როგორც საქართველოში საშუალოდ 30 წლის ქალების 90%-ს მეც მყავდა “ბავშვობის ქმარი”. ამ თემაზე არ დავწერდი გუშინდელი ფაქტი რომ არა. გუშინ ჩემს ბავშვობის მეგობართან საღამოს ჩაიზე ჩავედი, ბევრი ვისაუბრეთ და აქტუალობიდან გამომდინარე ყოფილებზე გადავერთეთ, მოულოდნელად ჩემი მეგობარი მიყვება ჩემს თავზე ამბავს, რომელიც საერთოდ არ მახსოვს. მიყვება დეტალებში და მე ვისმენ ისე თითქოს აბსოლუტურად უცნობ ადამიანზე იყოს. მან მომიყვა, რომ დაახლოებით 10 წლის წინ მასთან ჩავედი სრულ ისტერიკაში, ტირილით და საშინელი ისტორიებით, რომელზეც მანამდე არ ვსაუბრობდი, ჩემი დაქალი განაგრძობს და მეუბნება, რომ ისე გაბრაზდა უნდოდა მისულიყო, გაელანძღა, თურმე მეუბნებოდა რომ გავშორებოდი და როცა გამაცილა, ჩემი ყოფილი ქმარი მის კართან იდგა და ჩუმად ყველაფერს ისმენდა.
გუშინ მთელი საღამო შოკში ვიყავი, როგორ შეიძლება რამე მსგავსი გაიგო საკუთარ თავზე და არათუ ფაქტის დონეზე ემოციურადაც კი ვერ აღიდგინო ვერცერთი წამი მონაყოლიდან. მერე დავიწყე გახსენება და მხოლოდ გუშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეხსიერებაში არის დიდი შავი ლაქები იმ პერიოდიდან, რომელთა არსებობასაც კი ვერ ვამჩნევდი გუშინდელ დღემდე, გუშინ კი მოულოდნელად როდესაც აღმოვაჩნე რაღაც არ მახსოვდა ყველა შავი ლაქა ერთბაშად გაჩნდა ჩემს მეხსიერებაში. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ უამრავი რამ მოხდა იმ დროს, რაზეც წარმოდგენაც კი არ მაქვს.
მხოლოდ ის დავასკვენი, რომ ჩემს მეხსიერებაში სადღაც ღრმად უჯრაში ჩაკეტილი უამრავი ნეგატივია, რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს, იმაზეც ვიფიქრე ჩემი ხასიათის ცვლილებები და პერიოდული აუხსნელი დეპრესიის მიზეზი ეს ჰო არ არის და ფსიქოლოგს ჰო არ ვიმართო, რომ ეს უჯრა გავხსნა და მივიღო ჩემი წარსული. ერთადერთი რაც კარგად მახსოვს ისაა, რაც მაშინ სასამართლოზე მოვყევი, ოღონდ მხოლოდ ფაქტებად ემოციების გარეშე, თითქოს ვიღაც სხვისი ამბავია და არა ჩემი.
ყველაფერი დაიწყო ჩემი დაკარგვის შიშით. მას ქონდა მანიაკალური შიში, რომ მე აუცილებლად მივატოვებდი და ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებდა. მახსოვს 2 კვირა საწოლში გავატარე როცა სედატიურებზე ვყავდი მუდმივი ძილის რეჟიმში, ზუსტად არ ვიცი რას მასმევდა, მაგრამ ერთ დილას ყავა რომ მომიტანა საწოლში დაახლოებით 2 კვირა მეძინა მას შემდეგ. ბუნდოვნად მახსოვს პერიოდულად რომ მაღვიძებდა ჭამისთვის. იყო პერიოდი, როცა მომწამლა და დიდი სიამოვნებით მივლიდა, მისივე თქმით ძალიან სიამოვნებდა ჩემი მოვლა და მზად იყო მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა, ოღონდ არ წავსულიყავი არსად. აბსოლუტურად ყოველთვის ჩუმად დამყვებოდა, ქუჩაშიც კი ვგრძნობდი როგორ მომდევდა უკან, როცა მეგობართან მივდიოდი, რამდენჯერმე დავიჭირე კიდეც ფაქტზე. კიდევ ბევრი რამე შემიძლია ვთქვა, უფრო მტკივნეულს და ჩემთვის შეურაცხმყოფელის მოყოლისთვის მზად არ ვარ ასე საჯაროდ, მაგრამ მთავარი კითხვა ალბათ რაც ყველას აქვს. რატომ გავყევი ცოლად? ან რატომ არ დავშორდი პირველივე ასეთ შემთხვევაზე?
რატომ გავყევი ცოლად? მიყვარდა, თავს კარგად ვგრძნობდი მასთან, მხიარული იყო, თავისუფალი და კარგად ვერთობოდით, ბევრს ვსაუბროდით ფროიდზე და ა.შ. როგორცკი ჩემს მეგობრებს და ოჯახს გავაცანი ყველამ ერთხმად მითხრა რომ გავშორებოდი. არ მოეწონათ, იმდენად რომ დედაჩემმა მასთან შეხვედრა ამიკრძალა, მეგობრებმაც მისი მხარე დაიჭირეს. ზუსტად ვიცოდი, რომ შევხვედროდი აუცილებლად მივიდოდა დედაჩემის ყურამდე, მეგობრებისგან თავის დაღწევა და რამეს დამალვა ბევრად რთულია ვიდრე მშობლებისგან. არავის ვადანაშაულებ აბსოლუტურად, მე ვიყავი სრულწლოვანი ადამიანი და თავად მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ არ შეეზღუდათ ჩემთვის მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა აუცილებლად გავშორდებოდით ერთმანეთს, ოღონდ როგორც “შეყვარებულები”, ნუ მაქსიმუმ 1 დღე ვიტირებდი რომ მანიაკი შემიყვარდა და გამივლიდა.
რატომ არ გავშორდი პირველივე ძალადობის შემთხვევაზე? პირველი რეაქცია როცა მანიაკალური დამოკიდებულებების გამოვლენა დაიწყო იყო ჩემი თავმოყვარეობის შელახვა. როცა აცნობიერებ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი მართალი იყო და მათი ყოველი სიტყვა იყო ჭეშმარიტება, მხოლოდ შენ იყავი დებილი შეყვარებული გოგო და თვითგვემას ეწევი, რომ მეტის ღირსი ხარ. მეორე ეტაპი იყო, როცა გინდა საშველად მიმართო, უკვე გკიდია თავმოყვარეობა, მაგრამ ემოციურად იმდენად დაღლილი ხარ ამ ყველაფრისგან რაც შენს თავს ყოველდღე ხდება, რომ კიდევ ვინმეს “აი მე ჰომ გეუბნებოდის” მოსმენაზე შეიძლება ხარაკირი გაიკეთო. და ასე რჩები სრულიად მარტო “იდეალური” ურთიერთობით. იმ პერიოდის ჩანაწერი რომ არსებობდეს სადმე ზეცაში, სამოთხეში ნაღდად არ მოვხვდები მაგრამ ოსკარს აუცილებლად მომცემენ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
როცა ჩემზე მისმა არცერთმა მუქარამ არ გაჭრა, არც სედატიურებით გათიშვამ, არც მოვლამ, არც მოკვლის რამდენიმე მცდელობამ, გადაწყვიტა ჩემს სუსტ წერტილზე ემუშავა – სიბრალულზე. მისი მთავარი შანტაჟის იარაღი ის იყო, რომ თავს მოიკლავდა თუ მივატოვებდი. უცბად რომ გინათდება გონება ეგ დამემართა ერთ დღეს, მივხვდი, რომ არავინ არ იკლავს თავს გაშორების გამო თუ თავად არ აქვს სერიოზული პრობლემები ფსიქიკასთან, მივხვდი რომ მსხვერპლი მე ვარ და არა ის. ვაღიარე საკუთარ თავთან რომ შევცდი და გავაცნობიერე რომ შეცდომის აღიარება სამარცხვინო არ არის, სამარცხვინო ასეთ მდგომარეობაში ცხოვრებაა. დავიჯერე საკუთარი თავის და ძალების, რომ მე ამას აუცილებლად შევძლებდი.
იმ დღეს მეგობრები დავპატიჟე სახლში, ოთახი დავალაგე და ამ პროცესში ყველა ბასრი იარაღი გადავმალე. მერე გავიყვანე ცალკე და ვუთხარი რომ ბარგს ვულაგებდი, იმიტომ რომ ჩვენ ვშორდებოდით. კითხვაზე რატომ? არ ვუპასუხე. იმიტომ რომ იცოდა რატომ. მაშინ გამოვიტანე გაკვეთილი, რომ ადამიანებს არასდროს უნდა აუხსნა ის რაც ისედაც იციან, მაგ კამათში ვერ მოიგებ. ჯობია არ აუხსნა. კარისკენ რომ წავედი ჯიბეში გადამალული ქაღალდის საჭრელი დამადო ყელზე, უბრალოდ კარში ფეხის ჩადება მოვასწარი რომ ვერ დაეკეტა და გვერდით ოთახში მჯდომ მეგობრებს დავუძახე. როცა მიხვდა მაინც ვშორდებოდი ვენები გადაიჭრა, მერე მთელ სახლში მუხლდაჩოქილმა მსდია და შერიგება მეხვეწა, იატაკი სულ სისხლიანი იყო, მაგრამ მე მაინც განვაგრძობდი 0 ემოციით მისი ტანსაცმლის ჩანთებში ჩალაგებას. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვინარჩუნებდი ამდენ სისხლში სიმშვიდეს, მაგრამ მართლა აღარაფერი მქონდა დარჩენილი შიგნით უკვე ემოციის მაგვარი, ან შეიძლება ეს იყო ზუსტად ის მომენტი, როცა ყველა ჩემი მოგონება ემოციებთან ერთად იმ უჯრაში ჩავკეტე. სასწრაფო რომ მოვიდა ყველაფერი გავატანე. წასვლის წინ დამემუქრა რომ მჟავას გადამასხავდა ქუჩაში მის გარდა არცერთ კაცს რომ არ შეეხედა ჩემთვის ზიზღის გარეშე და როცა დედამიწაზე მხოლოდ მას ვეყვარებოდი ისეთი მახინჯიც, მასთან აუცილებლად დავბრუნდებოდი.
პ.ს. ჩვენ ერთად 3 თვე ვიცხოვრეთ, წარმოდგენა არ მაქვს ასეთ პატარა ასაკში როგორ მოვახერხე ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. მაგრამ ძალიან რთულად წარმომიდგენია რას განიცდიან ქალები, რომლებიც წლობით არიან ამ მდგომარეობაში. თუ მე რამდენიმე თვიანი ურთიერთობის მერე მაქვს შავი ლაქები მეხსიერებაში და ჩემმა ტვინმა გადასარჩენად მეხსიერებიდან ეპიზოდები სადღაც გადამალა, რა მდგომარეობაშია იმ ქალების ფსიქიკა, რომლებიც წლების განმავლობაში არიან ძალადობის და ტერორის ქვეშ.
ჩემს თვალში ყველა ქალი, რომელმაც ამ ჩაკეტილ წრეს თავი დააღწია და ცოცხალი გადარჩა ნამდვილი გმირია.
ოქტ 19, 2014 @ 13:00:24
შოკში ვარ, მეტს ვერაფერს ვიტყვი
ოქტ 19, 2014 @ 13:23:35
well done, კარგია რომ შეძელი!
ოქტ 19, 2014 @ 15:40:06
ფორუმ.ჯი-დან “გიცნობ” (შორიდან). ლამაზი ხარ და ძლიერი. არ ვიცოდი, ამ სიძლიერეს ასეთ დიდი სტრესი თუ ჰქონდა საფუძვლად.
მხოლოდ აღტაცება შემიძია გამოვხატო! ბავშობის ქმრით აღშფოთებას ჩემთვის დავიტოვებ :*
ოქტ 19, 2014 @ 15:47:56
ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით…
იყო საქართველოში ერთი გოგო ღარიბი ოჯახიდან და ჰყავდა ერთი შეყვარებული რომელიც მეზობლად ცხოვრობდა… 18 წლისანი იყვნენ ორივენი… უყვარდათ ერთმანეთი და ლოგინიც გამოიარეს უკვე… მაგრამ მოხდა ისე რომ ეს ბიჭი რუსეთში წავიდა განუსაზღვრელი ვადით და ამ ბიჭთან კონტაქტი გაწყდა… ეს გოგო კი დარჩა ორსულად!
ამ გოგომ გააჩინა ბავშვი!
ოჯახის ხელმოკლეობის გამო ამ გოგოს მალევე მოუწია სამუშაოს შოვნა და მუშაობის დაწყება… მაღაზიაში!
სამუშაოს დაწყებიდან სადღაც 3 თვეში შემთხვევით გაიცნო ჯერაც დაუქორწინებელი ბიჭი რომელიც საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო… მოეწონა ამ ბიჭს ეს გოგო… შეუყვარდა კიდეც და მალევე ხელი სთხოვა…
ამ გოგომ მოუყვა ყველაფერი თავისი წარსულის შესახებ და ისიც რომ ბავშვი ჰყავდა…
ყველაფრის და მიუხედავად ამ ბიჭმა ცოლად მოიყვანა ეს გოგო!
მაშინ უკვე ეს გოგო 19 წლის იყო და ბიჭი კი 25 წლის…
ამ ბიჭმა თავისი ერთგულების და სერიოზული დამოკიდებულების დასამტკიცებლად… და ის რომ მან ეს გოგო მიიღო ისეთ როგორიც იყო საქორწინო ხელშეკრულებაც კი დაუდო სადაც პირობა იყო ჩადებული რომ განქორწინების შემთხვევაში (მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა) ეს ბიჭი უხდიდა ამ გოგოს 50 000 ლარს! გასათვალისწინებელია ისიც რომ ოჯახის ხელმოკლეობის გამო ამ გოგოს ერთი კაპიკიც კი (მზითები) არ შეუტანია თავის ახალ შექმნილ ოჯახში (საერთო ქონება)!
შესდგა გრანდიოზული ქორწილი! ამ ბიჭის მშობებმა როგორც საკუთარი ქალიშვილი ისე მიიღეს ეს გოგო, (დედამთილმა რომ იტყვიან თავისი საგვარეულო ძვირფასეულობაც კი აჩუქა ამ გოგოს ისე როგორც ეკადრებოდა ქართულ ტრადიციას…)
ძვირფასეულობით დაამშვენეს და მორთეს ამ ბიჭის ახლობლებმაც ეს გოგო…
გაჩნდნენ ბავშვებიც… ბიჭი და გოგო! ამ გოგოს მიერ თან მოყვანილ ბავშვს კი ეს ბიჭი როგორც საკუთარს ისე ზრდიდა!
დამატებით ამ ბიჭმა იზრუნა იმაზეც რომ ამ ცოლისთვის განათლება მიეცა, (ფინანსური მხარდაჭერა, სწავლის ფული, ბავშვებისთვის მომვლელის აყვანა) ააღებინა მართვის მოწმობაც, უყიდა ძვირადღირებული ავტომობილიც, დაამთავრებინა უმაღლესიც, მოაწყო სამსახურში… ამ გოგოს დედა სამკურნალოდ გაუშვა საზღვარგარეთ… ამ გოგოს ძმა სამსახურში მოაწყო და რა ვიცი კიდევ რა… მოკლედ ეს გოგო და ამ გოგოს ოჯახი თავიდან ბოლომდე ფეხზე დააყენა ამ ბიჭმა!
ჩაცმა-დახურვა, კურორტები, მოგზაურობები და პატივისცემა ხომ თავისთავად არ აკლდა ამ გოგოს ქმრისგან!
მოკლედ ეს ბიჭი ამ გოგოს არაფერს არ აკლებდა და სრულფასოვან ქმრობას უწევდა ამ გოგოს აბსოლიტურად ყველა საკითხში!
ქმარს რაც თავის თავისთვის უნდოდა კარგი იგივე უნდოდა ამ ცოლისთვისაც… ზედ ჰყვებოდა ქმარი ცოლს როგორც თავისი სულისა და ხორცის ნაწილს, ვერანაირად ვერ წარმოედგინა თავის თავი ამ გოგოს გარეშე და სრუად ენდობოდა ამ გოგოს!
ამ ცოლს რომ დასჭირვებოდა ქმარი საკუთარ სულსაც კი გაიღებდა თავისი ცოლისთვის…
… მაგრამ როგორც კი ეს გოგო ფეხზე დადგა, თავისი შემოსავალი გაუჩნდა და დამოუკიდებლად საზოგადოებაში გამოვიდა, ეგრევე დაიწყო ქმრის მიმართ ჭირვეულობები, ჯიუტობები, ცხვირის აწევები, თავნებობა, თავის დაფასება, საზოგადოებაში ქმრის მიმართ უხეში შეპასუხებები და შეტლიკინებები, ბავშვების მოვლის მთლიანად მომვლელზე გადაბარება, ოჯახური საქმეების მთლიანად დამხმარეზე (მოსამსასხურე) გადაბარება… ლოგინში ჭირვეულობები და ქმრის ,,ნახუიზე” გაშვება!
ქმარი მიუხედავად ამ ყველაფრისა სიყვარულის და გამო მაინც დიდსულოვნად ითმენდა ცოლის ამ ,,დამოუკიდებლობას”!!!
ამასობაში გადის 10 წელიც… (ეს ცოლი უკვე 29 წლისაა) და აქ ხდება უბედურება… ეს ცოლი ახდენს თავისი ავტომობილით ავარიას და ჰკლავს გამვლელს…
დამფრთხალი ცოლი პირველ რიგში ტელეფონზე ურეკავს რესტორანში მოქეიფე თავის ქმარს და ეს ქმარიც პოლიციის მისვლამდე პირველი მიდის ადგილზე…
სიტუაციის ადგილზე გაანალიზების შემდეგ ეს ქმარი გადაწყვიტავს რომ თავის თავზე აიღოს ეს ავარია და შესაბანისად მკვლელობაც…
მოკლედ ქმარი ცოლის მაგივრად ,,სროკზე” მიდის!
ამ ქმარს სასამართლოზე მიუსჯიან 7 წელს… მაგრამ 6 წელიწადში მოულოდნელი ამინისტიის (და სხვა რამის გამოც) შემდეგ ეს ქმარი ასევე მოულოდნელად ბრუნდება სახლში და რას ხედავს… ეს ცოლი იმ თავის ძველ, რუსეთში დაკარგულ შეყვარებულთან გორაობს ლოგინში რომლისგანაც ის პირველი ბავშვი გაუჩნდა…
ატყდება ერთი აყალ-მაყალი და დიდი გარჩევების შემდეგ ეს გოგო უცხადებს ქმარს რომ აღარ უყვარს და უნდა რომ გასცილდეს! … და შესაბამისად ითხოვს იმ 50 000 ლარსაც (არსებობს ეჭვი რომ იმ ძველმა შეყვარებულმა გადაიბირა)!!!
აქვე ირკვევა რომ იმ ავარიის დროს ეს ქალი თავის ამ ძველ ,,შეყვარებულთან” ერთად იმყოფებოდა ავტომობილში და ზუსტად ეს საყვარელი იჯდა საჭესთან… ანუ გამოდის რომ ამ ქალმა თავისი საყვარლის მაგივრად თავისი ქმარი გაუშვა ციხეზე!
ისმება კითხვა: რისი ღირსია ეს ქალი?
ქმარმა უბრალოდ ადგეს და დიდსულოვნად (არამურთაზულად) გაუშვას თუ ცემაში ამოხადოს სული???
ოქტ 19, 2014 @ 15:56:38
თამაზ მე ვფიქრობ რომ ამ კითხვაზე პასუხი გაქვთ და ეგ კითხვა რიტორიკულია, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ქალს და ზოგადად ადამიანს აქვს უფლება რომ იყოს ცუდი ადამიანი, აქვს უფლება იყოს მსუბუქი ყოფაქცევის, იმის უფლებაც აქვს რომ უღალატოს ქმარს ან ცოლს და ზოგადად საყვარელ ადამიანს, ეს მას ცუდ ადამიანად შეიძლება აქცევდეს, გარშემომყოფებს აქვთ უფლება მასთან ცხოვრებაზე ან ურთიერთობაზე თქვან უარი, მაგრამ ადამიანის ცემა და მოკვლა არის ძალადობა, არის კანონის დარღვევა რისი უფლებაც არ აქვთ ადამიანებს.
ოქტ 19, 2014 @ 16:14:08
თამაზ, არავინ ამბობს რომ ყველა ქალი კარგია და ყველა კაცი ცუდი. გაუგებრობების მოსაგვარებლად არსებობს სასამართლო და განზრახულ მკვლელობას ვერანაირი ისტორია ვერ ამართლებს. ბავშვებზე არავინ ფიქრობს? ფული გადაფარავს იმ ფაქტს, რომ მამამ მოკლა დედა?
ოქტ 19, 2014 @ 16:22:15
წიგნში “ვინ მოიპარა ფემინიზმი, როგორ უღალატეს ქალებმა ქალებს” ამერიკელი პროფესორი ქრისტინა სომერსი აანალიზებს დღევანდელ ე.წ. “გენდერულ ფემინიზმს” და ასაბუთებს რომ ის არ ემსახურება ქალთა ინტერესებს. პროფესორი სომერსი განიხილავს თუ როგორ გამოიყენება დღევანდელი უნივერსიტეტები გენდერული ფემინიზმის პროპაგანდისთვის. წიგნში დიდი ნაწილი აქვს დათმობილი იმას თუ როგორ ხდება სტატისტიკური მონაცემების დამახინჯება ფემინისტური ელიტის მიერ ქალის ჩაგრულად წარმოსახვისთვის და როგორ ასაღებს ამ დამახინჯებულ ინფორმაციებს მედია როგორც უტყუარ ფაქტებს. წიგნის მისამართი ამაზონზე. http://www.amazon.com/Who-Stole-Feminism-Women-Betrayed/dp/0684801566
ოქტ 19, 2014 @ 16:25:32
uiuiuuuiui
ოქტ 19, 2014 @ 17:02:40
მე ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებსაც და სტატისტიკასაც. თავშესაფრების რაოდენობა და ძალადობის პირადი ისტორიებიც კი საკმარისია ამ სტატისტიკის დასადასტურებლად. ეს პირადი მაგალითებიც რომ არა ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ქალების მიმართ ნეგატიურ და პოზიტიურ დისკრიმინაციას. თითქმის არცერთ სფეროში იშვიათი გამონაკლისების გარდა ქალების მიმართ თანასწორი დამოკიდებულება არ გვხვდება. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებითაც და როგორც აღვნიშნე საკითხში გარკვეული ვარ, პირადად მაქვს კვლევები გაკეთებული და მონაწილეობა მიღებული.
გარდა ამისა სრულიად გაუგებარია, რატომ გააკეთეთ ეს კომენტარი ჩემი პოსტის ქვეშ, რისი თქმა გსურდათ ამით? 🙂
ოქტ 19, 2014 @ 18:37:32
არა აქვს მნიშვნელობა მიზეზს რატო ხდება ეს. მთავარი ის არის არავის არ აქვს სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება უფლის გარდა
ოქტ 19, 2014 @ 19:19:27
ვპასუხობ შერხანს:თქვენ ეს კომენტარი დაკოპირებული გაქვთ და ყველა საჭირო და არასაჭირო ადგილას აპეისთებთ სხვადასხვა სახელით??? ზუსტად იგივე კომენტი იდო 2 შვილის დედის თვითმკვლელობის სტატიაზეც. სირცხვილია. მინიმუმ იმიტომ უნდა გრცხვენოდეთ, რომ ვერ გაგიგიათ ვინა არის ფემინისტი კრისტინა სომერსი და რაზეა მისი წიგნი ანუ რა ღალატზეა ლაპარაკი. და მეორე: გაარჩიეთ ფემინიზმი და მისი თანმდევი პრობლემატიკა ძალადობისგან, რომელიც ფემინზმის , როგორც მოძრაობის წარმოშობამდეც არსებობდა. მითუმეტეს ქართულ რეალობაზეა აქ ლაპარაკი და არა სხვა ქვეყნის.
ოქტ 20, 2014 @ 11:35:48
ბატონო თამაზ,
დავიწყოთ იმით, რომ ცოლზე ისეთი ტონით ყვებით, თითქოს იმ კაცის (სავარაუდოდ, თქვენი) ცოლი კი არა, სხვისი ცოლი ყოფილიყო ის ქალი და ამ ამბის გმირი მხოლოდ კეთილი ბიძა, რომელმაც სხვის ცოლს უპატრონა. თავიდანვე არასწორი დამოკიდებულება გქონიათ და რაღას ერჩით იმ ქალს?! უვლიდით ისე, როგორც საწყალ, სხვის ცოლს და ვეღარ აიტანეთ მისი დამოუკიდებლობა.
ახალ შექმნილ ოჯახში საერთო ქონება არ შეუტანია მზითვის სახითო. მზითვი გადმონაშთია ძველი ჩვეულებებისა. საერთო ქონება არის, რასაც ერთობლივი ცხოვრების მანძილზე დააგროვებთ.
ასე რომ, ბევრი რამ გეშლებათ და გერევათ ერთმანეთში.
შორი დისტანციიდან წაიკითხეთ თქვენივე დაწერილი და მიხვდებით საკუთარ შეცდომებს.
ოქტ 20, 2014 @ 12:58:16
ამ ამბის მოტანა მოცემულ ბლოგში ასახულ ისტორიასთან რით აიხსნება თუ არა არასწორი აღქმით მოცემულობების (მათ შორის იმ ისტორიის რომელიც თვითონ ანუ თამაზმა მოყვა, ისტორიის რომელიც ბლოგშია მოყვანილი და იმ რეალობის რომელშიც ვცხოვრობთ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირაა)! “ასეთი ქალები” ვისზეც თქვენ საუბრობთ არიან ისეთივე უმადურები, ცრუპენტელები და უღირსები როგორც მაგალითად ის კაცები, რომლებიც საზღვარგრეთ გადახვეწილი ცოლების გამოგზავნილ ფულებს აქ ლოთობაში ან სხვა ქალთან ხარჯავენ.., დამეთანხმებით ალბათ?! ასე,რომ სქესის მიხედვით იმსჯელო ადამიანის ღირსებაზე ისევე როგორც გონებრივ შესაძლებლობაზე ან სექსუალური ცხოვრების მიმართ ინტერესზე არა გონივრულია, მარტივად რო ვთქვა.
ოქტ 22, 2014 @ 18:07:10
ქმარმა ცოლი მოიყვანა, უყვარდა ალბათ. როგორც ჩანს ცოლს არასდროს ჰყვარებია, უბრალოდ სხვის ნებას დაჰყვა… ეს ქმარმა იცოდა და ეგუებოდა.მისი კთილი საქმეებით ზღვაში ვედრით ასხამდა წყალს. ალბატ,იმედი ჰქონდა თავს შეაყვარებდა…. მოდი რა ის შეიყვარე ვისაც უყვარხარ და დაანებე თავი წყლის ნაყვას. იმ ცოლზე უმადური არავინაა ვისაც ქმარი არ უყვარს. ეს კაცი გამოვიდა იდიოტი და მხოლოდ მაგისი ბრალია.
ოქტ 24, 2014 @ 00:42:56
მაქვს ეჭვი ვარაუდის რომ ბატონი თამაზი თავის ამბავს ყვება ,თუმცაღა…ადამიანები შეცდომებს თავად უშვებენ,კაცი რომელმაც მიტოვებული ქალი ფულით “გააყოყოჩა” მაშინ როდესაც მას გვერდში დგომა სიყვარულით უნდოდა ეს არასწორი გაგების ბრალია,კაცი რომელზეც თამაზი წერს მაზოხიზმის სინდრომითაა დაავადებული ,რომელსაც საკუთარი ტკივილი ესიამოვნა.ცოლი ჭირვეულობდეს საწოლში – ნიშნავს საყვარელს! ან უდიერ მოპყრობას მამაკაცის მხრიდან ,ის განაწყენებულია,და როდესაც გადის ერთი თვე ,ორი თვე და არ არის სწორი სქესობრივი კავშირი სწორედ ამ საკითხის პრობლემა დგება იმდენად დაუნი იყო კაცი რომ ვერ შეამჩნია ცოლის ასეთი საქციელი?? თქვენ ბატონო თამაზ არაკორექტული ხართ,რატომ მოიხსენიებთ ქალს როგორც საგანას??და კაცს როგორც ღმერთს??როდესაც ვინმეს ამბავს გადმოსცემენ ოდნავ კორექტულობას მაინც იჩენენ და როდესაც ისინი საკუთარ ამბავს ყვებიან მიკერძოებულები არიან და მას ვინც გული ატკინა მოიხსენიებენ როგორც ნივთს,აქედან დასკვნა თქვენ ფიქოპატიის დაავადება გაქვთ რომელიც შეზოფრენიას გავს ,შესაძლებელია ამ ქალს არც უღალატია ქმრისთვის და შესაძლებელია ის ავტომობილით გატანილი ადამიანი ეჭვიანობის ნიადაგზე განზრახ მოკლული პიროვნებაა.მოკლედ ასე :N1 – თქვენ გგონიათ ასეთ სიტუაციაში ცოტა ადამიანია??იცით რამდენს ღალატობენ?? ვინხარ შენ ან ვინ ვარ მე დავდგე და სხვისი ცხოვრების დეტალები საჯაროდ გამოვფინო თუ არ მაქვს გრკვეული მიზნები??!N2 – შესაძლებელია თქვენ მანიაკი ხართ რომელიც ახალ მსხვერპლს ან ფანს ეძებს,რომელიც გამოვა და გეტყვით დიახ ის ქალი მოსაკლავია და წამებით ,თითები უნდა დააჭრა ,თმები დააგლიჯო ,ფეხები და ხელები დაამტვრიო ,ყველანაირი თტკივილი უნდა აგრძნობინო გონზე მყოფს და შემდეგ სისხლისგან დაცალო ,სიკვდილის წინ კი მხოლოდ შენ უნდა გხედავდესო,მაგრამN3 რეალობა სხვაა -ჩვენი სამყარო ეწინააღმდეგება მანიაკებით სავსე ქვეყანას,შესაძლებელია თქვენი პოსტი უბოროტოდ დადეთ ყურადღების მისაქცევად რაც კარგადაც გამოგივიდათ ,მაგრამ თქვენი მიკერძოება და ქალის საგნად აღქმა პოტენციური მკვლელის შთაბეჭდილებას ტოვებს,მე რომ გამომძებელი ვიყო და გამეგო მკვლელობების შესახებ რომელიც ქალთა მკვლელობას უკავშირდება (სერიულს) პირველი ეჭვმიტანილი თქვენ იქნებოდით ,ამიტომ მე როგორც უბრალოდ ბოროტებისა და სიკვდილის მხარდამჭერი (როცა როგორაა საჭირო) მეგობრულად გეუბნები ინტერეტი კონტროლირებადია საგამოძიებო ჯგუფებით,და შესაძლებელია აქ რომელიმე კომენტარის ავტორი გითვალთვალებს კიდეც ან რომელიმე მაინიაკი მოსწავლეს ეძებს და თქვენი სახით მშვენიერ მოსწავლეს იპოვის,მომავალი ქალთ მოძულე ჯეკის სახით თუმცა სხვის საქმეში ჩამრევის საქმეშიც ჩაერევა ვიღაც და გეგმებს ჩაუშლის,მე შეიძლება არასწორად აღვიქვი ინტერნეტ სივრცეში დადებული ეს ტიპიური მოძალადის კომენტარი და ამიტომ წინასწარ ვწუხვარ… 🙂
ოქტ 24, 2014 @ 11:01:56
ანი მაოცებ შენი მრავალფეროვნებით, სიძლიერით და დიდსულოვნებით! ძალიან მაგარი ბლოგია და შოკში ვარ როგორ შეძელი ეს ყველაფერი ასეთ პატარა ასაკში!
ივლ 24, 2019 @ 01:12:24
შენი პოსტი წავიკითხე და პანიკაში ვარ, როცა ამ ყველაფერს ვცხოვრობდი, თითქოს მე თვითონ იქ არ ვიყავი, ამიტომ მოგონებები იმ პერიოდის (8წელი) საშინლად ბუნდოვანი მაქვს, მაგრამ შენმა პოსტმა დამალული მოგონებები და ემოციები გააღვიძა და არეული ვარ. ცუდად ვარ.
რაც თავი დავაღწიე ბედნიერებისან მთვრალი დავდიოდი, ახლა კი მივხვდი რომ ძალიან ცუდად ვარ. დავაღწიე, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ვერ გადავიტანე, ვერ გავუმკლავდი. ყველაფერი თავიდან ვიგრძენი და მეშინია რომ მძინავს და ახლა ისევ იმ ჯოჯოხეთში გავიღვიძებ.