viveros-1კონიაკიანი ჩაი მენატრება, ბათუმში რომ ვსვამდი. ზღვა ჰო მიყვარს, მაგრამ საცურაოდ არა, საყურებლად, ზღვის ხედით კონიაკიან ჩაის არაფერი შეედრება. აქ ოკეანე მაქვს, ოკეანე სულ არ მიყვარს, რაღაცნაირია, ვულგარული. ეს ქალაქი ჩემი კოშმარებისთვის მისწრებაა. რაც ჩამოვედი ხშირად ვხედავ ერთ ახალ და ერთ ძალიან ძველ სიზმარს. ახალში მე ქვის ლაბირინთში გავრბივარ, მაღალი კედლებია და მზის სხივები ვერ მწვდება, უცბად ცა იღუშება, სულ შავდება და ქვემოთ ჩამოდის, მაწვება, გავრბივარ და მომსდევს, თან დიდდება და ბოლოს მთელ ცას რომ ფარავს მეღვიძება. ძველ სიზმარში ისევ იმ სააბაზანოში ვდგავარ, ცისფერი და მწვანე მოზაიკითაა დაფარული კედლები და იატაკი, სიძველისგან გაყვითლებულია და ალაგ-ალაგ ამოტეხილი. მე სარკის წინ ვდგავარ, ხელში მოჩუქურთმებული ხისტარიანი დანა მიჭირავს დახერხილი კბილებით და კანს ვისერავ, თან ბოუის ჩეინჯის ვღიღინებ და კანს გარედან შიგნით ვიტრიალებ, მერე ძალიან აკურატულად ვაკერებ აჭრილი კანის ნაგლეჯებს ერთმანეთს, ორგანოებს ვიღებ და ზემოდან ვიკერებ, ბოლოს თვალებს ვიტრიალებ, შიგნიდან ცისფერია.

ორსულობისას ხშირად წარმოვიდგენდი როგორი დედა ვიქნებოდი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თითქმის არაფერი იქიდან რასაც ვგეგმავდი არ გამიკეთებია. ძნელია საკუთარ თავთან შეჯიბრება, ვერასდროს მოიგებ. თან ეს ხალხმრავლობა. არაფერი მიჭირს იმაზე მეტად განმარტოება რომ არ შემიძლია. ვიღაცას პირადი სივრცე შეიძლება ტანსაცმელზე უფრო მეტად შემოტკეცილი აქვს ტანზე, მაგრამ ჩემი პირადი სივრცე იმხელაა ხანდახან რომ ჰორიზონტზე სულიერს არ უნდა ვხედავდე. რაგავაკეთო. სიმწვანე, ჰაერი და სივრცე მჭრდება რომ თავი გამოვიცარიელო ფიქრებისგან, თორე მერე მიგროვდებიან და ღამე არ მაძინებენ. გამარჯობა ინსომნია.

რაც თავი მახსოვს ყველა ზამთარი ერთნაირია. წვიმიანი, ქარიანი, ალაგ-ალაგ მზიანი. არ მიყვარს თოვლი, მგონი არასდროს მითქვამს მიზეზი რატომ მეშინია თოვის, მგონია რომ ერთხელაც აუცილებლად უნდა მოვკვდე თოვლიან დღეს, პირდაპირ ნამგლიანი სიკვდილის ნაბიჯების ხმა მესმის ბარდნისას. უკვე მესამე დღეა ნიუ-იორკში თოვლს აცხადებენ, მაგრამ ჯიუტად არ თოვს. მიხარია, ყველაზე საშინელი ქალაქია სამყაროში და არ თოვდეს მაინც.

რომ მეკითხებიან როგორ ხარო, მე როგორ ვარ? კარგად არამიშავს. აბა ჰო არ მოვყვები ყველაფერს რაც მაწუხებს. ჩემი ძაღლი მენატრება, დედაჩემი, ჩემი მეგობრები, ჩემი თავი მენატრება პოზიტიური, ჩემი სახლი მენატრება სადაც 2 თვეც ვერ ვიცხოვრე და 4 წელი სისხლის ფასად დამიჯდა ყველა სანტიმეტრი.

ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოულოდნელად მაქვს მიღებული. ყოველდღიურ წვრილმანებზე შემიძლია საათობით ვიფიქრო, სანამ ბოლო დეტალამდე არ გავთვლი და ყველა შესაძლებლობას არ ავწონ-დავწონი, რომ რისკები მინიმუმადე დავიყვანო. აი რაც მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებებში თვალდახუჭული ვეშვები დაუფიქრებლად. მერე რომ ვეხეთქები, ხან ფეხს ვიტეხ, ხან თავს, მტკივა, მიხორცდება, ვკოჭლობ, ტვინშერყეული ვარ, ვიმართები და ვაგრძელებ სიარულს წინ.

სამაგიეროდ ჯეი მყავს, გამიღიმებს და მავიწყდება ყველაფერი.

Advertisements