დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, უფრო სწორად ბევრად უფრო ადრე, მაშინ როცა წავიდა პირველი. პირველი იყო ჩვენი უფროსი, ადამიანი რომელმაც შემქმნა, დემნა.

დაახლოებით ერთი წლის წინ, მე გავხდი გუნდის წევრი, რომელმაც ადვილად ვერ მიმიღო, იმიტომ რომ ეს არ იყო ადვილი გუნდი. ეს იყო გუნდი სადაც ყველაფერს გეუბნებოდნენ პირდაპირ, სადაც არავინ არ თვალთმაქცობდა, სადაც ურთიერთობა აწყობილი იყო გულწრფელობაზე.

კიდევ იმიტომ რომ მე ვიყავი ერთი თავგადაპარსული გოგო, რომელსაც თითქოს გამოცდილებაც ქონდა და განათლებაც საკმარისი, რომ ყველაფერი კარგად ეკეთებინა, მაგრამ გაწვრთნილი არ იყო. ძალიან გამიმართლა რომ ამ გუნდმა მიმიღო.

დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი ყველაზე კარგ, ყველა გაგებით კარგ გარემოში, იმიტომ რომ ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ თავისი საქმე, რომელბსაც უყვარდათ თავისი საქმე, რომლებიც ბოლომდე დებდნენ ენერგიას საქმეში.

ჩვენ გვქონდა გუნდი, რომელიც მუშაობდა მოტივაციაზე, რომლისთვისაც მთავარი იყო პროფესიონალიზმი. გვიხაროდა როცა გვქონდა სპეცები და დამატებითი სამუშაო, იმიტომ კი არა რომ მაზოხისტები ვიყავით? დამატებითი სამუშაო არავის უხარია, იმიტომ რომ გვქონდა უფრო საინტერესო სამუშაო, ვიდრე უბრალოდ სამუშაო დღეა ჟურნალისტისთვის.

მათთან მხოლოდ ურთიერთობითაც კი, ყოველ წამს ვსწავლობდი როგორ უნდა ვიყო უკეთესი. ეს იყო გუნდი, რომელიც არ გაპატიებდა შეცდომას, მაგრამ ამის გამო არ დაგტოვებდა მარტო, გუნდი რომელიც ყოველთვის დაგეხმარებოდა, გეტყოდა რომ მეტიც შეგეძლო ან შეგაქებდა როცა კარგად იმუშავებდი.

როდესაც გავაკეთებდი მაქსიმუმს აუცილებლად შემაქებდნენ, ცხვირს მოადებდნენ სტუდიის მინას და დამელოდებოდნენ ყავით და სიგარეტით ხელში.

იმ მინიმალური რესურსით, რომელიც სხვა რადიოებთან შედარებით გაგვაჩნდა, ვაკეთებდით მაქსიმუმს. ეს იყო ჩვენი მიზანი გაგვეკეთებინა მაქსიმუმი, დავხარჯულიყავით ბოლომდე და დღის ბოლოს, ჩვენს სალათისფერ-სტაფილოსფერ სამზარეულოში კმაყოფილები ვსხდებოდით და ყავას მივირთმევდით.

მერე წავიდა ერთი, მერე მეორე, მესამე, მერე მე გადამიყვანეს სხვა განყოფილებაში და ვინც დარჩნენ იმათთანაც ვერ ვმუშაობდი. სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდით. მარტო დავრჩი. დავნამცეცდით, ცოტ-ცოტა და ყველგან გავიფანტეთ, ზოგი დარჩა, ზოგი წავიდა.

თუ შეიძლება რამე იდეალური არსებობდეს ეს გუნდი ძალიან მიახლოებული იყო ამასთან. ხანდახან მეჩვენებოდა რომ იდეალურიც კი იყო. ზედმეტად კარგი იყო რომ დიდხანს ყოფილიყო.

ადამიანები განსხვავდებიან, განსხვავდება მათი შეხედულებები, მოთხოვნილებები, სხვადასხვაა მოტივაციაც.

არის ადამიანის ტიპი, რომელმაც უნდა იმუშაოს მარტომ, იმიტომ რომ მხოლოდ საკუთარი ხელით და თავით გაკეთებული საქმე მოსწონს და ყოველთვის უკმაყოფილოა სხვისით.

არის სხვა ტიპიც, რომელიც არის კარგი შემსრულებელი, მაგრამ ვერასდროს წყვეტს რა უნდა გაკეთდეს.

არის კიდევ ისეთიც, რომელიც გეგმავს და იცის რა უნდა დაავალოს, მაგრამ თავად ვერ აკეთებს ვერაფერს.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია გავაკეთო ყველაფერი და გავაკეთო კარგად, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გუნდთან ერთად გავაკეთებ უკეთ, აუცილებლად უნდა დავგეგმო რას გავაკეთებთ, ყველა ერთად და არა მხოლოდ დანარჩენები. მე აუცილებლად უნდა გავაკეთო ჩემი დავალებები ისევე, როგორც ყველა დანარჩენი გააკეთებს ამას. მე უნდა ვიგრძნო კონკურენცია რომ ვიფიქრო უკეთ, უნდა ვცემდე პატივს და ვცდილობდე მის მოპოვებას, მე უნდა ვენდობოდე და მენდობოდნენ.

მე მჭირდება გუნდი, იმისთვის რომ შევძლო მუშაობა, არ დამიმთავრდეს იდეები, მივიყვანო საქმე ბოლომდე, მე მჭირდება კონკურენტუნარიანი გუნდი, რომ მუდმივად ვიყო დაძაბული და მომზადებული, სულ ვიყო ფორმაში. მე მჭირდება ადამიანები, რომლებთანაც უბრალოდ მესიამოვნება მუშაობა.

დაახლოებით 2 კვირის წინ წამოვედი რადიოდან, დაახლოებით 1 კვირის წინ მოულოდნელად ახალი სამსახური დავიწყე.

დამხვდა გუნდი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან გავს გუნდს ჩემი წინა ცხოვრებიდან, იმედი მაქვს მიმიღებენ და დარწმუნებული ვარ რომ ბევრ ახალს ვისწავლი მათგან.

მე ვარ ბათუმელების, netgazeti.ge და pliaj.ge – ს მარკეტინგის მენეჯერი და ვეძებ ჩემს გუნდს.

ადამიანებს, რომ შევქმნა მარკეტინგის განყოფილება და საუკეთესო გუნდი საქართველოში.

Advertisements