პირად ურთიერთობებში მხოლოდ ერთი წესი მაქვს: თუ ჩემთან ყოფნა აღარ გინდა აუცილებლად უნდა წახვიდე. ეს არც თხოვნაა და არც მოთხოვნა, ეს ერთადერთი ვალდებულებაა, რომელიც ჩემს კაცს აქვს აღებული. დიახ, მე არ დავდგამ ისტერიკას და არ ვაგრძნობინებ როგორ მიმძიმს განშორება, იმიტომ არა, რომ მაგარ ტიპად გამოვჩნდე და დავანახო ფეხებზე მკიდია, არა! იმიტომ რომ ამ ვალდებულების შესრულება შევუმსუბუქო. მე მართლაც შემიძლია გავუძლო ღამის კოშმარებს, ჩემს არამდგრად ფსიქიკას, ჰალუცინაციებს და საყვარელი ადამიანის დაკარგვასაც კი, მაგრამ ვერასდროს გავუძლებ კაცს ჩემს გვერდში, რომელსაც ჩემთან ყოფნა არ სურს. ეს მორალურად და ფიზიკურად გამანადგურებს. თუ ოდესმე მოვხვდები ჯოჯოხეთში უკვე ვიცი როგორი იქნება ის.  საერთოდ ვფიქრობ, რომ ადამიანს ერთადერთი ვალდებულება აქვს ცხოვრებაში, იყოს ბედნიერი. ასეთია ჩემი ცხოვრების ფილოსოფია. ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ ვიყოთ იქ და იმასთან ვისთანაც ბედნიერები ვიქნებით. ჩვენს ცხოვრებაში ორი ფაქტი და ერთი მისიაა: დაბადება, სიკვდილი და ბედნიერება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს წარმატებულ კარიერას, ძვირფას სამკაულებს, მანქანებს, ჭერს თავს ზემოთ თუ ეს არ გვაბედნიერებს. საერთოდ არ აქვს აზრი მოგზაურობას თუ არ შეგიძლია ახლით აღტაცება, იმ დღესაც არ აქვს აზრი როცა პატარა ბედნიერებაც არ იგრძენი. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ფიცს რომელიც დავდეთ ერთმანეთთან, რამდენი ბავშვი გვყავს, უმნიშვნელო ხდება ერთად გატარებული წლები, მოგონებები რომელიც გვაკავშირებს, მრავალწლიანი თანაცხოვრების კომფორტი, რას იფიქრებენ მეგობრები, რა არის სიყვარულის გაქრობის მიზეზი, ყველაფერი უმნიშვნელოა როცა ბედნიერი აღარ ხარ. 

მე და ჩემი დიდი სიყვარული ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. ორივეს საკუთარი პირადი ცხოვრებები გვაქვს, რომლებიც ხანდახან იკვეთება. ჩვენ არ გვაქვს სულელური საუბრები იმაზე რა მოხდება 10 წლის შემდეგ, ჩვენ არ ვიღებთ ერთმანეთისგან ნებართვას მეგობრებთან გართობისთვის, ჩვენ არ გვჭირდება უფლება ბედნიერებისთვის. ჩვენ უბრალოდ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, იმიტომ რომ სხვანაირად ცხოვრება არ გვინდა. ჩვენ მარტივად ვურთიერთობთ და ვიცით რომ ყველა სიტყვა იქნება გაგებული, ჩვენ არ ვთანაცხოვრობთ კონსენსუსებით, ჩვენ ვკამათობთ და ვისვრით საგნებს თუ გვინდა სროლა, ვყვირით თუ გვინდა ყვირილი და გვიყვარს როცა გვინდა სიყვარული. ჩვენ ერთმანეთთან პირველყოფილი ინსტინქტების გულახდილობის დონეზე ვურთიერთობთ. ის არ მჩუქნის საჩუქრებს ჩვენი თანაცხოვრების 8 წლისთავზეც, ეს დრო ისედაც საჩუქარია. ჩვენ მაშინ ვჩუქნით საჩუქრებს როცა ეს გულწრფელად გვინდა და ამისთვის კალენდარი არ გვჭირდება. მაშინაც კი როცა გვავიწყდება თანაცხოვრების “მნიშვნელოვანი” თარიღები, ეს არაფერს ნიშნავს. მას 3 წელი დასჭირდა ჩემი დაბადების დღის დასამახსოვრებლად )))) ჩემთვის ეს საწყენი არ იყო, ეს ძალიან სასაცილოა ჩემი აზრით, გულწრფელად მახალისებს მისი თვისება დაივიწყოს “მნიშვნელოვანი” მოვლენები. ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. ჩემი დიდი სიყვარული არაფრით გავს სხვებს და მნიშვნელობა არ აქვს ვარგისიანობის ვადა რამდენი აქვს. ეს პირველქმნილი ცარიელი ემოციაა, რომელიც ფიზიკურად შეგიძლია იგრძნო და უარეს შემთხვევაში ისეთ მოგონებად დარჩება რომლისთვისაც ცხოვრება ღირდა, რომელსაც არასდროს ინანებ ფინალის მიუხედავად, რომელიც უბრალოდ არის და ეს აწმყო ყველაფერზე მნიშვნელოვანია. 

ადამიანები ვიბადებით ბედნიერებად, ჩვენ არც ტანსაცმელი გვაქვს, არც გვესმის და ვერც ვხედავთ სრულყოფილად, ვერ ვმეტყველებთ და აბსოლუტურად არ გვაქვს არჩევანის შესაძლებლობა, მაგრამ მაინც ვახერხებთ ჩვილობის მდგომარეობაში განვიცადოთ ბედნიერება და ყველაზე გულწრფელად გავიცინოთ. ჩვენ ყველა აუცილებლად დავბერდებით, აღარ მოგვეწონება ჩვენი ანარეკლი სარკეში, ვიავადმყოფებთ და აუცილებლად მოვკვდებით. ჩვენ ყველა ვიზრდებით ბედნიერებად, გვასწავლიან რომ წესები და ვალდებულებები უზენაესია. ჩვენ ვსწავლობთ, ვაშენებთ, ვვითარდებით და ვქმნით, იმისთვის რომ ყოველ დღე არ გაგვახსენდეს გარდაუვალი სიკვდილი. რაც უფრო იშვიათად გვახსენდება, მით უფრო უბედურები ვხდებით. მით უფრო იშვიათად ვხედავთ ბედნიერების საჭიროებას ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო კარგავს ფასს ბედნიერება. ის აღარ არის ჰაერი რომლის გარეშეც ვერ სუნთქავ. ჩვენ აღარ ვზრუნავთ საკუთარ და სხვების ბედნიერებაზე. შეგვიძლია ძალიან მარტივად არ გავხადოთ ან საერთოდ წავართვათ ადამიანს ბედნიერების უფლება. ჩვენ საჩუქრებს ვჩუქნით მხოლოდ ვალდებულების გამო, ჩვენ ვიგონებთ თარიღებს და დღესასწაულებს რომ მივულოცოთ დაბადება ან გამოვუტყდეთ სიყვარულში. ყველაზე უარესი, ჩვენ გვჭირდება სიყვარულის ობიექტი იმისთვის, რომ გვიყვარდეს. ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი მარტოობა, რომელსაც მხოლოდ დაბადებისას და სიკვდილისას განიცდის ადამიანი. ჩვენ მხოლოდ გარეგნობაზე ვზრუნავთ, მივყვებით ტენდენციებს, ვიღვიძებთ ადრე რომ სამსახურში არ დაგვაგვიანდეს. ჩვენი რეპუტაცია იმდენ ძალისხმევას ითხოვს სრულყოფისთვის, რომ ჭეშმარიტ ალფა პიროვნებას ანადგურებს. ომეგებით ვართ გარემოცული, ცარიელი ადამიანებით, რომლებიც იდეალური მოქალაქეები და დეგრადირებული პიროვნებები არიან.

მე ადამიანებს ვირჩევ. არასდროს ვუშვებ ხელიდან შესაძლებლობას, ახალი საინტერესო ადამიანი უფრო ახლოს გავიცნო. ადამიანის პოტენციალი ადვილი შესამჩნევია, ზოგს მეტი შესაძლებლობა აქვს ბედნიერებისთვის, ზოგს ნაკლები. ჩემი მიზანია ეს ადამიანები გავაბედნიერო. არის რაღაც მანიაკალური ამაში. ჩემთვის ეს ბუნებრივია. ყველაფერი მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუ სურს რომ იყოს ბედნიერი, თუ წუხს რომ უბედურია, აუცილებლად უნდა ეცადო, რომ გააბედნიერო და ფეხებზე დაიკიდო რას იფიქრებენ შენზე. ერთხელ ქუჩაში მოხუცებულმა ქალმა გამაჩერა და შუქნიშანზე გადაყვანა მთხოვა. კომპლიმენტი მითხრა, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და გულდაწყვეტით გაუსვა ხაზი, რომ ის ვეღარც ხედავდა სიბერისგან. მე შემეძლო ის უბრალოდ გადამეყვანა ქუჩის მეორე მხარეს, ყველა შემთხვევაში მადლობელი იქნებოდა. ამის ნაცვლად როგორც ნამდვილ ინგლისელ ჯენტლმენს სჩვევია წელშიგამართულმა და ხმადაბოხებულმა ხელკავი გავუწოდე და მოკრძალებულად ვთხოვე ნება დაერთო ასეთი მშვენიერი ქალბატონი ქუჩის მეორე მხარეს გადამეცილებინა. ყველაზე გულწრფელი გადახარხარება იყო რაც კი ცხოვრებაში მომისმენია, ბედნიერი იყო იმ წუთას. ეს არაფერია, ეს ყველას შეუძლია. თქვენ შეგიძლიათ გაუღიმოთ ადამიანს ქუჩაში უმიზეზოდ თუ იგრძნობთ რომ ეს სჭირდება. უსურვოთ ტაქსის მძღოლს ბედნიერი მგზავრობა და აჩუქოთ კანფეტი. თქვენ შეგიძლიათ მომღიმარი სახით უთხრათ მადლობა ოფიციანტს რომელიც გემსახურებათ. ან უბრალოდ ბედნიერი დღე უსურვოთ მეზობელს მისალმებისას. ეს მარტივია. მთავარია გაიხსენოთ რომ ბედნიერება ერთადერთია რისთვისაც ვარსებობთ და თუ ყოველ დღე არ გახსენდებათ, რომ სიყვარული ყველგანაა, მაშინ სწორედ თქვენნაირებისთვის გამოიგონეს ვალენტინობის დღე. ნება იბოძეთ და ცინიზმი ამ დღეს მაინც მოიშორეთ სახიდან. თქვენ ვალდებული ხართ იყოთ ბედნიერი, იმიტომ რომ არსებობთ!

Advertisements