მთავარი

მე და ჩემი კოშმარები

3 Comments

მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება კოშმარებს ვხედავ. ნუ სიზმრების 100%-დან 99.99% კოშმარები იყო და დანარჩენი ერთი არ მახსოვდა. სხვათაშორის ბოლო რამდენიმე დღეა თუ უკვე ერთი კვირაა მძინავს ჩვილივით და ვხედავ კარგ სიზმრებს. ისეთ კარგებს და ლამაზებს, საყვარლებს და ფუმფულებს, რომ აღარ ვიცი რა ვქნა, რას ვეცე, როგორ გავაზიარო, ვის მოვუყვე. რა კარგი ყოფილა კარგი სიზმრების ნახვა ღმერთო ჩემო, რომ იღვიძებ და ადამიანის სახე გაქვს, მზეს ამჩნევ ცაზე თურმე ამოდის და ანათებს კიდეც და საერთოდ რა კარგი და მშვენიერია ირგვლივ ყველაფერი. როგორ მოქმედებს ადამიანზე თურმე ცუდი სიზმრები. გულში ვფიქრობ ეს დღეები, თურმე რა ბედნიერები არიან ადამიანები და არ იციან.

nightmares

ჩემი სიზმრები უკიდურესად კოშმარულია და ეხება ყველა თემას რაც კი ოდესმე მაინტერესებდა ან ვიცოდი. რელიგია, მითოლოგია, რიტუალები და ა.შ. მაგალითად როცა ყველა იხსენებს ბედნიერად სიზმარს, რომელშიც იფრინა და აღფრთოვანებული ყვება იმ განცდებს, რომელსაც ფრენის დროს განიცდიდა. ამ დროს მე, ერთადერთხელ ვიფრინე სიზმარში და ისიც როგორ, მილიონი ფსიქოპათი მე მომსდევდა უკან, მთელი ქალაქი ჩემი ალტერნატიული განსხეულებებით იყო სავსე, ოღონდ ყველა თავისებურად საშინელი იყო და რომ მომიმწყვდიეს რომელიღაც კორპუსის თავზე იქიდან გადმოვხტი და ვინატრე ფრთები, შედეგად ვიფრინე, მაგრამ ეს იყო მტკივნეული, თან მწონდა ღამურას ფრთები. მთელი დღე მტკიოდა ზურგის კუნთები და მას შემდეგ არ მიფრენია.

ერთხელ მოვხვდი ჯოჯოხეთში სადაც კანი გამაძრეს ამოატრიალეს, ისევ ჩამაცვეს და მიმაკერეს. თან ამ ყველაფერს ვგრძნობდი და ისეთი რეალისტური იყო. ვერ ვიხსენებ რომელი გრძნობა უფრო მტკივნეული იყო გატყავების თუ ჩაცმის, მაგრამ ეს იყო ნამდვილი კოშმარი, რომელიც იმდენად კოშმარი იყო, რომ გავიღვიძე ვიგუდებოდი უჰაერობისგან. სხვათაშორის ჯოჯოხეთში კიდე ვიყავი სხვა დროსაც, მაგრამ იქ უკვე სახელგანთქმული კუპრის უდაბნო ფიგურირებდა, რომელზეც დავდიოდი შიშველი ფეხებით და ვერ ვაგნებდი გასასვლელს, თან ვეძებდი ლუციფერის ქამარს, რომელიც საიდანღაც ვიცოდი რომ გამიყვანდა ჯოჯოხეთიდან. ჰოდა ვიპოვნე ქვა, რომელიც მივხვდი რომ ეს იყო ქამარი და რაღაც ღვთაებრივად კი არა, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკებში რომ არის, იმ ტექნოლოგიის მსგავსად გარდაიქმნა ეს ქვა ქამრად. ოღონდ რომ გავიკეთე მე თვითონ გავხდი ლუციფერი და ჯოჯოხეთიდან გამოსვლა აღარ მინდოდა.

კიდე ერთხელ მახსოვს რაღაც შენობაში მოვხვდი რომლის ოთახებიც ფორმას იცვლიდა და თან დროც სხვანაირად მიდიოდა ამ სახლში. მაგალითად ერთ ოთახში რომ შევიდოდი და რომ დაიწყებდა დამრგვალებს უნდა გამესწრო მეორეში, მერე დერეფანი იწყებდა დავიწროვებას და შემდეგი ოთახის კარი მხოლოდ დერეფნის ბოლოს იყო, არადა უნდა მომესწრო შესვლა თორემ გავიჭყლიტებოდი, ჰოდა მერე რომ ვბრუნდებოდი ისევ იმ ოთახში სადაც უკვე ვიყავი იქ ვხედავდი ჩემს თავს, რომელიც მე ვერ მხედავდა და იმ ვითარებას რაც უკვე იყო რამდენიმე წუთის წინ. რამდენჯერაც ვბრუნდებოდი ერთსა და იმვე ოთახში იმდენ დროს ვხედავდი ერთდროულად და იმდენ ჩემს თავს. ანუ ყველა დრო ფენებად იყო ერთმანეთზე დადებული და თითქოს მთელ სახლში ყველაფერი სინამდვილეში ერთდროულად ხდებოდა, უბრალოდ მე სივრცეში გადავაადგილდებოდი და არა დროში.

ერთხელ სიზმარში ვნახე სამყაროს დასასრული. ესეც კოშმარი იყო პრინციპში, მაგრამ ისეთი ლამაზი, რომ სამყაროს დასასრული თუ ასეთი იქნება მინდა რომ რეალურადაც ვნახო. სიზმარში ვნახე რომ მზის სისტემის ყველა პლანეტა ცაზე ჩანდა, იმიტომ რომ დედამიწა იზიდავდა მათ და ვითომ ამას ერქვა პლანეტარული სუიციდი. არც ვიცი საიდან მომივიდა ეს ტერმინი თავში. ჰოდა მოკლედ ყველა პლანეტა დედამიწას უნდა შეჯახებოდა, იმიტომ რომ საერთოდ მთელი სამყარო, ანუ მთელი არსებული კოსმოსური სივრცე იკუმშებოდა და ამ შეკუმშვის ეპიცენტრი იყო დედამიწა. ყველაზე ლამაზი იყო ბოლო რამდენიმე წუთი, როცა პლანეტები შემოიჭრნენ ატმოსფეროში და მათ გარშემო ფეიერვერკივით ალის რგოლები იყო, თვითონ კიდე შავები გახდნენ და მთელი ცა გამწვანდა როგორც ჩრდილოეთის ნათების დროს, ისე ალივლივდა სხვადასხვა გარდამავალ ფერებად და დედამიწაზე უცბად, რამდენიმე წამში მომწვანოდ ნაცრისფერი კვამლი ჩამოწვა, მაგრამ თან ანათებდა ყველაფერი და ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი იყო ენითაუწერელიო, რომ იტყვიან.

ერთ სიზმარში ვიყავი სვანეთში, არადა სვანეთში არ ვარ ნამყოფი. ჰოდა ვითომ რაღაც კოშკში ვზივარ და უცბად ხალხი შემოიფანტა ყვირილით სამმა სვანმა გოლიათმა გაიღვიძაო. შემოვიდა ეს სამი სვანი გოლიათი დიდები, თეთრები და როგორც უკვე გაქცეული ხალხი ყვიროდა კაციჭამიები. თუმცა არ შევუჭამივარ, მახსოვს რომ სამივემ რაღაც ძალა მომცა, უფრო სწორად შემპირდა, აი ზუსტად ისე როგორც ზღაპრებშია ხოლმე, ოღონდ რაღაცის სანაცვლოდ. რის სანაცვლოდ არ ვიცი. იმედია სული არ მივყიდე ))))

ერთხელ ერთ სიზმარში სადღაც ცენტრალურ ამერიკაში ვცხოვრობდი, ნუ ეგეთი სახლები იყო და მე შავკანიანი მაღალი, ლამაზი ქალი ვიყავი. პრინციპში მხოლოდ ამის გამო ეს სიზმარი შემიძლია კოშმარების რიცხვში არც გავიყვანო, მაგრამ მე მქონდა რაღაც პატარა მრგვალი მინის კოლბებივით ბოთლები, რომლებშიც ფერადი ფოსფორივით მანათობელი ბლანტი სითხე ესხა. ხოდა ამ ქალაქში დავდიოდი და ყველას ვისაც შევხედავდი და ჩავთვლიდი რომ მისი დრო მოვიდა ვასმევდი ამ სითხეს და ამ კოლბაში ხვდებოდნენ. სიკვდილი ვიყავი ფაქტობრივად. როცა გავავსე ყველა კოლბა მთაზე ავედი სადაც ძველი ქვის სარიტუალო მაგიდასავით იყო, ქვემოდან დიდი ქვის თასივით ქონდა შედგმული. დავწექი, დავლიე ეს ყველა დაგროვილი სითხეები, გავდნი და ამ ქვის ჯამში დავგროვდი. ეგ შეგრძნება მახსოვს თან სითხე რომ ვიყავი. კატასტროფა შეგრძნება იყო, რომელიც ვერ აბალანსებს ჩემს ლამაზ, მაღალ შავ ქალად ყოფნას და ამიტომაც კოშმარია.

ერთხელ ვნახე როგორ ჩადიოდა თბილისი მიწაში, ვითომ მე ვიდექი სადღაც სააკაძის მოედანზე, უცბად დავინახე რომ შენობები ჩადიოდა მიწაში, ინგრეოდა ყველაფერი გარშემო და უკვე გასაქცევიც რომ აღარსად მქონდა ხვრელით მიწაში ჩავედი, თან ვფიქრობდი ამ ხვრელში როგორ ვეტევითქო. ნუ კი კომპაქტური ვარ, მაგრამ მაინც ძალიან ვიწრო ხვრელი იყო. მოვხვდი მიწისქვეშა გამოქვაბულში სადაც ტბა იყო, რომ ჩავიხედე თურმე გველის ტანი მქონდა და დრაკონის თავი. მერე მივხვდი იქ როგორ ჩავედი, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დრაკონის სახე არ მეუცხოვა, პირიქით ძალიან ბუნებრივად აღვიქვი, მაინც ერთგვარი სტრესი იყო, უცბად რომ აღმოაჩენ ამ ფაქტს. საკმაოდ უსიამოვნო სიზმარი იყო.

ერთი მძაფრსიუჟეტიანი კოშმარიც იყო, რაღაც ლაბირინთში ვიყავი ქვის ლაბირინთი იყო, ოღონდ შენობაში, იმიტომ რომ ცა არ ჩანდა ჭერი ქონდა და იატაკიც ქვის. ვითომ ვიღაც მომსდევდა და მე მეცვა ტყავისა და რკინის ტანსაცმელი ძალიან სექსუალური. სხეულის ის ნაწილები რომელსაც ვხედავდი სულ მოხატული მქონდა. ჰოდა გავრბოდი თან ხელში მეჭირა ხმალივით თუ ხანჯალივით იარაღი. წამომეწია ეს ვისაც გავურბოდი და ისიც მე ვიყავი, ისიც მოხატული იყო, ზუსტად ჩემნაირი და მომკლა, ჰოდა სისხლი როგორცკი წამომივიდა გაქრა. საშინელი გრძნობაა საკუთარი თავი რომ გკლავს. ამ სიზმრის მერე დავრწმუნდი რომ სუიციდი ნოთ მაინ.

და ჩემი ფავორიტი კოშმარული სიზმარი იყო, როცა რეალურ ცხოვრებაში დავიძინე და სიზმარში გავიღვიძე კოსმოსურ ხომალდში, რომელიც დაჯდა პლანეტაზე, რომელზეც მე არალეგალურად ვიმყოფებოდი, საბუთები არ მქონდა და ვცდილობდი სატვირთო ნაწილით დედამიწაზე დაბრუნებას ))))) ეს იყო ყველაზე სასაცილო კოშმარული სიზმარი რაც კი მინახავს.

კიდევ უამრავი კოშმარი მაქვს ნანახი რომელსაც არცერთი პოსტი არ ეყოფა, თითქმის იმდენივეა რამდენი ღამეც იყო ჩემს ცხოვრებაში, ნუ თითქმის. ყველა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამავე დროს საშინელი. ხანდახან თავსაც ვიმშვიდებდი იმით რომ, აუ მე ისეთი საინტერესო სიზმრები მაქვს, ისეთი არაბანალური, მაგრამ ბულშით. თურმე რა კარგი ყოფილა მათ გარეშე. არ დაბრუნდეთ კოშმარებო, არ მენატრებით.

nightmare

Advertisements

რატომ მიმართლებს ადამიანებში?

%(count)s კომენტარი

მინდა ჩემს მეგობრებზე მოგიყვეთ. ჩემი ყველაზე ძველი და პირველი მეგობარი დაახლოებით წლინახევრის ასაკში გავიცანი. ჩემს მეგობარს ქვია გივი, რომელიც ჩემი მეჯვარე იყო და თანაც ორჯერ 🙂 ჩვენი მეგობრობა დაიწყო ბაგა-ბაღიდან. ის ინგლისურ ჯგუფში დადიოდა, მე ქართულში. ისინი წითელქუდას დგავდნენ ინგლისურად, ჩვენ სამ გოჭს ქართულად. გივი მთხრობელი იყო, მე მესამე გოჭი. იმათი დღე წითელქუდას წაკითხვით იწყებოდა, ჩვენი სამი გოჭის. ერთ მშვენიერ დღეს მივედი ინგლისური ჯგუფის მასწავლებელთან და ეს შენი წითელქუდა, თანაც ინგლისურად სულ სხაპასხუპით ჩამოვურაკრაკე. იმ დღეს გავიცანი გივი და მერე ზეიმზე ორივე მთხრობელები ვიყავით. მერე ერთ მერხზე ვიჯექით სკოლაში და ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, მართალია მან ფიზიკა აირჩია და მე ჟურნალისტიკა, მაგრამ ის ყოველთვის ძლიერი იყო ტექნიკურ საგნებში და მე ჰუმანიტარულში.

კიდევ ერთი ძველი მეგობარი მყავს რომელიც ჩემი კარის მეზობელი იყო ასე 20 წელზე მეტი. ნინო. ნინო ჩემზე 2 წლით პატარაა, ასე რომ გივის მერე ნინოს დავუმეგობრდი და როცა ბაღში გივის ვემშვიდობებოდი ხოლმე სახლში ნინოს ვესალმებოდი. გივი ჩემი დღის მეგობარი იყო, ნინო საღამოს მეგობარი. ნინო დღეს საფრანგეთში ცხოვრობს, პარიზში, სორბონაში სწავლობს და დამოუკიდებელი ქალია. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე წელია არ მინახავს და შეიძლება ხანდახან კვირები გავიდეს ისე რომ არ მივწეროთ ერთმანეთს, როცა ვწერთ ისე ვსაუბრობთ თითქოს ბოლოს გუშინ ვნახეთ ერთმანეთი.

მესამე ძველი მეგობარია თამო. თამო სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში ჩამოვიდნენ, ჩვენს ეზოში რომ იყიდეს ბინა მე უკვე მესამე კლასში ვიყავი, თამო პირველში. მე, ნინო და თამო ერთად გავიზარდეთ, ერთ პატარა იტალიურ ეზოში. დღეს თამოს მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ბავშვი ყავს, ნიკოლოზი, რომლის ერთადერთი მეგობარი ჯერ მე ვარ 🙂 აქვს მნიშვნელობა წლებს, კი, და იმას რომ ადამიანს თავიდან ბოლომდე იცნობ. უსიტყვოდ, რომ შეხედავ და იცი რას ფიქრობს, რა აწუხებს ან რა უხარია. უბრალოდ ადამიანია, რომელთანაც შეიძლება სიტყვაც არ თქვა, მაგრამ მთელი ამბავი მოუყვე და ის ზუსტად გაიგებს რა უთხარი.

კიდევ მყავს მეგობარი შორენა, ჩემი კლასელი. მეხუთე კლასში გადმოვიდა ჩვენს სკოლაში და იმ დროიდან ვმეგობრობთ. მანამდე მუხიანში ცხოვრობდნენ, მერე ბინა გაყიდეს და ჩვენს ქუჩაზე ბებიასთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ასე გავიცანი შორენა, რომელიც არცერთ ჩემს მეგობარს არ გავს. საერთოდ ძალიან განვსხვავდებით. მარტო ჩემგან არა ზოგადად განსხვავებული ადამიანია, ისე არა როგორც ყველა, აი ძალიან განსხვავებულია. აქვს საკუთარი კარგად განსაზღვრული პრინციპები, მე რომ მერვე კლასში ვარდისფერი სათვალეების მთელი კოლექცია მქონდა წარმოსახვით კარადაში, შორენა უკვე მუშაობდა, ეხმარებოდა დედას და უკვე დამოუკიდებელი იყო, დიდი ადამიანი. საერთოდ ძლიერი და კარგი ადამიანია, ბევრზე კარგი ვისაც ვიცნობ.

შემდეგი ახალი შენაძენი უკვე უნივერსიტეტში სწავლისას მოხდა. დავიწყებ მშვენიერი სამეულით. მე, ოლიკო და თამუნა. მახსოვს ზუსტად პირველად დავინახე ორივე ერთ მერხზე ისხდნენ ჩემს უკან რომელიღაც ლექციაზე, პირველი კურსის დასაწყისი იყო და ერთმანეთს არავინ ვიცნობდით ნორმალურად. მაგრამ ისინი უკვე დამეგობრებულებივით იყვნენ. ორივე საკმაოდ სწერვა სახით იჯდა და პერიოდულად რაღაც შენიშვნებს ისროდნენ ლექტორის მიმართულებით, რომელიც ამ ყველაფერს არ იმჩნევდა. მაშინვე ვიფიქრე რომ მინდოდა ამ გოგოების გაცნობა. მერე ოლიკო ჩემს სახლთან შევამჩნიე და ზუსტად იგივე ვიფიქრე, ამ გოგოსთან ვიმეგობრებდითქო. არ ვიცი საერთოდ რა პრინციპით არჩევენ ადამიანები მეგობრებს, მაგრამ აი ზრდასრულ ასაკში, თანაც ბუნებრივად კი არა შეგნებულად მეგობარი მაშინ ავირჩიე პირველად. როცა გრძნობ რომ ის შენიანია, მაგრამ ჯერ არ იცი რატომ. მე, ოლიკო და თამუნა საუკეთესო მეგობრები გავხდით. იყო ძალიან ბევრი ისტორია დაწყებული ჩემი დაუმთავრებელი ლავსთორებით, რომლისაც უკვე აღარავის ჯეროდა ისეთი სისწრაფით მთავრდებოდა ყველა. მახსოვს ერთხელ სანაძლეო დადეს. თამუნა ფიქრობდა რომ მორიგი ბიჭი ერთ თვეში მომბეზრდებოდა, ოლიკოს ვერსია ორი კვირა იყო. საბოლოოდ ერთი კვირაც არ იყო გასული რომ მომბეზრდა და კიდევ ერთი კვირა ვატყუებდი, სანამ არ მიმიხვდნენ ))) თამუნას ჯიხვივით კაცები მოწონდა, ოლიკო ყოველთვის განსაკუთრებით რომანტიკული იყო და აი ისეთი ერთი რომ უყვარს და უყვარს და უყვარს 🙂

უნივერსიტეტში კიდევ მეორე სამეგობრო წრე მყავდა, რომელთანაც ასევე დღემდე ვმეგობრობ. ბექა, გიგა, ლევანი (ჩიტი), ლექსო, რატი და სოფო იგივე პეტაჩოკი.

ბექა გავიცანი გიტარით ხელში, თმა ქონდა და დიდი წვერი, ბევრს ლაპარაკობდა, ჩქარა და ემოციურად. დღესაც ასეთია ოღონდ თმის და წვერის გარეშე ))) ბექა არის ყველაზე ემოციური ადამიანი ვისაც კი ვიცნობ ალბათ. ძალიან ბევრს ფიქრობს და ძალიან ბევრს ზრუნავს. საერთოდ მგონი ყველაზე უნდა იზრუნოს, იფიქროს და ინერვიულოს, არ იმჩნევს, მაგრამ ემჩნევა. ბექა არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი. წერს მოთხრობებს, ნუ მე მახსოვს რომ წერდა. ახლა სიმღერებს წერს და ჯგუფი მუZიკას შემქმნელ, სოლისტ, ვოკალისტ, გიტარისტ, პიარშიკ, მენეჯერია. აი ზუსტად ასეთია ყველაფერს ერთად აკეთებს და კარგად. არის ძალიან გულჩვილი და არ ვიცი ამას ჩემს ბლოგში რამდენად უნდა ვწერდე, მაგრამ ამ ერთელ დავწერ. მიუხედავად იმისა რომ ბექასაც ყავს ბავშვობის მეგობრები და მეც, მგონია რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, იმიტომ რომ შევხედავ და ვიცი რა უტრიალებს თავში. განა მალავს, ან თამაშობს და იმიტომ ვერ ხვდებიან სხვები, არა. უბრალოდ ასე არ იცნობენ. საერთოდ ცხოვრებაში ბევრი ცუდი მაქვს გაკეთებული და ბექა იმ მეგობრების რიცხვში შედის რომელიც ვიცი, რაც არ უნდა გავაკეთო მაინც ჩემს მეგობრად დარჩება, დროით გამოცდილია 🙂

შემდეგი იყოს ლევანი ანუ ჩიტი. ჩიტი რატომ? იმიტომ რომ ჩიტია. ლევანი არის უგენიალურესი ადამიანი, იმტომ კი არა რომ ჩემი მეგობარია, მართლა ასეა. მე ალბათ ვერასდროს შევძლებდი ისეთი ძლიერი ვყოფილიყავი როგორიც ჩიტია. შეიძლება ამას ხშირად და არასდროს ვეუბნები, იმიტომ რომ ზოგადად ჩემი ემოციები რთული საკონტროლებელია და ამიტომ ვახშობ. მაგრამ ჩიტი ზუსტად ის მეგობარია რომლითაც ვამაყობ და ბედნიერი ვარ რომ მე ვარ მისი მეგობარი.

შემდეგი იყოს ლექსო. ლექსო ყოველთვის იყო და არის ჩუმი, წყნარი მორიდებული. საერთოდ სიტყვა ალალის მნიშნელობა თუ ვინმეს ზუსტად არ გესმით შემიძლია თვით ამ სიტყვის განსახიერება ლექსო გაგაცნოთ. ადამიანი რომელიც, გარემოს, განწყობის და ყველა სხვა ფაქტორის მიუხედავად ყოველთვის და გამონაკლისების გარეშე ამბობს არც მეტს და არც ნაკლებს, ზუსტად იმას რასაც და როგორც ფიქრობს. ამიტომ არის ლექსო ჩემი უნიკალური მეგობარი.

რატი. რატი არის საყვარელი და ჩუმი. ან შეიძლება იმიტომ არის საყვარელი, რომ ჩუმია. უფრო სწორად სიტყვაძუნწი. მაგრამ როცა ლაპარაკობს მაშინაც სიტყვაძუნწია. რატი არის ადამიანი რომლისგანაც მაშინაც კი არ გწყინს როცა საშინლად პირდაპირია, ოღონდ როგორ ახერხებს არ ვიცი.

სოფო რატის ცოლია, მაგრამ სანამ რატის ცოლი გახდებოდა მანამდე პეტაჩოკი იყო.  პეტაჩოკი იყო ის და მეც პეტაჩკი ვიყავი, ასე შევარქვით ერთმანეთს და დღემდე ასე მივმართავთ. სოფოს ჩემი მეგობრებიდან ყველაზე მეტად აქვს იუმორის გრძნობა განვითარებული, შავიც და თეთრიც. სოფო არის მეგობარი რომელიც შეიძლება არ ნახო რამდენიმე თვე, მაგრამ იცი რომ სადღაც არის პეტაჩოკი რომელიც მუდამ მზად არის გაგამხიარულოს, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდება.

გიგა არის მაღალი, გამხდარი და უსმენო. გიგა ერთადერთია ჩემი მეგობრებიდან რომელიც მესალმება გინებით და ეს ნორმალურია. გიგა არის ადამიანი რომლისგანაც არ ვიცი რა შეიძლება გამიკეთოს რომ მეწყინოს ან ვერ ვაპატიო ან დამჭირდეს საერთოდ პატიება. გიგა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოვიდეს და მითხრა რომ 2 წუთში დაიწყება არმაგედონი და ეს მისი შეგნებული, ნაფიქრი და დიდხანს დაგეგმილი პროცესის ნაწილია და მე მასზე არ გავბრაზდები. გიგა არის მეგობარი რომელსაც მიჭირს არ შევუსრულო თხოვნა, როგორიც არ უნდა იყოს ის.

ლელი. ლელი გავიცანი ჯიპაში ფოტოჟურნალისტიკის კურსებზე რომ გადავწყვიტე ჩაბარება. კლასში შემოვიდა აფორიაქებული, ქოთქოთით და ყველას მოგვიყვა როგორ იმშობიარა წინა ღამეს მისმა კატამ და როგორი საოცარი მომენტი იყო პატარა კნუტების გაჩენა. ლელის ძალიან უყვარს ცხოველები და ფოტოგრაფია. ლელი არის ყველაზე თბილი და ექსცენტრული ადამიანი ვისაც ვიცნობ, ლელი არის ძალიან ლამაზი და მიზანდასახული. გიჟდება საკუთარ საქმეზე და იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან. ლელი არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობარიცაა და მიბაძვის საგანიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თვისება აქვს რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ და პატივს ვცემ ადამიანში და რომლებიც მე თითქმის არ მაქვს. ამიტომ ლელი არის ის ვინც მე მინდა ვიყო, მაგრამ არ ვარ.

ეს ის ადამიანები არიან რომლებიც ჩემს ცხოვრებას ცვლიან, შეცვალეს და რომლებიც მე მხდიან უკეთესს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ მიმართლებს ასე ადამიანებში

2012 წელი: კომეტა, მარსიანელები თუ გაფუჭებული ტელეფონი

2 Comments

რა იგულისხმება ამ სათაურში თუ ჯერ ვერ მიხვდით, ავხსნი. 2012 წელი ჰომ ასეთი აქტუალურია აგერ უკვე ბევრი წელია და კაცობრიობის ყველაზე დიდი ფობია სახელწოდებით არმაგედონი სულ უფრო მეტად საგრძნობი. ამჯერად მას ქვია 2012 წელი მაიას ტომების კალენდრის მიხედვით 2012 წლის მერე კიდევ ამოვქექავთ რამეს უფრო გაურკვეველს რომ გაგვიჭირდეს გადამოწმება და დარწმუნება, იმაში რომ ვცდებით და იმას დავარქმევთ არმაგედონს. სინამდვილეში კი უკვე ბევრი ათასწლეულია ადამიანები არმაგედონის გარეშე კვდებიან, არმაგედონის მოლოდინში.

და მაინც რატომ ეს სათაური? გაფუჭებული ტელეფონი ჰომ გითამაშიათ ბავშვობაში, როცა ერთი მეორეს, მეორე მესამე და ასე ჯაჭვურად გადასცემ მარტივ ამბავს და ბოლოს სულ სხვა გამოდის, იმიტომ რომ გზადაგზა იცვლება და იცვლება იმიტომ რომ პირველწყარო ჩუმადაა, გასულია მომსახურების ზონიდან ან უარესი. როცა პირველწყარო გაუგებარი, რთული იეროგლიფებით აღნიშნული რამდენიმე ათასი წლით დათარიღებული ქვის ნატეხია

ამხელა შესავალი სულ არ იყო საჭირო მგონი მოკლედ მე შევეცდები მთელი ეს გაუგებრობა გასაგებ ენაზე გადმოვცე. დავიწყებ თანმიმდევრულად და მაქსიმალურად გასაგებად.

როგორც ვიცით მაიას ტომებს ქონდათ განსაკუთრებული ღრმა ცოდნა ასტრონომიაში. ქონდათ კალენდარული სისტემა, რომელიც ასტრონომიის და მათემატიკის ფანტასტიკურ ცოდნას მოითხოვდა. ეს კალენდარული სისტემა სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერს. ანუ ყოველწლიური ზამთრის მზებუდობას, როდესაც დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება.

გარდა ამისა 2012 წლის 21 დეკემბერი ასტრონომიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ის რაც ჯერ კიდევ ბევრი ათასწლეულის წინათ იცოდა ამ ხალხმა.

სანამ კალენდარის სტრუქტურაზე გადავალ ზოგადად რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფ რითაც ის საინტერესოა სინამდვილეში. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მაიას კალენდარს სხვანაირად აცტეკების კალენდარსაც უწოდებდნენ და ის ფიზიკურად არსებობს და ინახება მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულ მუზეუმში. ის შესრულებულია ქვაზე. მაიას მზის კალენდარი როგორც მას უწოდებენ საინტერესოა რამდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში ის არსებული გრეგორიანული კალენდრისგან განსხვავდება და იმისთვის რომ უფრო ცხადად აღიქვათ შემდეგომ რაზეც ვისაუბრებ, გამოვკვეთოთ განსხვავებები.

გრეგორიანულ კალენდარს აქვს დღეები, კვირეები, თვეები. ჩვენი დღე ემთხვევა მზის დღეს და არა მთვარისას. ეს მნიშვნელოვანია რადგან მთვარის და მზის დღეები განსხვავდება, მთვარის დღე ითვლება ღამის დადგომით, ანუ მთვარის ამოსვლიდა მის ჩასვლამდე. ძველად მთვარის დღეებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიდრე ჩვენ დღეს,  დღეს მაგალითად ასტროლოგიაში მთვარის დღე ბევრად აქტუალურია ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. გრეგორიანულ კალენდარში დღეებს ვითვლით მზის დღეებით, კვირა შედგება მზის 7 დღისგან. თვე შედგება 28-30-31 მზის დღისგან, თუმცა ჩვენი თვეები მთლიანად მთვარის 30 დღიან ციკლზეა აწყობილი და ამიტომ ჩვენ მთვარის თვეებით ვხელმძღვანელობთ. წელიწადი შედგება 365 მზის დღისგან და 12 მთვარის თვისგან, ნაკიანი წლების გარდა როდესაც თებერვალში 29 დღეა და წელიწადში 366 დღე. ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. ახლა გადავიდეთ მაიას კალენდარზე, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კალენდრისგან შედგება. ანუ ის ერთობლიობაა, ოღონდ არა განცალკევებული არამედ როგორც საათის მექანიზმის კბილანები ემთხვევა ერთმანეთს და ამუშავებს საათს, ასევე კბილანებივით ჯდება ერთმანეთში მაიას ტომების კალენდრის შემადგენელი ციკლები.

მაიას ტომების კალენდარი შედგება 260 დღიანი რელიგიური კალენდრისგან, რომელსაც ქვია „ცოლკინი“ ის გამოსახავს სრულ რელიგიურ ციკლს. შედგება 20 კვირისგან, თითო კვირა კი 13 დღისგან. ყოველ კვირას აქვს სახელი, გრაფიკული გამოსახულება სიმბოლოს სახით და უნიკალური მნიშვნელობა.

მეორე კალენდარი არის 365 დღიანი მზის კალენდარი, რომელსაც ქვია „უთვლელი“ (ეს მე ვთარგმნე ასე, ვგულისხმობს, რომ არ ჩათვლი რაღაცას: „მოდი ეს არ ჩავთვალოთ“ და არა უთვალავი). თუმცა მიუხედავად იმისა რომ ჩვენი კალენდარის მსგავსად შედგება 365 დღისგან განსხვავება დიდია. მაიას ტომების 365 დღიანი კალენდარი შედგება 18 თვისგან, ყოველი თვე კი მზის 20 დღისგან. ამ 365 დღიანი ციკლის ბოლოს არის 5 დღე, რომლებიც განხილულია როგორც უიღბლო, არ ეკუთვნის არცერთ კვირას, ისინი ასრულებენ ციკლს.

კვირებს და დღეებს როგორც რელიგიურ კალენდარში ცოლკინში, აქაც აქვთ სახელები, სიმბოლოები და მნიშვნელობები. შესაბამისად კონკრეტული დღე კონკრეტული მნიშვნელობის, ენერგეტიკის მატარებელია, რაც უფრო მოსახერხებელს ხდიდა წინასწარმეტყველების პროცესებს.

მზის წელიწადი როგორც ვიცით ან არ ვიცით შედგება 365, 2422 დღისგან, მაიამ აქედან გამოთვალა მზის წელიწადის 365,2420 დღე. იმ პირობებსა და დროში როდესაც შეიქმნა ეს კალენდარი, ეს საოცარი შედეგია და სერიოზული არგუმენტი მათთვის ვინც მაიას კალენდარს აქამდე არასერიოზულად აღიქვამდა.

მივედით ყველაზე საინტერესოზე. მაია თვლიდა რომ სამყაროს შექმნიდან უკვე 4 მზის ციკლი – მზე დასრულდა, შესაბამისად შეიცვალა ადამიანების 4 რასა, თითოეული რასა ჩაანაცვლა ახალმა იმ ცვლილებების გამო, რაც მოყვა ციკლის დასრულებას და ახლის დაწყებას.

1)      პირველი ციკლი – მზე გრძელდებოდა 4008 წელი და ის დასრულდა მიწისძვრებით, რომელმაც ფიზიკურად გაანადგურა ადამიანების პირველი რასა.

2)      მეორე ციკლი – მზე გრძელდებოდა 4010 წელს და ის დასრულდა მძლავრი ქარიშხალით.

3)      მესამე ციკლი – მზე გრძელდებოდა 4081 წელს და დასრულდა ცეცხლოვანი წვიმით, რომელიც ვულკანების კრატერებიდან ამოიფრქვა.

4)      მეოთხე ციკლი – მზე გრძელდებოდა 5026 წელს და ის დასრულდა წყალდიდობით

5)      მეხუთე ციკლი – მზე არის ჩვენი ეპოქა, მას მაიამ შეარქვა სხვა სახელიც, რომელიც ასე ჯღერს დაახლოებით „მზის მოძრაობა“. მაიას აზრით ჩვენი 5125 წლიანი ციკლის დასასრულს მოხდება უმნიშვნელოვაესი ძვრები – ცვლილებები.

ნუ ეს ლირიული გადახვევა იყო ფაქტობრივად სინამდვილეში სამყაროს განადგურების შესახებ ყველა ხალხის ლეგენდებში, მითებსა და გადმოცემებშია მოთხრობილი, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ის რომ კალენდარი სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერს არ ნიშნავს რომ ის არ გაგრძელდება, თუმცა იმის გათვალისწინებით რაც მაიასთვის იყო ცნობილი და რა სიზუსტითაც აქვთ ასახული ბევრი ასტრონომიული მოვლენა, მათ შორის 2012 წლის 21 დეკემბრისაც უკვე ცნობილია მეცნიერებისთვის ამ დღის უნიკალურობის შესახებ. ხოლო მათთვის ვინც ჯერ კიდევ არმაგედონზე ფიქრობს მინდა ვუთხრა რომ თუ 21 დეკემბერი კალენდრის ბოლო დღეა, 22 დეკემბერი ეს არის დღე აღნიშნული ნულით რატომ ნულით? იმიტომ რომ მაიას კალენდარში პირველი, საწყისი დღე ნულით აღინიშნება. დასასრულს კი მოსდევს დასაწყისი.

დავუბრუნდები დღის უნიკალურობას. არ დავივიწყოთ მზის კალენდრის „მზის ქვის“ (რადგან ის ქვაზეა შესრულებული ასეც უწოდებენ) მნიშვნელობა. მისი მთავარი ფუნქცია თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით მზის თვალყურია. მისი ასახვა, უხეშად, მაგრამ გასაგებად ვიტყვი „დიაგნოსტიკა“.  რაც ნიშნავს რომ 2012 წლის 21 დეკემბერი ჩვენი მზისთვის განსაკუთრებით მნშვნელოვანია და თუ ინტუიცია გკარნახობთ რომ რამდენიმე ხაზით ზემოთ უნიკალურობაზე ტყუილად არ მისაუბრია მართალი ხართ.

ჩვენი მზის სისტემა არის ვარსკვლავებისგან და პლანეტებისგან შემდგარი დისკის ნაწილი, რომლის ცენტრიც მდებარეობს მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, ხოლო ზამთრის მზებუდობის წერტილი კი განლაგებულია მშვილდოსნის თანავარსკვლავედში (21 დეკემბერზეა საუბარი მიხვდით ალბათ).

მინდა მოახდინოთ ვიზუალიზაცია. ჩვენი გალაქტიკის ცენტრის, მშვილდოსნის თანავარსკვლავედზეა საუბარი და ჩვენი გალაქტიკის „რძის გზის“ დისკის ცენტრი 2012 წლის 21 დეკემბერს ერთმანეთს აბსოლუტურად დაემთხვევა და ჩვენი მზის სისტემა და კონკრეტულად ჩვენი მზე კი ამ ორივე „დისკის“ ცენტრზე გაივლის. ეს პროცესი ჩვენი მზის სისტემის „გალაქტიკის ეკვადორზე“ გავლის, 21 დეკემბრის მზებუდობისა და მერწყულის ეპოქაში სრულად გადასვლის ერთდროულად ხდება სწორედ იმ დღეს როდესაც მაიას ტომების კალენდარი სრულდება.

ანუ უფრო დავღეჭავ, თუ 2012 წლის 21 დეკემბრამდე ჩვენ რძის გზას ჩრდილოეთით განვიხილავთ, 21 დეკემბრის შემდეგ ის მოექცევა სამხრეთით და გავიხსენოთ მაიას მიერ მოხსენებული „მოძრაობა“, რომელიც აღნიშნულია კალენდარშიც, შეიძლება ესეც იგულისხმება. რადგან ყველაფერი თავდაყირა დგება, უფრო ზუსტად კი სარკისებური ხდება და არაფერი ზებუნებრივი ამაში არ არის (უკიდურესი სკეპტიკოსებისთვისაც კი) ეს ფაქტია.

ეს გულისხმოს რომ ცის კაბადონი ისეთი როგორადაც ჩვენ მას ვხედავთ არ იქნება ჩვენი შთამომავლობისთვის. ანუ ჩვენი შვილთაშვილები და მათი შვილები თუ შეადარებენ 21 დეკემბრამდე გადაღებულ ცის ამსახველ ვიზუალურ გამოსახულებებს შემდგომებს მას სარკისებური ეფექტი ექენება. რა თქმა უნდა ეს ხანგრძლივი პროცესია და ასე ერთბაშად არ მოხდება, თუმცა ეს პროცესი გარდაუვალია და ის გარდამტეხი წერტილი ზუსტად 21 დეკემბერსაა ასე ვთქვათ ისტორიული მოვლენა კოსმიურ ცხოვრებაში.

ახლა გადავალ უფრო დეტალურ ნაწილზე, ანუ კალენდარის სტრუქტურა. როგორც ვთქვი კალენდარი შედგება ორი კალენდრისგან, ცოლკინი 260 დღიანი და 365 დღიანი უთვლადი. ხოლო ყველა დღეს და კვირას კი თავისი სახელი აქვს. გამომდინარე იქიდან რომ თითოეული ციკლი სხვადასხვა ხანგრძლივობისაა, არცერთი კომბინირებული სახელი არ მეორდება უთვლადის (365) 52 წლიანი, ხოლო ცოლკინის (260) 73 წლიანი ციკლის განმავლობაში (52*365=260*73). დროის ამ პერიოდს ქვია აცტეკური საუკუნე, ან მეორენაირად კალენდარული წრე.

ზოგადად კალენდარი მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებდა, როგორც სასოფლო სამეურნეო ასევე ციური სხეულების მძრაობის დაკვირვების საკითხებში. გამომდინარე იქიდან, რომ მეზოამერიკულ კულტურებში ხშირია წლების 52 წლიან ციკლებად დაყოფა, ეს არ არის გასაკვირი რომ მაიას კალენდარშიც იგივე ხდება, ანუ აქ არაფერია გასაოცარი, როგორც ჩანს ეს 52 წლიანი ციკლები უფრო ღრმად მიდის წარსულში.

260 დღიანი ცოლკინი, შედგება 13 დღიანი დროის მონაკვეთებისგან, რომელიც 20-ჯერ მეორდება. თითოეულს აქვს სახელი, სიმბოლო და უნიკალური მნიშვნელობა. შევეცდები ავხსნა სტრუქტურა ძალიან გასაგებად.

დავიწყებ მარტივად სახელებით და ჩამონათვალით:

  1. იმიში  – წითელი დრაკონი 
  2. იკი – თეთრი ქარი
  3. აკბალი – ლურჯი ღამე
  4. კანი – ყვითელი თესლი
  5. ჩიკ-ჩანი – წითელი გველი 
  6. კიმი – სამყაროების თეთრი შემაერთებელი 
  7. მანიკი – ლურჯი ხელი 
  8. ლამატი – ყვითელი ვარსკვლავი 
  9. მულუკი – წითელი მთვარე 
  10. ოკი – თეთრი ძაღლი 
  11. ჩუენი – ლურჯი მაიმუნი 
  12. ები – ყვითელი ადამიანი 
  13. ბენი – წითელი ციური მოგზაური 
  14. ხიში – თეთრი ჯადოქარი 
  15. მენი – ლურჯი არწივი 
  16. კიბი – ყვითელი მეომარი 
  17. კაბანი – წითელი მიწა 
  18. ეცნაბი – თეთრი სარკე 
  19. კავაკი – ლურჯი ქარიჩხალი 
  20. ახაუ – ყვითელი მზე 

260 დღიან კალენდარში ათვლა იწყება პირველი დღით, რომელიც ატარებს სახელს „იმიში“, შემდეგ მას მოსდევს „იკი“ და ასე „ბენის“ ჩათვლით, რომელიც არის 13-ის შესატყვისი. შემდეგი არის ხიში, რომელიც არის შესატყვისი ციფრის 14. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ საუბარია 13 დღიან ციკლზე, ის იწყებს მას, ანუ მეორე ცამეტდღიან ციკლს, შესაბამისად იქცევა რიცხვი 1-ის შესატყვისად, მისი მომდევნო „მენი“ იღებს შესატყვისს 2 და ა.შ. 260 დღიანი ციკლის ბოლო დღე იქნება ახაუ, რომლის შესატყვისი რიცხვი იქნება 13.  იმედი მაქვს გაიგეთ.

კიდევ ავხსნი სხვანაირად. აი ჩვენ გვაქვს 30-31 დღიანი მთვარის თვე და ჩვენი, ანუ გრეგორიანული კალენდარი თანმიმდევრულია, თანმიმდევრულში ვგულისხმობ რომ 1 იანვარს მოსდევს 2 ინავარი, 3 იანვარი და ასე 31 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მოდის 1 თებერვალი, 2 თებერვალი და შემდეგი თვე იწყება 1 მარტი, 2 მარტი და ასე ბოლო მეთორმეტე თვის ჩათლით. 1 დეკემბერი, 2 დეკემბერი.

ახლა რა ხდება ცოლკინში ანუ მაიას 260 დღიან კალენდარში. იმის გამო რომ იქ რიცხვებს შეესაბამება კონკრეტული ციფრები, კონკრეტული მნიშნელობით თანმიმდევრობა სხვაგვარია. ანუ აი წარმოიდგინეთ, რომ 1 იანვრის შემდეგ მოდიოდეს 2 თებერვალი, 3 მარტი, 4 აპრილი, 5 მაისი, 6 ივნისი, 7 ივლისი და ასე 12 დეკემბრამდე, შემდეგ გრძელდებოდეს 13 იანვარი. ანუ ამ შემთხვევაში სრული ციკლი იქნებოდა 156 დღისგან შემდგარი (12*13). რის შემდეგაც თავიდან დაიწყებოდა ათვლა 1 იანვრიდან.

260 დღიან კალენდარს გამოიყენებენ დღესაც ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრები ტომები სხვადასხვა რელიგიური რიტუალებისთვის, თუმცა ამას უკვე ტრადიციის დატვირთვა უფრო აქვს ვიდრე უფრო ღრმა. თუმცა საიდან მოდის ეს რთული, მაგრამ ზუსტი სისტემა უცნობია. რადგან თავისი არსით 260 დღიანი კალენდარი არ ერგება არაფერს დედამიწაზე რაც ადამიანს უბიძგებდა მისი შექმნისკენ, ფაქტია რომ 260 დღიანი კალენდარი რომელიც არაფერს არ ერგება განსხვავებით 365 წლიანი მზის კალენდრისა, რომელიც მზის წელიწადს ემთხვევა. არსებობს და არა მხოლოდ არსებობს, არამედ ამ 365 დღიან მზის კალენდარზე ისე არის ადაპტირებული, ვგულისხმობ ისეთი სიზუსტით და გათვლებით, რაც მათემატიკის და ასტრონომიის საკმაოდ ღრმა ცოდნას მოითხოვს. ასეთ დრო სულ მიჩნდება ერთი შეკითხვა, იცოდნენ კარგი, მაგრამ აი საიდან იცოდნენ, ან იცოდნენ თუ არა საერთოდ ამ ხალხმა ამდენი რამ?

ახლა რაც შეეხება 365 დღიან კალენდარს, მის შეთავსებას 260 დღიანთან და განსხვავებას ჩვენი გრეგორიანული 365 დღიანი კალენდრისგან.

როგორც ვიცით სრული მზის წელიწადი შედგება 365 დღეღამისგან და კიდევ მეოთხედისგან, ეს მეოთხედი დღე-ღამე ყოველ 4 წელიწადში ერთხელ შეადგენს სრულს და ამიტომაც, რომ არ აირიოს ათვლა, ჩვენ 4 წელიწადში ერთხელ კალენდარში გვემატება 29 დღე, რომელიც ანულებს ათვლას მომავალ ნაკიან წლამდე. მაიას 365 წლიანი კალენდარი ამ ფაქტს მთლიანად გამორიცხავს.

მაიას 365 დღიანი უთვლადი წელი შედგება 18 თვისგან, ხოლო ყოველი თვე შედგება 20 დღისგან (დღეებს აქვთ სახელი და სიმბოლო და ისინი ზემოთაა ჩამოთვლილი). გარდა ამისა ის კიდევ შედგება 5 დღისგან, რომელიც ასრულებს 365 დღიან ციკლს და ეს უკანასკნელი 5 ითვლება უბედურების მომტან დღეებად.

მაიას უთვლადი წლის ახალი წელი იწყება „პოპის“ თვის პირველ დღეს. თუმცა თვის ბოლო დღე არის არა 20, ანუ აღინიშნება არა ასე, არამედ ცალკე აბსოლუტურად განსხვავებული სიმბოლოთი, რომელსაც გარდამავალის მნიშვნელობა აქვს. საერთოდ მაიას ფილოსოფიის თანახმად ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა მოვლენა რაც დროის გარკვეულ მონაკვეთს უკავშირდება, იგრძნობა მანამ, სანამ ის დადგება და მას შემდეგ როცა ის დასრულდება, პროცესში ჩვენ მის არსებობას ვერ ვგრძნობთ და ვერც იმას, რომ ის უკვე დაიწყო, მიმდინარეობს ან დასასრულს უახლოვდება, ჩვენ დროის პერიოდებს აღვიქვამთ მაშინ, როცა მათ ველით და მაშინ როდესაც ის უკვე წარსულია.

დავუბრუბდები კალებდარს და უფრო კონკრეტულად 260 დღიანი და 365 დღიანი კალენდრის თავსებადობას. რადგან 260 დღიანი კალენდრის თვეები 13 დღიანია, ხოლო 365 დღიანის თვეები კი 20 დღიანი, გამოდის, რომ ერთი და იგივე დღე, რომელიც ერთი მნიშვნელობის მატარებელია და ერთია, ერთდროულად შესაძლებელია ერთი კალენდრის, შემადგენელი ორი სხვადასხვა ციკლის სხვადასხვა დღეს გვიჩვენებდეს. მაგალითად, 260 დღიანი ციკლის პირველი დღე კანი შესაძლოა იყოს ასევე 365 დღიანი ციკლის „პოპის“  თვის პირველი რიცხვი, ანუ ახალი წელი. ასეთი დამთვევა შესაძლებელია მოხდეს 18 980 დღიდან მხოლოდ ერთხელ, ანუ 365 დღიანი ციკლისთვის 52 და 260 დღიანი ციკლისთვის 73 წელიწადში ერთხელ.

ახლა გავერკვეთ ტერმინებში, 365 დღიანი ციკლი

1 დღე = 1 კინი (ანუ კინი თავისთავად 1 დღეს გულისხმობს)

20 კინი = 1 უინალი, იგივე თვე  (20 დღე)

18 უინალი = 1 ტუნი, იგივე წელიწადი (365 დღე)

20 ტუნი = 1 კატუნი (20 წლიანი ციკლი, 7 300 დღე )

20 კატუნი = 1 ბაკტუნი ( 144 000 დღე)

ამ ათვლას მაიას ტომები როგორც ხანგრძლივ ათვლას ისე მოიხსენიებენ, თუმცა ხანგრძლივი ათლა ეს შემდგომი ეტაპია, რომელსაც საფუძვლად უდევს წრიული კალენდარი. ხანგრძივი ათვლისას გამოიყენება კოეფიციენტები, რომელიც მაიას რიცხვითი სისტემით არის ასახული, იწყება ნულიდან და ადის 19-მდე, ის ნულის გარდა გამოისახება წერტილებით და ხაზებით.

ცოლკინის სიბრტყეზე გამოისახულება შეიძლება ერთი შეხედვით გაუგებარი იყოს ბევრისთვის, როგორც მისი ენერგეტიკა და თვისობრიობა.

ის რომ ჩვენ მუდამ, ამ პოსტის კითხვისასაც კი გავდივართ დროის იმ მონაკვეთს რომელიც გარკვეული ინფორმაციის, ენეგრეტიკის მატარებელია და ცოლკინი ანუ ეს სქემა ზუსტად გამოსახავს ამ სიხშირეებს, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა განზომილებებს. ჰო აი შეიძლება ფიქრობთ რა შუაშია აქ განზომილებები.

შეხედეთ ამ გამოსახულებას ეს იგივე ცოლკინია გვერდიდან. უბრალოდ გვერდიდან შევხედეთ, მივიღეთ პირამიდა და ყველაფერი შეიცვალა. ანუ ის რასაც კითხულობდით არ ვიცი 2000 ზე მეტი სიტყვა წაიკითხეთ და მხოლოდ ახლა აღიქვით ის სხვაგვარად.

როგორც უკვე ვთქვი მაიას ფილოსოფიის მიხედვით საგნებს განვიცდით პროცესში როცა ველით და როცა უკვე დასრულდება ანუ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით, პროცესში ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ. ჩათვალეთ რომ ეს პირამიდა ამ პოსტის დასასრული იყო, რომელიც აღმოაჩინეთ. ხოლო მოლოდინს რაც შეეხება, არ ვიცი 2012 წლის 21 დეკემბერი სამყაროს დასასრულიც იქნება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს.

%d bloggers like this: