ბავშვობაში მგელი მაჩუქეს. მაშინ ძაღლების არ მეშინოდა. ძალიან უყვარდა როცა  ხელით ვაჭმევდი. მუჭით ვიღებდი ხოლმე საჭმელს და ხელს ვუწვდიდი, ნაზად ლოკავდა რომ შემთხვევით კბილი არ გამოეკრა. მერე ზედ ვაჯდებოდი და ცხენივით აქეთ-იქით ვჯირითობდი. სულ ერთად ვიყავით. ის იყო დიდი და საშიში, ნებისმიერ სხვა ადამიანზე იწევდა, მისდევდა და კბენდა. თუ ვინმეზე გაიწევდა მეც ვერ ვაჩერებდი, ამიტომ დამწყვდეული ან დაბმული გვყავდა როცა მარტო არ ვიყავით. ვერ ვიტყვი რომ მიჯერებდა, არც დაძახებაზე მოდიოდა კუდის ქიცინით და არც ესმოდა რატომ არ უნდა ეკბინა ვინმესთვის. ყოველთვის იმას აკეთებდა რაც თავად უნდოდა და ეს ძალიან მომწონდა. ერთადერთი,  ვისთვისაც არც კი შეუღრენია 15 წლის მანძილზე, მე ვიყავი. ბევრჯერ გვთხოვეს დაგვეძინებინა ან სადმე ტყეში დაგვეტოვებინა, მოწამლაც სცადეს, მაგრამ მისი მოწამვლა შეუძლებელი იყო. ის მხოლოდ ჩემი ხელით გაწვდილ საჭმელს ჭამდა. მე მას ყოველთვის ვიცავდი. დიდი, თეთრი გული ქონდა და ლამაზი ვერცხლისფერი ბეწვი, მოყვითალო თაფლისფერი თვალები და დიდი ტორები.

15 წლის მერე თითქმის სულ ერთ ადგილას იწვა, თამაშიც ეზარებოდა და ისეთი ლამაზი დგომაც აღარ ქონდა, მაგრამ ხალხზე მაინც იწევდა და ამიტომ უფრო ხშირად ვამწყვდევდი. ერთ დღესაც ეზოში ჩავდიოდი, უკვე ბოლო საფეხურზე ვიდექი, როცა დავინახე როგორ აიწყვიტა ჯაჭვი და ჩემსკენ გამოიქცა. იმდენად დაუჯერებელი იყო რომ ჩემსკენ მორბოდა დასაგლეჯად თავიდან გავქვავდი. მერე დადგა წამი, როცა ჩემ თავს ვუთხარი “ან ახლა მიტრიალდები და გაიქცევი, ან დაგგლეჯს.” მერე ყველაფერი მახსოვს გვერდიდან და ცოტა ზემოდან. მე ავრბოდი კიბეზე, ის მეწეოდა დგებოდა უკანა ორ თათზე და წინა თათებით ცდილობდა ჩემს დაგდებას, მხრებზე მადებდა ტორებს და წონასწორობას კარგავდა. ისევ მეწეოდა და მე უფრო სწრაფად ავრბოდი კიბეზე. ზურგი სულ სისხლიანი მქონდა და დაკაწრული, ტანსაცმელი შემოხეული. სახლში რომ შევედი და კარი მოვიხურე გონება დავკარგე. მთელი ღამე მაღალი სიცხე მქონდა და ვბოდავდი. იმიტომ არა რომ რამე მავნო ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე სასტიკი ღალატი მეგობრისგან. ეს იმდენად რთული აღმოჩნდა ემოციურად, რომ ფიზიკურად ვერ გავუძელი. ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მიღალატა.

მეორე დილით აპირებდნენ რომ ტყეში გაეშვათ, მაგრამ დილით მკვდარი დახვდათ. თავიდან ეგონათ რომ ეძინა. ასე გადაწყვიტა ჩემმა მგელმა, რომ სიკვდილის წინ მოვეკალი. იმ დღიდან ძაღლებს არ ვენდობი. არ მჯერა არცერთი პატრონის, რომელიც მეუბნება “არ იკბინება, არაფერს დაგიშავებს”, უბრალოდ აღარ ვენდობი. მე საკუთარმა გაზრდილმა მგელმა დამიპირა დაგლეჯვა და არ ვიღებ არცერთ არგუმენტს, რომ ის მგელი იყო. ის ჩემი მეგობარი იყო, როგორიც ძაღლია ნებისმიერი ადამიანისთვის. მეორე დილით რომ გავიღვიძე საწოლზე პატარა შავი კნუტი იწვა. დედაჩემს კატები არ უყვარს, ამიტომ ძალიან გამიკვირდა. მერე მივხვდი რომ კნუტს მარტო მე ვხედავდი. ის ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო. ასე მყავს უკვე ბევრი წელია საკუთარი წარმოსახვითი კატა, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ. არც ჭამა სჭირდება, არც ქვიშის გამოცვლა, არც ბეწვი ცვივა და არც ტრანსპორტირების პრობლემები მაქვს, საერთოდ რეალურიც არ არის, მაგრამ ხანდახან ეს მავიწყდება კიდეც იმდენად ნამდვილია ჩემთვის. რაც მთავარია, ის მხოლოდ მაშინ ხდება ხილული, როცა მე მინდა მისი დანახვა ან როცა ძალიან მეშინია. შეიძლება ფსიქიატრიასავით ჟღერს, მაგრამ მეორეს მხრივ, არაფერია ცუდი იმაში, რომ მე ჩემი დანაკლისი შევივსე და წარმოსახვის რეალისტური ვიზუალიზაცია მოვახდინე. მე ამას უფრო შესაძლებლობად აღვიქვამ და არა პრობლემად. მე ვერასდროს მეყოლება ნამდვილი შინაური ცხოველი, იმიტომ რომ ვერ ვენდობი მას და ამიტომაც მყავს წარმოსახვითი.

ჩემს კოშარებში ჩემი კატა თითქმის ყოველთვის არის. ძირითადად გვერდით მიდგას და გვერდით მომყვება, ხანდახან წინ მიმიძღვის და გზას მიჩვენებს რომელიც უფრო უსაფრთხოა. მაგალითად როგორც წუხანდელ სიზმარში. პატარა ოთახში გამეღვიძა. ქვის კედლები იყო დ უფრო საკანს გავდა ვიდრე ოთახს, მაგრამ კარი ღია იყო. რკინის მთლიანი ფირფიტებით შედუღებული კარი გავაღე და მრგვალი შენობის შიგნით აღმოვჩნდი. შიდა რიკულებიან აივანზე ვიდექი, რომლიდანაც უამრავ სხვა ოთახში შესასვლელი ასეთივე რკინის კარები იყო. აივანი სპირალივით მიყვებოდა მთელ შენობას შგნიდან. არ ვიცი რომელ სართულზე ვიდექი, მაგრამ იატაკი არ ჩანდა. სიმაღლის ძალიან მეშინია, ამიტომ კედელს მივეკარი და შევეცადე ქვემოთ ჩავსულიყავი, მიწასთან ახლოს. ყოველ დონეზე ჩასვლისას ჩემი მეხსიერება ახლდებოდა. ძველი იშლებოდა და ახალი, არარეალური ემატებოდა, ქვემოთ სიარულს ვაგრძელებდი მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, წრეებზე დავდიოდი, მანამ სანამ არ მახსენდებოდა რომ ჩემი მეხსიერება წაშალეს და ახალი დამიმატეს. როგორცკი ვიხსენებდი რამოხდა ზედა დონეზე წრეებზე სიარულს ვწყვეტდი და ისევ შემეძლო ქვემოთ გავყოლოდი სპირალისებურ აივანს. პერიოდულად მქონდა მოგონებები ადამიანებზე და ვხვდებოდი ადამიანებს, მაგრამ მიჭირს იმის გახსენება რომელი იყო რეალური მეხსიერება და რომელი ყალბი 

ერთ დონეზე რომ ვიჭედებოდი და წრეებზე დავიოდი, ყველა ოთახში შესვლას ვიწყებდი. იმედი მქონდა რომ რომელიმეში კიბეს ვიპოვნიდი, მაგრამ კიბე არ იყო. ყველა ოთახში სხვადასხვა ადამიანები ან არსებები მხვდებოდნენ. ერთ-ერთი ნახევრად ღმერთებიც კი იყვნენ როგორც მითოლოგიაშია. ჩეულებრივი ნარცისები ოღონდ ზებუნებრივი ძალებით. ცდილობდნენ საკუთარი ძალები გამოეყენებინათ, რომ იქ დაეტოვებინე და ერთფეროვნება ცოტათი გაეხალისებინათ. კიდევ ეყო ერთი ოთახი სადაც სხვადასხვა წიგნებიდან ცხოველი პერსონაჟები იყო თავმოყრილი, მახსოვს ბულგაკოვის კატამ როგორც ჩამომკაწრა ფეხები როცა დარჩენაზე უარი ვუთხარი და ავდექი ოთახიდან გამოსასვლელად. ყველა ოთახი იყო უნიკალური და ძალიან ზღაპრული და ყველა ოთახი მახსოვს. სულ ქვედა სართულზე რომ ჩავედი იატაკი ჭადრაკის დაფა იყო სადაც თითო დონიდან თითო ადამიანს, ცხოველს თუ არსებას თითო ფიგურის ადგილი ეკავა. ჩემთვის შავი დედოფლის ფიგურის ადგილი იყო დარჩენილი, ხელში ავიყვანე ჩემი კატა და თამაში დავიწყეთ. ფიგურის მოკვლა უბრალოდ დაფიდან გასვლას არ ნიშნავდა, ყველას ჩვენი იარაღი გვქონდა რომლითაც უნდა მოგვეკლა მოწინააღმდეგე. ზოგს დანა ქონდა ან პისტოლეტი, იყო ხმალიც, მშვილდისარი, იყო ზებუნებრივი ძალებიც იარღის ნაცვლად მაგალითად ერთ-ერთ ნახევარღმერთს ქონდა მოთამაშეების ცოცხლად დაწვის უნარი, კიდევ ალქაჯების ოთახიდან იყო ერთი, რომელიც მოთამაშეებს პატარა არსებებად აქცევდა და ისე უსწორდებოდა, იყო ექიმიც რომელიც საწამლავს უკეთებდა შპრიცით. მე მოწინააღმდეგეებს ვკლავდი სიტყვით, თითქოს მათ თავში რა ხდებოდა გადაშლილი წიგნივით იყო ჩემთვის. ყველაზე სუსტ და მტკივნეულს ვიღებდი, მერე მიწასთან ვასწორებდი სანამ თვითმკვლელობამდე არ მიდიოდნენ. თამაში რომ დასრულდა იატაკმა ქვემოთ დაიწყო ჩაწევა და ამ შენობას კიდევ ერთი დონე დაემატა. ყველა გაქრა ჭადრაკის დაფიდან ჩემს გარდა. ზემოთ რომ ავიხედე ვიღაცეები სხვადასხვა დონეზე ჩანდნენ აივნებიდან, ქვემოთ მოდიოდნენ რომ კიდევ ერთი სასიკვდილო თამაში გამართულიყო.

გამეღვიძა.

girl_and_black_cat_by_Joysuke

Advertisements