მთავარი

ფიქრის ჯუჯა

დატოვე კომენტარი

bonsai2

ფიქრის ჯუჯები მაშინ გაჩნდნენ როცა ადამიანებმა სამყაროსთან მუსიკის ენაზე საუბარი შეწყვიტეს და ფიქრი დაიწყეს. ყველაფერი კი ერთ წვიმიან ღამეს მოხდა. ძველად სანამ დედამიწა ჯერ კიდევ ზრუნავდა ადამიანებზე და წელიწადის დროებიც არ არსებობდა, ხშირად წვიმდა, მაგრამ ისე თბილოდა რომ ადამიანებს მხოლოდ უხაროდათ მისი მოსვლა. ერთ ასეთ წვიმიან ღამეს, პატარა გოგონა ვერაფრით ახერხებდა დაძინებას. მისი ოჯახი ბონსაის ტყეში ცხოვრობდა. იმ დროში, როდესაც ადამიანებს ბოლომდე არ ჰქონდათ დაკარგული კავშირი ბუნებასთან, ყველა ოჯახს თავისი მეგობარი ხეები და ცხოველები ჰყავდა. გოგონას ოჯახის მეგობრები კი ბონსაის ხეები იყვნენ. მაშინ დროც სხვაგვარად გადიოდა, საათები და წლები არ არსებობდა, ტრადიციები და დღესასწაულებიც სხვა იყო. იმ დღისით ცეკვების დღესასწაული გაემართათ. მართალია ყველა ადამიანს აღარ ჰქონდა მუსიკალური ნიჭი, მაგრამ ჩიტების ჭიკჭიკი, ცხოველების ხმაური და ხეების ფოთლების შრიალი ისეთ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან, რომ ნამდვილ სიმფონიას ქმნიდა, ამიტომაც ბონსაის ტყეში მცხოვრებ, ცეკვისგან დაღლილ ოჯახს ტკბილად ეძინა.

გოგონა თვალებს მაგრად ხუჭდა, თითქოს ეს დაძინებაში დაეხმარებოდა. ვერაფრით ხვდებოდა რატომ ვერ იძინებდა, ბოლოს დაღლილობისგან ძალა გამოეცალა და უძილობას დანებდა. თავში გამოგონილი ამბავი უტრიალებდა. როგორც იცით, იმ დროს ადამიანებს სასაუბრო ენა ახალი შექმნილი ქონდათ და ჯერ არ იცოდნენ რა არის ლექსი, მოთხრობა ან ზღაპარი. ბევრი მათგანი საჭირო სიტყვებსაც გაჭირვებით პოულობდა მეორესთვის აზრის გასაზიარებლად. გოგონას თავში კი არარსებული სიუჟეტი დაიბადა, პირველი ზღაპარი. ამ ფაქტმა პატარა მეზღაპრე იმდენად აღაფრთოვანა, რომ სიხარულისგან ფეხზე წამოაგდო. გოგონა სულ 6 წლის იყო, მის წინ კი მისივე სიმაღლის ზრდასრული მამაკაცი იდგა ბავშვური სახით, მაგრამ მოხუცის გამომეტყველებით, თვალები ისეთი სევდიანი ჰქონდა, თითქოს სამყაროს მომავლის სევდას იტევდა, ტუჩები კი ისე უცინოდა, თითქოს წარსული დროის სილაღის ანაბეჭდი ყოფილიყო. ის პირველი ფიქრის ჯუჯა გახლდათ, გოგონას ახლადჩასახული წარმოსახვის ვიზუალური პროექცია. იმ ღამის სანახაობით გოგონას მეგობარი ბონსაის ხეებიც კი განიმსჭვალნენ და პატარა ჯუჯა ხეებად იქცნენ. ასე შეერქვა გოგონას ოჯახს, ბონსაის ხეების ველზე მცხოვრები ოჯახის სახელი.

გამოხდა ხანი, საუკუნეების მანძილზე მრავალი პოეტი, მუსიკოსი თუ მხატვარი არქმევდა სახელებს ფიქრის ჯუჯებს, ძირითადად მათ ლამაზ ქალებად გამოსახავდნენ და მუზებს უწოდებდნენ. ეს იმიტომ რომ ადამიანების გონება პირვანდელივით გულწრფელი არ არის, ისინი ყველაზე ხშირად საკუთარ თავს იტყუებენ. არავის უნდა თვალი გაუსწოროს პატარა, მსუქან ფიქრის ჯუჯას და აღიაროს, რომ სწორედ ისაა მისი წარმოსახვის ვიზუალური განსახიერება. არადა რაც უფრო მსუქანია ფიქრის ჯუჯა, მით უფრო დიდია ადამიანის წარმოსახვა, ფიქრის ჯუჯები ჰომ ადამიანების ფიქრებით იკვებებიან.

ზამთრის ზღაპარი

2 Comments

უძველეს დროში, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო წელიწადის დროები არ არსებობდა. მხოლოდ დღე და ღამე ენაცვლებოდა ერთმანეთს, რომ ადამიანებს ღამით ტკბილად ეძინათ და დღისით ბედნიერად ეცხოვრათ. ადამიანების სიკეთე დედამიწას ტრიალში ეხმარებოდა, ის კი თავის მხრივ მათ სითბოთი და მზის სხივებით ანებივრებდა. იმ დროს ყველა ადამიანი გამორჩეული მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. მათ მცენარეების, ცხოველების, ფრინველების, მწერების და დედამიწისაც კი ესმოდათ. ისინი ჩვენთვის გასაგებ არცერთ ენაზე არ საუბრობდნენ, რადგან უნივერსალურ  – მუსიკის ენას ფლობდნენ და ჰანგებით ურთიერთობდნენ სამყაროსთან და ერთმანეთთან.

გამოხდა ხანი, დედამიწისგან განებივრებული ადამიანები უფრო და უფრო იშვიათად მღეროდნენ. კიდევ ბევრი საუკუნე გავიდა სანამ ერთხელაც არ დაიბადა ბავშვი, რომელსაც მუსიკალური ნიჭი არ ქონდა, ასეთი ბავშვები სულ უფრო ხშირად იბადებოდნენ და ადამიანებს სხვა, მათთვის გასაგები არამუსიკალური ენის გამოგონება მოუწიათ. დრო გადიოდა და ადამიანები სამყაროსთან კავშირს წყვეტდნენ, ერთ დღეს კი ისიც დაივიწყეს, რომ დედამიწას მათი სიკეთე ატრიალებდა. სწორედ მაშინ მოვიდა პირველი თოვლი.

დედამიწა არ ნებდებოდა და იმედს იტოვებდა, რომ თოვლის მოსვლით ადამიანებს მისი მზრუნველობა გაახსენდებოდათ. დრო გადიოდა, ადამიანები  თბილ სახლებს იშენებდნენ და ცხოველებს კლავდნენ ქურქებისთვის. ერთხელაც დედამიწა ისე გაბრაზდა ადამიანებზე, რომ რამდენიმე წელი არ გაზაფხულდა. ყველაფერი ყინულმა დაფარა, ადამიანებისთვის თბილი ქურქი და თავშესაფარი არ აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ მაშინაც ვერ გაიხსენეს რატომ ბრუნავდა დედამიწა. სწორედ მაშინ მოჭრეს პირველი ხე და დაანთეს ცეცხლი. დედამიწას სულ აუცრუვდა გული ადამიანების სიკეთეზე, მაგრამ ბოლომდე არ გაწირა ისინი და გაზაფხულიც დადგა. ასე შეიქმნა წელიწადის დროები.

მას შემდეგ დედამიწა ანებივრებს ზაფხულით ადამიანებს, რომ თავისი მზრუნველობა შეახსენოს, ამარაგებს შემოდგომით რომ ბოლომდე არ გაწიროს, აშინებს ზამთრით რომ წყენა გამოხატოს და მოყავს გაზაფხული რომ გადაარჩინოს ისინი. ადამიანები კი ყოველ წელს უფრო მეტ ხეს ჩეხენ, უფრო მეტ მდელოს აუდაბნოებენ, უფრო მეტად აბინძურებენ ჰაერს და აავადებენ დედამიწას. ისინი იგონებენ რთულ მოწყობილობებს, რომ გაიგონ როგორ ბრუნავს დედამიწა. შეიძლება გიკვირს კიდეც მკითხველო დარდმა და ავადმყოფობამ აქამდე როგორ არ მოუღო ბოლო მოხუც დედამიწას, მაგრამ სანამ ერთი კეთილი ადამიანი მაინცაა დარჩენილი, რომელსაც ის გულწრფელად უყვარს, დედამიწა არ გაჩერდება.

planet-earth-from-space

ჩემი განწყობის არქიტექტურა

2 Comments

triptych-1996

საერთოდ ნგრევა ცუდია, მაგრამ ასოციაციები წყვეტს ყველაფერს სინამდვილეში. ხანდახან რთულია აღიარო რომ ის რაც ზოგადად ნეგატიურად აღქმადია, შენთვის პირიქითაა. მე ჩემი განწყობის არქიტექტურა მაქვს. ყოველდღიურად მესმის ურთიერთობის აწყობა, გამყარება, აშენება და მიკვირს როგორც შეიძლება რამე ააშენო როცა ვინმეს უახლოვდები. მე პირიქით ვარ, ვაშენებ როცა ვმარტოვდები და ვანგრევ როცა ვურთიერთობ. არშემდგარი აუტისტი ვარ.

ჩემი არქიტექტურა მრავალფეროვანია, მის ვიზუალიზაციასაც კი ვახდენს უკანასკნელ დეტალამდე და ჩემს პირად სამყაროში გადავდივარ, სხვა განზომილებაში, სადაც ჩემი ციხე-სიმაგრე მიცავს. მაგალითად როცა უბრალოდ გულნატკენი ვარ ჩემი სასახლე ოკეანეში მდგარ შუქურას გავს. არც გალავანი აქვს გარშემო, არც სარკმელი ან კარი, მარტო მორკალული კიბე შიგნიდან და რაც უფრო მეტად ვიხვევ გულში წყენას, მით უფრო მაღლა ავდივარ მორკალული კიბით. ბოლოს შუქურას მწვერვალზე ვექცევი. ეს არის ჩიხი, როცა კოშკის წვერზე ხარ მოქცეული უკუნ სიბნელეში, საიდანაც გასასვლელი კი არა, გასახედიც არ არსებობს. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ გარშემო ბევრი კილომეტრი რადიუსით ოკეანეა. ამ მდგომარეობიდან მე გამოსვლასაც არ ვცდილობ. ამ მდგომარეობაში კომფორტულადაც კი ვარ. დანგრევა უფრო ადვილია როცა ბოლომდე არ ვარ ასული. როცა ჰორიზონტზე გამოჩნდება ნავში მჯდომი ჩემი წყენის ობიექტი. დანანების გარეშე ვიწყენ აგურ-აგურ შუქურის დაშლას.

გაბრაზებული სულ სხვანაირ ციხესიმაგრეს ვიშენებ გარშემო. მას გალავანი აუცილებლად აქვს. საცალფეხო ხიდიც კი რომელიც უფსკრულზეა გადებული და სასახლეს გარესამყაროსთან აკავშირებს. სასახლე მთლიანად შავია, ობსიდიანისგანაა ნაშენები. სასახლე თაღის ფორმის ფეხებზე დგას რომელიც ეზოს ქვაფენილს დრაკონის ფეხის ფორმის საყრდენებით ადგას. მთლიანობაში გოთიკურია, წვეტიანი წაგრძელებული გუმბათებით. თითოეული სარკმელი ფილიგრანული ვიტრაჟით შესრულებული ხელოვნების ნიმუშია. ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მეტი სარკმელი აქვს ამ სასახლეს და ყოველ სარკმელში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სიბრაზის სცენებია გამოსახული. სასახლესა და გალავნს შორის ეზო ლაბირინთია. ამ სასახლეში შემოსვლა რთულია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი სიბრაზის ობიექტს, შესაბამისად უკვე მსხვერპლს შეუძლია. ის მარტო გადმოდის უფსკრულზე გადებულ მორკალულ ხიდზე და ლაბირინთში ხვდება. უფსკრული კი ნელ-ნელა ვიწროვდება სასახლის გარშემო და კუნძული რომელზეც სასახლე დგას კონტინენტს ერწყმის. ახლა უკვე ერთადერთი გზა აქედან გასასვლელად სასახლის დანგრევაა, რომელიც მეც დამაზიანებს და ჩემს მსხვერპლსაც. ეს სასახლე ყველაზე იშვიათად შენდება ჩემს წარმოსახვაში და ყველაზე დიდი სიამოვნებით მას ვანგრევ, მაგრამ ამისთვის სიბრაზემ უნდა გადამიაროს, რადგან რაც უფრო მეტად ვბრაზდები მით უფრო მყარი ხდება ჩემი სიბრაზის შავი სასახლე.

კიდევ მონატრების ციხე-სიმაგრე მაქვს. როცა ვინმე მენატრება ჩემი ციხე-სიმაგრეც იწყებს შენებას. ეს ციხე-სიმაგრე ყველაზე ნელა და გულდასმით შენდება, აგურ-აგურ. ის წითელი აგურის მრგვალი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც კიბე გარშემო აქვს. შიგნით კი სხვადასხვა ნივთებით სავსე განსხვავებული ოთახები, ქუჩები და ქალაქებია, განსხვავებული დროიდან და ყველა მათგანი იმ ადამიანს უკავშირდება ვინც მენატრება. ყოველი ახალი საფეხურის მიმატებით ციხე-სიმაგრე გარშემოწერილობაც მატულობს რადგან მოგონებები აღარ ეტევა და ამავე დროს ერთი საფეხურით იძირება. სასახლე ოკეანეში დგას, პირდაპირ წყალზე ტივტივებს, როცა უკვე მოგონებები აღარ მრჩება, ციხე-სიმაგრე დასრულებულია და მე მის მწვერვალზე შემომდგარი იმ ბოლო და ერთადერთ საფეხურზე ვდგავარ, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩაძირულა. მაგრამ საბოლოოდ ჩაიძირება და მე მონატრებისგან ვეღარ ვისუნთქებ.

ყველაზე ძველი კოშკი უსახური და ნაცრისფერია, არცერთი სარკმელი და კარიც არ აქვს. ის არც არქიტექტურით გამოორჩევა და არც სილამაზით. ეს კოშკი ერთადერთია რომელიც არც უფსკრულის პირას დგას და არც ოკეანის შუაგულში. ის მთის წვერზეა, ღრუბლებს ზემოთ და სწორედ ამიტომ არ ჩანს ბარიდან. მთის ძირში მდგარმა შეიძლება იფიქრო რომ მე ტყეში მცხოვრები ლაღი ადამიანი ვარ. ქვემოთ ნისლია და მხედველობა ცუდი. ჩემს კოშკამდე მხოლოდ ალპინისტი თუ მოაღწევს, იმიტომ რომ ალპინისტები ყველაზე გულწრფელი და თავდადებული ადამიანები არიან, რადგან თვალთმაქცი ვერ მოატყუებს მთას და ვერ დაიპყრობს მის მწვერვალს. ამ კოშკის კედელს მხოლოდ დროებით ვანგრევ ხოლმე ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ მამაცი მთასვლელებისთვის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩემ კოშკამდე მოაღწევს შიგნით შემოხედვასაც იმსახურებს. ახალი ქვები რომლითაც ამონგრეულ ნაპრალებს ვავსებ ნაიარევად ეტყობა მის კედლებს. ბოლომდე ეს კოშკი ჯერ არასდროს დამინგრევია, იმიტომ რომ ის ჩემი სახლია, იმიტომ რომ ის არ არის ჩვეულებრივი კოშკი ერთჯერადი გამოყენებისთვის, რომელსაც ყოველ ჯერზე თავიდან ააშენებ და ბოლომდე დაანგრევ, იმიტომ რომ მას მთელი ცხოვრება ვაშენებ და ის თავად მე ვარ, ჩემი კანია, რომელშიც ვცხოვრობ.

tumblr_mnzqclaJCk1qhttpto7_1280

%d bloggers like this: