შავი ვუალით და გრძელი ხელთათმანებით ელეგანტურად შემოსილი, ჩემს პირდაპირ მჯდომ მამაკაცს თეთრ სმოკინგში, რომელსაც ბაბთა ყელში ისე ქონდა წაჭერილი, რომ მის მაგივრად სუნთვა შევწყვიტე, ჩემი შავი მოხდენილი მუშტუკიდან გამოწოვილ ნაცრისფერ კვამლს სახეში ვაბოლებდი თავდავიწყებით და ერთადერთი რაც მახსოვდა ის იყო, რომ დოსტოევსკიზე არ ვფიქრობდი და როცა მივხვდი, რომ ჩემი მახრჩობელაბაბთიანი მეგობრისთვის ეჭვიანი ცოლის საწამლავს სულ მოეღო ბოლო, ბარიდან გამოვედი, მაგრამ შავი ლინკოლნის ნაცვლად რომელსაც ჩემი პირადი მძღოლი მართავდა, ცხენზე ამხედრებულმა კასტილიის მინდვრებზე ყვავილები გავთელე ჩემი უმშვენიერესი ცხენით, რათა ქარის წისქვილებს შევბრძოლებოდი. როცა მივხვდი, რომ ქალი ვარ და დონ კი ხოტი ვერ ვიქნებოდი, გადავწყვიტე თავბრუდამხვევ დულსინეად ვქცეულიყავი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ დულსინეა ყოველთვის მახინჯი მეგონა და ჩემივე შეთხზული ზღაპრული სასახლის კიბეები ჩამოვირბინე, ალბათ ამ თავგადასავალსაც ადვილად დავაღწევდი თავს კიბეზე ფეხსაცმელი, რომ არ დამეკარგა. ხოლო როდესაც ფანჯრიდან დავინახე ეტლიდან გადმოსული პრინცი ჩემი დედინაცვლის შვილებს უზარმაზარ ფეხებზე, ჩემს პატარა ფეხსაცმელს როგორ ტენიდა, მივხვდი, რომ კონკიას არც თუ ისე კარგი გემოვნება ქონია და მისგან თავის დასაღწევად ფანჯარაში შემოფრენილ ბიჭუნასთან ერთად გავფრინდი არარსებულ კუნძულზე. ხოლო როცა გავიზარდე და დავბერდი, პიტერ პენმაც გადამიყვარა და მხოლოდ წითელქუდას ბებიობაღა მხვდა წილად. ყველაფერი ჩემი ფრენის შემდეგ დაიწყო ამიტომ, კიდევ ერთხელ ვსინჯე ბედი მფრინავად და პირველივე რეისით დავბრუნდი ესპანეთში თავბრუდამხვევ კარმენად.
მათთვის ვისაც მოგზაურობა უყვარს
ოქტომბერი 23, 2009
ნოველები ანა სიდამონიძე, ლიტერატურა, მოგზაურობა, მუსიკა, ნოველა დატოვე კომენტარი
მადმუაზელ ლავი
ოქტომბერი 12, 2009
ნოველები ანა სიდამონიძე, მიზანთროპი, ნოველა, სიყვარული დატოვე კომენტარი
ორი ჰორიზონტალური ხაზით დაიწყო დილა. მეზობლის სახლიდან ხმაური და ქვაბში ჩაყრილი ნარჩენების ოხშივარის სუნი, კანში ქონდა გამჯდარი სიცხისგან. ნამიანი ზეწარი ტანზე ეკროდა და მოძრაობაში უშლიდა ხელს. ასეთი სუნიანი დილა უკანასკნელი 5 დღის, საათნახევრისა და 3 წუთის მანძილზე არ ქონია.
3 წუთის წინ გაიღვიძა, გადაბრუნდა, წუხანდელი ნარჩენი კოსმეტიკით, ტუჩების კვალი დაუტოვა შუბლზე, უფორმო, მობორდოსფრო კვალზე დაადო ვალტერის ლულა და ზუსტად იმ დროს გამოკრა სასხლეტს თითი, როდესაც მან თვალი გაახილა.
საათნახევრით ადრე მის წინ სტრიპტიზს ცეკვავდა, მისსავე პატარა, ბინძურ ბინაში და ცივსისხლიანი გამოხედვით უყურებდა, მის სულელურად ბედნიერ გამომეტყველებას.
5 დღით ადრე აფრიკული სინაზით მიაბიჯებდა ესპანურ ქვაფენილზე. დედამიწის ზურგზე მხოლოდ მან იცოდა, რომ მისი იისფერი კაბისთვის საცვალი ზედმეტი იყო.
აფრო-ამერიკელი, ფლორისტი და ნუდისტი მადმუაზელ ლა ვი, ყოველ დილით ზუსტად 8 საათზე აღებდა კუთხის ყვავილების მაღაზიას. ყველაზე მშვენიერი ყვავილები ქონდა მთელს მადრიდში. ყველა მამაკაცი მის გემრიელ და მკვრივ ტანზე გიჟდებოდა. მადმუაზელ ლა ვის ყურადღება და გული კი მხოლოდ ყვავილებს ეკუთვნოდა. ამ დღეს, მასთან მშვენიერი, იმედგაცრუებული და ცოტა სევდიანი გამომეტყველებით, საშუალო ასაკის ქალბატონი შებრძანდა და ქოთნის იების ყიდვა მოისურვა. მადმუაზელ ლა ვიმ მისთვის დამახასიათებელი თავაზიანობით, ქალბატონს ფართო არჩევანი შესთავაზა, ჭიქა ყავაზეც დაპატიჟა და საწყობში სადაც ნერგებს ინახავდა, იებისთვის მიწის ასაფხვიერებელი პატარა სპეციალური ნიჩბით, სევდიანი ქალბატონი სიცოცხლეს გამოასალმა. შემდეგ სკალპელით ვენები გადაუხსნა და მისი სისხლი უკანასკნელ წვეთამდე, ერთ დიდ და ლამაზ, ანტიკვარული ბროლის ლარნაკში მოათავსა.
4 დღით ადრე სახლში დაბრუნებისას, ფეხით ჩაუყვა პარკს. ხელში დიდ ქოთანში გადარგული, მაგრამ ჯერ კიდევ პატარა ვარდის ბუჩქით და იმ ფოსტალიონზე ფიქრობდა, გუშინ რომ წერილი მოუტანა. ადამიანის სითბო იგრძნო ზურგიდან, იარაღის სიცივე ხერხემალზე, ჩვეული სიმშვიდით შემობრუნდა, ცივსისხლიანი მზერით შეხედა და ვარდების სასხლავი სეკატორით ხელის მტევანი მოაჭრა. თავში ძლიერი დარტყმით გონება დააკარგვინა. რამდენიმე წუთი დასჭირდა, პარკში, მისი საყვარელი სკამის გვერდით, ვარდები რომ გადაერგა ქოთნიდან. ცარიელი თიხის ქოთანი აავსო მომაკვდავის, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი მამაკაცის სისხლით, აიღო პატარა ზომის ვალტერი, რომელის სიცივესაც რამდენიმე წუთის წინ ხერხემალზე გრძნობდა და კმაყოფილი დაბრუნდა სახლში.
მადმუაზელ ლა ვი, 3 დღით ადრე სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სახლის მესაკუთრემ, ლოთმა და ბინძურმა მოხუცებულმა კარში დაუხვედრა ხელი და ბინის ქირის გადახდა მოსთხოვა. მადმუაზელ ლა ვიმ კარი გაჭირვებით მიხურა, აივნის კარი გამოაღო, რომ მისი ალკოჰოლის სუნი გაენიავებინა, ჩართო მუსიკა, რომ ბინის პატრონის ყვირილი და კარზე მუშტების დარტყმის ხმა გადაეფარა და აბაზანაში შევიდა. რამდენიმე წუთში ყვირილის ხმა მოესმა, მისი აივნიდან კარგად ჩანდა გულაღმა მიწაზე გაკრული ბინის მეპატრონე. მადმუაზელ ლა ვიმ სახანძრო კიბეებით ჩაირბინა უკანა ეზოში და ტილოთი სისხლის მოწმენდა დაიწყო. სახანძრო კიბითვე დაბრუნდა სახლში და სისხლით გაჟღენთილი ტილო ჩაწურა ლამაზ, ანტიკვარულ ბროლის ლარნაკში.
2 დღით ადრე, მადმუაზელ ლა ვი აივანზე იჯდა საქანელა სკამში და პურის ნამცეცებს უყრიდა მტრედებს ცენტრალური მოედნიდან. ამ მტრედებისთვის სახელდახელოდ გამზადებული ხაფანგებიდან, მათ ნაწილ-ნაწილ იღებდა და სისხლს ანტიკვარული ბროლის ლარნაკში ათავსებდა.
იმ დღეს კი დილით ადრიანად ადგა და იმ ვარდის ფურცლების აბაზანა მიიღო, 2 დღის წინ, რომ გადარგო პარკში, საყვარელ სკამთან. კართან მივიდა და მოუთმენლად დაელოდა 5 დღის წინ საკუთარი თავის მისამართით გამოგზავნილ წერილს, რომელსაც სიმპატიური და ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა ფოსტალიონი მოუტანდა. კარი გააღო, წერილი გამოართვა, შეხვედრაც დაუნიშნა და კარი დახურა.
მადმუაზელ ლა ვი, სასტიკი და გულჩვილი ქალბატონი, მაგრამ ყველაზე გემრიელი მთელს მადრიდში, აფრიკული სინაზით და ესპანური აქცენტით, ყველაზე მეტად იმედგაცრუებული ქალი იმ ღამით.
მისი დილა ფოსტალიონის პატარა და სუნიან ბინაში დაიწყო, ორი ჰორიზონტალური ხაზით. მან პარკში მოკლული მამაკაცის ვალტერით ესროლა და ფოსტალიონის კანის, თმისა და ტვინის ერთმანეთში აზელილი ნაწილაკებით დასვარა ზეწარი, რომელიც ისედაც ეკრობოდა ტანზე.
აფრიკული სინაზით მიაბიჯებდა ესპანურ ქვაფენილზე, იისფერი კაბით, რომელსაც საცვლებს ვერ უხდენდა და ზუსტად 8 საათზე აღებდა კუთხის საყვავილეს.
აფრო-ამერიკელი, ფლორისტი და ნუდისტი, მადმუაზელ ლა ვი, ყოველ დილით, ზუსტად 8:15 წუთზე, რწყავდა ყვავილებს ანტიკვარული ბროლის ლარნაკიდან…