ბაბუშკა ანა ერთი უხასიათო და ცივი ქალი იყო, როცა ეხვეოდი ხელსაც არ წევდა მაღლა და ოდნავადაც არ ირხეოდა, წელში გამართული იდგა თავაწეული, თითქმის არ იღიმოდა და სიტყვასაც ძლივს ამოგლეჯდი მოსაკითხად. მე ბავშვობიდან არ მიყვარდა რომ მეხებოდნენ და კარგი მსმენელი ვიყავი. მას არ შეეძლო მოფერება და სიტყვასაც პირს მაშინ უხსნიდა, როცა შემაწუხებელი სიჩუმე იყო გარშემო. საუცხოო დიასახლისი და საოცარი კულინარი იყო, მე სულ კუდში დავსდევდი, უჩუმრად, ხან რაში ვეხმარებოდი ხან რაში. სრული იდილია გვქონდა. საქმეში რომ გავერთობოდით თავის ბავშვობაზე მიყვებოდა, მერე ჩერდებოდა და ფრინველების ხმების მოსმენას იწყებდა. ბაბუშკასგან ვისწავლე მცენარეების და სოკოების გარჩევა, ქარგვა, ქსოვა და ყველაზე გემრიელი საჭმელის კეთება დედამიწის ზურგზე. განსაკუთრებით არყის გამოხდის პროცესი მომწონდა, თითო ჭიქა თბილ არაყს დავლევდით და მერე შეიძლება გაეღიმა კიდეც.
ხელის მტევანზე მუდამ ლეიკოპლასტირი ქონდა დაკრული, სულ ერთსა და იმავე ადგილას, რომ გულაგში გაკეთებული ტატუ დაეფარა ნომრით და ინიციალებით. ანა ერომენკა 11 წლის იყო როცა გვიან ღამით მასთან სახლში მივიდნენ, დედა ლოგინიდან რამდენიმე კვირა ვეღარ დგებოდა, მეორე ოთახიდან მამამისის და სხვა კაცების კამათის ხმა ესმოდა. მერე ოთახიდან გაიყვანეს. სახლს ცეცხლი რომ მოუკიდეს მამამისს გული გაუსკდა და მის თვალწინ მოკვდა, იმიტომ რომ დედა ლოგინიდან ვერ ააყენეს და სახლთან ერთად დაიწვა. 1932 წელს ანა გადაასახლეს უკრაინიდან ციმბირში, ხელზე გაუკეთეს ტატუ ინიციალებით და ნომრით და დაუწესეს იძულებითი სამუშაო ჭაბურღილში.
არც ოჯახის შექმნამ და 5 შვილის გაჩენამ, 8 შვილიშვილმა, შვილთაშვილებმა, 2 შვილის და ქმრის სიკვდილმა, მშობლების ადრე დაკარგვამ და ციმბირში გატარებულმა ათეულმა წლებმა, არაფერმა არ გატეხა და ვერ გაათბო ჩემი ბაბუშკა. არავის ახსოვს მისგან თბილი სიტყვა ან მოფერება. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ასეთი, ყველაზე განსხვავებული, მაგრამ მაინც მისი კუდი ვიყავი. მასთან ურთიერთობით ჩემი კომფორტის ზონა არასდროს დარღვეულა, ორივეს ჩვენი პირადი სივრცე გვქონდა, რომელსაც არ ვეხებოდით. ახლა ხშირად ვფიქრობ რატომ უკვირდა ასე ყველას მისი ხასიათის, მე არ მიკვირდა, იმიტომ რომ ვიცოდი რატომ იყო ასეთი, მთელი მისი ისტორია ვიცოდი, ყველა დეტალით, ციმბირამდე, ციმბირში და ციმბირის შემდეგაც. შეიძლება დანარჩენებს არ უყვებოდა, იმიტომ რომ დანარჩენები მისი კომფორტის ზონას არღვევდნენ.
ტანით და აღნაგობით ვგავარ, ჩემი სიმაღლის იყო, ლურჯი ფერის თვალები ქონდა, ისეთი როგორიც ჯერ არავისზე მინახავს და გრძელი წითური თმა. ყოველ დილით ვიღვიძებდი რომ მეყურებინა როგორ ივარცხნიდა და იწნიდა თავის გარშემო. ცრუმორწმუნე იყო, დედამისის შემორჩენილი მოგონებების ნაგლეჯებისგან აწყობილი ამბები ახსოვდა ჩიტებზე რომლებიც ყველა ადამიანს თავისი ყავს. ჩემი ჩიტი ყვავი იყო. მეუბნებოდა რომ დიდხანს ვიცოცხლებდი, ადამიანებს ადვილად ამოვიცნობდი, კარგი მსმენელი ვიქნებოდი და სიკვდილს ყოველთვის ვიგრძნობდი სუნით. მისი ჩიტი გუგული იყო, მომავლის მაცნე. სულ მიმეორებდა წელს და თვეს და რიცხვს როცა უნდა მომკვდარიყო, გუგულმა მითხრაო, მე სულ ვპასუხობდი რომ ამ დღეს აუცილებლად გამოვუცხობდი თავის საყვარელ ნამცხვარს და მივუტანდი იმის ნიშნად რომ იმ დღეს არ მოკვდებოდა. ჩემს ამ სიტყვებზე ყოველთვის ეღიმებოდა.
არასდროს არ მაცილებდა. იმ დღესაც წამოვედით მე და დედაჩემი. გაჩერებაზე ველოდებოდით ტრანსპორტს, როცა დედაჩემმა გზაზე მომავალი შენიშნა, ძალიან სუსტად იყო უკვე და სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. რომ მივუახლოვდი გულში მაგრად ჩამიკრა და ცხოვრებაში პირველად იტირა ცრემლებით, მითხრა რომ მე ვიყავი ერთადერთი ვისგანაც ყოველთვის გრძნობდა სითბოს, სიყვარულს და მხარდაჭერას, რომ უსიტყვოდ მესმოდა მისი და ამას ყოველთვის აფასებდა, კიდევ მითხრა რომ სულ რომ დანგრეულიყო დედამიწა ადამიანების რწმენა და მათში კარგის დანახვა გადამარჩენდა, რომელმაც ჩემი გულიც გაალღვოო და მადლობა გადამიხადა ამისთვის, მითხრა რომ ძალიან ვუყვარდი, სიტყვა ჩამომართვა რომ მასსავით რკინის ვიქნებოდი რთულ დროს და მთხოვა რომ არასდროს დამვიწყებოდა ჩემი ბაბუშკა, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი. გაჩერებაზე რომ დავბრუნდი დედაჩემი გაოგნებისგან რამდენიმე წუთი ხმას ვერ იღებდა, როგორ მოხდა რომ გამოგაცილა და ჩაგეხუტაო. არასდროს არავისთვის მითქვამს ამ დრომდე რა მითხრა მაშინ ბაბუშკამ, იმიტომ რომ არავინ ვინც მას იცნობს არ დაიჯერებდა.
უკვე 80 წელს გადაცილებული იყო და მის სახეზე მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ნაოჭს თუ შეამჩნევდით, თმაშიც ერთი ორი ღერი ჭაღარა ქონდა შეპარული, ფერმკრთალი და გამხდარი ქალი იყო, სიბერემაც ვერ მოხარა წელში და რთულმა ცხოვრებამაც ვერ დაატყო ასაკი. იმ დღეს გუგულმა რომ უთხრა და მე რომ ნამცხვარი უნდა გამომეცხო, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ბაბუშკა ძილში მოკვდა, უბრალოდ აღარ გაეღვიძა, იმ დღიდან ჩემი ჩიტი ყვავია.