საყვრელო და მოხუცო ჩემო მე, ამ წერილს გწერ იმ დროიდან, რომელიც ცუდად გახსოვს მაგრამ მუდამ გემახსოვრება. მინდა იცოდე, რომ მე შენზე მუდამ ვზრუნავ, მე მუდამ შენს გვერდით ვარ და გიფრთხილდები, მინდა გახსოვდეს, რომ მე არ ვბერდები და არც ნაოჭები მიჩნდება. ყოველ დილით როცა სარკეში ჩაიხედავ, გახსოვდეს რომ ის იტყუება, ის და მთელი სამყარო, მხოლოდ მე და შენ ვიცით რომ ჩვენ არ ვბერდებით. მინდა გახსოვდეს, რომ ჩემით უნდა იამაყო, მინდა გახსოვდეს, რომ მიყვარხარ, მინდა გახსოვდეს, რომ არაფერი ინანო თუ მისი შეცვლა შეგიძლია, სანანებელი ისიც ბევრია ამ ცხოვრებაში რასაც ვერ შეცვლი. მინდა გახსოვდეს, რომ ოპტიმისტი ხარ, მინდა იცოდე, რომ შენ რკინისგან ჩამოგასხეს, რომ შენ ვერაფერი გაგტეხს, ვერაფერი მოგდრეკს და მხოლოდ სიყვარული გაგათბობს. მინდა იცოდე, რომ შენ ხარ ძლიერი და კეთილი, მინდა გახსოვდეს, რომ დიდი გული გაქვს და შენი სიყვარული ყველას ეყოფა. მინდა იცოდე, რომ შენ გაქვს იშვიათი ბედნიერება იცხოვრო შენი დიდი სიყვარულის გვერდით, მინდა გახსოვდეს, რომ ხარ მიმტევებელი, მინდა იცოდე, რომ შეცდომას ყველა უშვებს, რაც არ უნდა გადაგხდეს ცხოვრებაში, მინდა დარჩე ადამიანად და ცხოვრების უკანასკნელ წამს მიხვდე, რომ იცხოვრე და უბრალოდ არ გარბოდი ცხოვრების გზაზე, მინდა მიხვდე რომ გააკეთე ყველაფერი რისი გაკეთებაც გინდოდა, მინდა მიხვდე რომ დაასრულე ყველა საქმე და ვალში არავისთან ხარ, მინდა იყო მშვიდი და სიყვარულით სავსე. მინდა დიდხანს იცხოვრო და ყოველ დღე წაიკითხო ეს წერილი, ისე როგორც პირველად.

ჩემო ბებრუხანა მე, ეს წერილი ჩვენი საიდუმლოა, ეს წერილი სამყაროს საოცრებაა, ეს წერილი არის ის რაზეც ყველა გამომგონებელი იოცნებებდა, ეს წერილი დროის მანქანაა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება წარსულში…

გახსოვდეს, რომ ადამიანები გზას არ ირჩევენ… ადამიანი თვითონ არის გზა…