მთავარი

სხვა ანას ისტორია

3 Comments

ბაბუშკა ანა ერთი უხასიათო და ცივი ქალი იყო, როცა ეხვეოდი ხელსაც არ წევდა მაღლა და ოდნავადაც არ ირხეოდა, წელში გამართული იდგა თავაწეული, თითქმის არ იღიმოდა და სიტყვასაც ძლივს ამოგლეჯდი მოსაკითხად. მე ბავშვობიდან არ მიყვარდა რომ მეხებოდნენ და კარგი მსმენელი ვიყავი. მას არ შეეძლო მოფერება და სიტყვასაც პირს მაშინ უხსნიდა, როცა შემაწუხებელი სიჩუმე იყო გარშემო. საუცხოო დიასახლისი და საოცარი კულინარი იყო, მე სულ კუდში დავსდევდი, უჩუმრად, ხან რაში ვეხმარებოდი ხან რაში. სრული იდილია გვქონდა. საქმეში რომ გავერთობოდით თავის ბავშვობაზე მიყვებოდა, მერე ჩერდებოდა და ფრინველების ხმების მოსმენას იწყებდა. ბაბუშკასგან ვისწავლე მცენარეების და სოკოების გარჩევა, ქარგვა, ქსოვა და ყველაზე გემრიელი საჭმელის კეთება დედამიწის ზურგზე. განსაკუთრებით არყის გამოხდის პროცესი მომწონდა, თითო ჭიქა თბილ არაყს დავლევდით და მერე შეიძლება გაეღიმა კიდეც.

ხელის მტევანზე მუდამ ლეიკოპლასტირი ქონდა დაკრული, სულ ერთსა და იმავე ადგილას, რომ გულაგში გაკეთებული ტატუ დაეფარა ნომრით და ინიციალებით. ანა ერომენკა 11 წლის იყო როცა გვიან ღამით მასთან სახლში მივიდნენ, დედა ლოგინიდან რამდენიმე კვირა ვეღარ დგებოდა, მეორე ოთახიდან მამამისის და სხვა კაცების კამათის ხმა ესმოდა. მერე ოთახიდან გაიყვანეს. სახლს ცეცხლი რომ მოუკიდეს მამამისს გული გაუსკდა და მის თვალწინ მოკვდა, იმიტომ რომ დედა ლოგინიდან ვერ ააყენეს და სახლთან ერთად დაიწვა. 1932 წელს ანა გადაასახლეს უკრაინიდან ციმბირში, ხელზე გაუკეთეს ტატუ ინიციალებით და ნომრით და დაუწესეს იძულებითი სამუშაო ჭაბურღილში.

არც ოჯახის შექმნამ და 5 შვილის გაჩენამ, 8 შვილიშვილმა, შვილთაშვილებმა, 2 შვილის და ქმრის სიკვდილმა, მშობლების ადრე დაკარგვამ და ციმბირში გატარებულმა ათეულმა წლებმა, არაფერმა არ გატეხა და ვერ გაათბო ჩემი ბაბუშკა. არავის ახსოვს მისგან თბილი სიტყვა ან მოფერება. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ასეთი, ყველაზე განსხვავებული, მაგრამ მაინც მისი კუდი ვიყავი. მასთან ურთიერთობით ჩემი კომფორტის ზონა არასდროს დარღვეულა, ორივეს ჩვენი პირადი სივრცე გვქონდა, რომელსაც არ ვეხებოდით. ახლა ხშირად ვფიქრობ რატომ უკვირდა ასე ყველას მისი ხასიათის, მე არ მიკვირდა, იმიტომ რომ ვიცოდი რატომ იყო ასეთი, მთელი მისი ისტორია ვიცოდი, ყველა დეტალით, ციმბირამდე, ციმბირში და ციმბირის შემდეგაც. შეიძლება დანარჩენებს არ უყვებოდა, იმიტომ რომ დანარჩენები მისი კომფორტის ზონას არღვევდნენ.

ტანით და აღნაგობით ვგავარ, ჩემი სიმაღლის იყო, ლურჯი ფერის თვალები ქონდა, ისეთი როგორიც ჯერ არავისზე მინახავს და გრძელი წითური თმა. ყოველ დილით ვიღვიძებდი რომ მეყურებინა როგორ ივარცხნიდა და იწნიდა თავის გარშემო. ცრუმორწმუნე იყო, დედამისის შემორჩენილი მოგონებების ნაგლეჯებისგან აწყობილი ამბები ახსოვდა ჩიტებზე რომლებიც ყველა ადამიანს თავისი ყავს. ჩემი ჩიტი ყვავი იყო. მეუბნებოდა რომ დიდხანს ვიცოცხლებდი, ადამიანებს ადვილად ამოვიცნობდი, კარგი მსმენელი ვიქნებოდი და სიკვდილს ყოველთვის ვიგრძნობდი სუნით. მისი ჩიტი გუგული იყო, მომავლის მაცნე. სულ მიმეორებდა წელს და თვეს და რიცხვს როცა უნდა მომკვდარიყო, გუგულმა მითხრაო, მე სულ ვპასუხობდი რომ ამ დღეს აუცილებლად გამოვუცხობდი თავის საყვარელ ნამცხვარს და მივუტანდი იმის ნიშნად რომ იმ დღეს არ მოკვდებოდა. ჩემს ამ სიტყვებზე ყოველთვის ეღიმებოდა.

არასდროს არ მაცილებდა. იმ დღესაც წამოვედით მე და დედაჩემი. გაჩერებაზე ველოდებოდით ტრანსპორტს, როცა დედაჩემმა გზაზე მომავალი შენიშნა, ძალიან სუსტად იყო უკვე და სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. რომ მივუახლოვდი გულში მაგრად ჩამიკრა და ცხოვრებაში პირველად იტირა ცრემლებით, მითხრა რომ მე ვიყავი ერთადერთი ვისგანაც ყოველთვის გრძნობდა სითბოს, სიყვარულს და მხარდაჭერას, რომ უსიტყვოდ მესმოდა მისი და ამას ყოველთვის აფასებდა, კიდევ მითხრა რომ სულ რომ დანგრეულიყო დედამიწა ადამიანების რწმენა და მათში კარგის დანახვა გადამარჩენდა, რომელმაც ჩემი გულიც გაალღვოო და მადლობა გადამიხადა ამისთვის, მითხრა რომ ძალიან ვუყვარდი, სიტყვა ჩამომართვა რომ მასსავით რკინის ვიქნებოდი რთულ დროს და მთხოვა რომ არასდროს დამვიწყებოდა ჩემი ბაბუშკა, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი. გაჩერებაზე რომ დავბრუნდი დედაჩემი გაოგნებისგან რამდენიმე წუთი ხმას ვერ იღებდა, როგორ მოხდა რომ გამოგაცილა და ჩაგეხუტაო. არასდროს არავისთვის მითქვამს ამ დრომდე რა მითხრა მაშინ ბაბუშკამ, იმიტომ რომ არავინ ვინც მას იცნობს არ დაიჯერებდა.

უკვე 80 წელს გადაცილებული იყო და მის სახეზე მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ნაოჭს თუ შეამჩნევდით, თმაშიც ერთი ორი ღერი ჭაღარა ქონდა შეპარული, ფერმკრთალი და გამხდარი ქალი იყო, სიბერემაც ვერ მოხარა წელში და რთულმა ცხოვრებამაც ვერ დაატყო ასაკი. იმ დღეს გუგულმა რომ უთხრა და მე რომ ნამცხვარი უნდა გამომეცხო, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ბაბუშკა ძილში მოკვდა, უბრალოდ აღარ გაეღვიძა, იმ დღიდან ჩემი ჩიტი ყვავია.254418_10150222935438586_8178177_n

ფაქტობრივად სტრიპტიზი

4 Comments

დიდი ხანია მოდღიურო არაფერი დამიწერია.  სურვილი მქონდა როცა დრო არ მქონდა და პირიქით, ხანდახან მეგონა, რომ დასაწერიც არაფერი იყო და როცა ასე მეგონა ვწერდი ასტროლოგიაზე, შაბაშებზე, ტატუებზე და ყველაფერზე ჩემს გარდა. ახლა რომ ვხედავ იმ პოსტს მაიას ტომის კალენდარზე მაჟრიალებს, რამ დამაწერინა ამდენი :დ

არადა ვკითხულობ ხოლმე სხვების ბლოგებს და ვფიქრობ, აი ამაზე ჰომ მეც შემეძლო დამეწერა, ნუ შემეძლო, მაგრამ ვიღაცას გამოსდის კარგად და ადვილად წეროს საკუთარ თავზე, მე პირიქით. მარტო ვწერო კი არა, ისე რომ დავფიქრდე საუბარიც მიჭირს ჩემს გრძნობებზე და ემოციებზე. ავიღოთ ყოველდღიური განცდები და უბრალოდ აზრები, გაზიარების დონეზეც კი მიჭირს ამაზე საუბარი ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი. მგონი ფსიქოლოგი მჭირდება.

ჰოდა დღეს გადავწყვიტე რომ დამეწერა, ოღონდ არ ვიცი თუ შენიშნეთ, რთული არ იქნებოდა, დღესაც არ ვიცი კონკრეტულად რა დავწერო. ავხსნი. აი წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც თავის განცდებს, აზრებს არ უზიარებს არავის, უფრო სწორად რაღაც ნაგლეჯებს კი, მაგრამ სიღრმისეულად, რამეს, ძალიან პირადს არასდროს და ეს გრძელდება წლები. მერე უცბად ხასიათზე მოდის რომ გააზიაროს და ხვდება იმდენი აქვს მოსაყოლი, რომ აზრი არ აქვს. მოკლედ არც ვიცი საიდან დავიწყო. თავიდან.

თავიდან იყო, როცა ჯერ კიდევ არ მახსოვს, მოყოლით ვიცი, რომ ბავშვობაში არ ვიღიმოდი, არც კი ვიცინოდი ასე 5 წლამდე. ზუსტად მახსოვს პირველად როდის, როგორ, რა ვითარებაში და რაზე გამეცინა.  მე და ჩემი მეგობარი ვთამაშობდით ეზოში. ბავშვობაში ჭიანჭველებს ვაგროვებდი, პატარა ლაბირინთებს ვაკეთებდი, მერე ამ ჭიანჭველებს ვსვამდი ამ ლაბირინთში და ვაკვირდებოდი. ერთ-ერთი ასეთი დაკვირვებისას ჩემს მეგობართან ერთად, ჭიანჭველა ამ ლაბირინთში გაჩერდა, ჰოდა ჩემმა მეგობარმა წამოიძახა ჰო არ დაეძინაო. არ ვიცი ახლა ძალიან სულელურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად მახსოვს როგორ გადავიხარხარე და მერე მახსოვს ნინომ, ჩემმა მეგობარმა როგორ წამოიძახა ანა იცინისო და რაღაც წამებში ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, მოკლედ ასე გავიცინე პირველად. ახლა რომ ვფიქრობ, ბავშვობიდან რამდენად არ მიყვარდა გაზიარება ემოციის, რომ არც კი ვიცინოდი. ალბათ ამიტომ არ ვიცინოდი.

მერე მახსოვს ბავშვებთან რომ მბეზრდებოდა ხოლმე თამაში და მარტო ვჯდებოდი და ერთ წერტილს ვაკვირდებოდი, როგორც წესი სიჩუმეში, მარტო და ნუ თუ სიბნელე იყო ჰო მთლად იდეალური. ჰოდა მახსოვს რომ ვუყურებდი რამე საგანს და ვცდილობდი წარმომედგინა რას გრძნობდა ის, უფრო სწორად გავმხდარიყავი ის საგანი. იდეალური შედეგი იყო ქვაზე. ზუსტად მახსოვს ის შეგრძნება, როცა პირველად გამომივიდა გავმხდარიყავი ქვა. არასდროს დამავიწყდება და ვერც გადმოვცემ როგორი გრძნობაა, უფრო სწორად რა არ არის. არაფერია. არაფერზე ფიქრობ, ვერაფერს გრძნობ, არაფერი ხარ, უფრო სწორად არ იცი. რთულია მოკლედ ეს გადმოსცე. ჰოდა ასე გამომივიდა პირველად მედიტაცია და მას შემდეგ ვმედიტირებ, ოღონდ ამაზეც ხშირად არ ვსაუბრობ.

კიდევ მახსოვს როგორ დამეწყო სიმაღლის შიში, პირველ კლასში ვიყავი, სკოლაში გაკვეთილზე ჩემთვის წყნარად ვიჯექი და ასოები გამომყავდა რომ დაიწყო მიწისძვრა, მასწავლებელმა ოთახიდან გამოგვიყვანა და ტალღამ რომ წამიღო სადღაც კიბიდან აღარ მახსოვს რა ხდებოდა, ასე 15 წუთი ამოშლილია მეხსიერებიდან. ამ დღის მერე მეშინია სიმაღლის. საერთოდ 1 წელი კიბის საფეხურს ვერ ვუახლოვდებოდი და დიდი მუშაობა დამჭირდა საკუთარ თავზე, იმისთვის რომ დღეს საერთოდ შემიძლია ავიდე კიბეზე. აი პატარა ბავშვი რომ თავიდან სწავლობს სიარულს ისევე ვისწავლე კიბეზე ასვლა, მაგრამ პირველ ჯერზე მაინც მიჭირს ხოლმე ახალი კიბის დაძლევა, მერე ვეჩვევი კი არადა ვძლევ. ისე გამოდის, რომ ყოველ ახალ კიბეზე ახლიდან ვსწავლობ ასვლას, მაგრამ ამას იმდენად შენიღბულად ვაკეთებ მგონი ვერავინ ამჩნევს :დ ყოველშემთხვევაში მთელი სიმძაფრით ეს არ იგრძნობა.

ზოგადად ჩაკეტილი ადამიანი ვარ, კი. მიუხედავად იმისა რომ ალბათ ასე არ დამახასიათებენ, ვერ ვიტან როცა მეკითხებიან რა მაწუხებს, რა მჭირს, როგორ ვარ და ა.შ. ამიტომ არ ვაძლევ კითხვების საბაბს. თავს იმით ვიმართლებ რომ თუ მომინდება მე თვითონ მოვყვები, მაგრამ ასე მგონი არასდროს ხდება :დ

კიდევ მაქვს ბევრი ჩვევა, მათი ნაწილი დავძლიე. მაგალითად ერთი, რომელიც დავძლიე ასე 15 წლის წინ. კითხვა ვისწავლე 3 წლის ასაკში და იმ დღიდან როცა დამოუკიდებლად შევძელი პირველი ზღაპრის წაკითხვა მქონდა ასეთი ჩვევა. თუ რამე ან ვინმე შემაწყვეტინებდა კითხვას, წიგნს ვხურავდი, ვშლიდი თავიდან და ვიწყებდი კითხვას ახლიდან. იმიტომ არა რომ არ მახსოვდა, არც იმიტომ რომ ვბრაზდებოდი და ა.შ. უბრალოდ ასე მინდოდა,  რატომ? არ ვიცი. თანაც არც ნერვები მეშლებოდა, არც მაღიზიანებდა ეს ფაქტი, აი უბრალოდ ასე მინდოდა და მორჩა. მერე გავიდა ბევრი წელი და მივხვდი რომ ეს ჩვევაა და გადავეჩვიე. რთულად.

როდის დავიწყე დღიურების წერა? ესეც უსიამოვნო პერიოდია. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უსიამოვნო. ასე 17 წლის ასაკში დამისვეს ეპილეფსიის დიაგნოზი, როგორც მითხრეს ეს არ იყო ეპილეფსიის გავრცელებული ფორმა ანუ ტიპიური კრუნჩხვებით, უფრო იშვიათი ფორმა იყო, მაგრამ მაინც ეპილეფსია. დამინიშნეს საკმაოდ ძლიერი ფსიქოტროპული წამლები, რომელიც 2 წელი და 6 თვე ვსვი. ბოლო 1 წელი კი საერთოდ არ მახსოვს. უფრო სწორად ნაგლეჯებად. აღმოჩნდა რომ ამ წამალს რამდენიმე უკუჩვენება ქონდა, აქედან ერთ-ერთი იყო მეხსიერების დაკარგვა. მაგრამ ეს არ იყო ტიპიური მეხსიერების დაკარგვა “ვაიმე სად ვარ, ვინ ვარ?” სხვა იყო.

წამალს ვიღებდი დღეში 2-ჯერ, დილას საუზმის შემდეგ და საღამოს ვახშმის შემდეგ. და მახსოვდა მხოლოდ ეს პერიოდი, დილას წამლის მიღებამდე და საღამოს რაღაც მონაკვეთი ვახშმამდე. ეს გავდა პორტირებას. მაგალითად: დგახარ გაჩერებაზე ელოდები მარშუტკას უნივერსიტეტში რომ წახვიდე და უცბად ღამეა და ხარ მეგობრებთან ერთად, თითქოს შუაში არაფერი ყოფილა, თითქოს დრო შეიკუმშა და მიეწება, თითქოს უცბად გაჩნდი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას. მეგობრები მეუბნებოდნენ რომ დღისით ჩეულებრივად ვიქცეოდი. ჰოდა ამ დღიდან დავიწყე დღიურების წერა. ვიწერდი ყველა ჩემს ნაბიჯს და სიტყვას მგონი, ყველა აზრს, იმიტომ რომ საღამოს და არასდროს, დღესაც კი ისინი არ მახსოვს. თითქოს ჩემი არ არის და სხვის დღიურებს ვკითხულობ.

მოკლედ 1 წლის მერე უბრალოდ მივატოვე ეს წამალი და უკუჩვენებამაც გაიარა, მაგრამ ეს პირველი ფაქტია, როცა ვინმეს ამის შესახებ მოვუყევი. მგონი ესეც დავძლიე.

3 წლის ანა

%(count)s კომენტარი

საერთოდ მიყვარს ადამიანები, ყველა გამოვლინებაში და ფორმაში, როგორი ძნელი დასაჯერებელია ვიცი.

ბავშვობაში როცა ვმედიტირებდი, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ეს არ ვიცოდი რას ნიშნავდა, ვგრძნობდი როგორ მიყვარდა ყველა ადამიანი. არ ვიცი გიგრძვნია თუ არა ეს ოდესმე, საოცარი შეგრძნებაა, როცა გრძნობ ერთდროულად და თან ცალ-ცალკე ყველას სიყვარულს. ძლიერი გრძნობაა, ვიმუხტები მაგ დროს, დადებითად.

რაც უფრო ვიზრდებოდი და რაც უფრო ბევრი ცუდი, განსხვავებული თუ კიდევ რამე სხვა სახის ადამიანები მხვდებოდნენ და ეს ადამიანი იყვნენ ბევრი და მრავალნაირი, სულ ვფიქრობდი პატარა 3 წლის ანაზე, რომელიც იჯდა ბნელ ოთახში საათობით, მედიტირებდა და გრძნობდა როგორ უყვარდა მთელი კაცობრიობა, დიახ არც მეტი არც ნაკლები მთელი კაცობრიობა.

იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში ვინც არ უნდა შემხვედროდა და რაც არ უნდა დაეშავებინა, ეთქვა და ა.შ. ვცდილობდი იმდენად არ დაეშავებინა რომ ის 3 წლის ანა გამქრალიყო. ძალიან ვუფრთხილდები, უდაბნოში ოაზისივთ მყავს, სადღაც შიგნით და ღრმად ისე რომ სხვის თვალს არ დაენახოს, ფაქტიურად მზეთუნახავია, იმდენად არ ვანახებ არავის, რომ ამაზე პირველად ვწერ.

ყოველთვის თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ადამიანები ასეთებად არ იბადებიან და ამის მართლაც მწამს, ყველა ადამიანი კარგია უფრო მეტად ვიდრე ცუდი და აზრი არ აქვს ვინ რას ფიქრობს მე ასე მჯერა. ადამიანები უფრო კარგები არიან როცა ვინმეს ან ვიღაცეებს სჯერათ რომ ის კარგია. როცა გარშემო ადამიანები გყავს, რომლებსაც შენი სჯერათ გინდა რომ უკეთესი იყო, სადღაც გულის სიღრმეში მაინც.

3 წლის ანა ძალიან მეხმარება იმაში რომ მაშინაც როცა არავის სჯერა ჩემი მე დავრჩე მე. არ ავყვე დროს, გარემოს, ადამიანებმა არ შემცვალონ, არ იმოქმედოს ჩემზე არავინ. იმიტომ რომ მე ვარ 3 წლის ანა, შეხედულებები შემეცვალა და ბევრი სხვა რამ, მაგრამ შეგრძნებებით ვარ იგივე. ამას როგორ ვუფრთხილდები რომ იცოდე.

როგორია 3 წლის ანა? ყველაფერს უკეთებს ადამიანებს, როგორ მომწონს არ იცი როცა ვინმეს უხარია, არასდროს აკეთებს რამეს იმ მიზნით რომ უკან დაუბრუნდება, უბრალოდ აკეთებს რა. ბედნიერი ადამიანია მოკლედ.

ცუდი არავის რომ უნდა უსურვო ხშირად მახსენებს, ვინმე რომ მაწყენინებს იმასაც რომ არ უნდა ვუსურვო ამასაც მახსენებს. როცა ვბრაზობ სინდისი მქენჯნის, 3 წლის ანა ასე არ იზამდა, ასე არ იტყოდა.

ყველაზე მეტად მისი დაკარგვის მეშინია. ცოტავდება, მე ვიზრდები და ის ცოტავდება. არის პერიოდები როცა ბრუნდება კიდეც დიდი ნაწილი, მაგრამ უფრო სტაბილური დაცოტავებაა, ვხარჯავ ყველაფერს ადამიანურს რაც გამაჩნია.

ძნელია არ დახარჯო როცა სათქმელი გაქვს ღამის 3 საათზე, სახლში მარტო ხარ, ყურმილს იღებ და დასარეკი არავისთან გაქვს, იმიტომ რომ ყველა ვისთანაც შეგეძლო დაგერეკა და გული გადაგეშალა შენივე უხასიათობით დაკარგე.

უკიდურესობები მკლავს 3 წლის ანა ძალინა განსხვევბულია, 4,5,6,7,8,9,10,11,12,13,14,15,16,17,18,19,20,21,22,23,24,25,26 წლის ანებისგან. ბევრია ჰო? და 3 წლის ანა ერთია, ძლიერი, კეთილი, ადამიანური, ყველა უყვარს და საერთოდ საუკეთესო ადამიანია რომელიც ოდესმე შემხვედრია, არ მინდა რომ დავკარგო.

3 წლის ანას ერთი ნაკლი აქვს, როცა ბევრი ბრუნდება და ძალიან ბევრი, იმდენად ბევრია, რომ საკუთარ თავსაც მავიწყებს, მთლიანად სხვებისთვის ვიწყებ ცხოვრებას, საკუთარ თავზე აღარ ვფიქრობ, საკუთარ თავზე აღარ ვზრუნავ, საკუთარ პრობლემებს აღარ ვაგვარებ, საკუთარი დროს აღარ განვკარგავ.

3 წლის ანა იდეალურად კეთილია დიდ დოზებში და ჩემთვის მავნებელი. იმიტომ რომ მერე ისევ რომ ცოტავდება, ყოველთვის მარტო და არაფრის გარეშე ვრჩები. ყოველთვის ნულიდან ვიწყებ, ყოველთვის მარტო, ყოველთვის ახალი ცუდი თვისებებით, ყოველთვის ცოტათი უფრო ცუდი ვიდრე აქამდე, ახალი ეგოიზმებით და ყოველთვის ახალ ადამიანებთან.

3 წლის ანა არის ის რაც მკლავს, უკეთესს მხდის და მაბედნიერებს, მაგრამ ყოველთვის მარტო მტოვებს.

სამი წლის ანა

დატოვე კომენტარი

ყველა ადამიანში ცხოვრობს 3 წლის პატარა ადამიანი, უბრალოდ ყველა არ უფრთხილდება ამ პატარა 3 წლის ბავშვს და ისე იზრდება რომ ამას ვერც ამჩნევს. მთელი ჩემი 24 წლის მანძილზე ამ ბავშვს ვუფრთხილდები ჩემში, ვუვლი და ბედნიერი ვარ როცა ისეთ ადამიანს ვხვდები, რომელშიც ეს ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუნდაც დავიწყებული და სადღაც შორს გადამალული, მაგრამ ცოცხალი.

უბრალოდ ხანდახან საჭიროა ადამიანებთან ისეთივე გულწრფელი იყო, როგორც 3 წლის ასაკში

%d bloggers like this: