ამ წერილს ალბათ კიდევ რამდენიმე წელი ვერ წაიკითხავ და ათეული წლები მაინც ვერ გაიაზრებ ბოლომდე იმ მოლოდინს და ემოციას რომლითაც ის იწერება. მე და მამა უკვე მეშვიდე თვეა ველოდებით იმ დღეს როცა გაგიცნობთ. 60 დღეზე ცოტა მეტია დარჩენილი შენს დაბადებამდე და უკვე თითქმის ყოველ ღამით გხედავთ სიზმარში. გუშინ დამესიზმრე, რომ გულზე მეწექი და ხელის გულებს გიკოცნიდი. შენი დარტყმების საპასუხოდ მეც მოგიკაკუნებ ხოლმე თითით მუცელზე რომ თავი მარტო არ იგრძნო. ალბათ შენთვის მხოლოდ ეგ სამყარო არსებობს ჯერ და ჩვენი არსებობის მხოლოდ უნდა გჯეროდეს, როგორც მე მჯერა ღმერთის არსებობის და როგორც მე ხანდახან ვეჭვობ რომ ის არსებობს, შენც ალბათ ეჭვობ რომ ჩემი მოკაკუნება შენი მოძრაობის ექოა.
მე არ ვიცი როგორი იქნები ან რანაირი, მაგრამ მინდა იცოდე რომ მე ყველა შემთვევაში და უპირობოდ მიყვარხარ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებული იქნება ჩემი აღზრდის მეთოდები, რა მოხდება მომავალში ან ვინ იქნები. როგორ გზას აირჩევ, იქნები თუ არა კარგი ადამიანი. მე შენ მიყვარხარ უპირობოდ და ამ სიყვარულს ვერ შეცვლის გარემოებები და შენი პიროვნების ფორმირების დრამატულობა. მე შენ მიყვარხარ, მე შენი თავშესაფარი ვარ, რომელიც ყოველთვის მიგიღებს, მაგრამ არასოდეს შეგაჩერებს.
ვიქნები გულწრფელი და ყველაფერს ისე დავწერ როგორც არის სინამდვილეში. მე ზუსტად ვიცი, რომ გადაწყვეტილება გაგაჩინო ყველაზე ეგოისტური გადაწყვეტილებაა რაც კი ოდესმე მიმიღია. ეგოისტურია იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი შენ ამ ცხოვრებაში აუცილებლად ერთხელ მაინც დაიტანჯები რაიმე მიზეზით, აუცილებლად ერთხელ მაინც იავადმყოფებ, აუცილებლად ერთხელ მაინც დაეცემი, ან გეტკინება და აუცილებლად გაგიცრუვდება იმედი და ბოლოს აუცილებლად დაასრულებ სიცოცხლეს, როგორც ყველა მოკვდავი ადამიანი. მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული რომ შენ ოდესმე იქნები ბედნიერი, რომ შენ ოდესმე გამოცდი სიყვარულს ან იქნები ძლიერი, მე ამ ყველაფერზე მხოლოდ შემიძლია ვიოცნებო და მომავალში უამრავი ძალისხმევა დავხარჯო, რომ შენ შეძლო იქცე ადამიანად, რომელიც ბევრ სასიკეთოს და სასიხარულოსაც გამოცდის. სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება, შენ ამ ქვეყანაზე გაჩნდე, არის ჩემი ყველაზე ეგოისტური გადაწყვეტილება.
მინდა გახსოვდეს, რომ ეს ჩემი არჩევანია და არა შენი. ჩემი არჩევანია შენ დაბადებულიყავი, ეს არჩევანი შენ არ გაგიკეთებია და ამიტომაც შენ არასდროს იქნები ვალდებული ჩემს წინაშე იმისთვის, რომ მე 9 თვე მუცლით გატარე, ღამეები გითენე და აღგზარდე, შენ არ იქნები ვალდებული იმ შრომის, დროის და ენერგიისა რომელსაც მე შენ დაგახარჯავ. ეს მხოლოდ ჩემი არჩევანია. შენ ჩემგან თავისუფალი ხარ და ყოველთვის ასე დარჩება. შენ შეიძლება ბევრჯერ გითხრან ადამიანებმა, რომ შენ ჩემი ვალი გაქვს, რომ მე შენ ცხოვრება შემოგწირე, რომ შენ ჩემი ჯანმრთელობა წაიღე, ბევრჯერ შეიძლება გაგახსენონ, რომ მე შენი დედა ვარ რომელმაც 9 თვე მუცლით გატარა და მხოლოდ ამიტომ შენ რაღაც ვალდებულებები გაქვს ჩემს წინაშე. მე, ადამიანი რომელმაც მოგავლინა ამ ქვეყნად გეუბნები, რომ მხოლოდ მე ვარ შენს წინაშე ვალდებული, შენ თავისუფალი ხარ.
შენ არ ხარ ვალდებული დამეთანხმო როცა არ თვლი რომ მართალი ვარ, არ ხარ ვალდებული გაჩუმდე იმიტომ რომ გაგაჩინე, შენ არ ხარ ვალდებული იყო მადლობელი იმისთვის რომ ღამეები გითენე, არ ხარ ვალდებული გაამართლო ჩემი მოლოდინი, ან ის იყო ვისაც მე დავინახავ შენში, არ ხარ ვალდებული ჩემი ოცნებების რეალიზება მოახდინო. შენ შენი ცხოვრება გაქვს, შენი მიზნებით, ოცნებებით, შეხედულებებით, იმიტომ რომ თავისუფალი ხარ. ეს მე ვარ მადლობელი რომ მომეცემა შესაძლებლობა შენ აღგზარდო. მე მჭირდებოდი შენ ჩემს ცხოვრებაში და არა პირიქით. შენ არ ხარ ვალდებული დამიჯერო, ან გაიზიარო ჩემი შეხედულება, შენ არ ხარ ვალდებული მომიარო როცა დავბერდები და ჩემზე იზრუნო. შენ არ ხარ ვალდებული იყო ჩემს გვერდით მთელი ცხოვრება. შენ თავისუფალი ხარ.