მწვდებოდა. ისე შემეშინდა რომ მანქანაში შებრუნება გადავწყვიტე. მე მჯერა, რომ ძაღლები გრძნობენ შიშს, რადგან ყველა ძაღლის მეშინია და ყველა ძაღლი ცდილობს უფრო ახლოს მოვიდეს სწორედ იმიტომ რომ მეშინია. ასეთივე რეაქციას ველოდი ამ ძაღლისგან. მაგრამ სრულიად მოულოდნელად მოხდა სრულიად ჯადოსნური ფაქტი, ძაღლმა თვალებში შემომხედა, ავადმყოფურად გამხდარი იყო, სველი და ძალიან, ძალიან მშიერი. ცოტახანი მიყურა ასე თვალებში, მე გაშეშებული ვიდექი და ისევ მანქანაში შებრუნებაზე ვფიქრობდი, მერე თავი ჩაღუნა და უკანსვლით დაიხია სიბნელეში. ვერაფრით გადავუშვი ლუკმა ყელში, იმ ძაღლის მშიერი თვალები მახსენდებოდა, ხელში ცხელი ბურგერებით სავსე პარკით რომ ამომატარა კიბეზე და რომელმაც ჩემი პირადი სივრცე არ დაარღვია. ორი ნაჭერი პური ავიღე და ეზოში ჩავბრუნდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის გაკეთებას შევძლებდი და სრულიად უცხო ძაღლის დაპურებას კი არა მასთან მიახლოებას გადავწყვეტდი, მაგრამ მან ამომატარა და უნდა დამეპურებინა. კიბის ქვეშ იწვა. ვფიქრობდი რომ აუცილებლად მეცემოდა ხელებში პურის დანახვაზე, მაგრამ არ განძრეულა. მე დისტანცია მეკავა დაახლოებით 1 მეტრის დაშორებით, პური შუაში დავდე, არ განძრეულა, ხელისკანკალით მივუწიე ცოტა ახლოს, არანაირი რეაგირება, უბრალოდ მიყურებდა ქვემოდან. მთელი ჩემი სიმამაცე მოვიკრიბე და პური პირთან მივუტანე, ისე მეშინოდა, მეგონა ადგილზე მოვკვდებოდი. ძაღლმა თავი წამოწია, თვალებში შემომხედა და თავი ჩემგან საპირისპირო მიმართულებით მიატრიალა. მაშინ ვიფიქრე რომ მე ვიყავი სულელი, რადგან ვიფიქრე რომ ამომატარა, უბრალოდ ავად არის და კვდება ალბათთქო. შემოვბრუნდი თუ არა ჭამის ხმა გავიგე. მოტრიალებაც ვერ მოვასწარი ისე ქონდა გადასანსლული პურის ნაჭრები. მეორე დილით კიბის ბოლოში დამხვდა. შემეშინდა, დღისით უფრო დიდი ჩანდა, მეგონა რომ ზრდასრული ძაღლი მედგა წინ. სახლში აბრუნებაზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ ვერ მოვასწარი რომ შეტრიალდა და ეზოს მეორე ბოლოში დადგა, კედელს აეკრა და შორიდან დამიწყო ყურება. თან პირდაპირ თვალებში მიყურებდა და დარწმუნებული ვარ გრძნობდა, როგორ მეშინოდა. ამ ძაღლმა მხოლოდ თვალებში შეხედვით გააკეთა ის რასაც ადამიანები ჩემს გარშემო ხშირად ახსნის შემდეგაც ვერ იგებენ. დისტანცია დაიცვა, არ მომიახლოვდა და არ შემეხო სანამ ეს მე არ გავაკეთე. დაახლოებით 10 დღე ასე დისტანციურად ვურთიერთობდით, სანამ ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულმა თავზე არ დავადე ხელი. სრულიად გაუცნობიერებლად და ბუნებრივად მოხდა. მას შემდეგ როცა ვუახლოვდები თავს მიშვერს რომ ხელი დავადო და მოვეფერო.

20140409_124112_ახალციხის ქუჩა

თავიდან გაჩუქებაზე ვფიქრობდი, ერთი ძალიან კეთილი გოგო გავიცანი, რომელიც დადის და უსახლკარო ძაღლებს უვლის, კვებავს და ზრუნავს მათზე, ცდილობს პატრონი მოუძებნოს. დოლისთვისაც მოქონდა ხოლმე საკვები პერიოდულად და გაჩუქებაში მეხმარებოდა. არავის უნდოდა მეტისი, რომელსაც საშინელი ბეწვი ქონდა და რახიტის ნიშნები ეტყობოდა. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ არავის აინტერესებდა საერთოდ რამდენად თბილი ან ჭკვიანი იყო. უმეტესობისთვის ის უჯიშო მეტისი იყო, მაწანწალა, რომელშიც 800 დოლარს ვერ გადაიხდიდნენ საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ჰო საკუთარი თავისთვის მხოლოდ საუკეთესო გვინდა და ყველაფერი კარგი ძვირია, მაგრამ ძაღლი არ არის ბოლო მოდელის მანქანა ან სმართფონი, ის ცოცხალი არსებაა, უნიკალური ხასიათით, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის მის წარმომავლობასთან. ისევე როგორც ადამიანების თვისებები, უნარი, ნიჭიერება არაა კავშირში მათ წარმომავლობასთან და რასასთან.  აქამდე ამაზე არ მქონდა ნაფიქრი, იმიტომ რომ ამაზე ფიქრი არ მჭირდებოდა, მაგრამ არც ძალისხმევა დამიხარჯავს ამის მისახვედრად. გავაცნობიერე რომ მე ჩემს ძაღლს ვერ გავაჩუქებდი, იმიტომ რომ ამ ძაღლს ვერავინ ვერასდროს შეიყვარებდა და გაუგებდა ისე როგორც მე.

დოლი პარტონს მუცელზე თიაქარი აღმოაჩნდა, სავარაუდოდ ცემისგან. როგორც მოგვიანებით გავიგე მთელი ქუჩა იცნობდა. სანამ ჩემს ეზოში შემოვიდოდა, ყველგან შესულა და ყველა ეზოდან გამოუგდიათ. იყვნენ ცალკეული ადამიანები, რომლებიც კვებავდნენ და ცდილობდნენ თავშესაფარი მიეცათ, მაგრამ ეზოში არ აჩერებდნენ მეზობლები და ცემდნენ. დაახლოებით 3 თვის იყო ოპერაცია რომ გავუკეთეთ. ჩემს გარშემო ერთეულების გარდა ყველას უკვირდა, რატომ ვუვლიდი უპატრონო ძაღლს, მე კიდევ მიკვირდა რატომ ეძახდნენ ჩემს ძაღლს უპატრონოს. დოლი მალე მომჯობინდა. წონაში მოიმატა, ბეწვი გამუსწორდა, დაივარცხნა და გალამაზდა. ქუჩაში რომ ვასეირნებდი იგივე ადამიანები ვინც მანამდე ეზოებიდან აგდებდნენ გაკვირვებით აქებდნენ მის გარეგნობას, ჯიშიანი იქნება ეტყობაო, რამდენჯერმე მთხოვეს რომ მეჩუქებინა, მერე ფულიც კი შემომთავაზეს რომ მიმეყიდა, ერთხელ მეჩხუბნენ კიდეც არ უვლი და ჩვენ წავიყვანთო. ერთ დღეს კი მომპარეს.

წვიამიანი ამინდი იყო და ავუშვი რომ გაესეირნა. ქუჩაში ყველა იცნობდა და შორსაც არ მიდიოდა ხოლმე, ამიტომ მაშინ ჯერ კიდევ ვუშვებდი თავისუფლად. არ დაბრუნდა, მთელი უბანი შემოვიარე ფეხით და გვერდით უბნებზე გადავედი, მთელი დღე ვეძებე და ყველას ვკითხე ჰომ არ ყავდათ ნანახი ჩემი ძაღლი. ღამის 10 საათი იყო, უკვე დავრწმუნდი რომ მოიპარეს და სახლში ატირებული მოვბრუნდი. დოლი პარტონს ყელზე ჟეტონები ეკეთა ტელეფონის ნომრებით. სადღაც თერთმეტის წუთები იყო რომ დამირეკეს, თქვენი ძაღლი ვიპოვნეთ და მოდით წაიყვანეთო. არც მიკითხავს ვინ იყო, სად იპოვნა ან რა უნდოდა, ერთი ის ვიცი რომ ნავთლუღში უნდა მიმეკითხა. ეზოში რომ შევედი, თუ შეიძლება იმ ადგილს ეზო ვუწოდო, სამი ჩაფსკვნილი ტიპი შემომეგება. ძაღლი სად არისთქო და აი იქ კუთხეშია არ გამოდისო. რომ მივუახლოვდი კუთხეში იყო შეკუჭული, საწყალი თვალებით მიყურებდა და არ იძვროდა ადგილიდან. როგორცკი დავუძახე ჰაერში სალტო გააკეთა და ჩემს ფეხებს შორის დადგა. იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ და არც საუბარი გამიბავს, როგორც ჩემს ძაღლს მეც ერთი სული მქონდა იქიდან სწრაფად წავსულიყავი. როგორც მომიყვნენ ჩემს სახლთან “უპოვნია” ერთ-ერთის ბავშვს, მერე ჩაუსვამთ მანქანაში და წაუყვანიათ ნავთლუღში. დოლის ეშინია მანქანაში ჩაჯდომის, მეც კი ძლივს ვსვამ, წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ადამიანი ტენიდა ჩემს ძაღლს ძალით მანქანაში. ჟეტონი სადაც სახელი და ჩემი ნომერი ეწერა სულ დაღუნული მომცეს. ბავშვიც არსად იყო ახლომახლო, რომელმაც “იპოვნა”. ვერაფრით ამოვხსენი რატომ დამიბრუნეს უკან. მთელი ღამე წყალს სვამდა და კანკალებდა ნერვიულობისგან. მაშინ ჯერ კიდევ ეზოში მყავდა დაბმული.

10385493_10152498525068586_2280807246231346729_n

დოლი სულ უფრო ლამაზდებოდა და უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იქცევდა ქუჩაში სეირნობისას. ფეხით მოსიარულეების, ბირჟის გამმაგრებლების, აივნიდან გადმოყუდებული უსაქმურების და მანქანის ცნობისმოყვარე მძღოლების ყურადღებას იქცევდა, რომლებიც ხმაურიანად ამუხრუჭებდნენ და ეეე რა ჯიშიანი ძაღლია კომენტარებით მაჯილდოვებდნენ, ისე ამაყად თითქოს მე ამ სიტყვების გამო ცხოვრების ბოლომდე მათი მადლიერი უნდა ვყოფილიყავი. Leave us alone ვფიქრობდი გულში, მე რომ არ ვუვლიდე ალბათ დაუფიქრებლად გადათელავდი. დოლი ეზოში იყო დაბმული. მას მხოლოდ მე ვაჭმევდი, მე ვუვლიდი, ვვარცხნიდი, აცრებს ვუკეთებდი, ვასეირნებდი. ეზოში იყო დაბმული, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მისი პატრონი მე ვარ. ეს გრძელდებოდა, მანამდე სანამ ჩემი ერთი მეზობელი არ “შეაწუხა” ეზოში ძაღლის არსებობამ, სიტუაცია იმდენად დაიძაბა რომ პატრულში დავრეკე. ის ღამე გავათენე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოკლავდა ჩემს ძაღლს, მოწამლავდა. ამიტომ დოლი სახლში ამოვიყვანე. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რთულია 30 კილოგრამიანი ლეკვის დამორჩილება როცა არ გიჯერებს, ტრენერიც კი ვეძებე, მაგრამ სათანადო ვერ მოიძებნა. ძალიან მალე სულ რაღაც ერთ თვეში ძაღლმა ყოველგვარი გაწვრთნის გარეშე ისწავლა როგორ უნდა დაჯდე, დაწვე, როცა გასეირნება უნდოდა პირით მოქონდა თავისი “პავადოკი” და ფეხებთან მიგდებდა. გასეირნებისას დინჯად მომყვებოდა გვერდით, კიბეზე ჩასვლისას ნაბიჯს არ გადადგამდა სანამ მე არ გადავდგამდი, იდეალურ ძაღლად იქცა, დაჭკვიანდა დადინჯდა და გახდა 40 კილოგრამი.

10563014_10152654201698586_1725658399939635020_n

1 კვირის წინ ხასიათი გაუფუჭდა, სულ ეძინა, მერე ჭამას მოუკლო და რამდენჯერმე ქუჩაში ფეხი ჩაეკეცა, ერთ დღესაც უკანა ფეხები მოეკეცა და ქუჩაში წაიქცა. კიბემდე რაღაცნაირად მოვიყვანე, მაგრამ კიბეზე ვეღარ ამოდიოდა, რადგან უკანა ფეხებზე მოდის მაგ დროს ყველაზე მეტი დატვირთვა, ის კი ვერც დგებოდა ფეხზე. წინა თათებით წამოიწევდა და დახოხავდა. იმ დღეს ყველაზე უსუსურ ადამიანად ვიგრძენი თავი რადგან მე ჩემივე წონის ძაღლს ხელში ვერ ავიყვანდი, კიბეზე ვიჯექი და ვტიროდი. მეზობელი დაგვეხმარა ამოყვანაში. მეორე დღესვე წავიყვანე ექიმთან. სახსრების მწვავე ანთება აღმოაჩნდა. წამლები რომ გამოუწერეს გულწრფელად მეგონა ვეტერინარულ კლინიკაში უნდა მეყიდა, მაგრამ ამიხსნეს რომ საქართველოში ასეთი ტიპის ცხოველების მედიკამენტები არ იშოვება, რის გამოც ადამიანების წამლებს უწერენ ძაღლებსაც. ვუთხარი რომ 1 თვეში მივდიოდი ამერიკაში და შემეძლო იქიდანაც ჩამომეტანა თუ რაიმე განსაკუთრებული საჭიროების იყო ამ მედიკამენტების გარდა, თუმცა იქ ურეცეპტოდ ვერ მომცემენ წამალს, აქაური რეცეპტს კი იქ არ ცნობენ. მოკლედ ადამიანის წამალი ერთადერთი გამოსავალი იყო ჩემი დოლისთვის რომ ისევ გაევლო.

ახლა უკეთაა, უკვე აღარ კოჭლობს, ცოტა კიბეზე ამოსვლა უჭირს, მაგრამ ამოდის. ვფიქრობ როგორ გამიმართლა ამჯერად, რომ ჩემი ძაღლი ფეხზე დადგება, რადგან ჯერ 1 სექტემბერი არ არის. არ ვიცი რა იქნება მერე, ჯერ სულ რვა თვისაა, უკვე ამდენი სტრესი გადაიტანა, სახსრების ანთებაც საკმაოდ ძველი ტკივილია, რომელიც ქუჩაში გატარებულმა ზამთარმა დაუტოვა, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ერთ დღესაც, როცა უკვე მოსული იქნება პირველი სექტემბერი ჩემი დოლი გახდეს ავად. რა უნდა ვქნა მერე? ვეტერინარის გამოწერილი რეცეპტით ადამიანის წამალს მე არავინ მომყიდის აფთიაქში, ადამიანების ექიმი კი ძაღლისთვის წამალს ვერ გამომიწერს. ძაღლების მედიკამენტები კი საერთოდ არ იშოვება ჩვენს ქვეყანაში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს არ უყვართ ადამიანები და არც ცხოველები. ჩვენ არ ვართ საზოგადოება სადაც ზრუნავენ ერთმანეთზე, ყველაფერი მოჩვენებითია 15 ლარიანი საკვები იყიდება ძაღლისთვის და 120 ლარიანი საწოლიც, მაგრამ წამალი არა. პანდუსები კეთდება რომელზეც გამოცდილი კასკადორი თუ გაბედავს ჩასრიალებას. ვზივარ სასოწარკვეთილი და ვფიქრობ, რა მოხდება 1 სექტემბრის შემდეგ ჩემი ძაღლი ავად რომ გახდეს.

Older Entries

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 670 other followers

%d bloggers like this: