ზუსტად 10 წელი გავიდა. ვერც კი წარმოიდგენ რამდენი რამე შეიცვალა და რამდენი რამე გადაგხდა თავს, ძირითადად არასასიამოვნო. ნაწილი შენი შეცდომების გამო, ნაწილი იმის გამო რომ ადამიანებს შენი არ ესმით, ნუ ეს ასაკობრივიაო გეუბნებიან, მაგრამ 10 წლის მერეც ასე იქნება 🙂
მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებ, ბევრ სისულელეს გააკეთებ, ბევრსაც ჭკვიანურ გადაწყვტილებას მიიღებ და სწორად მოიქცევი, მაგრამ მთლიანობაში მინდა მადლობა გადაგიხადო ყველა შენი სისულელისთვის, შეცდომისთვის თუ სწორი ნაბიჯისთვის, რადგან რომ არა ყველაფერი ეს მე არ ვიქნებოდი ასეთი ზუსტად როგორიც ვარ.
მართალი ხარ როცა ამბობ რომ ადამიანები სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ. შენ ყოველთვის შენს საკუთარ შეცდომებზე ისწავლი, საკუთარ გადაწყვეტილებას დააყენებ პირველ ადგილას, ვინც რაც არ უნდა გითხრას მაინც ყოველთვის იმას გააკეთებ რაც გენდომება, მაინც ბოლომდე არავის ეტყვი რას აპირებ, სანამ არ გააკეთებ და თავად ფაქტით არ შეიტყობენ შენი გადაყვეტილების შესახებ, იმისთვის რომ რჩევაც კი არ მოგცენ. შენ ჰო ვერ იტან რჩევებს 🙂 ვერც ვერასდროს აიტან.
მართალი ხარ როცა არ გეშინია და მიდიხარ რისკზე, იმაშიც მართალი ხარ შენ ცხოვრებაში ცხვირს რომ არავის აყოფინებ. საბოლოოდ თუ ვინმე დაზარალდება შენი შეცდომებით მხოლოდ შენ იქნები, შენც ჰომ მხოლოდ ამის გეშინოდა ყოველთვის როცა რამე სიგიჟეს აკეთებდი? ჰოდა დამშვიდდი ყველაფერს მხოლოდ საკუთარ ტყავზე გამოცდი.
სამხატვრო აკადემიის ეზოში კონცერტზე გაიცნობ ბიჭს რომელიც გულსაც აგიჩქარებს, აგამჩატებს და ცხოვრების სიყვარულიც იქნება, ერთმანეთი ზუსტად ისე გეყვარებათ როგორი სიყვარულისაც არასდროს არ გჯეროდა.
გექნებათ ძალიან ბევრი სირთულე, მაგრამ ეს არაფერი, მთავარი და ერთადერთი რაც მინდა რომ შეცვალო, რაშიც მინდა რომ დამიჯერო და მომენდო არის ის, რომ როცა 2006 წელს წახვალთ ერთად ამერიკაში, არ ჩამოხვიდეთ!