მთავარი

ვინ არის დოლი პარტონი

%(count)s კომენტარი

დოლი პარტონი ჩემი ძაღლის სახელია. დღემდე ვერ გავარკვიე სუფთა ჯიშისაა თუ მეტისია, მაგრამ დიდად არც მაინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძაღლების ჯიშის მიხედვით გარჩევა ჩვეულებრივი რასიზმია. როგორც ადამიანს არ ირჩევ მეგობრად კანის ფერით, ისევე არ ირჩევ ძაღლს გენეალოგიით თუ ნამდვილ მეგობარს ეძებ. ძაღლსაც აქვს ხასიათი და ეს ჯიშზე სრულიად არ არის დამოკიდებული, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, მის უნიკალურ თვისებებზე.

დოლი პარტონი ალბათ იანვრის დასაწყისში დაიბადა. მე პირობითად მის დაბადებისდღედ 1 იანვრად ვთვლი, რადგან ზუსტი თარიღი არ ვიცი. ჩემი ქუჩის ბოლოს მაღაზიაა, სადაც მომიყვნენ რომ დოლი და მისი ძმა სადღაც ერთი თვისები იქნებოდნენ იანვრის ბოლოს მანქანა რომ გაჩერდა, გადმოსვა და წავიდა. გახსოვთ წელს როგორი ზამთარი იყო? მე მახსოვს კარგად. იმ დღეს გვიანობამდე მქონდა ლექციები, სადღაც ღამის 11 საათზე გავთავისუფლდი, ლესელიძედან თავისუფლების მოედანზე რომ ამოვედი სლომოუშენით მოძრაობდა მთელი ქალაქი. ყველას გვაქვს ის ვიდეოები ნანახი მანქანები რომ ვერ ამუხრუჭებდნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ. ზუსტად ეგ დღე იყო 31 იანვარი, ჩემი მეგობრის დაბადებისდღე, როცა თოვლი დადო და ქალაქი გაჩერდა. 31 იანვარს დოლი პარტონი დაახლოებით 1 თვის იქნებოდა, წარმოდგენა არ მაქვს სად იყინებოდა, რომელი ქუჩის, რომელ კუთხეში. თებერვალში ყინვები დაიჭირა და სადღაც შუა თვეში ერთი ღამით -20 გრადუსამდეც ჩამოვიდა ტემპერატურა. იმ დრო დოლი პარტონი მაქსიმუმ 6 კვირის იქნებოდა. მერე უკვე წვიმების სეზონი გაიხსნა მთელი 4 თვით.

არაერთხელ მითქვამს რამდენად მაღიზიანებს პირადი სივრცის დარღვევა, შეხება და როგორ მეშინია ძაღლების. მე არ ვთვლიდი რომ ძაღლები მიყვარდა, არც მძულდა, მაგრამ ძაღლების მოყვარულად არ ვთვლიდი არასდროს თავს და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჩემი ძაღლი მეყოლებოდა. არც იმ ადამიანების რიცხვში ვარ, ვისაც შეუძლია მიუსაფარი ცხოველი ისე შეეცოდოს, რომ უბეში ჩაისვას და სახლში წამოიყვანოს. ინდეფერენტული არასდროს ვყოფილვარ, მეცოდებოდნენ, მაგრამ თან ძალიან, ძალიან მეშინოდა ცხოველების და უფრო მეტად იმის, რომ ისინი შემეხებოდნენ. როცა სერიოზულ დისკომფორტს გიქმნის პირადი სივრცის დარღვევა და შეხება, მნიშვნელობას კარგავს ვინ ან რა აკეთებს ამას.

მარტის მიწურული იყო, ძალიან დაღლილი და მშიერი დავბრუნდი სახლში გვიან ღამით. ალბათ თორმეტს გადაცილებულიც იქნებოდა და ამიტომ ცოტა მზა საჭმელი წამოვიყოლე. მანქანიდან რომ გადმოვედი და ჩემი სახლის კიბეს მივუახლოვდი სიბნელიდან გამომავალი საშუალო ზომის ძაღლის ლანდი დავინახე, სადღაც მუხლამდე მწვდებოდა. ისე შემეშინდა რომ მანქანაში შებრუნება გადავწყვიტე. მე მჯერა, რომ ძაღლები გრძნობენ შიშს, რადგან ყველა ძაღლის მეშინია და ყველა ძაღლი ცდილობს უფრო ახლოს მოვიდეს სწორედ იმიტომ რომ მეშინია. ასეთივე რეაქციას ველოდი ამ ძაღლისგან. მაგრამ სრულიად მოულოდნელად მოხდა სრულიად ჯადოსნური ფაქტი, ძაღლმა თვალებში შემომხედა, ავადმყოფურად გამხდარი იყო, სველი და ძალიან, ძალიან მშიერი. ცოტახანი მიყურა ასე თვალებში, მე გაშეშებული ვიდექი და ისევ მანქანაში შებრუნებაზე ვფიქრობდი, მერე თავი ჩაღუნა და უკანსვლით დაიხია სიბნელეში. ვერაფრით გადავუშვი ლუკმა ყელში, იმ ძაღლის მშიერი თვალები მახსენდებოდა, ხელში ცხელი ბურგერებით სავსე პარკით რომ ამომატარა კიბეზე და რომელმაც ჩემი პირადი სივრცე არ დაარღვია. ორი ნაჭერი პური ავიღე და ეზოში ჩავბრუნდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის გაკეთებას შევძლებდი და სრულიად უცხო ძაღლის დაპურებას კი არა მასთან მიახლოებას გადავწყვეტდი, მაგრამ მან ამომატარა და უნდა დამეპურებინა. კიბის ქვეშ იწვა. ვფიქრობდი რომ აუცილებლად მეცემოდა ხელებში პურის დანახვაზე, მაგრამ არ განძრეულა. მე დისტანცია მეკავა დაახლოებით 1 მეტრის დაშორებით, პური შუაში დავდე, არ განძრეულა, ხელისკანკალით მივუწიე ცოტა ახლოს, არანაირი რეაგირება, უბრალოდ მიყურებდა ქვემოდან. მთელი ჩემი სიმამაცე მოვიკრიბე და პური პირთან მივუტანე, ისე მეშინოდა, მეგონა ადგილზე მოვკვდებოდი. ძაღლმა თავი წამოწია, თვალებში შემომხედა და თავი ჩემგან საპირისპირო მიმართულებით მიატრიალა. მაშინ ვიფიქრე რომ მე ვიყავი სულელი, რადგან ვიფიქრე რომ ამომატარა, უბრალოდ ავად არის და კვდება ალბათთქო. შემოვბრუნდი თუ არა ჭამის ხმა გავიგე. მოტრიალებაც ვერ მოვასწარი ისე ქონდა გადასანსლული პურის ნაჭრები. მეორე დილით კიბის ბოლოში დამხვდა. შემეშინდა, დღისით უფრო დიდი ჩანდა, მეგონა რომ ზრდასრული ძაღლი მედგა წინ. სახლში აბრუნებაზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ ვერ მოვასწარი რომ შეტრიალდა და ეზოს მეორე ბოლოში დადგა, კედელს აეკრა და შორიდან დამიწყო ყურება. თან პირდაპირ თვალებში მიყურებდა და დარწმუნებული ვარ გრძნობდა, როგორ მეშინოდა. ამ ძაღლმა მხოლოდ თვალებში შეხედვით გააკეთა ის რასაც ადამიანები ჩემს გარშემო ხშირად ახსნის შემდეგაც ვერ იგებენ. დისტანცია დაიცვა, არ მომიახლოვდა და არ შემეხო სანამ ეს მე არ გავაკეთე. დაახლოებით 10 დღე ასე დისტანციურად ვურთიერთობდით, სანამ ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულმა თავზე არ დავადე ხელი. სრულიად გაუცნობიერებლად და ბუნებრივად მოხდა. მას შემდეგ როცა ვუახლოვდები თავს მიშვერს რომ ხელი დავადო და მოვეფერო.

