მთავარი

კიდევ ერთი შანსი ბლოგერებს

12 Comments

რადიო გადაცემისთვის და უფრო კონკრეტულად დილის გადაცემისთვის, რომლის სახელია “რადიო დილა” გვჭირდება ბლოგერი…

იდეა წამოვიდა პრესის მიმოხილვაზე რომ ვფიქრობდი იქიდან, მერე ერთ ნიჭიერ ბლოგერსაც ვესაუბრე 😀 და იდეაც გაჩნდა…

მოკლედ გვჭირდება ბლოგერი რომელსაც

1. უნდა შეეძლოს 12 საათის მანძილზე დაწერილი პოსტების მიმოხილვის გაკეთება, თითქმის ყველა პოსტი უნდა წაიკითხოს, შეაფასოს, გამოხატოს საკუთარი აზრი და მოკლედ… რაც უნდა და როგორც უნდა ისე გააკეთოს მიმოხილვა… სრული თავისუფლება…

2. მიმოხილვა უნდა იყოს 3დან 5გვერდამდე, რადგან ჩართვისთვის გამოყოფილი დრო მეტის წაკითხვის საშუალებას არ მისცემს

3. უნდა ქონდეს ნორმალური ხმის ტემბრი და კარგი დიქცია

მსურველებმა დღეს 28 იანვრის ღამის 12 საათამდე, გთხოვთ პირადი წერილი მომწეროთ რომ გსურთ სცადოთ ბედი

და დაწეროთ არა 12 საათის არამედ რამდენიმე საათის მანძილზე დაწერილი პოსტების მოკლე მიმოხილვა, დაახლოებით 1 გვერდი რომ იყოს

წარმატებას გისურვებთ ყველას

მე მიყვარს დედამიწა

5 Comments

მე ვარ ლომი, გამოქვაბული, თოვლი, მდინარე, მიწა, ქვა…

მედიტირებისას ვგრძნობ, რომ დედამიწის ერთი პატარა და უმნიშვნელო ნაწილი ვარ, მაგრამ ამავე დროს მთელი დედამიწა…

მე მიყვარს დედამიწა…
მე ვგრნძობ დედამიწას…

მიყვარს ლომები აფრიკაში, სპილოები ინდოეთში, პინგვინები ანტარქტიდაზე, თეთრი დათვები ალიასკაზე და ციმბირული ვეფხვი, მიყვარს დედამიწის ყველა უჯრედი და ატომი…

მიყვარს ტირილამდე და სიკვდილამდე…

ვგრძნობ ქვას როგორც ჩემს სხეულს, ჩანჩქერს როგორც სისხლს, ვგრძნობ ხეებს როგორც კიდურებს, ვგრძნობ ბალახს როგორც კანს, ვგრძნობ მიწას როგორც ხორცს და ლავას როგორც გულს…

როდესაც მარტო ვრჩები ჩემს თავთან პირველყოფილ ადამიანს ვგრძნობ ჩემში და ამ მოასფალტებულ და აგურის ჯუნგლებში, უფრო ახლოს ვარ ბუნებასთან, ვიდრე ავსტრალიელი წარმოშობის შამანი…

ვგრძნობ როგორ სტკივა ანტილოპას, როდესაც მკერდიდან აგლეჯენ შიგნეულს და ჭამენ, ვგრძნობ როგორ ნაყრდება ლომი ამავე შიგნეულით…

ვგრძნობ როგორ მყარად დგანან სპილოები მიწაზე და როგორ გრძნობენ მცენარეები სპილოს წონას…

ვგრძნობ როგორ ეშინია კურდღელს ღამე და როგორ უმძიმს ჭიანჭველას…

ვგრძნობ როგორ გრძნობს წყალს თეთრი დათვი ცურვისას და რას გრძნობს გაყინული წყალი… ვგრძნობ როგორ ღელავს ოკეანე და როგორ ვერ იმორჩილებს თავს ქარი…

ვგრძნობ როგორ ბრუნავს დედამიწა და როგორი ჰარმონიულია ყველაფერი ცივილიზაციის გარეშე…

ვგრძნობ როგორ შიათ პინგვინებს როცა თევზები აღარ რჩებიან მათ სანაპიროებთან, ვგრძნობ რომ სიგრეტის ყოველი მოწევისას გამოშვებული ბოლი, სადღაც ამაზონის ჯუნგლებში აჭკნობს მცენარეებს, ვგრძნობ როდესაც მეგობრის საჩუქარს ვფუთავ პოლიეთილენის ქაღალდით, როგორ კვდებიან დედამიწის მეორე მხარეს ცხოველები დაბინძურებული წყლით…

როცა ვქოქავ მანქანას ვგრძნობ როგორ იხოცებიან ცხოველები გვალვისგან, როდესაც ავდივარ ჩემი ხის კიბით სახლში, ვგრძნობ როგორ სტკიოდა როდესაც ჭრიდნენ და როგორ ვერ გადაარჩინა კოდალამ ბარტყები, რადგან მათ ჯერ ფრენა არ იცოდნენ…

ვგრძნობ როგორ გაუმართლა ალიასკაზე დათვს იმიტომ რომ ნანახი აქვს ჩრდილოეთის ნათება… როგორ გაუმართლა პინგვინს, იმიტომ რომ არ ფიქრობს რა დაუჯდება თხილამურებით სრიალი და ფულის გადახდა მათში… იმის, რასაც ხეების მკვლელობით და დედამიწის განადგურებით ამზადებენ… როგორ გაუმართლა ლომს იმიტომ რომ მეფეა, პატივმოყვარეობის, პოლიტიკისა და მილიონების გარეშე… როგორ გაუმართლა ცხენს თავისუფლებაში და მგელს ოჯახში… როგორ გაუმართლა მაიმუნს, იმიტომ რომ მისი ტვინი ვერასდროს შექმნის რამეს ისეთს, რაც დედამიწას განადგურებამდე მიიყვანს…

ვგრძნობ როგორი “ლუზერები” ვართ მაღალტექნოლოგიურ და დემოკრატიულ გარემოში მცხოვრები “კულტურული” ადმიანები, რომ დიდი ხნის წინ დაგვავიწყდა ის რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ვცდილობთ ის ნაწილი, რაც ჯერ კიდევ თავს გვახსენებს გავანადგუროთ

ვერ ვხვდებით, რომ დედამიწა ვართ ჩვენ…

თავს ვინადგურებთ და ამას ტექონოლოგიურ წინსვლას ვუწოდებთ…

ამ ყველაფრის განცდის შემდეგ ფიზიკურად მტკივა გული და რამდენიმე საათიანი ტირილის შემდეგ, ვცდილობ კიდევ დიდი ხანი არ დავკავდე მედიტაციით, იმიტომ რომ მე ვარ საცოდავი ადამიანი და ვცდილობ დავივიწყო ის ყველაფერი რასაც ვგრძნობ…

22 იანვარი

2 Comments

ოდესმე მოგისმენიათ მძინარე ქალაქის ხმა… როგორც ადამიანი ღრმად სუნთქავს… ისეთი ცარიელია, როგორც მიტოვებული მოხუცის სახლი და ისეთივე ცივი როგორც მიცვალებული…

დღეს მქონდა პაემანი ჩემს ქალაქთან დილის 5 საათზე… სანაპირომდე ფეხით ვიარე და ვორონცოვის ხიდზე სიგარეტი მოვწიე… ზუსტად არ ვიცი ყინვა იყო თუ სიგარეტის კვამლი…

ჩემი ქალაქი შემიყვარდა თქვენს გარეშე… დიახ, ადამიანების გარეშე უფრო ლამაზია და უფრო ჩემი…

რა ბედნიერი ვიქნებოდი მარტოს რომ მეცხოვრა ჩემს სახლში, ჩემს ეზოში, ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში და ჩემს პლანეტაზე…

სახლში დავბრუნდი 7 საათისკენ და ერთით ნაკლები დამხვდით… დღეს და დღეიდან ჩემი მეგობრის სიკვდილის დღეა…

კიდევ ერთი პოსტი ჯეოსტარზე

4 Comments

რამდენიმე დღეა ყველა ჯეოსტარზე წერს, მანამდე ყველა საუბრობდა :))) უფრო ადრე უმესიჯებდა და ოდესღაც იდეაც იყო.

იდეა სავარაუდოდ იყო გაეკეთებინათ პოპულარული, გასართობი, მუსიკალური გადაცემა, რომელიც ახალ სახეებს შექმნიდა ქართულ რეალობაში…

რა მივიღეთ… ნუ პოპულარული დიახ, გასართობი ხშირად მათთვის ვინც მუსიკის მოყვარული არ არის… თუმცა გულახდილად რომ ვთქვა ეს კონკურსია და მე დამიჭერია ჩემი თავი როცა ვერ ამიტანია და ჩამიწევია კიდეც ტელევიზორისთვის, ან საერთოდ გადამირთავს…

მაგრამ სნობიზმი დამიძლევია, იმიტომ რომ ეს კონკურსია და იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩემი თავიც კი დამიყენებია კონკურსანტების ადგილას როცა ერთ კვირაში შეიძლება ძალიან სერიოზული და რთული კომპოზიცია გქონდეს მოსამზადებელი…

დღეს კვირაა, არც ვმუშაობ, არც მაინცდამაინც გადატვირთული ვარ და უამრავი დრო მქონდა ყველა პოსტი წამეკითხა რაც კი ჯეოსტარზე დაიწერა, უმეტესობა იყო უარყოფითი და არც მე მომწონს ბევრი რამ ამ პროექტში, მაგრამ…

ეს არის რეალურად პირველი ასეთი სახის პროექტი საქართველოში, რომელმაც ასეთი პოპულარობა მოიპოვა… საიდანღაც უნდა დაიწყო… ფაქტია რომ პირველი ჯეოსტარიდან დღემდე პროგრესია…

ეს კონკურსანტებზეც აისახება, რეპერტუარზეც და იმაზეც ვის უჭერს მხარს მაყურებელი…

მე ვუყურებდი ჯეოსტარს ყოველ კვირა… არა იმიტომ რომ განსაკუთრებული და განუმეორებელი შესრულება მომესმინა რომელიმე კომპოზიციის, არამედ იმიტომ რომ მაინტერესებდა რას იზავდნენ ეს ადამიანი, როგორ შეასრულებდნენ, რას იმღერებდნენ, როგორ გამოუვიდოდათ…

გამეცინა სულელურ შეცდომებზე, მომწონებოდა კარგი შესრულება ან ხმა დამეწია საშინელი მუსიკალური ნომრის დროს… მაგრამ შანსი მიმეცა ჯეოსტარელებისთვის და მიუხედავად ყველაფრისა მაინც მომესმინა მათი გამოსვლები

პ.ს. მომიტევოს იმედგაცრუებულმა მკითხველმა, რომელიც ელოდა რომ პოსტი ჟიურის სუბიექტურობასა ან ნაკლებზე, მონაწილეების უსმენობასა ან უნიჭობაზე და გულშემატკივრის უგემოვნობაზე იქნებოდა : ))))

ჩემი პოსტი სპეციალურად ნიჭიერისთვის ჯეოსტარზეა, პროექტზე რომელიც დამწყები მომღერლისთვის ან უბრალოდ თამამი, მაგრამ არც ისე ნიჭიერი ადამიანებისთვის ცხოვრების საინტერესო ეტაპია

წარმატების ფორმულა

8 Comments

წარმატებისთვის მარტო ის არ არის საჭირო რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე…

წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საშუალოდ კეთება არ შეგძელოს, იმის მიუხედავად როგორია ანაზღაურება, გარემო, სად ხარ და რას აკეთებ…

წარმატებისთვის მნიშვნელოვანია რომ ზუსტად გახსოვდეს რა გინდა და უფრო მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეს…

კიდევ საჭიროა ცოტათი იდეალისტი იყო და უფრო მეტად გიჟი, იმიტომ რომ უარი თქვა ძალიან სარფიან შემოთავაზებაზე, მაგრამ ისეთზე რომელიც შენს მიზანთან არ მიგიყვანს…

მე რომ რადიოში დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ ორი ძალიან სარფიანი შემოთავაზება მქონდა ტელევიზიიდან, მაგრამ უარი ვთქვი მხოლოდ იმიტომ რომ ის ჩემს მიზანთან არ მიმიყვანდა…

