ვიღაცისთვის უფრო ესთეტური და მისაღები შეიძლება იყოს გამოთქმა, რომ იძერწები ცხოვრების მანძილზე, უფრო ზედაპირულებმა და პრაგმატულებმა შეიძლება გითხრან, რომ გამოცდილებით იცვლებიან, ოპტიმისტებს სჯერათ რომ ადამიანები უკეთესები არიან ვიდრე სინამდვილეში, პესიმისტებისთვის ყველა ერთნაირია. მე ასე ვიტყოდი, ჩვენ ყველა სილიკონის ბურთები ვართ რომლებიც რიკოშეტს იძლევიან შეხებისას და დაუყოვნებლივ იცვლიან მიმართულებას. რაც უფრო შთამბეჭდავია ადამიანი, იმდენად გვქმნიან ისეთებად როგორებიც ვართ დღეს, ეს ჩვენი შეხების წერტილებია.
სულაც არ არის გასაკვირი, რომ კითხვა 3 წლის ასაკში ვისწავლე, თანაც ორ ენაზე. დედაჩემი პროფესიით ბიბლიოთეკარია, ბავშვობაში ბიბლიოთეკაში ყოველი მეორე დღის დიდ ნაწილს ვატარებდი. ბიბლიოთეკა ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია ზღაპრული ლაბირინთივით, სადაც სრული წესრიგია. ბავშვობაში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ რომელიმე წიგნის წაკითხვისას ვიპოვნიდი მასში ჩაშიფრულ საიდუმლოს და მივაგნებდი საგანძურს ან ბიბლიოთეკაში არსებულ საიდუმლო კარს, რომელიც მინიშნებებით, თავსატეხებით, რუკებით და საიდუმლო წიგნებით სავსე სარდაფში ჩამიყვანდა. გულის სიღრმეში დღესაც ეს შეგრძნება მაქვს როცა ბიბლიოთეკაში შევდივარ, ამიტომ როცა განსაკუთრებით ცუდად ვარ მივდივარ ბიბლიოთეკაში და პირველივე შემთხვევით წიგნს ვითხოვ. კითხვა ბიბლიოთეკის უჯრებზე მიწერილი ასოებით ვისწავლე, რომელშიც ბარათები აწყვია. დედაჩემი მაძლევდა ბარათს და მე უნდა წამეკითხა და შესაბამისი ასოთი დასათაურებულ უჯრაში ჩამედო. სინამდვილეში ბიბლიოთეკაში არა მარტო კითხვა, არამედ საგნების, მოვლენების, საქმის და ყველაფრის ადვილად სტრუქტურიზებაც ვისწავლე.
ბავშვობაში ასანთებით თამაში მიყვარდა, ვერაფრით გამაგებინეს რომ შეიძლება რამე დამეშავებინა თავისთვის, ჯიუტად ვამტკიცებდი რომ ცეცხლი არ წვავს, ამიტომ მამაჩემმა ასანთი აანთო, თითი დამწვა და მითხრა რაც არ გკლავს ის გაძლიერებსო. ბევრი ვიტირე და მალე შემიხორცდა, სამაგიეროდ ცოცხალი ვარ და მახსოვს, რომ რაც არ მკლავს მაძლიერებს. მამაჩემი სკოლაში ხაზვას და შრომას ასწავლიდა. ხაზვის კლასში სპეციალური ძველებური ხის მაგიდები იდგა, ზემოდან სახაზავი პლანშეტით და კედელზე გასაცურებელი სამდონიანი დაფა ეკიდა. ამ ოთახიდან შეგეძლო გასულიყავი შრომის ოთახში, რომელიც არცერთი სხვა სკოლის შრომის ოთახს არ გავდა რაც მინახავს. ბევრი დაზგა და ინსტრუმენტი იყო, საღებავის და ფოსფორის სუნი იდგა. მე ბოლო მერხზე ვიჯექი ხოლმე, წინ ფურცელი და ფანქრები მელაგა, ვცდილობდი დამეხაზა დავალება სხვებთან ერთად. 5 წლის რომ გავხდი დაბადებისდღეზე თავისი ხელით გაკეთებული სახაზავი პლანშეტი მაჩუქა, მომდევნო ხაზვის გაკვეთილზე კი მოვიდა და წინ ფარგალი დამიდო. მისთვის ეს ნიშნავდა, რომ გავიზარდე და ახლა შემეძლო ფარგალი თვალში არ გამეყარა, მაგრამ ჩემთვის ეს ემოცია იყო განუმეორებელი, პირველი გაცნობიერებული სიამაყის შეგრძნება. შრომის გაკვეთილზე ასწავლიდა ყველაფერს, ნათურის გამოცვლით და ლურსმნის დაჭედებიდან დაწყებული, ხის კონსტრუქციების აგებით და მათზე ორნამენტების ამოწვით დამთავრებული. ამიტომ უკვე 10 წლის ასაკში კარგად ვიცოდი, როგორ დამეხაზა და ამეგო ნებისმიერი კონსტრუქცია, სამუშაო იარაღებსაც საკმაოდ კარგად მოვიხმარდი. ზაფხულში მამაჩემს საზაფხულო ბანაკები ქონდა და ლაშქრობებში დაყავდა ბავშვები, იქ გვასწავლიდა, როგორ უნდა გაგვეგნო გზა კომპასის გარეშე, გამოგვეცნო დღის რა დრო იყო, როგორ წაგვეკითხა რუკა და აგვენთო კოცონი. სოფელში რომ მივდიოდით მასწავლიდა როგორ უნდა დამებარა, დამეთესა, გამემარგლა და მომეარა მცენარეებისთვის, ბოსტნეულისთვის, მწვანილსთვის. ყველაზე მეტად ხეებზე ძრომიალი მომწონდა, ამიტომ კრეფის დროს მე ყოველთვის ვკრეფდი. სულ პატარა ვიყავი როცა საჭესთან ჯდომისას მუხლებზე მისვამდა, მერე საჭეს ხელს უშვებდა ხოლმე. ერთ დღეს მასწავლა სიჩქარეები როგორ ირთვებოდა და საჭესთან დამსვა. მე და მამას გვქონდა თამაში, ახალ ფილმს რომ ვუყურებდით მერე უნდა დაგვესვა ერთმანეთისთვის შეკითხვები, მაგალითად “რა დრო იყო კედელზე X სცენაში”, “რა ფერის მაისური ეცვა X გმირს სადილობისას” და ა.შ. ასე მასწავლა დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა. მამაჩემი იყო ერთადერთი ადამიანი რომელმაც ჩემ მიერ ცხოვრებაში პირველად მომზადებულ კერძზე თქვა, რომ მომკლას მაინც ვჭამო და მოიწამლა ))) ის არის ადამიანი, რომლის გამოც უბრალოდ ცოცხალი გადავრჩები ალბათ ყველგან და არ დავიწყებ ტირილს თუ სახლში წყლის მილი გასკდება როგორც მინიმუმ ))
ბიძაჩემი მონადირე იყო და ზაფხულობით დავყავდი ხოლმე მწყერზე სანადიროდ, მასწავლიდა როგორ ამეღო კვალი და როგორ გამერჩია სხვადასხვა ცხოველის ნაკვალევი ერთმანეთისგან. დღემდე არ ვიცი სტვენა 😦 საერთოდ ვერ ვუსტვენ, ამიტომ ვერაფრით მასწავლა ჩიტების ხმების განსახიერება, თუმცა ვიცი მათი ერთმანეთისგან გარჩევა, მიზანში კარგად სროლა, ცხენზე ჯირითი და ნანადირევის სწრაფად გატყავება.
ბაბუშკამ მასწავლა ველური მცენარეების სახელები, რისი ნახარში რისთვის გამოიყენება, სოკოების ცნობა, გემრიელი კერძების მომზადება, არყის გამოხდა და ყველაზე გემრიელი მარინადების კეთება ))
ადრე ჩემს იტალიურ ეზოში 13 ოჯახი ცხოვრობდა. მეზობლებს ჩემზე ორი წლით უფროსი შვილი ყავდათ – ლენა. მამამისი იყო ფანტასტიკის და მუსიკის მოყვარული, სულ ქონდა რაღაც ფირფიტები და კასეტები სხვადასხვა ჯგუფების და სანამ ჩვენ ვთამაშობდით ოთახში გვასმენინებდა ხოლმე, ვუსმენდით ძირითადად დევიდ ბოუვის და პინკ ფლოიდს. ერთხელაც ლენამ მომცა კასეტა რომელსაც ეწერა Sex Pistols 🙂
ჩემი რუსულენოვანი ინგლისურის მასწავლებლის სახლის კარზე ვუდსტოკის ცნობილი პლაკატი ეხატა და გარშემო კედელზე ცისარტყელას მსგავსი ფერადი ოღონდ დაკლაკნილი გამოსახულებები იყო მიხატული )))) პირველ გაკვეთილზე მასწავლა დაკაკუნების წესი, რომელიც მორზეს ენაზე ნიშნავს SOS ))) მას შემდეგ მასწავლიდა ინგლისურს რუსულად, მიყვებოდა 60-იანი წლების როკ ჯგუფებზე, შიგადაშიგ მასწავლიდა მორზეს ანბანს და კარს არ აღებდა სანამ სწორად არ დავაკაკუნებდი ))) ინგლისურად მელაპარაკებოდა რატომ იყო ათეისტი, ვსაუბრობდით ამ ცხოვრების ამაოებაზე, ჩვენს ღირებულებებზე და სახლში დავალებად ცნობილი როკ ჯგუფების სიმღერის ტექსტებს მაძლევდა )))
ჩემს მუსიკის მასწავლებელს სჯეროდა, რომ ადამიანს ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევა უნდა შეძლებოდა მიზნის მისაღწევად და რომ ყველაფერია შესაძლებელი თუ ეს ნამდვილად გინდა. ამიტომ როცა მასთან მივდიოდი გაკვეთილზე, თვალებს მიხვევდა, ხელზე ნაქსოვ ხელთათმანებს მაცმევდა, თავზე, მხრებზე და ხელის მტევნებზე მონეტებს მალაგებდა და მე უნდა დამეკრა უშეცდომოდ, ძალიან სწრაფი ეტიუდი ისე რომ მონეტები არ ჩამოვარდნილიყო. ასე დავასრულე ათწლედი 7 წელიწადში, დავუკარი სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან 6 წლის ასაკში, მოვიპოვე წლის ვირტუოზის დიპლომი ყველა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს მასშტაბით და 9 წლის ასაკში მქონდა ყველაზე ცოტა კონცერტი ერთი წლის განმავლობაში – სულ რაღაც 13 🙂
უკვე ვმკურნალობდი ეპილეფსიას, დედაჩემმა იმედით რომ ექიმები ცდებოდნენ, ერთ ცნობილ ტვინის ფიზიოლოგთან მიმიყვანა. ამ კაცმა დიაგნოზი კი დაადასტურა, მაგრამ დედაჩემს მიუბრუნდა და უთხრა, რომ მის ადგილას ჩემი ეპილეფსიის მკურნალობას არ დაიწყებდა მედიკამენტოზური მეთოდით, მე უფრო ფსიქოლოგი დამჭირდებოდა, რომელიც ჩემი მდგომარეობის მიღებაში და მასთან გამკლავებაში დამეხმარებოდა. მე სულ არ ვუმკურნალებდი თქვენს ადგილას, ისეთი ჰალუცინაციები აქვს უფრო LSD-ს ეფექტს გავს და თუ მისი ფსიქიკა გაუმკლავდება ამ მდგომარეობას, შეიძლება ძალიან კარგადაც გამოიყენოსო. კარგია, რომ ოთახიდან არ გამომიშვა როცა ამას ამბობდა. მისი სიტყვები ძალიან დამეხმარა რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მკურნალობა შევწყვიტე, თუნდაც არ ყოფილიყო მართალი, რწმენა, რომ ამ მდგომარეობასთან გამკლავება შესაძლებელია დღემდე მაძლევს ძალას “რელსებზე” დავბრუნდე, როცა “მივდივარ”.
ერთი ბიჭი მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და მასთან ერთად საცხოვრებლად გადავედი ერთ პატარა ბინაში ასე 10 წლის წინ. ყოველ საღამოს ყველაზე აღვირახსნილ და არაფხიზელ წვეულებებს ვაწყობდით. ყველა წესს ვარღვევდით და ყველაფერს ვაკეთებდით რაც მშობლების აზრით არცერთმა ახალგაზრდამ არ უნდა გააკეთოს ))) ეს იყო ყველაზე არაფხიზელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა გავსინჯე და ვცადე ყველაფერი, ერთდროულად, უზომო რაოდენობით, როცა მართლა გავიზარდე, გავხდი დამოუკიდებელი და ვისწავლე გადაწყვეტილებების მიღება, მართალია მერე ამ ბიჭს ცოლად გავყევი და ერთ თვეში დავიშალეთ, მაგრამ დამოუკიდებლად მიღებული პირველი გადაწყვეტილებებიდან ყველა არ შეიძლება იყოს უნაკლო, ასე რომ, ამ ბოლოს გარდა არაფერს ვნანობ. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ როცა შეცდომას მიხვდები დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედო და გზა განაგრძო. ფორტეპიანოზე თვალებახვეულ დაკვრას გავს ნაქსოვი ხელთათმანებით, ხელები გისხლტის კლავიშებზე, სუნთქვასაც კი აკონტროლებ, მონეტები რომ არ ჩამოგეყაროს. თუ პირველივე შეცდომაზე მოიხსენი თვალსახვევი, ვერასდროს გაიგებ შეძლებდი თუ არა დაგეკრა იდეალურად ნებისმიერ პირობებში. საკუთარი თავის ერთგულებაც ასევეა, შეცდომებს არასდროს უნდა მისცე უფლება დაგაკარგვინონ მიზანი.
ერთი მოხუცებული მხატვარი იყო, რომელსაც შემთხვევით, გამოფენისთვის სამზადისისას მივაგენი. პატარა სარდაფი ქონდა სახელოსნოდ გადაკეთებული, სკულპტურებით და ნახატებით იყო სავსე. გამოფენის შემდეგაც ხშირად მივდიოდი ხოლმე მასთან, ჩაის ვსვამდით და ვსაუბროდით ხელოვნებაზე. ხანდახან უბრალოდ საათობით ვიყავით 10 კვადრატულ ოთახში ისე, რომ ხმასაც არ ვიღებდით და უბრალოდ ვხატავდით საერთო ნახატს. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ არასდროს აღარ ვნახავდი. ამ ურთიერთობამ მასწავლა, რომ აუცილებელი არ არის ურთიერთობები განისაზღვროს სახელებით, კლიშეებით და სტანდარტებით. შესაძლებელია ურთიერთობას არაფერი არ ერქვას და ხანდახან ვერბალურიც კი არ იყოს, ან უფრო ზუსტად ურთიერთობაც კი არ იყოს. ორი უცნობი ადამიანის შეხვედრები ჩაიზე და უბრალოდ ხატვა საერთო ფურცელზე. ხანდახან ყველაფერი მარტივი და დროებითია, რითაც შეგიძლია დატკბე.
ჩემი მეგობრებისგან ვისწავლე, რომ მაგრად უნდა ჩავეჭიდო ყველა ახალ ადამიანს, ვინც ჩემში ახლობელი სულის შეგრძნებას აღძრავს, იმიტომ რომ ის შეიძლება ჩემი ნამდვილი და ყველაზე ახლო მეგობარია, უბრალოდ ჯერ არ ვიცნობ კარგად. ქიმიასავით არის რომელიც ვნების დროს გიჩნდება, მაგრამ თვისობრივად განსხვავებული, უფრო გაელვებაა გონების დონეზე და ვნება არ ახლავს თან. ყველა მეგობართან მქონდა ეს გაელვება და არცერთი მომავალი მეგობრის დაკარგვა არ მინდა ისე, რომ შანსიც არ მივცე იგრძნოს იგივე, თუნდაც მან ეს ჯერ არ იცოდეს.
ჩემი დიდი სიყვარული, მან შემქმნა ადამიანად, რომელიც არასდროს ამბობს არასდროს. არასდროს ვიფიქრებდი, რომ მე კიდევ შევქმნიდი ოჯახს. ვფიქრობდი, რომ მარტოხელა ტიპის ადამიანი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ არასდროს მომეწონებოდა ბიჭი პირველივე ნახვით, არასდროს ვიმოგზაურებდი უცხო ადამიანთან ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორემდე და არ მექნებოდა რომანტიკული პირველი კოცნა ზღვის სანაპიროზე მოგზაურობის დასასრულს. ყოველთვის მეგონა, რომ რომანტიკაზე გადაჭარბებული წარმოდგენა ქონდათ და “ნამდვილი” სიყვარული არ არსებობს. რთულად, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მასწავლა არის ადამიანი შენს ზურგში, რომელსაც ბოლომდე შეგიძლია ენდო და დარწმუნებული იყო, სამყაროს დასასრულსაც კი შენს გვერდში იქნება, ყველაზე დიდი დამნაშავეც რომ იყო სიტუაციის. მასწავლა, რომ არასდროს იცი როგორ იფიქრებ ან რას გააკეთებ ხვალ 🙂
Like this:
Like იტვირთება. . .