20140409_124112_ახალციხის ქუჩა

თავიდან გაჩუქებაზე ვფიქრობდი, ერთი ძალიან კეთილი გოგო გავიცანი, რომელიც დადის და უსახლკარო ძაღლებს უვლის, კვებავს და ზრუნავს მათზე, ცდილობს პატრონი მოუძებნოს. დოლისთვისაც მოქონდა ხოლმე საკვები პერიოდულად და გაჩუქებაში მეხმარებოდა. არავის უნდოდა მეტისი, რომელსაც საშინელი ბეწვი ქონდა და რახიტის ნიშნები ეტყობოდა. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ არავის აინტერესებდა საერთოდ რამდენად თბილი ან ჭკვიანი იყო. უმეტესობისთვის ის უჯიშო მეტისი იყო, მაწანწალა, რომელშიც 800 დოლარს ვერ გადაიხდიდნენ საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ჰო საკუთარი თავისთვის მხოლოდ საუკეთესო გვინდა და ყველაფერი კარგი ძვირია, მაგრამ ძაღლი არ არის ბოლო მოდელის მანქანა ან სმართფონი, ის ცოცხალი არსებაა, უნიკალური ხასიათით, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის მის წარმომავლობასთან. ისევე როგორც ადამიანების თვისებები, უნარი, ნიჭიერება არაა კავშირში მათ წარმომავლობასთან და რასასთან.  აქამდე ამაზე არ მქონდა ნაფიქრი, იმიტომ რომ ამაზე ფიქრი არ მჭირდებოდა, მაგრამ არც ძალისხმევა დამიხარჯავს ამის მისახვედრად. გავაცნობიერე რომ მე ჩემს ძაღლს ვერ გავაჩუქებდი, იმიტომ რომ ამ ძაღლს ვერავინ ვერასდროს შეიყვარებდა და გაუგებდა ისე როგორც მე.

დოლი პარტონს მუცელზე თიაქარი აღმოაჩნდა, სავარაუდოდ ცემისგან. როგორც მოგვიანებით გავიგე მთელი ქუჩა იცნობდა. სანამ ჩემს ეზოში შემოვიდოდა, ყველგან შესულა და ყველა ეზოდან გამოუგდიათ. იყვნენ ცალკეული ადამიანები, რომლებიც კვებავდნენ და ცდილობდნენ თავშესაფარი მიეცათ, მაგრამ ეზოში არ აჩერებდნენ მეზობლები და ცემდნენ. დაახლოებით 3 თვის იყო ოპერაცია რომ გავუკეთეთ. ჩემს გარშემო ერთეულების გარდა ყველას უკვირდა, რატომ ვუვლიდი უპატრონო ძაღლს, მე კიდევ მიკვირდა რატომ ეძახდნენ ჩემს ძაღლს უპატრონოს. დოლი მალე მომჯობინდა. წონაში მოიმატა, ბეწვი გამუსწორდა, დაივარცხნა და გალამაზდა. ქუჩაში რომ ვასეირნებდი იგივე ადამიანები ვინც მანამდე ეზოებიდან აგდებდნენ გაკვირვებით აქებდნენ მის გარეგნობას, ჯიშიანი იქნება ეტყობაო, რამდენჯერმე მთხოვეს რომ მეჩუქებინა, მერე ფულიც კი შემომთავაზეს რომ მიმეყიდა, ერთხელ მეჩხუბნენ კიდეც არ უვლი და ჩვენ წავიყვანთო. ერთ დღეს კი მომპარეს.

წვიამიანი ამინდი იყო და ავუშვი რომ გაესეირნა. ქუჩაში ყველა იცნობდა და შორსაც არ მიდიოდა ხოლმე, ამიტომ მაშინ ჯერ კიდევ ვუშვებდი თავისუფლად. არ დაბრუნდა, მთელი უბანი შემოვიარე ფეხით და გვერდით უბნებზე გადავედი, მთელი დღე ვეძებე და ყველას ვკითხე ჰომ არ ყავდათ ნანახი ჩემი ძაღლი. ღამის 10 საათი იყო, უკვე დავრწმუნდი რომ მოიპარეს და სახლში ატირებული მოვბრუნდი. დოლი პარტონს ყელზე ჟეტონები ეკეთა ტელეფონის ნომრებით. სადღაც თერთმეტის წუთები იყო რომ დამირეკეს, თქვენი ძაღლი ვიპოვნეთ და მოდით წაიყვანეთო. არც მიკითხავს ვინ იყო, სად იპოვნა ან რა უნდოდა, ერთი ის ვიცი რომ ნავთლუღში უნდა მიმეკითხა. ეზოში რომ შევედი, თუ შეიძლება იმ ადგილს ეზო ვუწოდო, სამი ჩაფსკვნილი ტიპი შემომეგება. ძაღლი სად არისთქო და აი იქ კუთხეშია არ გამოდისო. რომ მივუახლოვდი კუთხეში იყო შეკუჭული, საწყალი თვალებით მიყურებდა და არ იძვროდა ადგილიდან. როგორცკი დავუძახე ჰაერში სალტო გააკეთა და ჩემს ფეხებს შორის დადგა. იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ და არც საუბარი გამიბავს, როგორც ჩემს ძაღლს მეც ერთი სული მქონდა იქიდან სწრაფად წავსულიყავი. როგორც მომიყვნენ ჩემს სახლთან “უპოვნია” ერთ-ერთის ბავშვს, მერე ჩაუსვამთ მანქანაში და წაუყვანიათ ნავთლუღში. დოლის ეშინია მანქანაში ჩაჯდომის, მეც კი ძლივს ვსვამ, წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ადამიანი ტენიდა ჩემს ძაღლს ძალით მანქანაში. ჟეტონი სადაც სახელი და ჩემი ნომერი ეწერა სულ დაღუნული მომცეს. ბავშვიც არსად იყო ახლომახლო, რომელმაც “იპოვნა”. ვერაფრით ამოვხსენი რატომ დამიბრუნეს უკან. მთელი ღამე წყალს სვამდა და კანკალებდა ნერვიულობისგან. მაშინ ჯერ კიდევ ეზოში მყავდა დაბმული.

10385493_10152498525068586_2280807246231346729_n

დოლი სულ უფრო ლამაზდებოდა და უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იქცევდა ქუჩაში სეირნობისას. ფეხით მოსიარულეების, ბირჟის გამმაგრებლების, აივნიდან გადმოყუდებული უსაქმურების და მანქანის ცნობისმოყვარე მძღოლების ყურადღებას იქცევდა, რომლებიც ხმაურიანად ამუხრუჭებდნენ და ეეე რა ჯიშიანი ძაღლია კომენტარებით მაჯილდოვებდნენ, ისე ამაყად თითქოს მე ამ სიტყვების გამო ცხოვრების ბოლომდე მათი მადლიერი უნდა ვყოფილიყავი. Leave us alone ვფიქრობდი გულში, მე რომ არ ვუვლიდე ალბათ დაუფიქრებლად გადათელავდი. დოლი ეზოში იყო დაბმული. მას მხოლოდ მე ვაჭმევდი, მე ვუვლიდი, ვვარცხნიდი, აცრებს ვუკეთებდი, ვასეირნებდი. ეზოში იყო დაბმული, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მისი პატრონი მე ვარ. ეს გრძელდებოდა, მანამდე სანამ ჩემი ერთი მეზობელი არ “შეაწუხა” ეზოში ძაღლის არსებობამ, სიტუაცია იმდენად დაიძაბა რომ პატრულში დავრეკე. ის ღამე გავათენე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოკლავდა ჩემს ძაღლს, მოწამლავდა. ამიტომ დოლი სახლში ამოვიყვანე. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რთულია 30 კილოგრამიანი ლეკვის დამორჩილება როცა არ გიჯერებს, ტრენერიც კი ვეძებე, მაგრამ სათანადო ვერ მოიძებნა. ძალიან მალე სულ რაღაც ერთ თვეში ძაღლმა ყოველგვარი გაწვრთნის გარეშე ისწავლა როგორ უნდა დაჯდე, დაწვე, როცა გასეირნება უნდოდა პირით მოქონდა თავისი “პავადოკი” და ფეხებთან მიგდებდა. გასეირნებისას დინჯად მომყვებოდა გვერდით, კიბეზე ჩასვლისას ნაბიჯს არ გადადგამდა სანამ მე არ გადავდგამდი, იდეალურ ძაღლად იქცა, დაჭკვიანდა დადინჯდა და გახდა 40 კილოგრამი.

10563014_10152654201698586_1725658399939635020_n

1 კვირის წინ ხასიათი გაუფუჭდა, სულ ეძინა, მერე ჭამას მოუკლო და რამდენჯერმე ქუჩაში ფეხი ჩაეკეცა, ერთ დღესაც უკანა ფეხები მოეკეცა და ქუჩაში წაიქცა. კიბემდე რაღაცნაირად მოვიყვანე, მაგრამ კიბეზე ვეღარ ამოდიოდა, რადგან უკანა ფეხებზე მოდის მაგ დროს ყველაზე მეტი დატვირთვა, ის კი ვერც დგებოდა ფეხზე. წინა თათებით წამოიწევდა და დახოხავდა. იმ დღეს ყველაზე უსუსურ ადამიანად ვიგრძენი თავი რადგან მე ჩემივე წონის ძაღლს ხელში ვერ ავიყვანდი, კიბეზე ვიჯექი და ვტიროდი. მეზობელი დაგვეხმარა ამოყვანაში. მეორე დღესვე წავიყვანე ექიმთან. სახსრების მწვავე ანთება აღმოაჩნდა. წამლები რომ გამოუწერეს გულწრფელად მეგონა ვეტერინარულ კლინიკაში უნდა მეყიდა, მაგრამ ამიხსნეს რომ საქართველოში ასეთი ტიპის ცხოველების მედიკამენტები არ იშოვება, რის გამოც ადამიანების წამლებს უწერენ ძაღლებსაც. ვუთხარი რომ 1 თვეში მივდიოდი ამერიკაში და შემეძლო იქიდანაც ჩამომეტანა თუ რაიმე განსაკუთრებული საჭიროების იყო ამ მედიკამენტების გარდა, თუმცა იქ ურეცეპტოდ ვერ მომცემენ წამალს, აქაური რეცეპტს კი იქ არ ცნობენ. მოკლედ ადამიანის წამალი ერთადერთი გამოსავალი იყო ჩემი დოლისთვის რომ ისევ გაევლო.

ახლა უკეთაა, უკვე აღარ კოჭლობს, ცოტა კიბეზე ამოსვლა უჭირს, მაგრამ ამოდის. ვფიქრობ როგორ გამიმართლა ამჯერად, რომ ჩემი ძაღლი ფეხზე დადგება, რადგან ჯერ 1 სექტემბერი არ არის. არ ვიცი რა იქნება მერე, ჯერ სულ რვა თვისაა, უკვე ამდენი სტრესი გადაიტანა, სახსრების ანთებაც საკმაოდ ძველი ტკივილია, რომელიც ქუჩაში გატარებულმა ზამთარმა დაუტოვა, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ერთ დღესაც, როცა უკვე მოსული იქნება პირველი სექტემბერი ჩემი დოლი გახდეს ავად. რა უნდა ვქნა მერე? ვეტერინარის გამოწერილი რეცეპტით ადამიანის წამალს მე არავინ მომყიდის აფთიაქში, ადამიანების ექიმი კი ძაღლისთვის წამალს ვერ გამომიწერს. ძაღლების მედიკამენტები კი საერთოდ არ იშოვება ჩვენს ქვეყანაში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს არ უყვართ ადამიანები და არც ცხოველები. ჩვენ არ ვართ საზოგადოება სადაც ზრუნავენ ერთმანეთზე, ყველაფერი მოჩვენებითია 15 ლარიანი საკვები იყიდება ძაღლისთვის და 120 ლარიანი საწოლიც, მაგრამ წამალი არა. პანდუსები კეთდება რომელზეც გამოცდილი კასკადორი თუ გაბედავს ჩასრიალებას. ვზივარ სასოწარკვეთილი და ვფიქრობ, რა მოხდება 1 სექტემბრის შემდეგ ჩემი ძაღლი ავად რომ გახდეს.

ჩემი დიდი გული

დატოვე კომენტარი

არაფერია იმაზე მტკივნეული ადამიანი იმედს რომ გაგიცრუვებს. განა რამეს გააფუჭებს, ან გაწყენინებს, უბრალოდ შენს მოლოდინს ოდნავადაც ვერ მიწვდება. ვერაფრით ვისწავლე, რომ ადამიანების არ მჯეროდეს, უფრო სწორად მათი ადამიანურობის დოზების მიმართ მოლოდინი შევამცირო. ვერ ვისწავლე, რადგან მე ვირჩევ გამიცრუვდეს იმედი, მაგრამ მჯეროდეს ადამიანების ადამიანურობის. ადამიანურობის ცნებაც როგორი სუბიექტურია. ჩემთვის ადამიანურობა არის იზოლირებულად ყოფნა და დოზირებულად კომუნიკაცია. არსებობს სამი შედეგი ნებისმიერ ურთიერთობაში, გაგება, მიღება ან იგნორირება. სხვა შედეგები არის დროებითი და ამ სამიდან რომელიმეს უტრირებული ვერსია.

მე ზომაზე ორჯერ დიდი გულით დავიბადე. ბავშვობაში სანამ მკერდი შემეტყობოდა ჩემს გულის ცემას დაინახავდით. დიახ, სრულიად შეუიარაღებელი თვალით. ყველა მე მაშტერდებოდა ხოლმე გულზე და რა მოძრაობსო მეკითხებოდნენ, ან ჩემს მშობლებს ეკითხებოდნენ. დღემდე, განსაკუთრებით ემოციურ მდგომარეობაში, როდესაც გულისცემა მატულობს, ჩემი გულისცემის დანახვა შესაძლებელია.

ეს საერთოდ არ არის სახალისო ან საინტერესო. დიდგულა ხარო იფიქრებს ვინმე ახლა კითხვისას ხუმრობით, არადა ფიზიოლოგიაა მხოლოდ, კუნთია, რომელიც ზედმეტად განვითარდა. სინამდვილეში ძალიან მშიშარა ვიყავი ყოველთვის. ჩემს შეშინებაზე ადვილი ალბათ არაფერია დედამიწის ზურგზე.

ბავშვობაში საკმაოდ უცნაური ვიყავი. არ მომწონდა შეხება, არ ვიცინოდი, არ ვკონტაქტობდი, ან იშვიათად, მეშინოდა ყველაფრის, ვკითხულობდი დაძალების გარეშე და 3 წლიდან, ვიგონებდი ჩემს ენას და ვწერდი დღიურებს, ვმედიტირებდი მაშინ როცა არ ვიცოდი რა იყო მედიტაცია, საათობით ვიჯექი ბნელ ოთახში რომ დავმშვიდებულიყავი და ჩემი ემოციები მომეთოკა. ემოციური ვარ და მიჭირს დაწყნარება თუ ავღელდი. ერთადერთი რაც დღემდე მშველის ბნელი ოთახი და მარტოობაა. ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, რასაც ჩემი ფიზიოლოგიაც ემატებოდა, მე მომიწია ადაპტაცია. ადაპტაცია არის ის უნარი რომელიც ასევე თანდაყოლილი მაქვს ალბათ, რადგან ყველაზე ბუნებრივად და მარტივად გამომდიოდა ყოველთვის. სოციუმში სადაც მე ვიზრდებოდი ჩემი უცნაური ჩვევების გამო აუცილებელი იყო რაღაც უნარების გამომუშავება, იმისთვის რომ მე უცნაურად სასაცილო გოგოს ნაცვლად, უბრალოდ უცნაური გოგო ვყოფილიყავი. მაშინ აგრესია იყო ყველგან, სახლებში, ქუჩაში, სკოლაში. ყველა გაღიზიანებული და აგრესიული იყო, არც კი ვიცი როგორ ჩამოვყალიბდით იმ გარემოში პიროვნებებად, ალბათ უბრალოდ გადავრჩით თაობის რაღაც ნაწილი.

ასე გავხდი მანიპულატორი. მანიპულაცია არის ის თვისება, რომელიც საკმაოდ ადრეულ ბავშვობაში გარემოსთან ადაპტაციის დროს იძულებით გამოვიმუშავე, ეს ჩემი თავდაცვის უმთავრესი მექანიზმი იყო და საკმაოდ ეფექტური. თავდაჯერებულობა, დარწმუნება, მანიპულირება. ერთხელ როცა 6 წლის ვიყავი ჩემზე 4 წლით უფროს ბიჭებს, მხოლოდ იმიტომ რომ წინა დღეს გამაბრაზეს, ეზოში ორმო ამოვათხრევინე, იქამდე თხრიდნენ სანამ უფროსებმა არ შენიშნეს როცა ქვაფენილის ფენაზე ჩავიდნენ და რიყის ნათალი ქვების ამოლაგება დაიწყეს. ეგონათ რომ განძს ეძებდნენ, რადგან მე დავარწმუნე. არ ვამაყობ, ოდნავადაც. ხშირად ვფიქრობ იყო თუ არა ეს ძალადობა.  უფრო ძალის დემონსტრირება იყო, რომ მეორედ აღარ ეწყენინებინათ.

მქონდა პერიოდი, როცა მანიპულაცია მსიამოვნებდა. ეს იყო სიბრაზის ეტაპი ჩემ ცხოვრებაში. სინამდვილეში საკუთარ თავზე ვბრაზობდი, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი ამას. როგორც ადამიანების უმეტესობა იზამდა, მეც სიბრაზის ობიექტის მოძებნა ყველაზე ბოლოს საკუთარ თავში ვცადე.