მანამდეც მითქვამს უარი რამდენიმე ისეთ წინადადებაზე, რომელსაც რომ დავთანხმებულიყავი ახლა “ძალიან წარმატებული”, ოფისში გამოკეტილი, ერთი მოწყენილი და ძალიან დეპრესიული ქალი ვიქნებოდი, ბევრი იდეებით რომლიდანაც ერთსაც ვერ განვახორციელებდი და რაც მთავარია ძალიან უკმაყოფილო ვიქნებოდი იმით რასაც გავაკეთებდი. ერთი “რიგითი” დემოტივირებული თანამშრომელი, რომლის იდეები ოთხ კედელში იქნებოდა გამოკეტილი…

ჩემი მიზანი უფრო შორს მიდის და იმისთვის რომ წარმატებისთვის მიმეღწია ბევრჯერ მომიწია ძალიან “გემრიელ ლუკმაზე” უარი მეთქვა და გარშემომყოფებისგან საყვედურებიც კი მომესმინა იმის თაობაზე როგორი სულელი ვარ, როგორ ვინანებ და რომ ასეთი შანსი მეორედ არ მექნება…

მაგრამ მთავარია გინდოდეს…

მე ვარ ბედნიერი რომ ვარ იმ იშვიათ ადამიანებს შორის რომლებიც იმას აკეთებენ რაც მოსწონთ…

ადვილი არ არის იმიტომ რომ ამისთვის მსხვერპლია საჭირო…

თეორიულად ბევრს რომ კითხოთ, აუცილებლად გიპასუხებენ “კი მიზნის მისაღწევად ბევრ სხვა რამეზე უნდა თქვა უარიო”, მაგრამ ყველაზე მთავარი ავიწყდებათ, რომ ის “სხვა” ხშირად ძალიან მომხიბვლელია და სწორედ ამაში მდგომარეობს “უარის თქმის” სირთულე…

ამიტომ არის საჭირო იყო იდეალისტი და თანაც გიჟი, რომ მიზანს თვალი არ მოაშორო…

ეს ყველაფერი ბავშვობაში ასეთი მარტივია… აი მაგალითად ალადინი ჰო ყველას გახსოვთ, ძვირფასეულობით სავსე გამოქვაბულში ჯინის ლამპარის წამოსაღებად რომ შევიდა და არაფრისკენ თვალი არ გაექცა…

ეს ჰო ასეთი ბუნებრივი იყო ბავშვობაში, რომ ძვირფასეულობა არ უნდა აეღო და სწორედ ამიტომაც იყო მთავარი გმირი…

მაშინ რატომ მოხდა, რომ ჩემს გარშემო მყოფებიდან ბევრმა გამოქვაბულში ჯინის ლამპარი დაივიწყა და ძვირფასეულობამ თვალი მოჭრა…

რატომ დაივიწყეს ის რისთვისაც შედიოდნენ, 2 წლის ასაკშიც კი ხვდებოდნენ რომ მიზნისთვის თვალი არ უნდა მოეშორებინათ და მისთვის მსხვერპლიც კი უნდა გაეღოთ…

9 თვის წინ რადიოში აბსოლუტურად გამოუცდელი რომ მივედი და ნიუსების წამყვანობაზე დავთანხმდი, ჩემი მიზანი ნიუსების წამყვანობა არ იყო… ჩემი გადაცემის იდეა მქონდა, მინდოდა რომ ჩემი ხმა ყველასთვის ნაცნობი და ახლობელი ყოფილიყო, “ცოტა” რომანტიულია ვიცი… მაგრამ სხვებს უნდათ ცნობილი სახეები გახდნენ და მე მინდა ნაცნობი ხმა ვიყო…

დღეს კი გადაწყდა რომ არა მარტო ჩემს საავტორო გადაცემას, არამედ კიდევ ბევრისთვის ცნობილ “ამბასადორს”, “დილის სასამართლოს” და “მოგზაურთა კლუბსაც” წავუძღვები…

ასე რომ პირველი თებერვლიდან ჯერ კიდევ საინფორმაციო გამოშვების წამყვან ანა სიდამონიძეს, კვირაში ოთხჯერ, დილის 10-დან 12-მდე 107.4-ზე, “მწვანე ტალღის” ეთერში შეგიძლიათ მოუსმინოთ

დღეს ვიგრძენი, რომ მე როგორც ალადინი გამოქვაბნულიდან ჯინის ლამპარით ხელში ისე გამოვედი, რომ ვერცერთმა ძვირფასმა თვალმა ვერ მაცდუნა და თვალი ვერ მომჭრა…

გამოდის რომ წარმატების ფორმულა იმაში კი არ არის, რომ დათანხმდე და “შანსი” ხელიდან არ გაუშვა, არამედ იმაში, რომ შეგეძლოს უარის თქმა და შენი ჯინის ლამპარის პოვნა…

სარჩევი

3 Comments

ავტობიოგრაფიას რომ წერდე საიდან დაიწყებდი წერას?

ან რას დაწერდი, რას არა? რას გაალამაზებდი ცოტათი მაინც?

წარმოგიდგენიათ სარჩევი თქვენი ავტობიოგრაფიის?

ქრონოლოგიურად დაალაგებდი, მნიშვნელოვანი მოვლენების მიხედვით, საერთოდ არეულად დაწერდი თუ CV-ვით ბოლოდან დაიწყებდი წერას? 😀

საერთოდ თუ გიფიქრიათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები ჩამოგეყარათ…

მე აღმოვაჩინე დღეს რომ ყველა თარიღი მახსოვს იმ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის რაც კი ცხოვრებაში მქონია…

აბსოლუტურად ყველა წელი, რიცხვი, თვე, დღეც კი…

რაღაც ავადმყოფობაა, კი არ ვიმახსოვრებ თან ისე უცბად აღმოვაჩინე რომ მახსოვდა…

მნიშვნელოვანი… ნუ დეტალებიც… ოღონდ მნიშვნელოვანი დეტალები…

წიგნის დაწერას ვაპირებ ოღონდ ავტობიოგრაფიას არა : )))) არც ნოველები და პოეზია, არც გულისამაჩუყებელი რომანი ან რამე დეტექტივი…

სულ სხვა თემაზე… 2 თვეში დავწერ, მერე მოვამზადებ, შევფუთავ, დავბეჭდავ და პრეზენტაციას სექტემბერში გავაკეთებ… : )))

არა მართლა… დროის მენეჯმენტში ძალიან ცუდად ვარ… საათების და დღეების მიხედვით ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ ასე თვეებით კარგად ვფიქრობ : )))

საბეჭდი მანქანა უნდა ვიყიდო, მეორადი ალბათ : ))))

კომპიუტერით უფრო ადვილია, ვიცი, იმიტომ რომ ასე ჯერ უნდა დავბეჭდო და მერე ავკრიფო კიდევ თავიდან, მაგრამ ასე მირჩევნია…

რომანტიკაა საბეჭდი მანქანით ჩემს ბუხართან ვწერო ღამ-ღამობით…

თან საბეჭდ მანქანას არც ბრაუზერი აქვს და არც სკაიპი : )))

სარჩევი ექნება მაგარი… ტეგებია ფაქტიურად ეძებ რასაც გინდა :)))

და მერე კითხულობ…

არადა ახლა სიამონებით წავშლიდი ამ პოსტს და სულ სხვანაირად დავწერდი, იმიტომ რომ სულ სხვა რამეზე მინდოდა დაწერა, მაგრამ წესი ნომერი შვიდი არ მაძლევს ამის საშუალებას…

მინდოდა დამეწერა იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომელიც მქონდა ცხოვრებაში და ასე 25 წლის მიწურულს გამახსენდა მოულოდნელად ყველა ერთად, თარიღებით და დეტალებითურთ

რაღაც სისულელეებიც გამახსენდა, კარის გაღება, ლიანდაგზე სეირნობა, რაღაც წესი გამახსენდა ფიზიკის, გვერდი გამახსენდა 64-ე ერთ-ერთი წიგნის რომელსაც 10 წლის წინ ვკითხულობდი და რა ეწერა ისიც… სიგარეტს რომ მოვუკიდე ერთხელ და მაშინ რა ხდებოდა გარშემო… ტუალეტში გავიქეცი ტუჩსაცხის შესასწორებლად პირველად რომ ვაკოცე, ეგ უფრო დეტალურად მახსოვს : ))))) მართლა… ჭიანჭველებს რომ ვაგროვებდი ბავშვობაში, მძიმე ბავშვობა მქონდა : )))) ფუტკარი რომ პეპელა მეგონა პირველად რომ დავინახე, ძალიან პატარა არ ვიყავი მაშინ? ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს…

გამინათდა რაღაც თავში, განა დრო არ მქონდა, აქამდე არ მახსოვდა უბრალოდ და თან ეს პროცესი კიდევ მიდის, ანუ კიდევ მახსენდება რაღაცეები.

ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის უმნიშვნელო და სულელური დეტალები გამახსენდა და მივხვდი რომ სისლელე კი არა და სულ ეს არის რაც კი მაქვს ცხოვრებაში…

დეტალები, ციფრები, რიცხვები, საათები, ფერები, ვარცხნილობები, ინტერიერ-ექსტერიერები, საერთოდ გარემო, შეგრძნებები, სიტყვები, ყველაფერი, ყველაფერი… ყველაფერი მახსოვს…

და მგონი ჩემი ცხვრება ერთი დიდი სულელური დეტალების გროვაა რომელიც ასე მაბედნიერებს…

სიმთვრალის ქრონიკები

8 Comments

გუშინ ერთად შევხვდით ახალ წელს… დავლიეთ… ბევრი დავლიეთ… არაყი…

მერე მახსოვს რომ მანქანით მივდიოდით… მერე მახსოვს რომ გაჩერდა მანქანა და მერე მახსოვს მაგიდას ვალაგებდი…

შუალედებში რა ხდებოდა ახლაც ვერ ვიხსენებ…

მერე აბაზანაში აღმოვჩნდი და მახსოვს ვთხოვე დარჩენილიყო ოღონდ მერე არაფერი მახსოვს… 😀

მერე მახსოვს რომ ექიმ ჰაუსს ვუყურებდი… გამოდის რომ აბაზანიდან რომ გამოვედი გადმოვწერე, მერე ფლეშზე გადავწერე, მაგრამ ამდენს ვერ მოვასწრებდი, იმიტომ რომ დილის 4 საათზე მოვედი სახლში და 6 საათზე ეს ყველაფერი უკვე მომხდარი იყო ჰაუსიც ნანახი მქონდა და უკვე ვიძინებდი…

ანუ სადღაც იმ დროს როცა ვალაგებდი ალბათ კომპიუტერი ჩავრთე და გადმოწერა დავიწყე, მერე აბაზანიდან რომ გამოვედი ალბათ ფლეშზე გადმოვწერე…

როგორ დავწექი არ მახსოვს…

ბუნდოვნად მახსოვს რომ ძალიან მაგარი სექსი მქონდა… შეგრძნებები მახსოვს… ოღონდ დარწმუნებული არ ვარ… რომ მქონდა… მაგრამ კარგი იყო ყველა შემთხვევაში…

ოღონდ მგონი ჰაუსის ყურებამდე მქონდა, იმიტომ რომ ეგრევე დავიძჲნე რომ დამთავრდა … დილის ექვსზე …

დღეს დილით გავიღვიძე ადრე… ავდექი და საწოლთან ცხოვრებაში პირველად დამხვდა დალაგებული ტანსაცმელი რაც უნდა ჩამეცვა : ))))

ეტყობა გუშინ მივხვდი რომ გამოუძინებელი ვერ მივხვდებოდი რა ჩამეცვა და ცხოვრებაში პირველად მოვიმზადე, ოღონდ არც ეს მახსოვს…

აბაზანაში როგორ მოვხვდი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის მომენტი სარკეში რომ ჩავიხედე… შემეშინდა…

სახე დავიხატე რასაც ქვია და მერე მახსოვს კიბორგამ დამირეკა მე მივედიო… მანამდეც არ მახსოვს როგორ მაგრამ უკვე მანქანაში ვიჯექი…

დათომ მკითხა გუშინ ჰაუსს ბოლომდე უყურეო და მოვუყევი თავიდან ბოლომდე მთელი სერია… ერთადერთი რაც ნათლად მახსოვს ჰაუსია, დეტალებიც კი მახსოვდა…

მივედი და მახსოვს უკვე იქიდან ყავს რომ ვსვამდი… მერე რაღაცეები ბუნდოვნად…

მახსოვს ეთერი მქონდა მაგრამ რას ვკითხულობდი არ მახსოვს…

მერე კიდე მახსოვს კიბორგა, მუსიკა მახსოვს და რაღაცეებს ვტვირთავდი…

საკრედიტო ბარათი მივეცი არტურს პინკოდით???

შევუცვლითქო… შევუცვლი!!!

მერე გვიან უკვე თათიას ვუყვებოდი ამას რაც მახსოვდა და გამახსენდა რომ აბაშმაძეს დავურეკე გვიან და ვერ ვიხსენებდი რატომ დავურეკე…

ლიფტი მახსოვს და თათის ვეუბნებოდი გამახსენდა გუშინ გვიან სახლში რომ მოვედი გადავწყვიტე რომ ზუბროვკა ჩამესხა სხვა ბოთლში… ძაბრი ვერ ვიპოვნე და ასე ჩავასხი ძაბრის გარეშე ერთი ბოთლიდან მეორეში, ოღონდ წვეთი არ დამიქცევია და ისე გამიხარდა რომ აბაშმაძეს დავურეკე რომ მეთქვა ზუბროვკა ერთი ბოთლიდან მეორეში ძაბრის გარეშე ჩავასხი და წვეთი არ დამიქცევიათქო… ოღონდ დილის 5 საათზე..

აბაზანაში არისო… მერე დამავიწყდა დამერეკა…

მერე თათიამ მკითხა რატომ ასხავდი სხვა ბოთლში თუ ესხა ისედაცო? და გამახსენდა რომ რატომღაც მინდოდა რადიოში ამეტანა და დამელია დილით… ოღონდ რატომ ვასხავდი მაინც ვერ გავიხსენე…

ეს ბოლო ნახევარი საათის წინ იყო მაგრამ მაინც ბუნდოვნად მახსოვს…

10 წესი HAG – ს

4 Comments

1. აღარასდროს წავშალო დაწერილი პოსტი გამოქვეყნებამდე

2. ბოლომდე დაწერილი პოსტი არ წავშალო იმიტომ რომ აღარ მომწონს როგორც და რასაც ვწერ

3. არ მოვუგონო ჩემს თავს უაზრო მიზეზები იმისთვის რომ პოსტი არ დავწერო ან დაწერილი მაინც არ წავშალო

4. არ ვიმართლო თავი რომ დრო არ მაქვს დაპოსტვისთვის

5. რამე მაინც ვწერო ნიუსების გარდა 😦

6. ფიქრის ჯუჯა დავსვა დიეტაზე

7. ვწერო თუნდაც სისულელეებზე (ეს უკანასკნელი თავისდაზღვევის მიზნით დავწერე, რადგან მერე რომ არ მომეწონოს რამე და გავიფიქრო სისულელეა ამის გამოქვეყნებათქო გამახსენდეს წესი ნომერი 7 და გამოვაქვეყნო)

8. ვაიძულო თავი კონცენტრირება მოვახდინო რამე ერთზე, წერის დროს მაინც და არ ვაკეთო ყველაფერი ერთად

9. მიუხედავად იმისა რომ ჩემს თავთან მარტო ვერ ვრჩები და ეს ყველაფერი ხელს მიშლის ვწერო, ამ სისულელეებით თავი არ ვიმართლო და ბოლოს და ბოლოს რამე სისულელე მაინც დავწერო, მაგრამ რამე მაინც…

10. დავანებო ჩემს თავთან ჩხუბს, საყვედურებს, დანაშაულის გრძნობას, თავის მართლებას, მუშაობას (დროებით მაინც), სიგარეტს თავი და ბოლოს და ბოლოს ისევ დავიწყო წერა

%d bloggers like this: