როგორ მოვხვდი ბიაფზე მთელი კვირით. შვებულების გატარებას თურქეთში ვაპირებდით. გეგმის მიხედვით 18 სექტემბერს დავბრუნდებოდი და ფესტივალის დახურვას მივუსწრებდი. საბოლოოდ ფესტივალის დახურვაზე ვერ დავრჩი. რა მოხდა ფესტივალის დახურვამდე ერთი კვირით ადრე.

12 სექტემბერს თურქეთში წასვლა გადავიფიქრე, ბილეთები დავიბრუნე, ჯავშანი მოვხსენი და წავედი ბათუმში. პირველი რაც ჯერ კიდევ ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში მოხდა დიტოს დარჩენა იყო, რომლის ცხვირწინაც მატარებლის კარი დაიხურა. მერე იყო გრძელი და მტანჯველი 5 საათიანი მგაზვრობა. რბილ და კომფორტულ მატარებელში, სადაც კონდიცირება,  WiFi და ყავის აპარატია, მაგრამ არ არის მოსაწვი ადგილი. ბათუმში იმდენად კარგი ამინდი იყო, რომ გავიხადე და პლაჟზე გავედი. ზღვაში არ ჩავსულვარ, მაგრამ დიდხანს ვუყურე. მერე იყო ჩემი პირველი ჰალუცინაცია ბათუმში. პლაჟზე ვიწექი. თვალი რომ გავახილე ცაზე იყო ნახატი მზე, რომლიდანაც აბსოლუტურად არანახატი ლავა ჩადიოდა ზღვაში. ასეთ დროს განსაკუთრებულად მინდება ლუდი, იმიტომ რომ ჰალუცინაცია + ლუდი ყოველთვის უდრის დროის შენელებას. დიახ, ზუსტად ისე როგორც ფილმებშია. მერე გავიცანი დათო, მისი ველოსიპედის ბორბლებში კალეიდოსკოპის გამოსახულებები იყო. ოღონდ მხოლოდ ჩემთვის. ეს იყო მეორე ჰალუცინაცია ბათუმში.  მერე უკვე წვიმდა და ზღვისკენ აღარც გამიხედავს, ჩემი ძირითადი მარშრუტი შემოიფარგლებოდა სახლი, კინოთეატრი, პრესკაფე.  ასე აღმოვჩნდი ფესტივალის გახსნაზე.

1375139_10151627646800754_698836599_n

ბიაფმა შეძლო რომ ახალი ასოციაცია მაქვს ბათუმზე – კინოთეატრის დარბაზში მჯდომი საკუთარი თავი დიდი ეკრანის წინ, ფილმის დაწყების მოლოდინში. ფილმები ბევრი იყო, მაგრამ მათგან მხოლოდ სამს გამოვყოფ, პირველს ძალიან ვგულშემატკივრობდი და გამიხარდა რომ ჟიურის სპეციალური პრიზი აიღო –  Fill the Void, ასევე Lifelong და ფარაჯანოვი. კიდევ იყო ერთი, მეხუთე სეზონი, რომელმაც აიღო პრიზი საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის და  რომელიც ნახევრად არ მახსოვს, იმიტომ რომ ნახევარი ფილმი ჰალუცინაციები მქონდა და ალბათ ასიათასჯერ მაინც ვიფიქრე დარბაზიდან გასვლაზე.  ფესტივალის განმავლობაში ვცდილობდი იმ ფილმებზე დამეწერა რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს, მაგრამ კიდევ არის ერთი.

ყველაფერი იყო ისე როგორც ფილმებში. სიუჟეტი ვითარდებოდა ერთი ადამიანის ირგვლივ, რომელიც ყოველ დღე ერთსა და იმავე გზას გადის და ერთსა და იმავე ადამიანებს ხვდება, მაგრამ ამ ადამიანის რეალობა განსხვავდება სხვებისგან.  მისი დილა უარეს შემთხვევაში იწყება ღამით გამოყოლილი კოშმარებით და ძილის ძლიერი მოთხოვნილებით, რომელიც წინა ღამით დალეული ძილის წამლის გამო აქვს. უკეთეს შემთხვევაში ის თვალის გახელისას ხედავს ატომებს, რომლებიც მის ირგვლივ არსებულ ჰაერს შეადგენს. ჩვეულებრივ დღე გადის რეალობისა და ჰალუცინაციების მონაცვლეობაში, რომელსაც უკვე შეეჩვია. ეს არ არის დანებება, ეს საკუთარი პიროვნების მიღებაა. ის არ არის გამარჯვებული, იმიტომ რომ ომი არც ყოფილა. დღის ამოგლეჯილი ეპიზოდები მეხსიერების რამდენიმე წამიანი ჩავარდნების გამო, დროის და სივრცის აღრევა, ილუზია, აბსურდი და მშვიდი მთავარი გმირი. ფილმს ერქვა “Somewhere over the rainbow”, ერთხელ სახლიდან კინოთეატრამდე გრძელ ქუჩაზე ასფალტი გახდა ცისარტყელა. ის არ ფიქრობდა იმაზე რომ ჰალუცინირებდა, არც იმაზე რომ ეს ცისარტყელა სულაც არ იყო ცისარტყელა სინამდვილეში, არც ის უნდოდა რომ ეს შეწყვეტილიყო და არც ის რომ გაგრძელებულიყო, მას გაახსენდა ბავშვობა, როცა ქუჩაში სეირნობისას მხოლოდ ერთის გამოტოვებით უნდა დაედგა ფილაზე ფეხი და კინოთეატრამდე ასე ცისარტყელის მხოლოდ ყვითელ ფერზე იარა. ეს არის ფილმი იძულებით მარტოსულ ადამიანზე, რომელსაც სულაც არ უნდა მარტო გრძნობდეს თავს, მაგრამ არჩევანიც არ აქვს, რადგან ამის გაზიარება სიტყვებით შეუძლებელია. მას კი არ შეუძლია ხატოს ისე როგორც ამას აკეთებს ზურიუსი.

1185399_640675692644142_1814944393_n (1)

კიდევ იყო რობი, გლინტვეინი და კონიაკიანი ჩაი, იყო ბევრი ეპიზოდი, ნაწილობრივ ბუნდოვანი. ზუსტად მახსოვს რომ დახურვაზე მაინც ვერ დავრჩი. ერთი დიდი გამოუძინებელი დღე იყო 22 სექტემბერი. ყველაფერი ისე იყო როგორც ბათუმში ყოფნის ბოლო დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო. დილა დავიწყე უსიგარეტოდ, უხასიათოდ. მადლობა ნათიას, რომლის დახმარებითაც ის დღე შედგა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ ამას ხვდება. არსებობენ ნეგატიური, პოზიტიური, ინდეფერენტული და სუპერ ადამიანები. ნათია აქედან ბოლოა. უბრალოდ როცა შენი დღეები არასრულია, ისინი ეპიზოდებად გახსოვს და აქედან კიდევ უმეტესობა საერთოდ არარეალურია, აფასებ ადამიანებს რომლებიც ქმნიან შენს მეხსიერებაში დარჩენილ ყოველდღიურობებს, თუმცა წარმოდგენაც არ აქვთ ამის შესახებ.

1271042_639625122724202_193538622_o