გამარჯობა, დღეს მე პერფექციონისტი ვარ ვარდისფერი სათვალით. რთული ბავშვობა მქონდა, ყოველთვის მკაცრად ვსჯიდი საკუთარ თავს, ყოველი წარუმატებლობისთვის. თავად ვდგებოდი კუთხეში და საათობით, ფეხების დაბუჟებამდე არ გამოვდიოდი, სანამ დგომა შემეძლო, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ნახატი არ მომეწონა და უკეთესის დახატვა შემეძლო. წიგნის კითხვას რომ ვიწყებდი ისე უნდა დამესრულებინა რომ არ დამეხურა, თუ რაიმე საჭიროების გამო წიგნის დახურვა ან თავის აწევა მომიწევდა, წიგნს ვხურავდი და თავიდან ვიწყებდი კითხვას, თუნდაც სულ ბოლო აბზაცი მქონოდა დარჩენილი. ეს არ მაღიზიანებდა, გულწრფელად ვთვლიდი, რომ წიგნი ერთი ამოსუნთქვით შემეძლო წამეკითხა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ფრაზა “ერთი ამოსუნთქვით იკითხება” საერთოდ სხვა მნიშვნელობის მატარებელი ყოფილა და სანიშნი შევიძინე. სათამაშოების კუთხეს რომ ვალაგებდი სახაზავით ვასწორებდი ხოლმე ჩამწკრივებულ მანქანებს, თუ რომელიმე სიმეტრიას არღვევდა ძირს ვყრიდი და თავიდან ვიწყებდი დალაგებას. ბაღში სიარულისას, როცა ჯერ კიდევ დედა მაცმევდა ტანსაცმელს, რეიტუზზე ან მასში ჩატანებულ მაისურზე ერთი ნაკეციც არ უნდა ყოფილიყო. იქამდე ვიტირებდი, სანამ ყველა ნაკეცს არ გაასწორებდნენ ტანსაცმელზე და ყველა ფერს არ შეუხამებდნენ ერთმანეთს. ბაღში ჩემს თანატოლებს რომ ვუყურებდი მუხლზე გაკეთებული ნაკეცებით, ფეხზე ასიმეტრიულად დახვეული რეიტუზის ზოლებით და ჩაბრუნებული საყელოებით, მივდიოდი და სულ ვუსწორებდი, სანამ ყველა ზოლი აბსოლუტურად არ გასწორდებოდა, ფეხზე და ყველა საყელო არ ამოტრიალდებოდა. ახლაც ასე ვარ, ნებისმიერი არასწორი ნიუანსი გამაღიზიანებელია, უბრალოდ ამის კონტროლი ვისწავლე. კომუნიკაციისას გაღიმება და საკუთარი თავისთვის იმის გამეორება, რომ ეს მე არ მეხება. არ მშველის საერთოდ, უბრალოდ მაკავებს. ახლა არასდროს ვაუთოვებ ტანსაცმელს. ჯობია მეცვას დაკუჭული, ვიდრე დაუთოვებულს გაუჩნდეს თუნდაც ერთი ნაკეცი. ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. სამაგიეროდ ვიცი, რომ დაკუჭულია და ნაკეცებს ბუნებრივ მოცემულობად ვიღებ.

ნერვებს მიშლის კარადის ოდნავ გამოღებული კარი, ან ნახაზზე დასმული ზედმეტი წერტილი.  დღემდე ვსჯი საკუთარ თავს თუ არ ვარ საკმარისად ლოიალური ან დამთმობი. ვიცი, რომ ჩემთან მუშაობა და ცხოვრება იქნებოდა რთული საკმარის ძალისხმევას რომ არ ვხარჯავდე ჩემთან თანაარსებობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ჩემი ძალისხმევა არასდროს არის საკმარისი, მუდმივი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეულ სიტუაციებში ზედმეტი მომდის, როგორც საბავშვო ბაღში, როცა თანატოლებს საყელოებს ვუტრიალებდი და რეიტუზის ზოლებს ვუსწორებდი. მგონია რომ ზედმეტად წნეხის ქვეშ ვაქცევ, პირად სივრცეში ვიჭრები ან არჩევანს ვუზღუდავ გარშემომყოფებს, იმის გამო რომ სრულყოფლებად ვაქციო ან სურვილი გავუღვიძო ასეთებად იქცნენ. საკუთარ თავში ვიკეტები და კედლებს ვაგებ გარშემო, რომ იზოლაცია მოვახდინო საკუთარი აზრების და ადამიანები ჩემგან გავათავისუფლო. ოქროს შუალედის დაჭერა მიჭირს, უფრო ზუსტი ოქროს შუალედის, სრულყოფილი ოქროს შუალედის.

მთელი ცხოვრება მტანჯავს საშინლად დაბალი თვითშეფასება. უფრო სწორად მჯერა, რომ მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რასაც მოვისურვებ, მაგრამ ნებისმიერი შედეგი, მაინც სიცარიელეს მიტოვებს და მუდმივად იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე იყო შესაძლებელი უკეთესი შედეგი. დაუსრულებელ დევნას გავს, მაგრამ ვერც ვჩერდები. შემიძლია გავათენო ღამეები, თუ მაქვს მიზანი როგორ გავაკეთო ან ვაქციო რაიმე სრულყოფილად. საშინელებაა მუდმივ იმედგაცრუებაში ცხოვრება. არავინ არ არის ისეთი როგორიც შეუძლია, რომ იყოს. რთულია იმის გაცნობიერება რამხელა პოტენციალი აქვს ადამიანს გახდეს უკეთესი, ისწრაფვოდეს სრულყოფისკენ და ამისთვის არაფერს აკეთებდეს. საშინელებაა, არასდროს მოგწონდეს შენი თავი სარკეში, არასდროს გაკმაყოფილებდეს შენი წონა, შენი მეტყველება, მანერები, შენი ცოდნა, გამოცდილება, შენი შესაძლებლობები, შენი აზრებიც კი. ფიქრობდე, რომ შენ შეგიძლია იყო უკეთესი და ეს არასდროს მთავრდებოდეს.

ჩემი ერთ-ერთი იდეაფიქსია, რომ ყველა გარშემომყოფის ბედნიერად ქცევა შემიძლია. რეალურად შესაძლებელია, მუდმივად აკეთო რაღაცეები, რაც გარშემომყოფებს გააბედნიერებს. ჩემს სრულყოფილ სამყაროში ყველა ადამიანი ბედნიერია და მუდმივად ცდილობს, რომ გახდეს უკეთესი და ისწრაფვის სრულოფისაკენ. ამიტომაც მესმის პაციფისტების, ვერ ვიტყოდი, რომ ვარ, მაგრამ არაფერია ომზე არასწორი სამყაროში. ომი არის, ტანსაცმელზე გაკეთებული ნაკეცების, წიგნის კითხვისას გაფანტული გონების გამო გამოტოვებული ფრაზების, წარუმატებელი სამუშაო დღის, კაფეში ნათითურიანი კედლის, ჭამისას გამოცემული პირის მწლაკუნი, მოუვლელი, საკუთარ თავზე ხელჩაქნეული ადამიანების , შეუსრულებელი სამუშაოს და ბევრი სხვა ნიუანსის კუბში აყვანილ ერთობლიობაზე ბევრად უარესი. თუნდაც ომი სადღაც კუალა ლუმპურში იყოს. ის, რომ ომი სამყაროში არსებობს, უკვე უკარგავს მას სრულყოფილებას.

ჩემს სრულყოფილ სამყაროში ადამიანები ქუჩაში იღიმიან, ულოცავენ ერთმანეთს ყოველ დღეს და ცდილობენ იყვნენ უკეთესები, უფრო კეთილები, გაუწოდონ დახმარების ხელი ნებისმიერს, აჩუქონ საჩუქარი, ისევე როგორც დღესასწაულებზე ხდება ხოლმე. ვიცი, რომ მათი უმეტესობა სინამდვილეში არც ბედნიერია, არც კეთილი, არც თანამგრძნობი და არც გულუხვი. მაგრამ დღესასწაულებზე მე პერფექციონისტი ვარ ვარდისფერი სათვალით და ამ ყველაფრის მჯერა.

Advertisements