მე ჩემი ვარგისიანობის ვადა ამოვწურე. აღარაფერი მახარებს და მაბედნიერებს. მე არსებობაზე გადავედი და ბოსტნეულად ვიქეცი. მე სიცოცხლის სურვილი დავკარგე. დავიხარჯე და დავცარიელდი. ერთ დღეს უბრალოდ მივხვდი რომ არანაირი აზრი არ აქვს რამდენ წელს იცოცხლებ თუ ბოლოს მაინც უნდა მოკვდე. მნიშვნელობას კარგავს დეტალები რამდენი შვილი გეყოლება, რა გამოცდილებას მიიღებ, როგორი იქნება შენი მოგონებები და რამდენად დაბერდება შენი კანი, თუ ბოლოს მაინც უნდა მოკვდე. მე ვცდილობდი გამეღიმა შეკითხვების თავიდან ასაცილებლად, ვცდილობდი გამომენახა გზები ბედნიერებისთვის, მაგრამ ეს აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, რადგან მე აუცილებლად მოვკვდები ისევე როგორც ყველა. ჩვენგან აღარაფერი დარჩება ამ სამყაროში ატომების გარდა. მე არ ვფიქრობ სუიციდზე, ეს ცხოვრების კანონზომიერების დარღვევა იქნება. უბრალოდ გული მწყდება, რომ ყოველდღე ამდენი ბედნიერი და სიცოცხლით სავსე ადამიანი კვდება, როცა ჩემთვის ერთი უბედური შემთხვევაც კი არ მოიძებნა.
სომნოგრაფია
ივლისი 9, 2014
სიზმრები დ1, დედოფალი, კატა, კოშკი, კოშმარი, ლაბირინთი, სიზმარი, ჭადრაკის დაფა დატოვე კომენტარი
ეს სიზმარი ეძღვნება ყველას ვინც გამოიღვიძა.
წუხანდელი სიზმარიც კოშმარი იყო. ჩემი სიზმრის კატა ისევ წინ მიმიძღვოდა და გასასვლელს მიჩვენებდა. ბავშვობაში, როცა სიზმრის კატა ჯერ კიდევ არ მყავდა, კოშმარის ნახვისას გაღვიძება მიჭირდა. მშობლებს არაერთხელ გაუღვიძიათ ჩემი ყვირილით. შემდეგ ჩემმა ქვეცნობიერმა ფარი გამოიგონა და მას კატის ფორმა მისცა, როდესაც კოშმარი კულმინაციას აღწევს, კატა მიჩვენებს გასასვლელს და მე ვიღვიძებ.
ყველა კოშმარი გაღვიძებით იწყება, თითქოს მე ამ სამყაროში ვიძინებ და მაშინვე სადღაც სხვა, ალტერნატიულ რეალობაში მეღვიძება. იქ ჩემი თვალები ცისფერია, მაგრამ არასდროს იცვლება სამოსი. როგორც ყოველთვის ახლაც ტომარასავით კაბა მეცვა. თავიდან ვიფიქრე რომ საკანში ვიყავი გამომწყვდეული, ვერაფერს ვხედავდი სიბნელეში. თვალი რომ შევაჩვიე უფანჯრო, უხეშად თლილი ქვისგან აგებულ ოთახში აღმოვჩნდი, რკინის მთლიანი ფირფიტებით შედუღებული კარი შეღებული იყო და მკრთალი სინათლე შემოდიოდა. საკნიდან გამოსული მრგვალ შენობაში აღმოვჩნდი, შიდა რიკულებიან აივანზე, რომლიდანაც უამრავ სხვა ოთახში შესასვლელი კარი იყო. აივანი სპირალივით დაუყვებოდა შენობას ორივე მიმართულებით, არც ზემოთ და არც ქვემოთ სპირალს დასასრული არ უჩანდა. სიმაღლის ძალიან მეშინია ამიტომ კედელზე აკრულმა ქვემოთ დავიწყე ჩასვლა, მიწასთან ახლოს თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ.
ყოველ დონეზე ჩასვლისას ვივიწყებდი სად ვიყავი, ან საით მივემართებოდი. ყველა კარიდან მაცდუნებელი მოწვევა მიხმობდა. ხმები და შეძახილები კარის გაღებისკენ მიბიძგებდნენ. ყოველ ოთახში შესვლისას ჩემი პიროვნება უკვალოდ ქრებოდა. მე ცარიელ ფურცელს ვემსგავსებოდი და ოთახის სხვა ბინადრების ასლი ვხდებოდი. ყოველ ჯერზე მიწევდა შინაგანი ძალის პოვნა, რომ ოთახისთვის თავი დამეღწია და გზა განმეგრძო. ვერ ვიტყვი, რომ პირველ სართულზე უფრო რთული იყო ოთახში შესვლის ცდუნების დაძლევა ვიდრე დანარჩენში. ჩემთვის ყველა სართული პირველი იყო, რადგან წინამორბედი არც მახსოვდა. ყოველი ოთახიდან ისე გამოვდიოდი, როგორც საკნიდან, რომელშიც გამოვიღვიძე. იქნებ არც ის იყო პირველი.
ყველა ოთახი უნიკალურობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთში ულამაზესი ადამიანები იყვნენ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი სრულყოფილი სილამაზის მქონე ადამიანები არსებობდნენ. ნარცისები იყვნენ, ცდილობდნენ საკუთარი სილამაზით მოეხიბლე და სამუდამოდ მათთან დაეტოვებინე. მოკვდავი ადამიანი სჭირდებოდათ, რომ საკუთარი თავით მეტად აღფრთოვანებულიყვნენ. კიდევ იყო ოთახი სხვადასხვა ლიტერატურული პერსონაჟებით, ყოველ მათგანს მხოლოდ საკუთარი სიუჟეტის განვითარების ფარგლებში შეეძლო მოქმედება და მხოლოდ მწერლის მიერ დაწერილი ფრაზებით საუბარი. თითოეულ მათგანს კიდევ ერთი ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც ერთი პერსონაჟის როლით არ იქნებოდა შეზღუდული და წიგნს დაასრულებინებდა. იყო მატყუარების ოთახიც. ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ მატყუარას გულწრფელი ადამიანი სჭირდება? ამ მატყუარებსაც სჭირდებოდათ გულწრფელობა, რადგან ისე ტყუილს აზრი ეკარგებოდა. მათ სიამოვნებას ადამიანის მოტყუება ჰგვრიდათ, თუმცა ერთმანეთის მოტყუებით მიზანს ვერ აღწევდნენ, რადგან არ იცოდნენ მართლაც მოტყუვდა თუ არა მოწინააღმდეგე. მეცნიერების ოთახი ყველაზე სევდიანად მომეჩვენა. მათი სამყარო ეს ერთი ოთახი იყო, რომლიდანაც ალბათ არასდროს გამოსულან, ან უბრალოდ არ ახსოვდათ ჩემსავით. მათი აზრები ქვით უხეშად ნათალი კედლებით აგებულ, უსარკმლო ოთახში იწყებოდა და სრულდებოდა. ღამეებს ათევდნენ საუბრებში, კამათსა და გამოთვლებში, როგორ იყო მოწყობილი ის ოთახი და რა ხდებოდა მის გარეთ. საბოლოოდ კი თანხმდებოდნენ, რომ იმ ოთახის გარეთ სიცოცხლე არ არსებობდა. უცნაური ხალხი იყვნენ მეოცნებეები, მათი ოთახის კარი სხვებისგან განსხვავებით მიხურულიც კი არ იყო. საათობით ისხდნენ ფართოდ გაღებული კარის წინ და მხოლოდ იმაზე ოცნებობდნენ რამენაირად დაეღწიათ ოთახისთვის თავი. კიდევ უამრავი ოთახი იყო, კოსმონავტების, რომლებიც კოსმოსში არასდროს გაფრენილან. ჩაძირულ გემებზე ბოლომდე რომ არ დარჩნენ იმ გემების გადარჩენილი კაპიტნების. ერთ ოთახში მხოლოდ ის მხატვრები იყვნენ ვის სახელსაც ყველაზე ხშირად წარმოთქვამენ შეცდომით. ყველაზე დიდი ოთახი იმ ცნობილ მწერლებს ეკუთვნოდათ, რომელთათვისაც ძეგლი არასდროს დაუდგამთ.
სულ ქვედა სართულს რომ მივაღწიე იატაკი ჭადრაკის დაფას გავდა. ჩემ მიერ ნანახი ოთახებიდან სხვადასხვა ადამიანებს ფიგურების ადგილი ეკავათ. თეთრი ფიგურების ადგილები უცნობებით იყო შევსებული, ალბათ იმ ოთახებიდან იყვნენ მე რომ არ შევსულვარ. შავი ფიგურებიდან კი ყველა მეცნობოდა. მეფის ადგილი ნარცისს ეკავა, ალბათ ფიქრობდა, რომ მისი სილამაზე მოწინააღმდეგეს მიახლოების საშუალებას არ მისცემდა. კუს უჯრაზე მეცნიერი იდგა. თავის სისწორეში დარწმუნებული მეცნიერი, ვისთვისაც შავი, სხვისთვის თეთრია. მისთვის სწორხაზოვნება შესაძლოა სულაც არ იყოს სწორ ხაზზე სიარული. მხედარი მეოცნებე იყო, მეოცნებეები ყველაზე არათანმიმდევრული ადამიანები არიან, მათ პირდაპირ სადღაც უნდათ რომ გაჩნდნენ. ეტლის ადგილი ლიტერატურულ პერსონაჟს ეკავა და როგორც ოთახში ყოფნისას, აქაც სიუჟეტს არ უხვევდა არცერთი ნაბიჯით. პაიკები მატყუარები იყვნენ. ჩემთვის კი შავი დედოფლის უჯრა იყო თავისუფალი.
აქ ფსკერზე მდგომს უკვე სრული მეხსიერება მქონდა, ყველა იმ ოთახის და სართულის შესახებ რომელიც გამოვიარე. მახსოვდა სად გამოვიღვიძე და როგორ დავიწყე გასასვლელის ძებნა. მიმოვიხედე, ამ სართულზეც არ ჩანდა გასასვლელი, თუმცა სპირალისებური აივანი აქ სრულდებოდა და ეს შენობის სულ ქვედა დონე იყო. გასასვლელი, გავიფიქრე და თამაშში ჩავერთე.
