მახსოვს ბავშვობაში ეს კითხვა რომ დავსვი მიპასუხეს, რომ დედიკოს მუცლიდანო და იქ როგორ მოვხვდითქო, რომ შევუბრუნე კითხვა ამას არ ელოდნენ და ექიმთან წავიდა დედიკო და მუცელში ჩაგსვესო.

მე მომატყუეს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი შვილი თუ მკითხავს ზუსტად ასეთი პასუხის გაცემა მომიწევს, მაგრამ მე არ მოვატყუებ, ეს სიმართლე იქნება.

მარტიდან აქტიურად დავიწყე ფიქრი ბავშვზე, მაგრამ როგორც ჩემმა ექიმმა მითხრა ხელოვნური განაყოფიერებითაც კი შანსები მინიმალურია. მთელი 2 თვე ვემზადები, რა აღარ დავლიე, იყო წამლები რომელთა გამოც გული მერეოდა, ან თავბრუ მეხვეოდა, ძილიანობა მქონდა, საერთო სისუსტე ისეთი რომ მუხლები მიკანკალებდა და ძლივს დავდიოდი. გავიკეთე ყველა შესაძლო გამოკვლევა და აი ამ თვეში როგორც ამბობს ჩემი ექიმი უნდა ვცადოთ ინსემინაცია.

უკვე აღარ ვეწევი და აღარ ვიღებ კოფეინს, ალკოჰოლს 6 თვეზე მეტია, რადგან ამ თვის ბოლოს უნდა მოხდეს ის რასაც სინამდვილეში დიდი ხანია ველოდები. ჩემი პირველი შვილი რომ დაბადებულიყო ახლა 2 წლის და 7 თვის იქნებოდა. ყველა ადამიანს განსხვავებულად გადააქვს ეს ძალიან რთული პროცესი შვილის დაკარგვის, საერთოდ სუსტს ვერ ვიტყოდი ჩემზე, მაგრამ დღემდე არ მაქვს გადატანილი არადა 2 წელზე მეტი გავიდა. მოკლედ ვაღიარებ რომ საშინლად გადავიტანე, ანუ საერთოდ ვერ. უკანასკნელი მშიშარა, არაფრისმაქნისი და უსუსტესი ადამიანი რომ გადაიტანდა ზუსტად ისე.

საქმე რაშია, რომ ჩემი მთავარი პრობლემა რის გამოც უშვილობის პრობლემის წინაშე დავდექი და რის გამოც გამოსავალი ხელოვნურ განაყოფიერებაში არის ფსიქოლოგიური აბსოლუტურად.

მას შემდეგ რაც დაახლოებით 2 წლის წინ, საოპერაციოდან გამომიყვანეს პალატაში, მახსოვს ერთი საზიზღარი შეგრძნება, როცა მუცელიც გაქვს და ორსულობის ყველა სიმპტომი რაც მანამდე, მაგრამ იცი რომ ორსულად აღარ ხარ, ცარიელი და გამოხრული ხარ, მართლა საზიზღარი შეგრძნებაა და იმდენად, რომ მას შემდეგ ძალიან დიდი ხანი არ მინდოდა შვილი. მეშინოდა რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა და კიდევ ბევრი მიზეზი იყო, მაგრამ ეს ყველაზე მთავარი. აი ამან გამოიწვია ის რომ მაქვს ქრონიკული ანოვულაცია და ამ თვის ბოლოს მაინც იმედი მაქვს მოხერხდება ინსემინაცია, თუ მოხერხდა იმედია დავრჩები და თუ დავრჩი იმედია გავაჩენ, მაგრამ ეს ყველაფერი თუ მოხდება მერე აუცილებლად ვეტყვი რომ მუცელში ექიმებმა ჩამისვეს და არასდროს არ მოვატყუებ.

Advertisements