მე მჯერა, რომ სამყაროში არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ მომავლის შეგრძნება. მჯერა, იმიტომ რომ მომავლის მოგონებების გამონათებები მეც მქონია. ბავშვობაში ამის ნაკლებად მრცხვენოდა და ხმამაღლა ვამბობდი, ამიტომ ვიყავი ძალიან უცნაური ბავშვი, რომ გავიზარდე საერთოდ აღარ ვსაუბრობდი ამაზე, მაგრამ ჩემი გამონათებებისთვის მდუმარება აბსოლუტურად სულერთი აღმოჩნდა. თავისით აგორდა ასე, ჯერ ერთს ვუთხარი რაღაც, მერე მეორეს და მესამედ უკვე თვითონ მთხოვდნენ პასუხებს. იმის ახსნა, რომ მომავალს ვერ ხედავ უკვე სულერთი იყო. ზოგი ამით ერთობა, გამოწმებს ან გულწრფელად აინტერესებს რა მოხდება. თავიდან ვფიქრობდი, რომ მათი ინტერესის დაკმაყოფილებით, მათ კითხვებს შევწყვეტდი, მაგრამ ამაოდ. არავისთვის მიმიცია იმედი, რომ ის რასაც ვამბობდი ჭეშმარიტებაა, რომ ეს გარდაუვალი მომავალია, ამას ხუმრობაშიც კი ვატარებდი და ჩემს არასერიოზულ დამოკიდებულებას უფრო ხშირად ვიშველიებდი რაც დრო გადიოდა, მაგრამ ადამიანების ინტერესს არაფერი აცხრობს. ყველას აინტერესებს რა მოხდება, თუნდაც ხუმრობით. უკვე დიდი ხანია ყველას უარს ვეუბნები ან ვატყუებ და ამას თავისი მიზეზი აქვს.

მომავლის გამონათებები, წარსულის მოგონებებს გავს. ადამიანების უმეტესობას თავისუფლად შეუძლია უპასუხოს შეკითხვას რას აკეთებდა გუშინ, რამდენიმე დღის წინ. უფრო რთულია გაიხსენო რამდენიმე კვირის წინ მომხდარის დეტალები და ფაქტობრივად შეუძლებელია რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენის დეტალურად აღდგენა, თუ ის ძალიან შთამბეჭდავი არ იყო. ასევეა მომავალიც, ისეთივე სურათებია თავში როგორც წარსულის, უბრალოდ რამდენიმე ალტერნატივით, ან ძალიან ბევრი ალტერნატივით. მაგალითად, თუ დღეს დილით საუზმობის გახსენებისას მხოლოდ ერთი სურათი წარმოგიდგება თვალწინ, ხვალ დილის სურათი არის ერთდროულად ბევრი ვარიაცია და მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. იმიტომ რომ მომავალი არ არის ერთი სწორი ხაზი, ზუსტი თანმიმდევრობით განვითარებული სცენარით. ის ძალიან გავს ნაძვის წიწვიან ტოტს. ადამიანის ყოველი ნაბიჯი, უმნიშვნელოც კი, განსაზღვრავს როგორ განვითარდება მომავალი. ბედისწერა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ის იმდენად მასშტაბურია, რომ ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალებასაც უტოვებს.

რატომ არ მჯერა წინასწარმეტყველების. მომავლის არცერთ გამონათებაში, არასდროს არ არის გათვალისწინებული მომვალის ცოდნის ფაქტორი. ადამიანებმა ზოგადად არ იციან რა მოხდება მომვალაში, ამის ცოდნა სხვა ალტერნატიული მომავალია, სხვა მოვლენებით, სხვა სცენარით და სხვა არჩევანით. ეს მომავლის ცოდნის უკუჩვენებაა, როდესაც მომავალს იგებ, ის უკვე აღარასდროს მოხდება, იმიტომ რომ იმ მომავალში შენ არ იცოდი რა მოხდებოდა.  ეს ცოდნა ცვლის ადამიანების არჩევანს, ქმედებებს და გადაწყვეტილებებს. ეს არასწორი ჩარევაა. არავინ, ვინც მართლა ხვდება რამდენად მასშტაბურია ეს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია მომავლის გაგების ფაქტი ადამიანისთვის, რამდენის შეცვლა შეუძლია ამ ინფორმაციას, არასდროს ეტყვის მას რა მოხდება. ეს ძალიან არასწორია.  ერთადერთი რითაც შემოვიფარგლები, რის უფლებასაც ვაძლევ საკუთარ თავს, ადამიანის მსუბუქი გაფრთხილებაა, შეფარულად და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. შესაძლოა ესეც არასწორია, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, თავს ვაძლევ უფლებას ყოველგვარი წინასწარმეტყველების გარეშე გავაფრთხილო, ვუთხრა რომ ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ან ცუდი სიზმარი ვნახე, გული ცუდს მიგრძნობს და ა.შ. იმედია ამას არასდროს ვინანებ. ხშირად ვფიქრობ იმაზე უნდა იცოდეს თუ არა ადამიანმა დეტალები, თუ ეს მე ვიცი, მას აქვს თუ არა უფლება იცოდეს. ყველაფერს ჰო აქვს თავისი მიზეზი, რატომ არ ვაკეთებ არაფერს ადამიანების დასახმარებლად და მათი ცხოვრების გასამარტივებლად? ან სწორია თუ არა ჩემი არჩევანი არ დავეხმარო მათ ამაში, როცა შემიძლია. იქნებ საქმე მორალურ პრინციპებში არ არის და უბრალოდ მეშინია ან მეც არ მჯერა იმის რაც ჩემს თავშია? ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი აზრი მაქვს და ხანდახან მგონია რომ ამ კითხვებზე სწორი პასუხი არ არსებობს.

არ მჯერა წინასწარმეტყველების, იმიტომ რომ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებით ჩვენ წაგვართვეს ის მომავალი, ჩვენ ალტერნატიულ მომავალში ვცხოვრობთ. იქნებ ასეც იყო ჩაფიქრებული, თუ წინასწარმეტყველება იყო ძალიან ცუდი, ის უნდა თქმულიყო რომ შეცვლილიყო, იქნებ ჩემსავით სინდისი დაიმშვიდეს ამის თქმით, ან უბრალოდ გააზრებულად შეცვალეს მომავლის საშინელი სურათი, მაგრამ ყველაფერს ვერ შეცვლი უბრალოდ გაჟღერებით. არსებობს ალბათობა. არის მოვლენები, რომელთანაც რამდენიმე ალტერნატიული მომავლის ან უმეტესობა ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს მაინც მიყავხარ, იმიტომ რომ ის ზედმეტად მნიშვნელოვანია, ძალიან იშვიათად გარდაუვალიც. ამ ალბათობის გამოთვლა არც ვიცი როამდენად არის შესაძლებელი, რეალური არის თუ არა საერთოდ.

იმაზეც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილია და მე უბრალოდ მდიდარი ფანტაზია მაქვს, ყველაფერი დანარჩენი დამთხვევებია. პრინციპში ჩემს რეალობაში იმდენი არარეალურია, რომ ეს ვერსია საკმაოდ საფუძვლიანი მეჩვენება. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება ამ დროს როცა მომავლის გამონათებები მაქვს და არის თუ არა ეს ჩემი ჰალუცინაციების ნაწილი. 50/50 ვარ, ხან ერთი აზრისკენ ვიხრები, ხანაც მეორისკენ. მაგრამ ჩემთვის ეს ყველა შემთხვევაში თანაბრად მძიმეა. იმასაც ვხვდები, რადმენად არარეალურად ჟღერს და ბევრისთვის ეს ცოტა ფსიქიატრია იქნება წაკითხვისას 😀 არ ვიცი, ვერაფრით ვიმართლებ თავს, პრინციპში არც ვცდილობ. მგონი ვიწყებ იმის გაცნობიერებას რაში მჭირდება საერთოდ ბლოგი და ამ ყველაფრის წერა. ეს აზრები რომელიც თავში მაქვს, დაწერამდე და დაწერის შემდეგ ჩემთვისაც კი განსხვავებულად ჟღერს. ჩემი ბლოგი ჩემი ღუზაა რეალობაში.