მაპატიე ჩემო პატარა ანგელოზო რომ ვერ გაგაჩინე. ბოლო 6 წლის განმავლობაში დღე არ გავა რომ არ ვიფიქრო ჩემს დანაშაულზე. იმ უჯრედს ვეძებ რომელმაც შენ ვერ აგიტანა ჩემს ორგანიზმში, დავსდევ ჩემს ორგანოებს, ფსიქიკას, ჩემს ჯანმრთელობას, ყველაფერი მძულს, იმიტომ რომ შენ ვერ გაგაჩინეს. მე ყველაზე უსუსურმა ადამიანმა ვერ შევძელი ჩემი სიცოცხლე დამეთმო შენთვის. 6 წელი გავიდა კიდევ მაგაზე ფიქრობო, სხვა შვილს გააჩენ ახალსო. მათ ტვინებში და გულებში ჩამახედა რა ადამიანები არიან ეს რომ ამოსდით პირიდან. სხვა ჩანთა, სხვა მანქანა, სხვა სახლი, ახალი ფეხსაცმელი და ახალი შვილი რომ ყავთ გატოლებული ერთმანეთთან, ან 6 წელი განა რა არის როცა მკვდარი შვილის მატარებელი ხარ მუცლით, რამდენი ასი 6 წელი უნდა გავიდეს რომ ეს დაივიწყო ან რამდენი შვილი უნდა გააჩინო, რომ ის დაივიწყო, უნიკალური ადამიანი, თავისი ხასიათით, სულით, ადამიანი და არა ხორცის ნაგლეჯი. ალბათ ისინი ხორცის ნაგლეჯებს აჩენენ, მე კიდევ ადამიანი მომიკვდა ჩემში, ჩემი და თან თავისუფალი, ინდივიდუალური, განუმეორებელი. მე იმ ადამიანისთვის მინდოდა სიცოცხლის მიცემა. რატომ განიცდი ცხარე ცრემლით ასე ახლად ამ ტკივილსო, ნეტა არ განვიცდიდე, ნეტა მეც ახალ ხორცზე ვფიქრობდე. დაშლილი ვარ ნაწილებად და ვკოწიწდები ყოველ წელს იმ დროს ის რომ უნდა გაჩენილიყო, მისი დაბადებისდღე რომ უნდა ყოფილიყო. სხვა შვილი გააჩინეო გაგივლისო, დაივიწყებო. მე სხვა შვილი არ მინდა, ან როგორ უნდა მინდოდეს როცა ერთი უკვე მოვკალი, ვერ გავზარდე, ვერ მივეცი სიცოცხლე, კიდევ რამდენი უნდა შეიწიროს ჩემმა ეგოიზმმა სანამ დედა გავხდები, ან იმან როგორ უნდა შემიყვაროს მუცელში კი არა სასაფლაოში რომ გაიზარდება.
ყოფილი ცოლის პოსტი
ოქტომბერი 18, 2014
როგორც საქართველოში საშუალოდ 30 წლის ქალების 90%-ს მეც მყავდა “ბავშვობის ქმარი”. ამ თემაზე არ დავწერდი გუშინდელი ფაქტი რომ არა. გუშინ ჩემს ბავშვობის მეგობართან საღამოს ჩაიზე ჩავედი, ბევრი ვისაუბრეთ და აქტუალობიდან გამომდინარე ყოფილებზე გადავერთეთ, მოულოდნელად ჩემი მეგობარი მიყვება ჩემს თავზე ამბავს, რომელიც საერთოდ არ მახსოვს. მიყვება დეტალებში და მე ვისმენ ისე თითქოს აბსოლუტურად უცნობ ადამიანზე იყოს. მან მომიყვა, რომ დაახლოებით 10 წლის წინ მასთან ჩავედი სრულ ისტერიკაში, ტირილით და საშინელი ისტორიებით, რომელზეც მანამდე არ ვსაუბრობდი, ჩემი დაქალი განაგრძობს და მეუბნება, რომ ისე გაბრაზდა უნდოდა მისულიყო, გაელანძღა, თურმე მეუბნებოდა რომ გავშორებოდი და როცა გამაცილა, ჩემი ყოფილი ქმარი მის კართან იდგა და ჩუმად ყველაფერს ისმენდა.
გუშინ მთელი საღამო შოკში ვიყავი, როგორ შეიძლება რამე მსგავსი გაიგო საკუთარ თავზე და არათუ ფაქტის დონეზე ემოციურადაც კი ვერ აღიდგინო ვერცერთი წამი მონაყოლიდან. მერე დავიწყე გახსენება და მხოლოდ გუშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეხსიერებაში არის დიდი შავი ლაქები იმ პერიოდიდან, რომელთა არსებობასაც კი ვერ ვამჩნევდი გუშინდელ დღემდე, გუშინ კი მოულოდნელად როდესაც აღმოვაჩნე რაღაც არ მახსოვდა ყველა შავი ლაქა ერთბაშად გაჩნდა ჩემს მეხსიერებაში. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ უამრავი რამ მოხდა იმ დროს, რაზეც წარმოდგენაც კი არ მაქვს.
მხოლოდ ის დავასკვენი, რომ ჩემს მეხსიერებაში სადღაც ღრმად უჯრაში ჩაკეტილი უამრავი ნეგატივია, რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს, იმაზეც ვიფიქრე ჩემი ხასიათის ცვლილებები და პერიოდული აუხსნელი დეპრესიის მიზეზი ეს ჰო არ არის და ფსიქოლოგს ჰო არ ვიმართო, რომ ეს უჯრა გავხსნა და მივიღო ჩემი წარსული. ერთადერთი რაც კარგად მახსოვს ისაა, რაც მაშინ სასამართლოზე მოვყევი, ოღონდ მხოლოდ ფაქტებად ემოციების გარეშე, თითქოს ვიღაც სხვისი ამბავია და არა ჩემი.
ყველაფერი დაიწყო ჩემი დაკარგვის შიშით. მას ქონდა მანიაკალური შიში, რომ მე აუცილებლად მივატოვებდი და ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებდა. მახსოვს 2 კვირა საწოლში გავატარე როცა სედატიურებზე ვყავდი მუდმივი ძილის რეჟიმში, ზუსტად არ ვიცი რას მასმევდა, მაგრამ ერთ დილას ყავა რომ მომიტანა საწოლში დაახლოებით 2 კვირა მეძინა მას შემდეგ. ბუნდოვნად მახსოვს პერიოდულად რომ მაღვიძებდა ჭამისთვის. იყო პერიოდი, როცა მომწამლა და დიდი სიამოვნებით მივლიდა, მისივე თქმით ძალიან სიამოვნებდა ჩემი მოვლა და მზად იყო მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა, ოღონდ არ წავსულიყავი არსად. აბსოლუტურად ყოველთვის ჩუმად დამყვებოდა, ქუჩაშიც კი ვგრძნობდი როგორ მომდევდა უკან, როცა მეგობართან მივდიოდი, რამდენჯერმე დავიჭირე კიდეც ფაქტზე. კიდევ ბევრი რამე შემიძლია ვთქვა, უფრო მტკივნეულს და ჩემთვის შეურაცხმყოფელის მოყოლისთვის მზად არ ვარ ასე საჯაროდ, მაგრამ მთავარი კითხვა ალბათ რაც ყველას აქვს. რატომ გავყევი ცოლად? ან რატომ არ დავშორდი პირველივე ასეთ შემთხვევაზე?
რატომ გავყევი ცოლად? მიყვარდა, თავს კარგად ვგრძნობდი მასთან, მხიარული იყო, თავისუფალი და კარგად ვერთობოდით, ბევრს ვსაუბროდით ფროიდზე და ა.შ. როგორცკი ჩემს მეგობრებს და ოჯახს გავაცანი ყველამ ერთხმად მითხრა რომ გავშორებოდი. არ მოეწონათ, იმდენად რომ დედაჩემმა მასთან შეხვედრა ამიკრძალა, მეგობრებმაც მისი მხარე დაიჭირეს. ზუსტად ვიცოდი, რომ შევხვედროდი აუცილებლად მივიდოდა დედაჩემის ყურამდე, მეგობრებისგან თავის დაღწევა და რამეს დამალვა ბევრად რთულია ვიდრე მშობლებისგან. არავის ვადანაშაულებ აბსოლუტურად, მე ვიყავი სრულწლოვანი ადამიანი და თავად მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ არ შეეზღუდათ ჩემთვის მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა აუცილებლად გავშორდებოდით ერთმანეთს, ოღონდ როგორც “შეყვარებულები”, ნუ მაქსიმუმ 1 დღე ვიტირებდი რომ მანიაკი შემიყვარდა და გამივლიდა.
რატომ არ გავშორდი პირველივე ძალადობის შემთხვევაზე? პირველი რეაქცია როცა მანიაკალური დამოკიდებულებების გამოვლენა დაიწყო იყო ჩემი თავმოყვარეობის შელახვა. როცა აცნობიერებ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი მართალი იყო და მათი ყოველი სიტყვა იყო ჭეშმარიტება, მხოლოდ შენ იყავი დებილი შეყვარებული გოგო და თვითგვემას ეწევი, რომ მეტის ღირსი ხარ. მეორე ეტაპი იყო, როცა გინდა საშველად მიმართო, უკვე გკიდია თავმოყვარეობა, მაგრამ ემოციურად იმდენად დაღლილი ხარ ამ ყველაფრისგან რაც შენს თავს ყოველდღე ხდება, რომ კიდევ ვინმეს “აი მე ჰომ გეუბნებოდის” მოსმენაზე შეიძლება ხარაკირი გაიკეთო. და ასე რჩები სრულიად მარტო “იდეალური” ურთიერთობით. იმ პერიოდის ჩანაწერი რომ არსებობდეს სადმე ზეცაში, სამოთხეში ნაღდად არ მოვხვდები მაგრამ ოსკარს აუცილებლად მომცემენ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
როცა ჩემზე მისმა არცერთმა მუქარამ არ გაჭრა, არც სედატიურებით გათიშვამ, არც მოვლამ, არც მოკვლის რამდენიმე მცდელობამ, გადაწყვიტა ჩემს სუსტ წერტილზე ემუშავა – სიბრალულზე. მისი მთავარი შანტაჟის იარაღი ის იყო, რომ თავს მოიკლავდა თუ მივატოვებდი. უცბად რომ გინათდება გონება ეგ დამემართა ერთ დღეს, მივხვდი, რომ არავინ არ იკლავს თავს გაშორების გამო თუ თავად არ აქვს სერიოზული პრობლემები ფსიქიკასთან, მივხვდი რომ მსხვერპლი მე ვარ და არა ის. ვაღიარე საკუთარ თავთან რომ შევცდი და გავაცნობიერე რომ შეცდომის აღიარება სამარცხვინო არ არის, სამარცხვინო ასეთ მდგომარეობაში ცხოვრებაა. დავიჯერე საკუთარი თავის და ძალების, რომ მე ამას აუცილებლად შევძლებდი.
იმ დღეს მეგობრები დავპატიჟე სახლში, ოთახი დავალაგე და ამ პროცესში ყველა ბასრი იარაღი გადავმალე. მერე გავიყვანე ცალკე და ვუთხარი რომ ბარგს ვულაგებდი, იმიტომ რომ ჩვენ ვშორდებოდით. კითხვაზე რატომ? არ ვუპასუხე. იმიტომ რომ იცოდა რატომ. მაშინ გამოვიტანე გაკვეთილი, რომ ადამიანებს არასდროს უნდა აუხსნა ის რაც ისედაც იციან, მაგ კამათში ვერ მოიგებ. ჯობია არ აუხსნა. კარისკენ რომ წავედი ჯიბეში გადამალული ქაღალდის საჭრელი დამადო ყელზე, უბრალოდ კარში ფეხის ჩადება მოვასწარი რომ ვერ დაეკეტა და გვერდით ოთახში მჯდომ მეგობრებს დავუძახე. როცა მიხვდა მაინც ვშორდებოდი ვენები გადაიჭრა, მერე მთელ სახლში მუხლდაჩოქილმა მსდია და შერიგება მეხვეწა, იატაკი სულ სისხლიანი იყო, მაგრამ მე მაინც განვაგრძობდი 0 ემოციით მისი ტანსაცმლის ჩანთებში ჩალაგებას. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვინარჩუნებდი ამდენ სისხლში სიმშვიდეს, მაგრამ მართლა აღარაფერი მქონდა დარჩენილი შიგნით უკვე ემოციის მაგვარი, ან შეიძლება ეს იყო ზუსტად ის მომენტი, როცა ყველა ჩემი მოგონება ემოციებთან ერთად იმ უჯრაში ჩავკეტე. სასწრაფო რომ მოვიდა ყველაფერი გავატანე. წასვლის წინ დამემუქრა რომ მჟავას გადამასხავდა ქუჩაში მის გარდა არცერთ კაცს რომ არ შეეხედა ჩემთვის ზიზღის გარეშე და როცა დედამიწაზე მხოლოდ მას ვეყვარებოდი ისეთი მახინჯიც, მასთან აუცილებლად დავბრუნდებოდი.
პ.ს. ჩვენ ერთად 3 თვე ვიცხოვრეთ, წარმოდგენა არ მაქვს ასეთ პატარა ასაკში როგორ მოვახერხე ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. მაგრამ ძალიან რთულად წარმომიდგენია რას განიცდიან ქალები, რომლებიც წლობით არიან ამ მდგომარეობაში. თუ მე რამდენიმე თვიანი ურთიერთობის მერე მაქვს შავი ლაქები მეხსიერებაში და ჩემმა ტვინმა გადასარჩენად მეხსიერებიდან ეპიზოდები სადღაც გადამალა, რა მდგომარეობაშია იმ ქალების ფსიქიკა, რომლებიც წლების განმავლობაში არიან ძალადობის და ტერორის ქვეშ.
ჩემს თვალში ყველა ქალი, რომელმაც ამ ჩაკეტილ წრეს თავი დააღწია და ცოცხალი გადარჩა ნამდვილი გმირია.