ყველას უოცნებია რაღაც რაოდენობის მილიონზე ან მილიარდზე ან რამდენიმე ათასზე, გააჩნია ადამიანს და მოთხოვნებს. მე დათვლილიც კი მაქვს, თან ბევრჯერ. ჯერ 1 მილიონი მინდოდა როცა თინეიჯერი ვიყავი, მერე შემრჩა ეს მილიონი და უბრალოდ მილიონი მინდოდა ისე რომ არც ვიცოდი რაში დავხარჯავდი. მერე მოთხოვნები გაიზარდა ოცნებისას და დათვლის გარეშეც ვხვდებოდი რომ მილიონი აღარ მეყოფოდა და დათვლა დავიწყე, ავედი 5 მილიონზე და ასე დიდხანს ვამბობდი რომ 5 მილიონი მინდოდა.

ყველაზე მადის აღმძვრელი მილიონებზე ოცნებისას ისაა, რომ პირდაპირ ფულზე ოცნებობ, იმას არასდროს ფიქრობ მოცემულ მომენტში როგორ იშოვნი მილიონს. ოცნებობ რომ მოიგებ, ან ვინმე დაგიტოვებს მემკვიდრეობად, ვიღაც შეიძლება ოცნებობდეს რომ ბანკს გაიტანს. არ ვიცი. მე ვფიქრობდი რომ მოვიგებდი, მაგრამ ერთხელაც დავფიქრდი იმაზე, რომ თითქმის არასდროს ვთამაშობ ლატარეას, ან რაიმე აზარტულ თამაშს. საერთოდაც არ მაქვს იმის სურვილი რომ მილიონი მოვიგო, არა როგორ არ მაქვს, მაგრამ ამისთვის რეალურად არაფერს ვაკეთებ.

ერთადერთი რასაც სულ ვაკეთებდი და ვაკეთებ მუშაობაა, რამე ახალის შექმნაა, ახალი საქმეა, ახალი იდეა, საინტერესო, ის რაც მომწონს, მაღელვებს, Passion არის ასეთი კარგი სიტყვა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ნაკლები დრო მრჩებოდა საოცნებოდ. მით უფრო ნაკლები დრო მრჩება ძილისთვის, გართობისთვის და მით უფრო მეტს ვმუშაობ. სულ ვმუშაობ, ყოველთვის, იმდენად ბევრს რომ ჩემი ყველა მეგობარი ამაზე ხუმრობს, მე უკვე დიდი ხანია არ მძინავს 4 საათზე უფრო დიდხანს, თუ ინსომნია არ მაქვს და ძილის წამლებით არ ვარ გათიშული, დიდი ხანია არ მრჩება დრო ვიფიქრო რამეზე სამსახურის გარდა, დიდი ხნის წინ მივხვდი რომ ბავშვის დრო საერთოდ არ მაქვს და უსასრულოდ გადავდე ეს საკითხი მომავლისთვის, ჩემს ძაღლსაც კი ვერ მოვუვლი რომ არა ოჯახის წევრები. მე უკვე დიდი ხანია არ მაქვს უქმეები და დასვენების დღეები, დღესასწაულებისთვისაც კი ვერ ვიცლი და თავს დამნაშავედ ვგრძნობ 1 კვირაზე უფრო დიდხანს თუ მიგრძელდება შვებულება. მე ვმუშაობ, ბევრს და თავდაუზოგავად, პროდუქტიულად და ძალიან შედეგიანად.

და აი ერთ დღესაც, დიდხნიანი პაუზის შემდეგ მეგობრებმა თქვეს რამდენი ფული უნდოდათ, ყველა თავისას ამბობდა და მეც ვთქვი ასე 10 წლის წინ დათვლილი 5 მილიონის შესახებ. მეხამუშა. მეხამუშა ის რომ ფულზე ვოცნებობდი, ყველაზე არასწორი რაც შეიძლება იყოს ფულზე ოცნებაა, იქნება ეს 5 მილიონი თუ 50 მილიარდი ან საფულე რომელშიც ფული არასდროს თავდება. გული დამწყდა რომ ოდესღაც ფულზე ვოცნებობდი უსაქმური ადამიანივით, რომელიც არაფერს აკეთებს და მხოლოდ თავზე დაცემულ ფულზე ოცნებობს. იმას არ ვამბობ რომ ვინც ფულზე ოცნებობს ყველა უსაქმურია ან მე ვიყავი უსაქმური როცა 5 მილიონზე ვოცნებობდი, მაგრამ ჰო ასეა? მე დავიწყე ოცნება იმაზე რაც მინდა რომ მქონდეს და რისი კეთებაც სიამოვნებას მომანიჭებდა.

ყველაზე სასიამოვნოა ისაა, რომ ზუსტად ვიცი რა არის ჩემი მიზანი, რა მინდა ვაკეთო, როგორ მინდა ვიცხოვრო და რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ეს მიზანი განვახორციელო და საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა რამდენი მილიონის დახარჯვა მომიწევს ამ მიზნის მისაღწევად.