იცით როდის იტყუები ყველაზე უკეთ? როცა არ იტყუები. ამას რომ მივხვდი 10 წლისაც არ ვიქნებოდი. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, კარგად განვითარებული წარმოსახვა მაქვს. ყველაფრის ვიზუალიზაცია შემიძლია მომენტალურად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ეს გავს მეხსიერებას, თავისი ყველა დეტალით, კედელზე დაკიდებული ძველი საათის ჩარჩოს ჩათვლით, ვიღაცის უკანა ფონზე, რომელზეც მე მოგიყვებით ამბავს და საათს საერთოდ არ ვახსენებ, მაგრამ ის ჩემს წარმოსახვაში მაინც იქნება. მე ამ წლების განმავლობაში ისე გავიწაფე ტყუილსა და მანიპულაციაში, რომ ნებისმიერი სიტუაციის სრულყოფილად ვიზუალიზაცია შემიძლია უკანასკნელ დეტალამდე, თითქოს ეს ნამდვილი მოგონებაა და მე ამას ვიჯერებ. ეს იმდენას სწრაფად და პარალელურ რეჟიმში ხდება, თითქოს წინსწრებითაც, რომ მე მართლაც ვიხსენებ იმას რასაც ვყვები. ყველაზე უნიკალური რაც ჩემს ტყუილებს ახასიათებს ისაა, რომ მე მავიწყდება მათი მცდარობა წლების შემდეგ. სერიოზულად უნდა დავძაბო გონება და დავხარჯო ძალისხმევა იმისთვის, რომ გავიხსენო ტყუილია თუ არა ესა თუ ის მოვლენა ჩემი მოგონებებიდან.

ერთხელ ჩვენთან შორეული ნათესავი გადმოვიდა დროებით საცხოვრებლად. ძალიან მავნე და რთული ხასიათის გოგონა იყო. რამეს რომ გააფუჭებდა მაშინვე გარბოდა და ამბობდა რომ ეს მე სპეციალურად გავაფუჭე. არადა ბოროტი არ ვიყავი, რომ ეთხოვა მერიდება შენების და არ უთხრა რომ მე ვიყავიო, შეწინააღმდეგების გარეშე დავიბრალდებდი, თავადაც კი შევთავაზებდი, მაგრამ ის მავნებლობდა. მოთმინება რამდენიმე კვირას მეყო. მე მაშინ ვცეკვავდი, ის კი საკმაოდ მოუქნელი და ჩაფსკვნილი იყო. ერთი დღეც არ ქონდა ნავარჯიშები, ისეთი აი მყესები რომ 10 წლის ასაკშივე ქვასავით აქვთ. ერთ დღესაც წინ დავისვი და დავარწმუნე, რომ ყველაფერი შეეძლო რასაც მოინდომებდა თუნდაც ეს შპაკატში ჩაჯდომა ყოფილიყო და ის ჩაჯდა, ზუსტად ერთი ცდით. იცით როგორ ტკიოდა? არ იცით, რადგან მისის სახე არ გინახავთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ჩაჯდა.  რამდენიმე წუთის შემდეგ ისევე როგორც სხვებს მასაც გამონათება ქონდა სახეზე. ესეც ერთ-ერთი ნიუანსია. დარწმუნების შემდეგ, რომლის დროსაც ფაქტობრივად ჰიპნოზის მდგომარეობაში არიან, ადამიანებს სახეზე გამონათება აქვთ ხოლმე, ის წამია როცა მიყურებენ და ხვდებიან მე რა გავაკეთე, მაგრამ იციან რომ თქმას არანაირი აზრი არ აქვს. მარცხდებიან და აღარასდროს არღვევენ ჩემს პირად სივრცეს.

მანიპულაცია დამღლელია და საერთოდ არ არის სასიამოვნო. რთულია იყო გარემოცული ადამიანებით, რომელთა გამოსწორების დაუოკებელი სურვილი გაქვს და საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევ, პარალელურად კი უძლებდე მათით მანიპულაციის და დარწმუნების მცდელობებს. საერთოდ არ ვაპირებ რომ ამ სიტუაციაში საკუთარი თავი გამოვიყვანო ტანჯულისა და მსხვერპლის როლში. მე არც ერთი ვარ და არც მეორე და ეს ვიცი. უბრალოდ მოსაბეზრებელია გქონდეს სათამაშო, რომლითაც თამაშს არასწორად მიიჩნევ და სინდისი გქენჯნის. უფრო სწორად გიკვირს რომ გაქვს.

 

%d bloggers like this: