11988641_10153707171398586_9128185687652158309_n

ყველაზე მეტად გემოს ჰალუცინაციები მიყვარს, როგორც ახლა, მოცარელათი შემწვარი ყიყლიყოს გემოს ვგრძნობ და სახლი მახსენდება. აქ ისე არ ვგრძნობ თავს როგორც სახლში. ეს ქალაქი საერთოდ არ არის ჩემი, მაწვება და მგონია რომ უნდა გამჭყლიტოს. აქ არაფერია ნამდვილი, ყველაფერი ყალბი და დროებითია. ოდესმე ჩვენ გვექნება დიდი სახლი ტყის პირას სადმე სხვა ქალაქში, სადაც ყველაფერი ნამდვილია.

დღეს პირველად დავრჩი მარტო სახლში მას შემდეგ რაც გაგაჩინე. მამაშენმა გადაწყვიტა მარტო გაესეირნებინე და ჩემთვის ცოტა დრო მოეცა, იცის როგორ მიყვარს მარტოობა და როგორ ჰაერივით მჭირდება ის. დიდი ხანია მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ შენი ძილის დროსაც კი იმ სიმყუდროვეს მაინც ვერ ვგრძნობდი, რადგან ძილშიც შენ სუნთქვას ვუსმენ, ალბათ მერე გამივლის.

ხანდახან ვეჭვიანობ, რომ ჩემზე უკეთ გამოსდის შენთვის საფენების შეცვლა, ბანაობა, გასეირნება. საერთოდ ყველაფერი ჩემზე უკეთ გამოსდის. თავიდან განვიცდიდი და საშინლად ვკომპლექსდებოდი ამის გამო, მაგრამ ერთხელ მითხრა “ანა რა აუცილებელია ყველაფერი შენ აკეთო ჩემზე უკეთ მხოლოდ იმიტომ რომ დედა ხარ, მეც ჰო შემიძლია ვიყო რაღაცაში შენზე უკეთესი”. მთელი ბოლო თვე სულ რამდენიმე ღამე მახსენდება როცა შენს დასაძინებლად, გამოსაცვლელად ან საჭმელად გავიღვიძე. მიკვირს საიდან აქვს ძალა ყველაფერი აკეთოს, იმიტომ რომ მე ის ხშირად არ მაქვს და ამის გამო დამნაშავედაც კი ვგრძნობ თავს, მაგრამ მერე მისი სიტყვები მახსენდება.

მთელი ის 29 საათი არ უძინია, მე პერიოდულად ვიძინებდი, ის უბრალოდ მიყურებდა ხან მე, ხან ჩემს კარდიოგრამას, ხან შენსას, სადღაც ერთი დღე რომ გავიდა, გავიგეთ რომ კიდევ 12 საათი მაინც მოგვიწევდა შენი ლოდინი. შევატყვე რომ ძალიან ანერვიულდა და ვუთხარი “ნუ ღელავ როგორი მტკივნეულიც და რთულიც არ უნდა იყოს ეს საუკეთესოა რაც ჩვენს ცხოვრებაში მომხდარა და არ მინდა ისეთმა უმნიშვნელო შეგრძნებამ როგორიც ტკივილია ეს მოვლენა ნეგატიურად აქციოს, მინდა რომ ეს გამოცდილება მხოლოდ პოზიტიური იყოს სამივესთვის”. ასეც იყო.

პირველი სამი დღე ხელიდან არ გიშვებდა, ყველაფერს თვითონ აკეთებდა, მე მარტო გაჭმევდი და გეფერებოდი. მერე ორივე ვიჯექით და გიყურებდით ყველაზე საყვარელ მძინარე ბავშვს სამყაროში. გვიკვირდა რომ ასეთი საყვარელი ადამიანი მოვავლინეთ დედამიწაზე. ერთ ღამეს გაიღვიძე ტირილით, გაჭამა და ხელში გაძინებდა. ყველაზე მეტად გიყვარს როცა ხელში გიყვანენ და ბოლთას სცემენ ოთახში. ალბათ ერთი საათი მაინც იარა ასე, მე ძილბურანში ვიყავი, ბოლოს გამოვფხიზლდი, ვერ მივხვდი რატომ დადიოდა, რადგან უკვე ღრმად გეძინა. დაიძინათქო ვკითხე, თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად, მერე მოვიდა, მაკოცა ისე თბილად როგორც იცის ხოლმე და მითხრა, მადლობა რომ ასეთი საყვარელი ვიღაც გააჩინეო..

ხანდახან ისეთი უცნაურია რომ გიყურებ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანი ხარ, ისეთი უცნაური შეგრძნებაა და შენ ისეთი სრულყოფილი ხარ ჩვენთვის. ხანდახან მეშინია რომ შენნაირი იდეალური ბავშვისთვის მე საკმარისად კარგი დედა ვერ ვიქნები. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ მამაშენი ისეთივე სრულყოფილია, როგორც შენ, იმიტომ რომ მამაშენი სუპერმენია.

Advertisements