მე მაინც მარტოდ ვგრძნობ თავს იშვიათად ვარდისფერ ქვაფენილზე მივაბიჯებ, და მინდა კედელზე გაკრულ აფიშად ვიქცე თანაც ლონდონში და არა კუბაში, რადგან ლონდონში დღეს იწვიმებს და ჩამომრეცხავს რის შემდეგაც მე წარმატებით გავაფუჭებ სახლის ექსტერიერს. ახლა კი შენს პირდაპირ ვდგავარ, წვერი ისევ გასაპარსი გაქვს, შენ მასზე ფიქრობ, მე შენზე, ჩემზე არავინ და ბედნიერი ვარ, რადგან ასე შემიძლია უჩინარი გავხდე, წავიდე კუბაში, მოვწიო სიგარა, დავლიო მარილიანი ტეკილა და ვიცეკვო სამბა ვინმე მოშავგვრემანო ლათინთან ერთად, თადან გრძნობით, ეშხით, ზღვის სველმა წყალმა რომ დამისველოს ფეხისგულები. მე შემიძლია დავიბადო მეთოთხმეტე საუკუნეში, დამწვან კოცონზე როგორც ალქაჯი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მეგობარმა არ დამინდო. მე შიმიძლია აღმოვაჩინო მთვარე მეორედ, მიზიდულობის ძალა, ან უბრალოდ ვიდგე შენს პირდაპირ ფეხმოუცვლელად და ვიფიქრო იმაზე, რომ გაპარსული წვერი უფრო გიხდება, მე შემიძლია დავემსგავსო წრეს, რომელიც შენს საყვარელ ადამიანს ყურში აქვს გაყრილი, ხელს არ უშლის მაგრამ მისთვის ნამდვილად ზედმეტია.