მაპატიე ჩემო პატარა ანგელოზო რომ ვერ გაგაჩინე. ბოლო 6 წლის განმავლობაში დღე არ გავა რომ არ ვიფიქრო ჩემს დანაშაულზე. იმ უჯრედს ვეძებ რომელმაც შენ ვერ აგიტანა ჩემს ორგანიზმში, დავსდევ ჩემს ორგანოებს, ფსიქიკას, ჩემს ჯანმრთელობას, ყველაფერი მძულს, იმიტომ რომ შენ ვერ გაგაჩინეს. მე ყველაზე უსუსურმა ადამიანმა ვერ შევძელი ჩემი სიცოცხლე დამეთმო შენთვის. 6 წელი გავიდა კიდევ მაგაზე ფიქრობო, სხვა შვილს გააჩენ ახალსო. მათ ტვინებში და გულებში ჩამახედა რა ადამიანები არიან ეს რომ ამოსდით პირიდან. სხვა ჩანთა, სხვა მანქანა, სხვა სახლი, ახალი ფეხსაცმელი და ახალი შვილი რომ ყავთ გატოლებული ერთმანეთთან, ან 6 წელი განა რა არის როცა მკვდარი შვილის მატარებელი ხარ მუცლით, რამდენი ასი 6 წელი უნდა გავიდეს რომ ეს დაივიწყო ან რამდენი შვილი უნდა გააჩინო, რომ ის დაივიწყო, უნიკალური ადამიანი, თავისი ხასიათით, სულით, ადამიანი და არა ხორცის ნაგლეჯი. ალბათ ისინი ხორცის ნაგლეჯებს აჩენენ, მე კიდევ ადამიანი მომიკვდა ჩემში, ჩემი და თან თავისუფალი, ინდივიდუალური, განუმეორებელი. მე იმ ადამიანისთვის მინდოდა სიცოცხლის მიცემა. რატომ განიცდი ცხარე ცრემლით ასე ახლად ამ ტკივილსო, ნეტა არ განვიცდიდე, ნეტა მეც ახალ ხორცზე ვფიქრობდე. დაშლილი ვარ ნაწილებად და ვკოწიწდები ყოველ წელს იმ დროს ის რომ უნდა გაჩენილიყო, მისი დაბადებისდღე რომ უნდა ყოფილიყო. სხვა შვილი გააჩინეო გაგივლისო, დაივიწყებო. მე სხვა შვილი არ მინდა, ან როგორ უნდა მინდოდეს როცა ერთი უკვე მოვკალი, ვერ გავზარდე, ვერ მივეცი სიცოცხლე, კიდევ რამდენი უნდა შეიწიროს ჩემმა ეგოიზმმა სანამ დედა გავხდები, ან იმან როგორ უნდა შემიყვაროს მუცელში კი არა სასაფლაოში რომ გაიზარდება.