პირველი რამდენიმე წამი ველოდი, რომ შავ ანაფორაში ჩაცმული რუხი კარდინალი გამოვიდოდა და კონკრეტულ უჯრაზე გადაადგილებას გვიბრძანებდა, მაგრამ გონგის ხმასთან ერთად პირველი მატყუარა დაიძრა და მოწინააღმდეგე საშინელი ტყუილებით გულის შეტევამდე მიიყვანა. მაშინ მივხვდი, რომ ამ ჭადრაკის დაფაზე წესები განსხვავებული იყო. ფიგურებს მოთამაშეები არ მართავდნენ, საერთოდ არ იყვნენ მოთამაშები, ვინც უჯრებზე მდგარ ადამიანებს გადაადგილებას უბრძანებდა. ადამიანები, ჭადრაკის წესების დაცვით, მაგრამ მაინც თვითონ წყვეტდნენ საით, რომელი და როდის გადაადგილებულიყვნენ. მხოლოდ ადგილის დაკავება საკმარისი არ იყო. იმისთვის რომ მოწინააღმდეგის ადგილი დაგეკავებინა, უჯრა უნდა გათავისუფლებულიყო. ფიგურის მოკვლა უბრალოდ დაფიდან გასვლას არ გულისხმობდა, მოთამაშეები მართლაც კვდებოდნენ. ყოველ მათგანს მოწინააღმდეგის თავიდან მოცილების თავისებური მეთოდი ქონდა. რა თქმა უნდა იერიშის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო განსაკუთრებით მყარი ფსიქიკის მქონეთათვის. თავიდან, სანამ გონს მოვეგებოდი და გავაცნობიერებდი რა ხდებოდა გარშემო, მეც თავდაცვის ხერხს მივმართე. მალევე მივხვდი, რომ თავდაცვა ვერ გადამარჩენდა და აუცილებლად დადგებოდა იერიშზე გადასვლის დრო. რა არის ჩემი იარაღი? მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში, თუმცა სულ უფრო ცოტა დრო მრჩებოდა საკუთარ თავში გამოსარკვევად. მიჭირდა იმ აზრთან გამკლავება, რომ მეც უნდა მომეკლა ადამიანი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. გამახსენდა, რომ ფიგურების ადგილს მსგავსი თვისებების ადამიანები იკავებდნენ, მათ თავისი მახასიათებლები ქონდათ. მაშინ დავფიქრდი რატომ ვიდექი მე დედოფლის ადგილას? ჩემს გვერდით იყვნენ მეცნიერები, მეოცნებეები, მატყუარები, ნარცისები და ლიტერატურული პერსონაჟები, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა მე ვინ ვიყავი. მხოლოდ ის მახსოვდა, რომ ოთახში შესვლისას მეც მათნაირი ვხდებოდი. ამიტომ მაქვს ყველა მხარეს სვლის შესაძლებლობა? ის შინაგანი ხმა, რომელიც მეხსიერების და პიროვნების დაკარგვისას ყოველი ოთახიდან გამოსვლაში მეხმარებოდა, რომელსაც ეჭვი შექონდა, რომ მე არ ვიყევი მეოცნებე ან სხვა რომელიმე ოთახის მცხოვრები, ახლაც მეუბნებოდა, რომ ეს არ იყო ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ ვიდექი დედოფლის უჯრაზე. იქნებ მეც იმ მეცნიერებს ვგავარ თავისი ოთახის იქით რომ ვერაფერს ხედავდნენ, ან იმ მეოცნებეებს ღია კარიდან გასვლაზე რომ ოცნებობდნენ? ჩემი სვლა იყო. მხოლოდ თავდაცვით ვეღარ დავიხსნიდი თავს, შეტევაზე უნდა გადავსულიყავი. როგორც გრიგალის წინ ისადგურებს სიმშვიდე, ასევე არის ერთი წამის ხანგრძლივობის სიმშვიდე, რომელსაც ადამიანი მღელვარების ზედა ზღვარზე აღწევს. ის ერთი წამი ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება. იმ ერთ წამში ადამიანის თავი ყველა ფიქრის, განცდის, ემოციისგან თავისუფლდება და სადღაც ადამიანის ქვეცნობიერში ღრმად დამარხულ სიმართლეს, რომლისთვისაც თვალის გასწორება ჭირს, ცხადად და შეუნიღბავად გვანახებს. ჭადრაკის დაფას გადავხედე, ყველა მოთამაშე ჩემთვის გადაშლილი წიგნივით იყო. მე ვიცოდი რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ ისინი, ისიც ვიცოდი რას მოიმოქმედებდნენ და რატომ იდგნენ აქ. მე ისინი გავაქრე ჩემი დაფიდან.
თამაში დასრულდა თუ არა, იატაკმა ქვემოთ დაიწყო ჩაწევა და შენობას კიდევ ერთი სართული დაემატა. მე მარტო ვიდექი ჭადრაკის დაფაზე, ზემოთ ვიხედებოდი და ვცდილობდი დამენახა შენობის ჭერი, რომელიც რამდენიმე წამის წინ კიდევ უფრო ამაღლდა. ჩემი კატა ფეხზე გამეხახუნა და დ1 უჯრაში ჩაიხედა, საიდანაც ცა და ღრუბლები ჩანდა. მე კიდევ ვერაფრით ვხვდებოდი შენობა საძირკველიდან როგორ ამაღლდა. გასასვლელს მიწასთან ახლოს ვეძებდი, მაშინ როცა ჩემს ქვეცნობიერს მაღლა მივყავდი. ხანდახან თავად არ ვიცით რა გვსურს სინამდვილეში, ისე ვართ შიშით დაბრმავებული.
გამარჯობა, მე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ანუ ბავშვობაში მაჩმორებდნენ
მაისი 28, 2014
დღიური, უსათაურო 90-იანები, ბულინგი, გენდერული უთანასწორობა, სექსიზმი, სკოლა, ჩაგვრა დატოვე კომენტარი
პოსტის სათაური უცვლელი დავტოვე. სკოლა რომ დავამთავრე, გულუბრყვილოდ მეგონა ბავშვები ერთმანეთს აღარ ჩაგრავდნენ. დარწმუნებული ვარ ჩემი თაობიდან და არა მარტო, ბევრია ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს. სტუდენტობისას ახალი მეგობრები შევიძინე, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობდნენ, ბევრი საერთო გვქონდა, მსგავსი ინტერესები, მეტნაკლებად მსგავსი შეხედულებები და ამიტომაც მოვწყდი იმ გარემოს. გარკვეული დროის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თაობა შეიცვალა და შეხედულებებიცა და დამოკიდებულებებიც განსხვავებული იყო. ვცდებოდი თავისთავად, იმიტომ რომ საზოგადოებაში სადაც სიყვარული სძულთ და ღმერთის სახელით ძალადობენ, სადაც ერთს სქესის გამო ამცირებენ და ხოლო მეორეს ამავე მიზეზით ამართლებენ, არაფრით განსხვავდება 15 წლის წინანდელი საზოგადოებისგან.
მე მინდა მოვყვე რა მოხდა ჩემს თავს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ დღეს ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი. მუსიკაზე დავდიოდი, კარგად ვსწავლობდი, წესიერად ვიქცეოდი და ზრდილობაც არ მაკლდა. ისე მოხდა, რომ სკოლაში ერთ-ერთ პოპულარულ გოგოდ ვიქეცი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი არც ვიცი. უბრალოდ ყოველთვის მქონდა ჩემი შეხედულება, არ ვიყავი ტიპური ხუთოსანი მიუხედავად იმისა, რომ კარგი ნიშნები მყავდა, მეგობრული და კომუნიკაბელური ვიყავი. ჩემს სკოლაში კალათბურთი იყო პოპულარული სპორტის სახეობა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ყველაზე სიმპათიურ, კალათბურთელ ბიჭს შევუყვარდი, რომელზეც სკოლაში ყველა გოგო დნებოდა. ჩემი პირველი შეყვარებული იყო სკოლაში. გოგონების ნაწილი მაშინვე ჩამომშორდა. კი, ბევრი მეგობარი მყავდა, ყველა მემეგობრებოდა მანამდე. პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა ჩემმა შეყვარებულმა ყველა ბიჭის ჩაგვრა დაიწყო ვინც შემომხედავდა, ან შემეხებოდა, ან შეეცდებოდა მეგობრობას. რამდენჯერმე გავიგე, რომ ჩემი სახელით ცემა ბიჭი, მაგალითად გამომართმევდა რამე ნივთს ნებისმიერი მიზეზით და მერე ამბობდა რომ აი ანამ მითხრა ეგ ტიპი მომაშორეო. ნელ-ნელა ყველას თვალში წესიერი გოგოდან, მოძალადედ ვიქეცი. ჩემს სიტყვებს არანაირი ფასი არ ქონდა, არც ჩემს შეყვარებულთან არც ჩემს ძველ მეგობრებთან. ამიტომაც გადავწყვიტე გავშორებოდი, მაგრამ გვიანი იყო. ჩემი შეყვარებული თავის საკუთრებად მთვლიდა, რომელიც აუცილებლად მისი ცოლი უნდა გამხდარიყო. ვერაფერს ვაკეთებდი, რომ ასე არ ეფიქრა. ყველა ჩემი ნაბიჯისთვის წინასწარ მზად იყო. უამრავი მეგობრიდან ზუსტად 2 დამრჩა ამ დროისთვის და იმათაც გავურბოდი, გამოვიკეტე, განვმარტოვდი, მაშინ მივხვდი, რომ სერიოზული პრობლემა მაქვს, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ გადაჭრიდა.
ერთ დღესაც სკოლაში მივედი და ჩემს შეყვარებულს მოვუყევი, თითქოს დაწყებით კლასებში ვერაზე სწავლის დროს, შეყვარებული მყავდა, რომელსაც ვაკოცე. გულწრფელად ვთვლიდი, რომ უბრალოდ გამშორდებოდა. გამშორდა, მაგრამ შემდეგი 2 წელიც ჯოჯოხეთად მექცა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ სკოლაში ყველას მოუყვა, რომ ბოზი ვარ, იმიტომ რომ 7 წლის ასაკში ბიჭისთვის მქონდა ნაკოცნი. ყველა მე მადანაშაულებდა. დავიწყე აღიარება, ვუთხარი რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და უბრალოდ მასთან დაშორების გამო მოვიგონე. მინდოდა, რომ უბრალოდ დავშორებულიყავით. ამის მერე უფრო დარწმუნდა, რომ ნამდვილად ნაკოცნი მქონდა ბიჭისთვის და შეიძლება მეტიც.
პირველი 6 თვე არავინ არ მელაპარაკებოდა სკოლაში, დერეფანში გასვლისას მესმოდა კომენტარები და შეძახილები, საკმარისი იყო მასწავლებელი არ ყოფილიყო, რომ რაც ხელში ქონდათ მესროდნენ. რამდენჯერმე მისი მეგობრები ხელით შემეხნენ. ვაპროტესტებდი, დირექტორთანაც ჩავდიოდი, მაგრამ ბიჭების მშობლებს ყოველთვის ქონდათ არგუმენტი “როგორც იმსახურებს, ისე ექცევიანო.” თანასკოლელები კი ამბობდნენ აუ “ნასეტკაც” ყოფილაო. მე კიდე არ ვიცოდი, როგორ დამეცვა თავი. ჩემმა მშობლებმა სხვა სკოლაში გადასვლა შემომთავაზეს, მაგრამ მე არ დავთანხმდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ პრობლემა უნდა გადამეჭრა. მაშინ 13 წლის ვიყავი და პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ამ საზოგადოებაში უნდა იყო კაცი, იმისთვის რომ გაგამართლონ. პირველად მაშინ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, რომ ჩემი სიტყვები ნაკლებ ფასობდა და ჩემთვის არ შეიძლებოდა ის, რაც მათთვის მისაღებად ითვლებოდა. ხანდახან ვფიქრობ, ეს ყველაფერი რომ არა, ნუთუ დღეს ქალზე ძალადობის ფაქტის გაგებისას მეც ვიტყოდი “ოჯახის საქმეა, არავის ეხება” ან “ალბათ დაიმსახურა”.
რამდენიმე თვის იგნორირებამ, თავდაცვამ და დირექტორთან საჩივრებმა არანაირი შედეგი რომ არ გამოიღო, უკვე დანებების პირას ვიყავი მისული. ყოველ ღამე რომ ტირილით იძინებ, იმიტომ რომ მეორე დილა უნდა გათენდეს და სკოლაში უნდა წახვიდე. აღარ მახსოვს რომელიღაც ფილმში მოვისმინე ფრაზა, როცა ფსკერს მიაღწევ ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში მაშინ ხარ, იმიტომ რომ იმის ქვემოთ ვეღარ დაეცემი, ფსკერიდან გზა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა, ზემოთ. ზუსტად ამ ფორმულირებით ვერ, მაგრამ დაახლოებით ამ შინაარსის გამონათება მქონდა ერთ დილას. იმ დილას წითელი კოლგოტი ჩავიცვი, კაბა დავიმოკლე, თმა გავიჩეჩე და მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე. უკვე მასწავლებლებსაც არ მოვწონდი, მაგრამ მეკიდა. უფრო სწორად არ მეკიდა, მაგრამ ასეთი იმიჯი მქონდა. იგნორირებას დამატებული ფეხებზე დაკიდების დემონსტრირება იყო გამოსავალი, რომელიც ვიპოვნე. ჩემი ჩაცმულობით და ქცევით ჩემს თანასკოლელებს ის მივეცი რასაც მთხოვდნენ. ის ანა მივეცი, რომელიც ვეგონე სინამდვილეში, რომლადაც მთვლიდნენ. ყველა ფეხებზე დავიკიდე, აღარავის ვეკონტაქტებოდი, ისევ კარგად ვსწავლობდი, უფრო კარგადაც. ერთ დღესაც გაკვეთილიდან გამოვედი და ტუალეტში ჩემი თანაკლასელი ბიჭი შემომყვა. მაშინ პირველად და უკანასკნელად ამოვარტყი ყვერებში მუხლი კაცს, ამის გამო დირექტორთან დამიბარეს და საყვედური გამომიცხადეს, მას არაფერი უთხრეს, იმიტომ რომ მე წითელი კოლგოტი მეცვა და ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. სხვა დროს თავს ვიმართლებდი და თვალცრემლიანი გამოვდიოდი ხოლმე კაბინეტიდან. ამჯერადაც მთელი ხმით ვიტირებდი, მაგრამ ინდეფერენტულ სახეს ვინარჩუნებდი და ვიმეორებდი, რომ რადგან არავინ არ მიცავს, საკუთარ თავს დღეიდან მე დავიცავდი. ჩემი ყოფილი შეყვარებული და მისი ძმაკაცები იმავე თვეში გადიყვანეს სხვა სკოლაში, როგორც გავიგე მშობლების ინიციატივით. მომდევნო 2 წლის განმავლობაში კიდევ ბევრ ბიჭს ვუყვარდი, მაგრამ ჩემი შეყვარებული ყველაზე არაპოპულარული ახალგადმოსული გახდა, ჩემს მეგობრებად ის ორადორი ადამიანი დარჩა.
სკოლაში მივხვდი, რომ ადამიანების სჭირდებათ ავტორიტეტი, 90-იანების გაგებით არა, მისაბაძი პიროვნებები და ამ ავტორიტეტს არავინ ანიჭებს, მხოლოდ საკუთარი თავი და თავდაჯერებულობა. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ვინმესთვის მისაბაძი, როგორც ის კალათბურთელი გახდა და შემდეგ უკვე მე. იმიტომ რომ მე არავის არ ვგავდი, ვაკეთებდი, ვიცვამდი და ვიქცეოდი ისე როგორც მსურდა, იმიტომ რომ მე ძალის დემონსტრირებას ვახდენდი. არ ვაღიარებდი წესებს. დიახ, მეათსე კლასიდან როცა უკვე ყველაფერი ჩაწყნარდა და მე აღარ ვიყავი ჩაგვრის ობიექტი, დირექტორის ორი გაკვეთილი დაგვინიშნეს დილაობით და მე ყოველ დილით მის პირველ გაკვეთილს ვაცდენდი და ყოველ დილით ვეუბნებოდი რომ მეძინა, მაგრამ კარგად ვსწავლობდი ისტორიას და ამასთან შეგუება უწევდა. ეს იყო ჩემი სამაგიერო, ან უფრო ძალის, ნების და დაუმორჩილებლობის დემონსტრირება, მისი ავტორიტეტის შესარყევად. მას ყოველ დღე, ბოლო 2 წლის განმავლობაში უწევდა იმასთან გამკლავება, რომ მე მის ავტორიტეტს ვლახავდი კლასის წინაშე, არ ვემორჩილებოდი. გაკვეთილებიდან მივდიოდი როცა მინდოდა, მოვდიოდი როცა მომესურვებოდი. ვსწავლობდი, კონფერენციებზე გავდიოდი და იძულებული იყვნენ შემგუებოდნენ ასეთს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად მე ვიყავი, ეს ჩემი იმიჯი იყო, რომელიც გადარჩენაში დამეხმარა. ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რომ ადამიანები ზუსტად ისე გექცევიან, როგორც შენ აძლევ უფლებას მოგექცნენ. ისე აღგიქვამენ, როგორც გინდა რომ აღგიქვან. თუ გინდა იყო ძლიერი, უბრალოდ უნდა იყო. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. სკოლა რომ დავასრულე დირექტორმა ხუთოსნის ატესტატის გადმოცემისას მითხრა, იმედია აღარასდროს შევხვდებით ერთმანეთსო. იქ დასრულდა დაუმორჩილებელი გოგონას ამბავი და იმიჯი, იმიტომ რომ მე მივიღე მისგან აღიარება.
წინასწარგანწყობების ტყვეობაში
მაისი 1, 2014
დღიური ინდეფერენტულობა, სტატუსი, სტერეოტიპები, ტექნოლოგიები, წინასწარგანწყობები 2 Comments
სტუდენტობისას ერთ ქუჩის მუსიკოსს ვხვდებოდი. მეექვსე კორპუსის მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა, სამსახური არ ქონდა, მუსიკა უყვარდა და ისიც რასაც აკეთებდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო და მე ძალიან პატარა ასეთი მამაცი ნაბიჯისთვის. მაშინ მეუბნებოდნენ, რომ ადამიანების ცნობა არ ვიცოდი. ადამიანი რომელიც არ მუშაობს, ქუჩაში უკრავს და ამით შოულობს ფულს ძალიან არასერიოზულია და უკეთესს ვიმსახურებდი, მაგრამ მე ის ადამიანი მომწონდა. მაშინ პატარა ვიყავი იმისთვის, რომ სრულად გამეაზრებინა, რამდენი სიმამაცე იყო საჭირო და საღი აზრი წინასწარგანწყობების გარეშე დამენახა მასში პიროვნება. ჩვენ ჰო სტატუსების ტყვეობაში ვცხოვრობთ. დღეს ყველაფერს წყვეტს როგორ გამოიყურები, ვისთან მეგობრობ და რით ხარ დაკავებული. ფანტასტიკურად კარგი პიროვნებაც კი უმრავლესობისთვის სრულიად უჩინარია, მხოლოდ სათანადო სტატუსს ძალუძს ის ადამიანების დიდი ნაწილისთვის ხილულად აქციოს. მერე რამდენიმე წელი გავიდა და ის ბიჭი ერთ ძალიან პოპულარულ ქართულ ჯგუფში უკრავდა, რომლის სიმღერებიც დღემდე დარწმუნებული ვარ ყველას გახსოვთ. მერე ყველას უყვარდა ეს ბიჭი და აღარ ამბობდნენ, რომ მე მეტს ვიმსახურებდი, უბრალოდ აღარ იხსენებდნენ ამ ფაქტს, ალბათ იმიტომ, რომ ცდებოდნენ და აღიარება არ სურდათ.
ყველაფერი წინასწარგანწყობებით იწყება. ერთხელ მაღაზიიდან გამოსულს თვალში მომხვდა მოხუცი ქალი რომელსაც მიახლოებისთანავე იშორებდნენ თავიდან. ეს ქალი იწყებდა “რაღაც უნდა გთხოვო შვილო, ძალიან მერიდება.” მაშინვე აწყვეტინებდნენ, მერე ერთმა ბებო აი ლარიანიო. ამ ქალს ფერი დაეკარგა სახეზე და არ გამოართვა. ვკითხე რა აწუხებდა და თურმე ორიენტაცია დაკარგვია. ქუჩის სახელი ახსოვდა სადაც ცხოვრობდა, მაგრამ სად იყო ვერ იხსენებდა. ასე მივდივართ წინასწარგანწყობებიდან გულგრილობამდე, გულგრილობიდან ინდეფერენტულობამდე. მერე კარგებად და ცუდებად ვყოფთ სტატუსების მიხედვით, მერე გამორჩენაზე გადავდივართ, ვალდებულებები რომელიც ჩვენს გარდა ყველას გააჩნია და ბოლოს ამ ყველაფრის კულმინაცია სიძულვილი ხდება. ასე ბოროტდებიან ადამიანები. ადამიანები რომლებიც საკუთარ პიროვნებებს არ უფრთხილდებიან, არ უვლიან, არ ზრუნავენ საკუთარ თავზე როგორც ადამიანზე, ბოროტდებიან.
სამყაროში სადაც სულ უფრო იშვიათად ხდება საჭირო ვინმეს შეეხო ან უბრალოდ მასთან 2 მეტრზე ახლოს იდგე რომ გული გადაუშალო ან გაამხნევო, მოეხვიო, უსიტყვოდ ამოიკითხო მის სახეზე რა აწუხებს. სამყარო სადაც ადამიანებს დღემდე სიკვდილით სჯიან, რატომ უნდა შეეცადო ადამიანს მეორეზე ზრუნვა და გაბედნიერებაში ხელი შეუშალო, იმიტომ რომ ის ჰომოსექსუალია? ბოროტი ადამიანები უბედურები არიან, ამიტომ აღიზიანებთ ბედნიერები, ისინი ვისაც სხვა ადამიანები ჯერ კიდევ სჭირდებათ ბედნიერებისთვის.
რამდენიმე კვირის წინ ჩემს ეზოში მაწანწალა მეტისის ლეკვი შემობოდიალდა. არანაირი პირობა არ მქონდა მის მოსავლელად, ძაღლების მეშინია, ვერ ვეხები, მაგრამ ვერ გავაგდე, თვითონ არ წავიდა. რამდენიმე კვირა ვეძებე მისთვის პატრონი უშედეგოდ. დარწმუნებული ვარ სპანიელი, ლაბრადორი ან რომელიმე ჯიშიანი ძაღლი რომ ყოფილიყო მეორე დღესვე გაჩუქდებოდა. მაგრამ დღეს ჩემთვის არ არის დედამიწაზე ამ ძაღლზე ძვირფასი არცერთი, იმიტომ რომ ეს ყველაზე ჭკვიანი ძაღლია სამყაროში. ჩემი ძაღლის ისტორიის შემდეგ რამდენჯერმე უშედეგო მცდელობა მქონდა შიში დამეძლია. ხან დობერმანი მაჩუქეს, ხან ლაბრადორი, მაგრამ ვერცერთ ვეკარებოდი, მეშინოდა, არ ვენდობოდი. ეს ძაღლი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც გამიფრთხილდა, რომელმაც ჩემი პირადი სივრცე არ დაარღვია როცა მეშინოდა, არ შემეხო სანამ მე არ გავუწოდე ხელი. ეს მეტისი ყველაზე ჭკვიანი და მზრუნველია სინამდვილეში, მაგრამ ჩემს გარდა არავის სჭირდება, იმიტომ რომ სპანიელად არ დაიბადა.
ახალი ნივთის მილოცვა არ მიყვარს, არასდროს ვულოცავ ადამიანს ნივთის შეძენას გულით, განა მისი ბედნიერება არ მიხარია? უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ნივთებით გაბედნიერება. თვითონ ფაქტი შეიძლება იყოს სასიამოვნო, როცა ადამიანისგან საჩუქარს იღებ, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საჩუქარი რა იქნება, იმიტომ რომ ის ბედნიერად ვერასდროს გაქცევს, უბრალოდ ბედნიერების ილუზიის შექმნაში დაგეხმარება. ვიცი რომ ბევრი არ დამეთანხმება, ამიტომაც როგორც ზრდილობიანი ადამიანი ვულოცავ.
რას გააკეთებდი ისეთ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ სადაც ადამიანები ერთმანეთს იგრძნობდნენ, ან სკეპტიკოსებისთვის ადამიანის შესახებ ყველაფერი გეცოდინებოდა გაცნობისთანავე? რას გაუზიარებდით ან რაზე ისაუბრებდით ერთმანეთთან? აბსურდია, მაგრამ წარმოდგენადი გონებას თუ დაძაბავ და წარმოსახვას ჩართავ. ისევ იმ ადამიანებთან იმეგობრებდი ან ისევ იქ იმუშავებდი? შენთვითონაც ასეთივე იქნებოდი? არავითარი არგუმენტი, რომ ეგრე ჰომ ისედაც სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი არ მიიღება. არაფერ არ იქნებოდა სხვაგვარად, იგივენაირად არის ახლაც. დღეს ყველაფერი რეკლამაა, როგორც 2 ლარიან წვენში იხდი 6 ლარს იმიტომ რომ უკეთესი შეფუთვა აქვს ან სანდო ბრენდის სახელი აწერია. ყიდულობ ტანსაცმელს რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ გჭირდება. ადამიანს არსებობისთვის თითო ხელი ტანსაცმელიც ჰო ეყოფა რეალურად და თითო წყვილი ფეხსაცმელი სეზონზე. ტელეფონი რომელსაც ყველანაირი თუნდაც ფუნქცია აქვს, მაგრამ უკანასკნელი მოდელის არ არის. ჩანთა რომელსაც დიზაინერის სახელი არ აწერია შიგნიდან. რამდენი რამეა გარშემო რაც საერთოდ არაფერში გვჭირდება, მაგრამ მათ მისაღებად იმ დროს ვხარჯავთ, რომელიც შეგვიძლია ახალი საინტერესო ადამიანის გასაცნობად დავხარჯოთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანები უნდა გვიყვარდეს, უცნობი ადამიანებიც. ყველას აქვს შანსი იყოს გაცნობილი, გაგონილი და შეყვარებული.
პერფექციონისტის ფიქრები, ყველა ბედნიერი ვიქნებით
აპრილი 20, 2014
დღიური აღდგომა, ახალი წელი, ბავშვობა, ბედნიერება, დღესასწაულები, ვარდისფერი სათვალე, ომი, პაციფისტი, პერფექციონისტი, რეიტუზები, შობა, წიგნი დატოვე კომენტარი
გამარჯობა, დღეს მე პერფექციონისტი ვარ ვარდისფერი სათვალით. რთული ბავშვობა მქონდა, ყოველთვის მკაცრად ვსჯიდი საკუთარ თავს, ყოველი წარუმატებლობისთვის. თავად ვდგებოდი კუთხეში და საათობით, ფეხების დაბუჟებამდე არ გამოვდიოდი, სანამ დგომა შემეძლო, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ნახატი არ მომეწონა და უკეთესის დახატვა შემეძლო. წიგნის კითხვას რომ ვიწყებდი ისე უნდა დამესრულებინა რომ არ დამეხურა, თუ რაიმე საჭიროების გამო წიგნის დახურვა ან თავის აწევა მომიწევდა, წიგნს ვხურავდი და თავიდან ვიწყებდი კითხვას, თუნდაც სულ ბოლო აბზაცი მქონოდა დარჩენილი. ეს არ მაღიზიანებდა, გულწრფელად ვთვლიდი, რომ წიგნი ერთი ამოსუნთქვით შემეძლო წამეკითხა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ფრაზა “ერთი ამოსუნთქვით იკითხება” საერთოდ სხვა მნიშვნელობის მატარებელი ყოფილა და სანიშნი შევიძინე. სათამაშოების კუთხეს რომ ვალაგებდი სახაზავით ვასწორებდი ხოლმე ჩამწკრივებულ მანქანებს, თუ რომელიმე სიმეტრიას არღვევდა ძირს ვყრიდი და თავიდან ვიწყებდი დალაგებას. ბაღში სიარულისას, როცა ჯერ კიდევ დედა მაცმევდა ტანსაცმელს, რეიტუზზე ან მასში ჩატანებულ მაისურზე ერთი ნაკეციც არ უნდა ყოფილიყო. იქამდე ვიტირებდი, სანამ ყველა ნაკეცს არ გაასწორებდნენ ტანსაცმელზე და ყველა ფერს არ შეუხამებდნენ ერთმანეთს. ბაღში ჩემს თანატოლებს რომ ვუყურებდი მუხლზე გაკეთებული ნაკეცებით, ფეხზე ასიმეტრიულად დახვეული რეიტუზის ზოლებით და ჩაბრუნებული საყელოებით, მივდიოდი და სულ ვუსწორებდი, სანამ ყველა ზოლი აბსოლუტურად არ გასწორდებოდა, ფეხზე და ყველა საყელო არ ამოტრიალდებოდა. ახლაც ასე ვარ, ნებისმიერი არასწორი ნიუანსი გამაღიზიანებელია, უბრალოდ ამის კონტროლი ვისწავლე. კომუნიკაციისას გაღიმება და საკუთარი თავისთვის იმის გამეორება, რომ ეს მე არ მეხება. არ მშველის საერთოდ, უბრალოდ მაკავებს. ახლა არასდროს ვაუთოვებ ტანსაცმელს. ჯობია მეცვას დაკუჭული, ვიდრე დაუთოვებულს გაუჩნდეს თუნდაც ერთი ნაკეცი. ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. სამაგიეროდ ვიცი, რომ დაკუჭულია და ნაკეცებს ბუნებრივ მოცემულობად ვიღებ.
ნერვებს მიშლის კარადის ოდნავ გამოღებული კარი, ან ნახაზზე დასმული ზედმეტი წერტილი. დღემდე ვსჯი საკუთარ თავს თუ არ ვარ საკმარისად ლოიალური ან დამთმობი. ვიცი, რომ ჩემთან მუშაობა და ცხოვრება იქნებოდა რთული საკმარის ძალისხმევას რომ არ ვხარჯავდე ჩემთან თანაარსებობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ჩემი ძალისხმევა არასდროს არის საკმარისი, მუდმივი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეულ სიტუაციებში ზედმეტი მომდის, როგორც საბავშვო ბაღში, როცა თანატოლებს საყელოებს ვუტრიალებდი და რეიტუზის ზოლებს ვუსწორებდი. მგონია რომ ზედმეტად წნეხის ქვეშ ვაქცევ, პირად სივრცეში ვიჭრები ან არჩევანს ვუზღუდავ გარშემომყოფებს, იმის გამო რომ სრულყოფლებად ვაქციო ან სურვილი გავუღვიძო ასეთებად იქცნენ. საკუთარ თავში ვიკეტები და კედლებს ვაგებ გარშემო, რომ იზოლაცია მოვახდინო საკუთარი აზრების და ადამიანები ჩემგან გავათავისუფლო. ოქროს შუალედის დაჭერა მიჭირს, უფრო ზუსტი ოქროს შუალედის, სრულყოფილი ოქროს შუალედის.
მთელი ცხოვრება მტანჯავს საშინლად დაბალი თვითშეფასება. უფრო სწორად მჯერა, რომ მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რასაც მოვისურვებ, მაგრამ ნებისმიერი შედეგი, მაინც სიცარიელეს მიტოვებს და მუდმივად იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე იყო შესაძლებელი უკეთესი შედეგი. დაუსრულებელ დევნას გავს, მაგრამ ვერც ვჩერდები. შემიძლია გავათენო ღამეები, თუ მაქვს მიზანი როგორ გავაკეთო ან ვაქციო რაიმე სრულყოფილად. საშინელებაა მუდმივ იმედგაცრუებაში ცხოვრება. არავინ არ არის ისეთი როგორიც შეუძლია, რომ იყოს. რთულია იმის გაცნობიერება რამხელა პოტენციალი აქვს ადამიანს გახდეს უკეთესი, ისწრაფვოდეს სრულყოფისკენ და ამისთვის არაფერს აკეთებდეს. საშინელებაა, არასდროს მოგწონდეს შენი თავი სარკეში, არასდროს გაკმაყოფილებდეს შენი წონა, შენი მეტყველება, მანერები, შენი ცოდნა, გამოცდილება, შენი შესაძლებლობები, შენი აზრებიც კი. ფიქრობდე, რომ შენ შეგიძლია იყო უკეთესი და ეს არასდროს მთავრდებოდეს.
ჩემი ერთ-ერთი იდეაფიქსია, რომ ყველა გარშემომყოფის ბედნიერად ქცევა შემიძლია. რეალურად შესაძლებელია, მუდმივად აკეთო რაღაცეები, რაც გარშემომყოფებს გააბედნიერებს. ჩემს სრულყოფილ სამყაროში ყველა ადამიანი ბედნიერია და მუდმივად ცდილობს, რომ გახდეს უკეთესი და ისწრაფვის სრულოფისაკენ. ამიტომაც მესმის პაციფისტების, ვერ ვიტყოდი, რომ ვარ, მაგრამ არაფერია ომზე არასწორი სამყაროში. ომი არის, ტანსაცმელზე გაკეთებული ნაკეცების, წიგნის კითხვისას გაფანტული გონების გამო გამოტოვებული ფრაზების, წარუმატებელი სამუშაო დღის, კაფეში ნათითურიანი კედლის, ჭამისას გამოცემული პირის მწლაკუნი, მოუვლელი, საკუთარ თავზე ხელჩაქნეული ადამიანების , შეუსრულებელი სამუშაოს და ბევრი სხვა ნიუანსის კუბში აყვანილ ერთობლიობაზე ბევრად უარესი. თუნდაც ომი სადღაც კუალა ლუმპურში იყოს. ის, რომ ომი სამყაროში არსებობს, უკვე უკარგავს მას სრულყოფილებას.
ჩემს სრულყოფილ სამყაროში ადამიანები ქუჩაში იღიმიან, ულოცავენ ერთმანეთს ყოველ დღეს და ცდილობენ იყვნენ უკეთესები, უფრო კეთილები, გაუწოდონ დახმარების ხელი ნებისმიერს, აჩუქონ საჩუქარი, ისევე როგორც დღესასწაულებზე ხდება ხოლმე. ვიცი, რომ მათი უმეტესობა სინამდვილეში არც ბედნიერია, არც კეთილი, არც თანამგრძნობი და არც გულუხვი. მაგრამ დღესასწაულებზე მე პერფექციონისტი ვარ ვარდისფერი სათვალით და ამ ყველაფრის მჯერა.
ჩემი წარმოსახვითი კატა
მარტი 15, 2014
სიზმრები ალქაჯები, ბეჰემოთი, ბულგაკოვი, დონეები, კოშმარი, მგლის გაზრდა, მგლის ლეკვი, ნახევრად ღმერთები, სასიკვდილო თამაში, სიზმარი, წარმოსახვითი ცხოველი, წიგნის პერსონაჟები, ჭადრაკის დაფა 3 Comments
ბავშვობაში მგელი მაჩუქეს. მაშინ ძაღლების არ მეშინოდა. ძალიან უყვარდა როცა ხელით ვაჭმევდი. მუჭით ვიღებდი ხოლმე საჭმელს და ხელს ვუწვდიდი, ნაზად ლოკავდა რომ შემთხვევით კბილი არ გამოეკრა. მერე ზედ ვაჯდებოდი და ცხენივით აქეთ-იქით ვჯირითობდი. სულ ერთად ვიყავით. ის იყო დიდი და საშიში, ნებისმიერ სხვა ადამიანზე იწევდა, მისდევდა და კბენდა. თუ ვინმეზე გაიწევდა მეც ვერ ვაჩერებდი, ამიტომ დამწყვდეული ან დაბმული გვყავდა როცა მარტო არ ვიყავით. ვერ ვიტყვი რომ მიჯერებდა, არც დაძახებაზე მოდიოდა კუდის ქიცინით და არც ესმოდა რატომ არ უნდა ეკბინა ვინმესთვის. ყოველთვის იმას აკეთებდა რაც თავად უნდოდა და ეს ძალიან მომწონდა. ერთადერთი, ვისთვისაც არც კი შეუღრენია 15 წლის მანძილზე, მე ვიყავი. ბევრჯერ გვთხოვეს დაგვეძინებინა ან სადმე ტყეში დაგვეტოვებინა, მოწამლაც სცადეს, მაგრამ მისი მოწამვლა შეუძლებელი იყო. ის მხოლოდ ჩემი ხელით გაწვდილ საჭმელს ჭამდა. მე მას ყოველთვის ვიცავდი. დიდი, თეთრი გული ქონდა და ლამაზი ვერცხლისფერი ბეწვი, მოყვითალო თაფლისფერი თვალები და დიდი ტორები.
15 წლის მერე თითქმის სულ ერთ ადგილას იწვა, თამაშიც ეზარებოდა და ისეთი ლამაზი დგომაც აღარ ქონდა, მაგრამ ხალხზე მაინც იწევდა და ამიტომ უფრო ხშირად ვამწყვდევდი. ერთ დღესაც ეზოში ჩავდიოდი, უკვე ბოლო საფეხურზე ვიდექი, როცა დავინახე როგორ აიწყვიტა ჯაჭვი და ჩემსკენ გამოიქცა. იმდენად დაუჯერებელი იყო რომ ჩემსკენ მორბოდა დასაგლეჯად თავიდან გავქვავდი. მერე დადგა წამი, როცა ჩემ თავს ვუთხარი “ან ახლა მიტრიალდები და გაიქცევი, ან დაგგლეჯს.” მერე ყველაფერი მახსოვს გვერდიდან და ცოტა ზემოდან. მე ავრბოდი კიბეზე, ის მეწეოდა დგებოდა უკანა ორ თათზე და წინა თათებით ცდილობდა ჩემს დაგდებას, მხრებზე მადებდა ტორებს და წონასწორობას კარგავდა. ისევ მეწეოდა და მე უფრო სწრაფად ავრბოდი კიბეზე. ზურგი სულ სისხლიანი მქონდა და დაკაწრული, ტანსაცმელი შემოხეული. სახლში რომ შევედი და კარი მოვიხურე გონება დავკარგე. მთელი ღამე მაღალი სიცხე მქონდა და ვბოდავდი. იმიტომ არა რომ რამე მავნო ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე სასტიკი ღალატი მეგობრისგან. ეს იმდენად რთული აღმოჩნდა ემოციურად, რომ ფიზიკურად ვერ გავუძელი. ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მიღალატა.
მეორე დილით აპირებდნენ რომ ტყეში გაეშვათ, მაგრამ დილით მკვდარი დახვდათ. თავიდან ეგონათ რომ ეძინა. ასე გადაწყვიტა ჩემმა მგელმა, რომ სიკვდილის წინ მოვეკალი. იმ დღიდან ძაღლებს არ ვენდობი. არ მჯერა არცერთი პატრონის, რომელიც მეუბნება “არ იკბინება, არაფერს დაგიშავებს”, უბრალოდ აღარ ვენდობი. მე საკუთარმა გაზრდილმა მგელმა დამიპირა დაგლეჯვა და არ ვიღებ არცერთ არგუმენტს, რომ ის მგელი იყო. ის ჩემი მეგობარი იყო, როგორიც ძაღლია ნებისმიერი ადამიანისთვის. მეორე დილით რომ გავიღვიძე საწოლზე პატარა შავი კნუტი იწვა. დედაჩემს კატები არ უყვარს, ამიტომ ძალიან გამიკვირდა. მერე მივხვდი რომ კნუტს მარტო მე ვხედავდი. ის ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო. ასე მყავს უკვე ბევრი წელია საკუთარი წარმოსახვითი კატა, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ. არც ჭამა სჭირდება, არც ქვიშის გამოცვლა, არც ბეწვი ცვივა და არც ტრანსპორტირების პრობლემები მაქვს, საერთოდ რეალურიც არ არის, მაგრამ ხანდახან ეს მავიწყდება კიდეც იმდენად ნამდვილია ჩემთვის. რაც მთავარია, ის მხოლოდ მაშინ ხდება ხილული, როცა მე მინდა მისი დანახვა ან როცა ძალიან მეშინია. შეიძლება ფსიქიატრიასავით ჟღერს, მაგრამ მეორეს მხრივ, არაფერია ცუდი იმაში, რომ მე ჩემი დანაკლისი შევივსე და წარმოსახვის რეალისტური ვიზუალიზაცია მოვახდინე. მე ამას უფრო შესაძლებლობად აღვიქვამ და არა პრობლემად. მე ვერასდროს მეყოლება ნამდვილი შინაური ცხოველი, იმიტომ რომ ვერ ვენდობი მას და ამიტომაც მყავს წარმოსახვითი.
ჩემს კოშარებში ჩემი კატა თითქმის ყოველთვის არის. ძირითადად გვერდით მიდგას და გვერდით მომყვება, ხანდახან წინ მიმიძღვის და გზას მიჩვენებს რომელიც უფრო უსაფრთხოა. მაგალითად როგორც წუხანდელ სიზმარში. პატარა ოთახში გამეღვიძა. ქვის კედლები იყო დ უფრო საკანს გავდა ვიდრე ოთახს, მაგრამ კარი ღია იყო. რკინის მთლიანი ფირფიტებით შედუღებული კარი გავაღე და მრგვალი შენობის შიგნით აღმოვჩნდი. შიდა რიკულებიან აივანზე ვიდექი, რომლიდანაც უამრავ სხვა ოთახში შესასვლელი ასეთივე რკინის კარები იყო. აივანი სპირალივით მიყვებოდა მთელ შენობას შგნიდან. არ ვიცი რომელ სართულზე ვიდექი, მაგრამ იატაკი არ ჩანდა. სიმაღლის ძალიან მეშინია, ამიტომ კედელს მივეკარი და შევეცადე ქვემოთ ჩავსულიყავი, მიწასთან ახლოს. ყოველ დონეზე ჩასვლისას ჩემი მეხსიერება ახლდებოდა. ძველი იშლებოდა და ახალი, არარეალური ემატებოდა, ქვემოთ სიარულს ვაგრძელებდი მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, წრეებზე დავდიოდი, მანამ სანამ არ მახსენდებოდა რომ ჩემი მეხსიერება წაშალეს და ახალი დამიმატეს. როგორცკი ვიხსენებდი რამოხდა ზედა დონეზე წრეებზე სიარულს ვწყვეტდი და ისევ შემეძლო ქვემოთ გავყოლოდი სპირალისებურ აივანს. პერიოდულად მქონდა მოგონებები ადამიანებზე და ვხვდებოდი ადამიანებს, მაგრამ მიჭირს იმის გახსენება რომელი იყო რეალური მეხსიერება და რომელი ყალბი
ერთ დონეზე რომ ვიჭედებოდი და წრეებზე დავიოდი, ყველა ოთახში შესვლას ვიწყებდი. იმედი მქონდა რომ რომელიმეში კიბეს ვიპოვნიდი, მაგრამ კიბე არ იყო. ყველა ოთახში სხვადასხვა ადამიანები ან არსებები მხვდებოდნენ. ერთ-ერთი ნახევრად ღმერთებიც კი იყვნენ როგორც მითოლოგიაშია. ჩეულებრივი ნარცისები ოღონდ ზებუნებრივი ძალებით. ცდილობდნენ საკუთარი ძალები გამოეყენებინათ, რომ იქ დაეტოვებინე და ერთფეროვნება ცოტათი გაეხალისებინათ. კიდევ ეყო ერთი ოთახი სადაც სხვადასხვა წიგნებიდან ცხოველი პერსონაჟები იყო თავმოყრილი, მახსოვს ბულგაკოვის კატამ როგორც ჩამომკაწრა ფეხები როცა დარჩენაზე უარი ვუთხარი და ავდექი ოთახიდან გამოსასვლელად. ყველა ოთახი იყო უნიკალური და ძალიან ზღაპრული და ყველა ოთახი მახსოვს. სულ ქვედა სართულზე რომ ჩავედი იატაკი ჭადრაკის დაფა იყო სადაც თითო დონიდან თითო ადამიანს, ცხოველს თუ არსებას თითო ფიგურის ადგილი ეკავა. ჩემთვის შავი დედოფლის ფიგურის ადგილი იყო დარჩენილი, ხელში ავიყვანე ჩემი კატა და თამაში დავიწყეთ. ფიგურის მოკვლა უბრალოდ დაფიდან გასვლას არ ნიშნავდა, ყველას ჩვენი იარაღი გვქონდა რომლითაც უნდა მოგვეკლა მოწინააღმდეგე. ზოგს დანა ქონდა ან პისტოლეტი, იყო ხმალიც, მშვილდისარი, იყო ზებუნებრივი ძალებიც იარღის ნაცვლად მაგალითად ერთ-ერთ ნახევარღმერთს ქონდა მოთამაშეების ცოცხლად დაწვის უნარი, კიდევ ალქაჯების ოთახიდან იყო ერთი, რომელიც მოთამაშეებს პატარა არსებებად აქცევდა და ისე უსწორდებოდა, იყო ექიმიც რომელიც საწამლავს უკეთებდა შპრიცით. მე მოწინააღმდეგეებს ვკლავდი სიტყვით, თითქოს მათ თავში რა ხდებოდა გადაშლილი წიგნივით იყო ჩემთვის. ყველაზე სუსტ და მტკივნეულს ვიღებდი, მერე მიწასთან ვასწორებდი სანამ თვითმკვლელობამდე არ მიდიოდნენ. თამაში რომ დასრულდა იატაკმა ქვემოთ დაიწყო ჩაწევა და ამ შენობას კიდევ ერთი დონე დაემატა. ყველა გაქრა ჭადრაკის დაფიდან ჩემს გარდა. ზემოთ რომ ავიხედე ვიღაცეები სხვადასხვა დონეზე ჩანდნენ აივნებიდან, ქვემოთ მოდიოდნენ რომ კიდევ ერთი სასიკვდილო თამაში გამართულიყო.
გამეღვიძა.
ალტერნატიული მე
თებერვალი 28, 2014
დღიური, უსათაურო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ვერძი, მოგზაურობა, მწვანეთვალება, პედიატრი, ტოსკანა, უთო, წითური, ჭიკარტი, ხატია, ჰოროსკოპი 2 Comments
მე გაზაფხულის მეცხრე დღეს დავიბადე, მაშინ ნაკიანი წელიწადი იყო და ჩემს დაბადების დღეზე უჩვეულოდ თბილოდა. მე არასრულად 9 თვის დავიბადე რამდენიმე კვირით ადრე. ჩემი დაბადებისას დრო ზუსტად ცხრაზე გაჩერდა სახლში, ერთდროულად ყველა საათზე და ხატიას ნაცვლად ანა დამარქვეს. მე დაახლოებით ნახევარი საათი არ ვსუნთქავდი დაბადებიდან და საერთოდ ეგონათ, რომ უკვე მკვდარი ვიყავი მუცელშივე. მე დაბადებისას მხრებამდე შავი კულულები მქონდა და თვალები დაბადებიდან რამდენიმე წუთში გავახილე. მაშინ თვალები ცისფერი მქონდა, როგორც დედაჩემი იტყოდა ფირუზისფერი, რის გამოც ამბობდნენ, რომ კნუტს ვგავდი.
დედაჩემი შავთვალება წითურია, მამა მწვანეთვალება შავგვრემანი. ხშირად ვფიქრობდი იმაზე მწვანეთვალება წითური რომ ვყოფილიყავი ადამიანიც სხვა ვიქნებოდი თუ არა. ალბათ ის მწვანეთვალება წითური საერთოდ სხვანაირი იქნებოდა და სავარაუდოდ ხატია. ის პირველ აპრილს დაიბადებოდა, თავის დროზე და ჰოროსკოპითაც ვერძი იქნებოდა. ბავშვობაში ალბათ ძალიან კომუნიკაბელური და ცელქი გოგო იქნებოდა, ცოტა კაპრიზულიც, სათამაშოსთვის მაღაზიაში ფეხებს რომ აბაკუნებენ და დღისითაც ტკბილად სძინავთ. სწავლაც ეყვარებოდა, მაგრამ ისე არა როგორც მე, ის ნიშნებისთვის ისწავლიდა და არა სიამოვნებისთვის. წიგნების კითხვას უფრო ნაკლებ დროს დაუთმობდა, მაგრამ პაოლო კოელიო წაკითხული ექნებოდა აუცილებლად. ხატია ალბათ ბალეტსა და ციგურულ სრიალს შორის ბალეტს არ აირჩევდა, სკოლის დამთავრებისას კი დედას დაუჯერებდა და სამედიცინოზე ჩააბარებდა. ხატია სახლში არასდროს დააგვიანებდა და არც დათქმულ დროს გადააცილებდა სადმე მისვლას. ბავშვობაში ქართულ ხმებს და რუსულ პაპსას მოუსმენდა. გარდატეხის ასაკშიც მოკრძალებულად ივლიდა მუხლამდე ქვედაბოლოთი და გრძელი ნაწნავით. მერე პედიატრად დაიწყებდა მუშაობას პოლიკნინიკაში და მხოლოდ კომპწია ბიჭები მოეწონებოდა პრიალა ფეხსაცმელებით. ხატია რომ დაბადებულიყო ჩემი მშობლები ისეთივე ბედნიერები იქნებოდნენ როგორც ახლა და წარმოდგენა არ ექნებოდათ, რომ მე არასოდეს ვიქცეოდი მათ ღამის კოშმარად მაღალ კლასებში, არ გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ისე, როგორც მათ არ უნდოდათ, არ გავათენებინებდი ღამეებს და არ გავაბრაზებდი უთვალავჯერ, არ ვიქნებოდი ჯიუტი და არ ვანერვიულებდი შაქრის მომატებამდე. ხატია ალბათ მაღალი, წითური და ისეთი გოგონა იქნებოდა, ყველაფერს სწორად რომ აკეთებს.
ხატიასთვის წლების მომატება გარდერობში ფერების კლების პირდაპირპროპორციული იქნებოდა. ეყვარებოდა ტკბილეული, შემწვარი კარტოფილი და სულ ახალ დიეტაზე იჯდებოდა. ხატიას ყოველთვის დაუთოვებული ტანსაცმელი ექნებოდა და უთოს ახალი მოდელის ყიდვის შესაძლებლობას ხელიდან არასოდეს გაუშვებდა. 30 წლისას უკვე 3 შვილი ეყოლებოდა, შრომის წიგნაკი და ქმარი, რომელიც ყოველ დილით გაუთოვებული პერანგით და პრიალა ფეხსაცმელებით წავიდოდა სამსახურში. ხატია არასოდეს იოცნებებდა უზრუნველ ცხოვრებაზე სადმე ტოსკანაში, ხედით თვალუწვდენელ მინდვრებზე, სახლზე ბუხრით სადაც მოგზაურობიდან დაღლილი დაბრუნდებოდა და არც ოთახში მთელ კედელზე გაკრულ რუკაზე იოცნებებდა, რომელზეც მოგზაურობიდან დაბრუნებული მეორე დღესვე დაიწყებდა ახალი მარშრუტის დაგეგმვას ბევრი ფერადი ჭიკარტებით, სადაც ყველა ტურს სხვადასხვა ფერის ჭიკარტებით აღნიშნავდა. მისი მოგზაურობა იქნებოდა კომფორტული, პირველი კლასით და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროთი შემოფარგლული. მისთვის შოპინგი მაქსიმალური დატვირთვა იქნებოდა ცხოვრებაში, მოლის სართულებზე სიარული მწვერვალების დაპყრობა და საყვარელი სუნამო აუცილებლად შანელი.
ხატია რომ დაბადებულიყო ეს ბლოგი საერთოდ არ იარსებებდა, რადგან ის არ მოუყვებოდა ნებისმიერ ადამიანს რა ხდება მის თავში. მისთვის რომ გეკითხათ ალბათ გიპასუხებდათ, რომ მის თავში ის ხდებოდა რაც ყველას თავში. ხატიას ლუდი არ ეყვარებოდა. საერთოდ ალკოჰოლური სასმელებიდან ალუბლის ლიქიორი და ბეილისი იქნებოდა ყველაზე ძლიერი რაც გაუსინჯავს, როგორც ქალს შეშვენის. მას ზუსტად ეცოდინებოდა, რას გააკეთებდა 5 წლის შემდეგ ამავე დღეს, თუ მანამდე არმაგედონი არ დაიწყებოდა და ღვთის წყალობით ყველა კარგად იქნებოდა.
ხატიას ყოველ ღამე ანგელოზივით ეძინებოდა. ის იქნებოდა არამწეველი, 12 საათზე რომ იძინებენ და დილით 6 საათზე უკვე ფეხზე არიან ფხიზლად, საუზმის კეთებით გართულები. ხატიას წინსაფარიც ექნებოდა და ხელში მომარჯვებული დღის გეგმა ოჯახის ყველა წევრის განრიგით. მისი მეგობრები იქნებოდნენ მხოლოდ მდედრობითი სქესის და აუცილებლად დაოჯახებული, თავისი პატარა ასლები. მისი ოცნება უზრუნველი სიბერე იქნებოდა, როცა მადლიერი შვილები მასზე იზრუნებდნენ და მეუღლე გაზეთებს იკითხავდა მთელი დღეები. ხატიას საყვარელი ფილმი ალბათ ლამაზმანი იქნებოდა და საყვარელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი. ხატიას სამკაულების ტარება ეყვარებოდა და ბიჟუტერიის ყიდვის ცდუნებას ვერასოდეს გაუძლებდა. ხატიას, ისევე როგორც ყველა ნამდვილ ქალს, თავისი თავის ფასი ეცოდინებოდა და ამას ამაყად გაუსვამდა ხაზს ყოველი შესაძლებლობისას. ხატია იმ ადამიანების რიცხვში იქნებოდა საკუთარი დაბადებისდღე რომ არ უყვართ და ყოველ წელს ბერდებიან. მისი აზრით მისაბაძი და შესაშური ცხოვრება ექნებოდა და ალბათ ღრმა სიბერემდე ისე გაატარებდა ცხოვრებას, ერთხელაც არ დაფიქრდებოდა შავთვალება, შავთმიან პატარა გოგონაზე, რომელიც შესაძლოა დაბადებულიყო ანად და მისი აბსოლუტური მეორე უკიდურესობა ყოფილიყო.
ვითომ ლექსი
თებერვალი 21, 2014
ვითომ პოეზია მზე, მთვარე, მკერდი, ღამე, ღილი დატოვე კომენტარი
ღამემ შეიკრა მორცხვად ღილები,
მთვარე უძილო კაცს დაემსგავსა.
მზემ გამოგზავნა დილის სხივები,
რომ ჩემი მკერდი ისევ გენახა.
რატომ არ მჯერა წინასწარმეტყველების
თებერვალი 17, 2014
დღიური ალტერნატიული რეალობა, ბლოგი, მომავალი, ფსიქიატრია, ღუზა, წინასწარმეტყველება, ჰალუცინაცია 2 Comments
მე მჯერა, რომ სამყაროში არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ მომავლის შეგრძნება. მჯერა, იმიტომ რომ მომავლის მოგონებების გამონათებები მეც მქონია. ბავშვობაში ამის ნაკლებად მრცხვენოდა და ხმამაღლა ვამბობდი, ამიტომ ვიყავი ძალიან უცნაური ბავშვი, რომ გავიზარდე საერთოდ აღარ ვსაუბრობდი ამაზე, მაგრამ ჩემი გამონათებებისთვის მდუმარება აბსოლუტურად სულერთი აღმოჩნდა. თავისით აგორდა ასე, ჯერ ერთს ვუთხარი რაღაც, მერე მეორეს და მესამედ უკვე თვითონ მთხოვდნენ პასუხებს. იმის ახსნა, რომ მომავალს ვერ ხედავ უკვე სულერთი იყო. ზოგი ამით ერთობა, გამოწმებს ან გულწრფელად აინტერესებს რა მოხდება. თავიდან ვფიქრობდი, რომ მათი ინტერესის დაკმაყოფილებით, მათ კითხვებს შევწყვეტდი, მაგრამ ამაოდ. არავისთვის მიმიცია იმედი, რომ ის რასაც ვამბობდი ჭეშმარიტებაა, რომ ეს გარდაუვალი მომავალია, ამას ხუმრობაშიც კი ვატარებდი და ჩემს არასერიოზულ დამოკიდებულებას უფრო ხშირად ვიშველიებდი რაც დრო გადიოდა, მაგრამ ადამიანების ინტერესს არაფერი აცხრობს. ყველას აინტერესებს რა მოხდება, თუნდაც ხუმრობით. უკვე დიდი ხანია ყველას უარს ვეუბნები ან ვატყუებ და ამას თავისი მიზეზი აქვს.
მომავლის გამონათებები, წარსულის მოგონებებს გავს. ადამიანების უმეტესობას თავისუფლად შეუძლია უპასუხოს შეკითხვას რას აკეთებდა გუშინ, რამდენიმე დღის წინ. უფრო რთულია გაიხსენო რამდენიმე კვირის წინ მომხდარის დეტალები და ფაქტობრივად შეუძლებელია რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენის დეტალურად აღდგენა, თუ ის ძალიან შთამბეჭდავი არ იყო. ასევეა მომავალიც, ისეთივე სურათებია თავში როგორც წარსულის, უბრალოდ რამდენიმე ალტერნატივით, ან ძალიან ბევრი ალტერნატივით. მაგალითად, თუ დღეს დილით საუზმობის გახსენებისას მხოლოდ ერთი სურათი წარმოგიდგება თვალწინ, ხვალ დილის სურათი არის ერთდროულად ბევრი ვარიაცია და მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. იმიტომ რომ მომავალი არ არის ერთი სწორი ხაზი, ზუსტი თანმიმდევრობით განვითარებული სცენარით. ის ძალიან გავს ნაძვის წიწვიან ტოტს. ადამიანის ყოველი ნაბიჯი, უმნიშვნელოც კი, განსაზღვრავს როგორ განვითარდება მომავალი. ბედისწერა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ის იმდენად მასშტაბურია, რომ ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალებასაც უტოვებს.
რატომ არ მჯერა წინასწარმეტყველების. მომავლის არცერთ გამონათებაში, არასდროს არ არის გათვალისწინებული მომვალის ცოდნის ფაქტორი. ადამიანებმა ზოგადად არ იციან რა მოხდება მომვალაში, ამის ცოდნა სხვა ალტერნატიული მომავალია, სხვა მოვლენებით, სხვა სცენარით და სხვა არჩევანით. ეს მომავლის ცოდნის უკუჩვენებაა, როდესაც მომავალს იგებ, ის უკვე აღარასდროს მოხდება, იმიტომ რომ იმ მომავალში შენ არ იცოდი რა მოხდებოდა. ეს ცოდნა ცვლის ადამიანების არჩევანს, ქმედებებს და გადაწყვეტილებებს. ეს არასწორი ჩარევაა. არავინ, ვინც მართლა ხვდება რამდენად მასშტაბურია ეს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია მომავლის გაგების ფაქტი ადამიანისთვის, რამდენის შეცვლა შეუძლია ამ ინფორმაციას, არასდროს ეტყვის მას რა მოხდება. ეს ძალიან არასწორია. ერთადერთი რითაც შემოვიფარგლები, რის უფლებასაც ვაძლევ საკუთარ თავს, ადამიანის მსუბუქი გაფრთხილებაა, შეფარულად და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. შესაძლოა ესეც არასწორია, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, თავს ვაძლევ უფლებას ყოველგვარი წინასწარმეტყველების გარეშე გავაფრთხილო, ვუთხრა რომ ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ან ცუდი სიზმარი ვნახე, გული ცუდს მიგრძნობს და ა.შ. იმედია ამას არასდროს ვინანებ. ხშირად ვფიქრობ იმაზე უნდა იცოდეს თუ არა ადამიანმა დეტალები, თუ ეს მე ვიცი, მას აქვს თუ არა უფლება იცოდეს. ყველაფერს ჰო აქვს თავისი მიზეზი, რატომ არ ვაკეთებ არაფერს ადამიანების დასახმარებლად და მათი ცხოვრების გასამარტივებლად? ან სწორია თუ არა ჩემი არჩევანი არ დავეხმარო მათ ამაში, როცა შემიძლია. იქნებ საქმე მორალურ პრინციპებში არ არის და უბრალოდ მეშინია ან მეც არ მჯერა იმის რაც ჩემს თავშია? ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი აზრი მაქვს და ხანდახან მგონია რომ ამ კითხვებზე სწორი პასუხი არ არსებობს.
არ მჯერა წინასწარმეტყველების, იმიტომ რომ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებით ჩვენ წაგვართვეს ის მომავალი, ჩვენ ალტერნატიულ მომავალში ვცხოვრობთ. იქნებ ასეც იყო ჩაფიქრებული, თუ წინასწარმეტყველება იყო ძალიან ცუდი, ის უნდა თქმულიყო რომ შეცვლილიყო, იქნებ ჩემსავით სინდისი დაიმშვიდეს ამის თქმით, ან უბრალოდ გააზრებულად შეცვალეს მომავლის საშინელი სურათი, მაგრამ ყველაფერს ვერ შეცვლი უბრალოდ გაჟღერებით. არსებობს ალბათობა. არის მოვლენები, რომელთანაც რამდენიმე ალტერნატიული მომავლის ან უმეტესობა ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს მაინც მიყავხარ, იმიტომ რომ ის ზედმეტად მნიშვნელოვანია, ძალიან იშვიათად გარდაუვალიც. ამ ალბათობის გამოთვლა არც ვიცი როამდენად არის შესაძლებელი, რეალური არის თუ არა საერთოდ.
იმაზეც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილია და მე უბრალოდ მდიდარი ფანტაზია მაქვს, ყველაფერი დანარჩენი დამთხვევებია. პრინციპში ჩემს რეალობაში იმდენი არარეალურია, რომ ეს ვერსია საკმაოდ საფუძვლიანი მეჩვენება. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება ამ დროს როცა მომავლის გამონათებები მაქვს და არის თუ არა ეს ჩემი ჰალუცინაციების ნაწილი. 50/50 ვარ, ხან ერთი აზრისკენ ვიხრები, ხანაც მეორისკენ. მაგრამ ჩემთვის ეს ყველა შემთხვევაში თანაბრად მძიმეა. იმასაც ვხვდები, რადმენად არარეალურად ჟღერს და ბევრისთვის ეს ცოტა ფსიქიატრია იქნება წაკითხვისას 😀 არ ვიცი, ვერაფრით ვიმართლებ თავს, პრინციპში არც ვცდილობ. მგონი ვიწყებ იმის გაცნობიერებას რაში მჭირდება საერთოდ ბლოგი და ამ ყველაფრის წერა. ეს აზრები რომელიც თავში მაქვს, დაწერამდე და დაწერის შემდეგ ჩემთვისაც კი განსხვავებულად ჟღერს. ჩემი ბლოგი ჩემი ღუზაა რეალობაში.
ჩემი დიდი სიყვარული
თებერვალი 13, 2014
დღიური ალფა, ბედნიერება, ვალენტინობა, ომეგა, სიყვარული დატოვე კომენტარი
პირად ურთიერთობებში მხოლოდ ერთი წესი მაქვს: თუ ჩემთან ყოფნა აღარ გინდა აუცილებლად უნდა წახვიდე. ეს არც თხოვნაა და არც მოთხოვნა, ეს ერთადერთი ვალდებულებაა, რომელიც ჩემს კაცს აქვს აღებული. დიახ, მე არ დავდგამ ისტერიკას და არ ვაგრძნობინებ როგორ მიმძიმს განშორება, იმიტომ არა, რომ მაგარ ტიპად გამოვჩნდე და დავანახო ფეხებზე მკიდია, არა! იმიტომ რომ ამ ვალდებულების შესრულება შევუმსუბუქო. მე მართლაც შემიძლია გავუძლო ღამის კოშმარებს, ჩემს არამდგრად ფსიქიკას, ჰალუცინაციებს და საყვარელი ადამიანის დაკარგვასაც კი, მაგრამ ვერასდროს გავუძლებ კაცს ჩემს გვერდში, რომელსაც ჩემთან ყოფნა არ სურს. ეს მორალურად და ფიზიკურად გამანადგურებს. თუ ოდესმე მოვხვდები ჯოჯოხეთში უკვე ვიცი როგორი იქნება ის. საერთოდ ვფიქრობ, რომ ადამიანს ერთადერთი ვალდებულება აქვს ცხოვრებაში, იყოს ბედნიერი. ასეთია ჩემი ცხოვრების ფილოსოფია. ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ ვიყოთ იქ და იმასთან ვისთანაც ბედნიერები ვიქნებით. ჩვენს ცხოვრებაში ორი ფაქტი და ერთი მისიაა: დაბადება, სიკვდილი და ბედნიერება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს წარმატებულ კარიერას, ძვირფას სამკაულებს, მანქანებს, ჭერს თავს ზემოთ თუ ეს არ გვაბედნიერებს. საერთოდ არ აქვს აზრი მოგზაურობას თუ არ შეგიძლია ახლით აღტაცება, იმ დღესაც არ აქვს აზრი როცა პატარა ბედნიერებაც არ იგრძენი. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ფიცს რომელიც დავდეთ ერთმანეთთან, რამდენი ბავშვი გვყავს, უმნიშვნელო ხდება ერთად გატარებული წლები, მოგონებები რომელიც გვაკავშირებს, მრავალწლიანი თანაცხოვრების კომფორტი, რას იფიქრებენ მეგობრები, რა არის სიყვარულის გაქრობის მიზეზი, ყველაფერი უმნიშვნელოა როცა ბედნიერი აღარ ხარ.
მე და ჩემი დიდი სიყვარული ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. ორივეს საკუთარი პირადი ცხოვრებები გვაქვს, რომლებიც ხანდახან იკვეთება. ჩვენ არ გვაქვს სულელური საუბრები იმაზე რა მოხდება 10 წლის შემდეგ, ჩვენ არ ვიღებთ ერთმანეთისგან ნებართვას მეგობრებთან გართობისთვის, ჩვენ არ გვჭირდება უფლება ბედნიერებისთვის. ჩვენ უბრალოდ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, იმიტომ რომ სხვანაირად ცხოვრება არ გვინდა. ჩვენ მარტივად ვურთიერთობთ და ვიცით რომ ყველა სიტყვა იქნება გაგებული, ჩვენ არ ვთანაცხოვრობთ კონსენსუსებით, ჩვენ ვკამათობთ და ვისვრით საგნებს თუ გვინდა სროლა, ვყვირით თუ გვინდა ყვირილი და გვიყვარს როცა გვინდა სიყვარული. ჩვენ ერთმანეთთან პირველყოფილი ინსტინქტების გულახდილობის დონეზე ვურთიერთობთ. ის არ მჩუქნის საჩუქრებს ჩვენი თანაცხოვრების 8 წლისთავზეც, ეს დრო ისედაც საჩუქარია. ჩვენ მაშინ ვჩუქნით საჩუქრებს როცა ეს გულწრფელად გვინდა და ამისთვის კალენდარი არ გვჭირდება. მაშინაც კი როცა გვავიწყდება თანაცხოვრების “მნიშვნელოვანი” თარიღები, ეს არაფერს ნიშნავს. მას 3 წელი დასჭირდა ჩემი დაბადების დღის დასამახსოვრებლად )))) ჩემთვის ეს საწყენი არ იყო, ეს ძალიან სასაცილოა ჩემი აზრით, გულწრფელად მახალისებს მისი თვისება დაივიწყოს “მნიშვნელოვანი” მოვლენები. ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. ჩემი დიდი სიყვარული არაფრით გავს სხვებს და მნიშვნელობა არ აქვს ვარგისიანობის ვადა რამდენი აქვს. ეს პირველქმნილი ცარიელი ემოციაა, რომელიც ფიზიკურად შეგიძლია იგრძნო და უარეს შემთხვევაში ისეთ მოგონებად დარჩება რომლისთვისაც ცხოვრება ღირდა, რომელსაც არასდროს ინანებ ფინალის მიუხედავად, რომელიც უბრალოდ არის და ეს აწმყო ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
ადამიანები ვიბადებით ბედნიერებად, ჩვენ არც ტანსაცმელი გვაქვს, არც გვესმის და ვერც ვხედავთ სრულყოფილად, ვერ ვმეტყველებთ და აბსოლუტურად არ გვაქვს არჩევანის შესაძლებლობა, მაგრამ მაინც ვახერხებთ ჩვილობის მდგომარეობაში განვიცადოთ ბედნიერება და ყველაზე გულწრფელად გავიცინოთ. ჩვენ ყველა აუცილებლად დავბერდებით, აღარ მოგვეწონება ჩვენი ანარეკლი სარკეში, ვიავადმყოფებთ და აუცილებლად მოვკვდებით. ჩვენ ყველა ვიზრდებით ბედნიერებად, გვასწავლიან რომ წესები და ვალდებულებები უზენაესია. ჩვენ ვსწავლობთ, ვაშენებთ, ვვითარდებით და ვქმნით, იმისთვის რომ ყოველ დღე არ გაგვახსენდეს გარდაუვალი სიკვდილი. რაც უფრო იშვიათად გვახსენდება, მით უფრო უბედურები ვხდებით. მით უფრო იშვიათად ვხედავთ ბედნიერების საჭიროებას ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო კარგავს ფასს ბედნიერება. ის აღარ არის ჰაერი რომლის გარეშეც ვერ სუნთქავ. ჩვენ აღარ ვზრუნავთ საკუთარ და სხვების ბედნიერებაზე. შეგვიძლია ძალიან მარტივად არ გავხადოთ ან საერთოდ წავართვათ ადამიანს ბედნიერების უფლება. ჩვენ საჩუქრებს ვჩუქნით მხოლოდ ვალდებულების გამო, ჩვენ ვიგონებთ თარიღებს და დღესასწაულებს რომ მივულოცოთ დაბადება ან გამოვუტყდეთ სიყვარულში. ყველაზე უარესი, ჩვენ გვჭირდება სიყვარულის ობიექტი იმისთვის, რომ გვიყვარდეს. ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი მარტოობა, რომელსაც მხოლოდ დაბადებისას და სიკვდილისას განიცდის ადამიანი. ჩვენ მხოლოდ გარეგნობაზე ვზრუნავთ, მივყვებით ტენდენციებს, ვიღვიძებთ ადრე რომ სამსახურში არ დაგვაგვიანდეს. ჩვენი რეპუტაცია იმდენ ძალისხმევას ითხოვს სრულყოფისთვის, რომ ჭეშმარიტ ალფა პიროვნებას ანადგურებს. ომეგებით ვართ გარემოცული, ცარიელი ადამიანებით, რომლებიც იდეალური მოქალაქეები და დეგრადირებული პიროვნებები არიან.
მე ადამიანებს ვირჩევ. არასდროს ვუშვებ ხელიდან შესაძლებლობას, ახალი საინტერესო ადამიანი უფრო ახლოს გავიცნო. ადამიანის პოტენციალი ადვილი შესამჩნევია, ზოგს მეტი შესაძლებლობა აქვს ბედნიერებისთვის, ზოგს ნაკლები. ჩემი მიზანია ეს ადამიანები გავაბედნიერო. არის რაღაც მანიაკალური ამაში. ჩემთვის ეს ბუნებრივია. ყველაფერი მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუ სურს რომ იყოს ბედნიერი, თუ წუხს რომ უბედურია, აუცილებლად უნდა ეცადო, რომ გააბედნიერო და ფეხებზე დაიკიდო რას იფიქრებენ შენზე. ერთხელ ქუჩაში მოხუცებულმა ქალმა გამაჩერა და შუქნიშანზე გადაყვანა მთხოვა. კომპლიმენტი მითხრა, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და გულდაწყვეტით გაუსვა ხაზი, რომ ის ვეღარც ხედავდა სიბერისგან. მე შემეძლო ის უბრალოდ გადამეყვანა ქუჩის მეორე მხარეს, ყველა შემთხვევაში მადლობელი იქნებოდა. ამის ნაცვლად როგორც ნამდვილ ინგლისელ ჯენტლმენს სჩვევია წელშიგამართულმა და ხმადაბოხებულმა ხელკავი გავუწოდე და მოკრძალებულად ვთხოვე ნება დაერთო ასეთი მშვენიერი ქალბატონი ქუჩის მეორე მხარეს გადამეცილებინა. ყველაზე გულწრფელი გადახარხარება იყო რაც კი ცხოვრებაში მომისმენია, ბედნიერი იყო იმ წუთას. ეს არაფერია, ეს ყველას შეუძლია. თქვენ შეგიძლიათ გაუღიმოთ ადამიანს ქუჩაში უმიზეზოდ თუ იგრძნობთ რომ ეს სჭირდება. უსურვოთ ტაქსის მძღოლს ბედნიერი მგზავრობა და აჩუქოთ კანფეტი. თქვენ შეგიძლიათ მომღიმარი სახით უთხრათ მადლობა ოფიციანტს რომელიც გემსახურებათ. ან უბრალოდ ბედნიერი დღე უსურვოთ მეზობელს მისალმებისას. ეს მარტივია. მთავარია გაიხსენოთ რომ ბედნიერება ერთადერთია რისთვისაც ვარსებობთ და თუ ყოველ დღე არ გახსენდებათ, რომ სიყვარული ყველგანაა, მაშინ სწორედ თქვენნაირებისთვის გამოიგონეს ვალენტინობის დღე. ნება იბოძეთ და ცინიზმი ამ დღეს მაინც მოიშორეთ სახიდან. თქვენ ვალდებული ხართ იყოთ ბედნიერი, იმიტომ რომ არსებობთ!