უძველეს დროში, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო წელიწადის დროები არ არსებობდა. მხოლოდ დღე და ღამე ენაცვლებოდა ერთმანეთს, რომ ადამიანებს ღამით ტკბილად ეძინათ და დღისით ბედნიერად ეცხოვრათ. ადამიანების სიკეთე დედამიწას ტრიალში ეხმარებოდა, ის კი თავის მხრივ მათ სითბოთი და მზის სხივებით ანებივრებდა. იმ დროს ყველა ადამიანი გამორჩეული მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. მათ მცენარეების, ცხოველების, ფრინველების, მწერების და დედამიწისაც კი ესმოდათ. ისინი ჩვენთვის გასაგებ არცერთ ენაზე არ საუბრობდნენ, რადგან უნივერსალურ  – მუსიკის ენას ფლობდნენ და ჰანგებით ურთიერთობდნენ სამყაროსთან და ერთმანეთთან.

გამოხდა ხანი, დედამიწისგან განებივრებული ადამიანები უფრო და უფრო იშვიათად მღეროდნენ. კიდევ ბევრი საუკუნე გავიდა სანამ ერთხელაც არ დაიბადა ბავშვი, რომელსაც მუსიკალური ნიჭი არ ქონდა, ასეთი ბავშვები სულ უფრო ხშირად იბადებოდნენ და ადამიანებს სხვა, მათთვის გასაგები არამუსიკალური ენის გამოგონება მოუწიათ. დრო გადიოდა და ადამიანები სამყაროსთან კავშირს წყვეტდნენ, ერთ დღეს კი ისიც დაივიწყეს, რომ დედამიწას მათი სიკეთე ატრიალებდა. სწორედ მაშინ მოვიდა პირველი თოვლი.

დედამიწა არ ნებდებოდა და იმედს იტოვებდა, რომ თოვლის მოსვლით ადამიანებს მისი მზრუნველობა გაახსენდებოდათ. დრო გადიოდა, ადამიანები  თბილ სახლებს იშენებდნენ და ცხოველებს კლავდნენ ქურქებისთვის. ერთხელაც დედამიწა ისე გაბრაზდა ადამიანებზე, რომ რამდენიმე წელი არ გაზაფხულდა. ყველაფერი ყინულმა დაფარა, ადამიანებისთვის თბილი ქურქი და თავშესაფარი არ აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ მაშინაც ვერ გაიხსენეს რატომ ბრუნავდა დედამიწა. სწორედ მაშინ მოჭრეს პირველი ხე და დაანთეს ცეცხლი. დედამიწას სულ აუცრუვდა გული ადამიანების სიკეთეზე, მაგრამ ბოლომდე არ გაწირა ისინი და გაზაფხულიც დადგა. ასე შეიქმნა წელიწადის დროები.

მას შემდეგ დედამიწა ანებივრებს ზაფხულით ადამიანებს, რომ თავისი მზრუნველობა შეახსენოს, ამარაგებს შემოდგომით რომ ბოლომდე არ გაწიროს, აშინებს ზამთრით რომ წყენა გამოხატოს და მოყავს გაზაფხული რომ გადაარჩინოს ისინი. ადამიანები კი ყოველ წელს უფრო მეტ ხეს ჩეხენ, უფრო მეტ მდელოს აუდაბნოებენ, უფრო მეტად აბინძურებენ ჰაერს და აავადებენ დედამიწას. ისინი იგონებენ რთულ მოწყობილობებს, რომ გაიგონ როგორ ბრუნავს დედამიწა. შეიძლება გიკვირს კიდეც მკითხველო დარდმა და ავადმყოფობამ აქამდე როგორ არ მოუღო ბოლო მოხუც დედამიწას, მაგრამ სანამ ერთი კეთილი ადამიანი მაინცაა დარჩენილი, რომელსაც ის გულწრფელად უყვარს, დედამიწა არ გაჩერდება.

planet-earth-from-space

Advertisements