თვალი გავახილე და ჩავისუნთქე. ჩემი მომწარო ყავის გემო მინდა ვიგრძნო ამ დილით. ლოგინიდან ფრთხილად ვდგები, ვსწორდები, ჯერ ერთი ფეხის წვერს ვახებ ცივ იატაკს, მერე მეორეს. ნელა წამოვდგები, რომ არ დავიმსხვრე. ცხელი ფეხისგულებით ვდგამ პირველ ნაბიჯს და მსიამოვნებს დილის ცივი იატაკი. გამოვიგონებ პატარა ქვებს ტბის მეორე მხარეს რომ გადავყავარ. ერთ ქვაზე წერია “დილა”, მეორეზე “მშვიდობის”, მესამეზე წერია “არაფერი”, კარს ვეჯახები, იმიტომ რომ ჩემს წარმოსახვაში კარი არ არის. ყოველ დილით 10:09 წუთზე უცნაური გრძნობა მიპყრობს, მომავალი მინდა გამოვიგონო, ჩემი ბებერი თავი სარკეში და შვილები, მაგრამ ფანტაზია არ მყოფნის. ჰაერი არ მყოფნის რომ ვიყო ჯანმრთელი, ფული რომ ვიყო საკმარისად მდიდარი, დრო… დრო მარტო ტრაგედიებისთვის მყოფნის, რადგან ტრაგედიისთვის ერთი წამიც საკმარისია. გამბედაობა არ მყოფნის, რომ მთასვლელი ვიყო და ამიტომ მხოლოდ ვწერ მწვერვალებზე, რომლის დაპყრობაც მსურს.
კომენტარის დატოვება