არაფერია იმაზე მტკივნეული ადამიანი იმედს რომ გაგიცრუვებს. განა რამეს გააფუჭებს, ან გაწყენინებს, უბრალოდ შენს მოლოდინს ოდნავადაც ვერ მიწვდება. ვერაფრით ვისწავლე, რომ ადამიანების არ მჯეროდეს, უფრო სწორად მათი ადამიანურობის დოზების მიმართ მოლოდინი შევამცირო. ვერ ვისწავლე, რადგან მე ვირჩევ გამიცრუვდეს იმედი, მაგრამ მჯეროდეს ადამიანების ადამიანურობის. ადამიანურობის ცნებაც როგორი სუბიექტურია. ჩემთვის ადამიანურობა არის იზოლირებულად ყოფნა და დოზირებულად კომუნიკაცია. არსებობს სამი შედეგი ნებისმიერ ურთიერთობაში, გაგება, მიღება ან იგნორირება. სხვა შედეგები არის დროებითი და ამ სამიდან რომელიმეს უტრირებული ვერსია.

მე ზომაზე ორჯერ დიდი გულით დავიბადე. ბავშვობაში სანამ მკერდი შემეტყობოდა ჩემს გულის ცემას დაინახავდით. დიახ, სრულიად შეუიარაღებელი თვალით. ყველა მე მაშტერდებოდა ხოლმე გულზე და რა მოძრაობსო მეკითხებოდნენ, ან ჩემს მშობლებს ეკითხებოდნენ. დღემდე, განსაკუთრებით ემოციურ მდგომარეობაში, როდესაც გულისცემა მატულობს, ჩემი გულისცემის დანახვა შესაძლებელია.

ეს საერთოდ არ არის სახალისო ან საინტერესო. დიდგულა ხარო იფიქრებს ვინმე ახლა კითხვისას ხუმრობით, არადა ფიზიოლოგიაა მხოლოდ, კუნთია, რომელიც ზედმეტად განვითარდა. სინამდვილეში ძალიან მშიშარა ვიყავი ყოველთვის. ჩემს შეშინებაზე ადვილი ალბათ არაფერია დედამიწის ზურგზე.

ბავშვობაში საკმაოდ უცნაური ვიყავი. არ მომწონდა შეხება, არ ვიცინოდი, არ ვკონტაქტობდი, ან იშვიათად, მეშინოდა ყველაფრის, ვკითხულობდი დაძალების გარეშე და 3 წლიდან, ვიგონებდი ჩემს ენას და ვწერდი დღიურებს, ვმედიტირებდი მაშინ როცა არ ვიცოდი რა იყო მედიტაცია, საათობით ვიჯექი ბნელ ოთახში რომ დავმშვიდებულიყავი და ჩემი ემოციები მომეთოკა. ემოციური ვარ და მიჭირს დაწყნარება თუ ავღელდი. ერთადერთი რაც დღემდე მშველის ბნელი ოთახი და მარტოობაა. ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, რასაც ჩემი ფიზიოლოგიაც ემატებოდა, მე მომიწია ადაპტაცია. ადაპტაცია არის ის უნარი რომელიც ასევე თანდაყოლილი მაქვს ალბათ, რადგან ყველაზე ბუნებრივად და მარტივად გამომდიოდა ყოველთვის. სოციუმში სადაც მე ვიზრდებოდი ჩემი უცნაური ჩვევების გამო აუცილებელი იყო რაღაც უნარების გამომუშავება, იმისთვის რომ მე უცნაურად სასაცილო გოგოს ნაცვლად, უბრალოდ უცნაური გოგო ვყოფილიყავი. მაშინ აგრესია იყო ყველგან, სახლებში, ქუჩაში, სკოლაში. ყველა გაღიზიანებული და აგრესიული იყო, არც კი ვიცი როგორ ჩამოვყალიბდით იმ გარემოში პიროვნებებად, ალბათ უბრალოდ გადავრჩით თაობის რაღაც ნაწილი.

ასე გავხდი მანიპულატორი. მანიპულაცია არის ის თვისება, რომელიც საკმაოდ ადრეულ ბავშვობაში გარემოსთან ადაპტაციის დროს იძულებით გამოვიმუშავე, ეს ჩემი თავდაცვის უმთავრესი მექანიზმი იყო და საკმაოდ ეფექტური. თავდაჯერებულობა, დარწმუნება, მანიპულირება. ერთხელ როცა 6 წლის ვიყავი ჩემზე 4 წლით უფროს ბიჭებს, მხოლოდ იმიტომ რომ წინა დღეს გამაბრაზეს, ეზოში ორმო ამოვათხრევინე, იქამდე თხრიდნენ სანამ უფროსებმა არ შენიშნეს როცა ქვაფენილის ფენაზე ჩავიდნენ და რიყის ნათალი ქვების ამოლაგება დაიწყეს. ეგონათ რომ განძს ეძებდნენ, რადგან მე დავარწმუნე. არ ვამაყობ, ოდნავადაც. ხშირად ვფიქრობ იყო თუ არა ეს ძალადობა.  უფრო ძალის დემონსტრირება იყო, რომ მეორედ აღარ ეწყენინებინათ.

მქონდა პერიოდი, როცა მანიპულაცია მსიამოვნებდა. ეს იყო სიბრაზის ეტაპი ჩემ ცხოვრებაში. სინამდვილეში საკუთარ თავზე ვბრაზობდი, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი ამას. როგორც ადამიანების უმეტესობა იზამდა, მეც სიბრაზის ობიექტის მოძებნა ყველაზე ბოლოს საკუთარ თავში ვცადე.

იცით როდის იტყუები ყველაზე უკეთ? როცა არ იტყუები. ამას რომ მივხვდი 10 წლისაც არ ვიქნებოდი. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, კარგად განვითარებული წარმოსახვა მაქვს. ყველაფრის ვიზუალიზაცია შემიძლია მომენტალურად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ეს გავს მეხსიერებას, თავისი ყველა დეტალით, კედელზე დაკიდებული ძველი საათის ჩარჩოს ჩათვლით, ვიღაცის უკანა ფონზე, რომელზეც მე მოგიყვებით ამბავს და საათს საერთოდ არ ვახსენებ, მაგრამ ის ჩემს წარმოსახვაში მაინც იქნება. მე ამ წლების განმავლობაში ისე გავიწაფე ტყუილსა და მანიპულაციაში, რომ ნებისმიერი სიტუაციის სრულყოფილად ვიზუალიზაცია შემიძლია უკანასკნელ დეტალამდე, თითქოს ეს ნამდვილი მოგონებაა და მე ამას ვიჯერებ. ეს იმდენას სწრაფად და პარალელურ რეჟიმში ხდება, თითქოს წინსწრებითაც, რომ მე მართლაც ვიხსენებ იმას რასაც ვყვები. ყველაზე უნიკალური რაც ჩემს ტყუილებს ახასიათებს ისაა, რომ მე მავიწყდება მათი მცდარობა წლების შემდეგ. სერიოზულად უნდა დავძაბო გონება და დავხარჯო ძალისხმევა იმისთვის, რომ გავიხსენო ტყუილია თუ არა ესა თუ ის მოვლენა ჩემი მოგონებებიდან.

ერთხელ ჩვენთან შორეული ნათესავი გადმოვიდა დროებით საცხოვრებლად. ძალიან მავნე და რთული ხასიათის გოგონა იყო. რამეს რომ გააფუჭებდა მაშინვე გარბოდა და ამბობდა რომ ეს მე სპეციალურად გავაფუჭე. არადა ბოროტი არ ვიყავი, რომ ეთხოვა მერიდება შენების და არ უთხრა რომ მე ვიყავიო, შეწინააღმდეგების გარეშე დავიბრალდებდი, თავადაც კი შევთავაზებდი, მაგრამ ის მავნებლობდა. მოთმინება რამდენიმე კვირას მეყო. მე მაშინ ვცეკვავდი, ის კი საკმაოდ მოუქნელი და ჩაფსკვნილი იყო. ერთი დღეც არ ქონდა ნავარჯიშები, ისეთი აი მყესები რომ 10 წლის ასაკშივე ქვასავით აქვთ. ერთ დღესაც წინ დავისვი და დავარწმუნე, რომ ყველაფერი შეეძლო რასაც მოინდომებდა თუნდაც ეს შპაკატში ჩაჯდომა ყოფილიყო და ის ჩაჯდა, ზუსტად ერთი ცდით. იცით როგორ ტკიოდა? არ იცით, რადგან მისის სახე არ გინახავთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ჩაჯდა.  რამდენიმე წუთის შემდეგ ისევე როგორც სხვებს მასაც გამონათება ქონდა სახეზე. ესეც ერთ-ერთი ნიუანსია. დარწმუნების შემდეგ, რომლის დროსაც ფაქტობრივად ჰიპნოზის მდგომარეობაში არიან, ადამიანებს სახეზე გამონათება აქვთ ხოლმე, ის წამია როცა მიყურებენ და ხვდებიან მე რა გავაკეთე, მაგრამ იციან რომ თქმას არანაირი აზრი არ აქვს. მარცხდებიან და აღარასდროს არღვევენ ჩემს პირად სივრცეს.

მანიპულაცია დამღლელია და საერთოდ არ არის სასიამოვნო. რთულია იყო გარემოცული ადამიანებით, რომელთა გამოსწორების დაუოკებელი სურვილი გაქვს და საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევ, პარალელურად კი უძლებდე მათით მანიპულაციის და დარწმუნების მცდელობებს. საერთოდ არ ვაპირებ რომ ამ სიტუაციაში საკუთარი თავი გამოვიყვანო ტანჯულისა და მსხვერპლის როლში. მე არც ერთი ვარ და არც მეორე და ეს ვიცი. უბრალოდ მოსაბეზრებელია გქონდეს სათამაშო, რომლითაც თამაშს არასწორად მიიჩნევ და სინდისი გქენჯნის. უფრო სწორად გიკვირს რომ გაქვს.