იმდენარ არასაჩემოა სხვა რამეზე წერა ჩემი თავის გარდა რომ ახლა მივხვდი რამდენად ეგოცენტრული ბლოგი მაქვს. ის ვინც ხშირად მკითხულობს მიხვდება მაინც რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი ჩემთვის, რადგან მასზე ვწერ. ფესტივალი როგორც ფესტივალი პრინციპში. მაგრამ მე რადგან იღბლიანი ვარ და თან კარგი ინტუიცია მაქვს, წელს რამე განსაკუთრებულს უნდა ველოდეთ ალბათ, სრულიად ეგოცენტრულად ვწერ ამას.
უკვე მეოთხე წელია რაც სულ მესმის ამ ფესტივალის შესახებ და სულ ვგეგმავდი წასვლას და სულ ვერ ვახერხებდი სხვადასხვა მიზეზით მასზე მოხვედრას. არადა ყველაფერი სურვილზეა დამოკიდებული. არსებობს არაერთი მიზეზი, რატომაც უნდა წახვიდე ფესტივალის დროს ბათუმში.
1. ზღვა ყველაზე უშნო ზაფხულშია
2. ბათუმი ყველაზე ლამაზი სექტემბერშია
3. არც ისე ბევრი კინოფესტივალია საქართველოში
ამას კიდევ თუ დაემატება პირადი სუბიექტური უწიპუწები, საბოლოოდ ხელში შეგვრჩება ერთი დიდი სიზარმაცე და მომავალი წლისთვის გადადებული გეგმები. მაგრამ წელს ყველაფერი იდეალურადაა ჩემს ცხოვრებაში. მე როგორც არშემდგარი პერფექციონისტი ვწერ ამას. ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. ფესტივალი 15 სექტემბერს იხსნება, თუმცა მე ჩემს ბარგს 20 სექტემბერს ჩავალაგებ და ალბათ ღამის მატარებელს გავყვები, ისევ უცხო ადამიანებთან ერთად ვიმგზავრებ და მერე ბევრს გეწუწუნებით ამაზე. 21 სექტემბერს დილით უნდა ვიყო ბათუმში. სანამ ყველა გაიღვიძებს წავალ პლაჟზე და ვუყურებ ზღვას. მერე დავლევ ბათუმურ ყავას, ყველაზე გემრიელ ყავას დედამიწაზე. ის ისეთივე იდეალურია როგორც ინგლისური ზღაპრებია ყველაზე ზღაპრული სამყაროში. დავესწრები 22 სექტემბერს ფესტივალის დახურვას და გამოვყვები ისევ ღამის მატარებელს უკან. შუალედში რა მოხდება არ ვგეგმავ, არ მინდა დაგეგმვით გავაფუჭო ყველაფერი. სწორედ ამიტომ ვარ არშემდგარი პერფექციონისტი. ყველაფერი მინდა იყოს იდეალურად და ამავე დროს ექსპრომტად.
არ მგონია ჩემს მკითხველებს ფესტივალის შესახებ მშრალი ინფორმაციის კითხვა მოგინდეთ, მე კიდევ საკმარისად პატივს გცემთ რომ ის არ შემოგაჩეჩოთ რასაც არ ელით ჩემგან. ინფორმაციის ნახვა ფესტივალის ფეისბუქის გვერდზეც შეგიძლიათ ან კიდევ ვებზე ანდა ბლოგზე და ტვიტერზე. ჩემგან მხოლოდ ემოციებს, თავგადასავლებს და იმ შთაბეჭდილებებს მიიღებთ რაც ინფორმაციულ ჩარჩოში ვერანაირად ჩაეტევა და რის არა მხოლოდ ნახვას, განცდასაც კი ვერ შეძლებთ ვერასდროს, იმიტომ რომ ეს შეგრძნებები მხოლოდ ჩემი საკუთრება იქნება, მე მათ მხოლოდ გაგიზიარებთ. განცდით, ჩაალაგეთ ბარგი და თავად განიცადეთ. შევხვდებით ბიაფზე.
სექ 27, 2013 @ 00:07:20
ოქტ 03, 2013 @ 02:12:28