გაგაღვიძე ჩემს ვნებაში,

მუცელზე დავიდე შენი ხელი და გავთბი.

შენამდე ასი საუკუნით ადრე გამხადა ტანზე შენმა სურვილმა.

შენამდე ქვიშის ყველა ნამცეცი მაქვს დათვლილი, მაგრამ ყველა ერთად მაინც არ არის ჩემს ვნებაზე ბევრი.

ჩემი სხეული ისე წევს უდაბნოში ცხელ ქვიშაზე, როგორც დამშრალ ოკეანის ფსკერზე მომაკვდავი თევზი.

შენი ერთი წვეთი ვნება ისე მწყურია, როგორც სიკვდილის პირას მისულ უკვდავებას.

არ მავიწყდება შენი ხელი, მუცელზე რომ მადევს და მაცხელებს.

საბანი გადავწიე, რომ უკეთ დაგენახა ჩემი თეთრი მკერდი. ვერასოდეს გაიგებ რამდენჯერ დავიბადე იმისთვის, რომ მეცდუნებინე.

კატასავით გავიზმორე და კუდიც გავპრიხე, რომელიც წინა ცხოვრებაში მქონდა.

შენი ხელი ისევ მუცელზეა და უკვე თავს მაკარგვინებს. კანის ყველა უჯრედზე ვგრძნობ სისველეს და თვალსაც ვერ ვახელ სიმძიმისგან.

ფეხისგულებზე ვგრძნობ ცივ ნიჟარებს და მთელ ტანზე წნევას, რომლითაც მაწვები.

შენ ზღვა ხარ, უთვალავი ტონა წყალი. ოკეანე, რომლიდანაც ამოცურვას არც ვცდილობ.

შენ ფსკერზე ისე დავდივარ სუნთქვაშეკრული და სრულიად შენით გარემოცული, როგორც საუკუნის წყალმოწყურებული. პირს ვაღებ და პეშვებით გიშვებ ჩემში, რომ ჩემი სიმშრალე დაასველო.

ჩემი სხეულიდან ეს უთვალავი ტონა წყალი აგორებულ წვეთებად ჩამოიწურება და სველ კვალს დატოვებს გახურებულ კანზე.

ქვიშებს პატარა ბურთულებად აქცევს და როგორც პლანეტებს, სამყაროში ისე გაფანტავს.

შენთან ისეთი სრულყოფილი ვარ, რომ თავი სამყაროს შემოქმედი მგონია.

ჩემი სხეული კი ისევ წევს ცხელ ქვიშაზე წყურვილგამაძღარი და ტკბება წუთით, როდესაც საუკუნეების წინ მასში ჩასხმული ლავა ვულკანივით ამოხეთქავს.

სიამოვნებისგან ათრთოლებულ ტანზე მსუბუქად გადაგიცვამ. დილა მშვიდობის…