მთავარი

პერფექციონისტის ფიქრები, ყველა ბედნიერი ვიქნებით

დატოვე კომენტარი

გამარჯობა, დღეს მე პერფექციონისტი ვარ ვარდისფერი სათვალით. რთული ბავშვობა მქონდა, ყოველთვის მკაცრად ვსჯიდი საკუთარ თავს, ყოველი წარუმატებლობისთვის. თავად ვდგებოდი კუთხეში და საათობით, ფეხების დაბუჟებამდე არ გამოვდიოდი, სანამ დგომა შემეძლო, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ნახატი არ მომეწონა და უკეთესის დახატვა შემეძლო. წიგნის კითხვას რომ ვიწყებდი ისე უნდა დამესრულებინა რომ არ დამეხურა, თუ რაიმე საჭიროების გამო წიგნის დახურვა ან თავის აწევა მომიწევდა, წიგნს ვხურავდი და თავიდან ვიწყებდი კითხვას, თუნდაც სულ ბოლო აბზაცი მქონოდა დარჩენილი. ეს არ მაღიზიანებდა, გულწრფელად ვთვლიდი, რომ წიგნი ერთი ამოსუნთქვით შემეძლო წამეკითხა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ფრაზა “ერთი ამოსუნთქვით იკითხება” საერთოდ სხვა მნიშვნელობის მატარებელი ყოფილა და სანიშნი შევიძინე. სათამაშოების კუთხეს რომ ვალაგებდი სახაზავით ვასწორებდი ხოლმე ჩამწკრივებულ მანქანებს, თუ რომელიმე სიმეტრიას არღვევდა ძირს ვყრიდი და თავიდან ვიწყებდი დალაგებას. ბაღში სიარულისას, როცა ჯერ კიდევ დედა მაცმევდა ტანსაცმელს, რეიტუზზე ან მასში ჩატანებულ მაისურზე ერთი ნაკეციც არ უნდა ყოფილიყო. იქამდე ვიტირებდი, სანამ ყველა ნაკეცს არ გაასწორებდნენ ტანსაცმელზე და ყველა ფერს არ შეუხამებდნენ ერთმანეთს. ბაღში ჩემს თანატოლებს რომ ვუყურებდი მუხლზე გაკეთებული ნაკეცებით, ფეხზე ასიმეტრიულად დახვეული რეიტუზის ზოლებით და ჩაბრუნებული საყელოებით, მივდიოდი და სულ ვუსწორებდი, სანამ ყველა ზოლი აბსოლუტურად არ გასწორდებოდა, ფეხზე და ყველა საყელო არ ამოტრიალდებოდა. ახლაც ასე ვარ, ნებისმიერი არასწორი ნიუანსი გამაღიზიანებელია, უბრალოდ ამის კონტროლი ვისწავლე. კომუნიკაციისას გაღიმება და საკუთარი თავისთვის იმის გამეორება, რომ ეს მე არ მეხება. არ მშველის საერთოდ, უბრალოდ მაკავებს. ახლა არასდროს ვაუთოვებ ტანსაცმელს. ჯობია მეცვას დაკუჭული, ვიდრე დაუთოვებულს გაუჩნდეს თუნდაც ერთი ნაკეცი. ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. სამაგიეროდ ვიცი, რომ დაკუჭულია და ნაკეცებს ბუნებრივ მოცემულობად ვიღებ.

ნერვებს მიშლის კარადის ოდნავ გამოღებული კარი, ან ნახაზზე დასმული ზედმეტი წერტილი.  დღემდე ვსჯი საკუთარ თავს თუ არ ვარ საკმარისად ლოიალური ან დამთმობი. ვიცი, რომ ჩემთან მუშაობა და ცხოვრება იქნებოდა რთული საკმარის ძალისხმევას რომ არ ვხარჯავდე ჩემთან თანაარსებობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ჩემი ძალისხმევა არასდროს არის საკმარისი, მუდმივი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეულ სიტუაციებში ზედმეტი მომდის, როგორც საბავშვო ბაღში, როცა თანატოლებს საყელოებს ვუტრიალებდი და რეიტუზის ზოლებს ვუსწორებდი. მგონია რომ ზედმეტად წნეხის ქვეშ ვაქცევ, პირად სივრცეში ვიჭრები ან არჩევანს ვუზღუდავ გარშემომყოფებს, იმის გამო რომ სრულყოფლებად ვაქციო ან სურვილი გავუღვიძო ასეთებად იქცნენ. საკუთარ თავში ვიკეტები და კედლებს ვაგებ გარშემო, რომ იზოლაცია მოვახდინო საკუთარი აზრების და ადამიანები ჩემგან გავათავისუფლო. ოქროს შუალედის დაჭერა მიჭირს, უფრო ზუსტი ოქროს შუალედის, სრულყოფილი ოქროს შუალედის.

მთელი ცხოვრება მტანჯავს საშინლად დაბალი თვითშეფასება. უფრო სწორად მჯერა, რომ მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რასაც მოვისურვებ, მაგრამ ნებისმიერი შედეგი, მაინც სიცარიელეს მიტოვებს და მუდმივად იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე იყო შესაძლებელი უკეთესი შედეგი. დაუსრულებელ დევნას გავს, მაგრამ ვერც ვჩერდები. შემიძლია გავათენო ღამეები, თუ მაქვს მიზანი როგორ გავაკეთო ან ვაქციო რაიმე სრულყოფილად. საშინელებაა მუდმივ იმედგაცრუებაში ცხოვრება. არავინ არ არის ისეთი როგორიც შეუძლია, რომ იყოს. რთულია იმის გაცნობიერება რამხელა პოტენციალი აქვს ადამიანს გახდეს უკეთესი, ისწრაფვოდეს სრულყოფისკენ და ამისთვის არაფერს აკეთებდეს. საშინელებაა, არასდროს მოგწონდეს შენი თავი სარკეში, არასდროს გაკმაყოფილებდეს შენი წონა, შენი მეტყველება, მანერები, შენი ცოდნა, გამოცდილება, შენი შესაძლებლობები, შენი აზრებიც კი. ფიქრობდე, რომ შენ შეგიძლია იყო უკეთესი და ეს არასდროს მთავრდებოდეს.

ჩემი ერთ-ერთი იდეაფიქსია, რომ ყველა გარშემომყოფის ბედნიერად ქცევა შემიძლია. რეალურად შესაძლებელია, მუდმივად აკეთო რაღაცეები, რაც გარშემომყოფებს გააბედნიერებს. ჩემს სრულყოფილ სამყაროში ყველა ადამიანი ბედნიერია და მუდმივად ცდილობს, რომ გახდეს უკეთესი და ისწრაფვის სრულოფისაკენ. ამიტომაც მესმის პაციფისტების, ვერ ვიტყოდი, რომ ვარ, მაგრამ არაფერია ომზე არასწორი სამყაროში. ომი არის, ტანსაცმელზე გაკეთებული ნაკეცების, წიგნის კითხვისას გაფანტული გონების გამო გამოტოვებული ფრაზების, წარუმატებელი სამუშაო დღის, კაფეში ნათითურიანი კედლის, ჭამისას გამოცემული პირის მწლაკუნი, მოუვლელი, საკუთარ თავზე ხელჩაქნეული ადამიანების , შეუსრულებელი სამუშაოს და ბევრი სხვა ნიუანსის კუბში აყვანილ ერთობლიობაზე ბევრად უარესი. თუნდაც ომი სადღაც კუალა ლუმპურში იყოს. ის, რომ ომი სამყაროში არსებობს, უკვე უკარგავს მას სრულყოფილებას.

ჩემს სრულყოფილ სამყაროში ადამიანები ქუჩაში იღიმიან, ულოცავენ ერთმანეთს ყოველ დღეს და ცდილობენ იყვნენ უკეთესები, უფრო კეთილები, გაუწოდონ დახმარების ხელი ნებისმიერს, აჩუქონ საჩუქარი, ისევე როგორც დღესასწაულებზე ხდება ხოლმე. ვიცი, რომ მათი უმეტესობა სინამდვილეში არც ბედნიერია, არც კეთილი, არც თანამგრძნობი და არც გულუხვი. მაგრამ დღესასწაულებზე მე პერფექციონისტი ვარ ვარდისფერი სათვალით და ამ ყველაფრის მჯერა.

Never Forget to Dream

2 Comments

არ მეგონა თუ წელს კიდევ მივწერდი წერილს სანტას, ამდენი საყვედური მისთვის ალბათ არასდროს მიმიწერია. მაგრამ მივწერე ერთი, ყველაზე მთავარი, რომელიც ჩემს ბლოგზე ვერ მოხვდა. ის საქართველოს ბანკის Orange Santa-ს გავუგზავნე. შეიძლება აქამდე იმიტომ არ მისრულდებოდა სურვილები, რომ იმ სანტამ, ლაპლანდიელმა, ქართული არ იცის. ჩემი საახლწლო სურვილი ბევრისთვის ყოვლად არასაჭირო ნივთში მდგომარეობდა.

32470_1452489799089_5211071_n

2007 წლის დამდეგია, ნიუ იორკში ახალ წელს თუ არ ყოფილხართ აუცილებლად წადით. იქ იგრძნობთ რამდენად ჯადოსნური შეიძლება იყოს ახალი წელი. მე და დათო მოვსეირნობდით როკფელერის ცენტრიდან,  45-ე ქუჩიდან შევუხვიეთ და გადაკვეთაზე მუსიკალურ მაღაზიასთან მოვხვდით, რომელიც 1884 წლიდან არსებობდა და მისი კედლები მთლიანად დაფარული იყო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ლეგენდარული ვარსკვლავების ავტოგრაფიანი ფოტოებით. ამ მაღაზიაში ყველა სახის და წარმოების, ასაკისა და ფერის ინსტრუმენტს შეხვდებოდით.

დათომ ყოველთვის იცის რა უნდა, ამიტომ ბევრი არც უფიქრია ისე ჩამოხსნა გიბსონი და დაიწყო დაკვრა. უამრავი ელექტროპიანოდან თითქმის ყველასთან დავჯექი, შევეცადე მომერგო. ზოგის სიმაღლე არ მომეწონა, ზოგის კლავიშების მგრძნობელობა, ზოგის ფერი, ხმა და ბოლოს ვიპოვნე ის ერთადერთი, რომელიც იყო იდეალური ჩემი თითების გაგრძელება. ეს იყო ინსტრუმენტი მთელი თავისი არსით, ინსტრუმენტი არა მხოლოდ როგორც მუსიკალური, არამედ ინსტრუმენტი გაგეზიარებინა მუსიკა, ის იყო საშუალება, კომფორტი, ის ხდებოდა შენ, შენი შთაგონების ყალიბი. მერე დავიწყეთ დაკვრა. მე კლავიშზე, დათომ გიტარაზე. პრინციპში არაფერი საეჭვო და საერთოდ არაფერი შეგვიმჩნევია, სანამ ტაშის ხმა არ გავიგეთ. ასე იქცა ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო, გამოუსადეგარი და უსარგებლო ნივთი ჩვენ ოცნებად.

229973_10151325172868586_1069278536_n

როცა ტელევიზიით გათამაშებებს ვუყურებდი ხოლმე და გამარჯვებულები არაორდინალურად იქცეოდნენ ვფიქრობდი როგორ მოვიქცეოდი ნეტა მე მათ ადგილას. არადა ტელევიზიით იცი მაინც, ელოდები, უყურებ, მორალურად ემზადები რომ აი შენი ნომერია, მერე რა რომ ბოლო სამი ციფრი არ ჩანს, მაინც იმედს იტოვებ, რომ ის სამი ციფრი შენია და ეს ამსუბუქებს შენს მდგომარეობს.

დათო უკვე ზედიზედ მეორედ იყო ღამის მორიგე. მე ჩემს მანსარდში ვიჯექი კომპიუტერთან და მექანიკურად ვწერდი, გადაღლილი, გადამწვარი, საახალწლო განწყობას სრულიად მოკლებული და ვცდილობდი არ მეფიქრა სხვენში შენახულ ნაძვისხეზე. ღამის ათის წუთებზე საქართველოს ბანკის ნომრიდან დამირეკეს, არ ველოდი. იმიტომ რომ არც ვალი მაქვს და თან ღამეა. არცერთი წამით არ მიფიქრია რომ მირეკავდნენ Orange Santa -ს კანცელარიიდან, იმიტომ რომ არმოგებას შეჩვეული ვარ, არც გავბრაზდებოდი და არც ლანძღვას დავუწყებდი, ძალიანაც რეალურია 17 000 წერილიდან თუ შენზე უკეთესი სხვა აღმოჩნდება. მიჭირს იმის გახსნება რა მოხდა მერე, მახსოვს რომ რაღაც მომენტში გავჩუმდი, ხმა ჩამივარდა, მერე ვეღარ ვიმორჩილებდი ნიკაპს და ბოლოს ავსლუკუნდი, კი რაღაცეებს ვყვიროდი ზუსტად ისე ტელევიზორიდან რომ ყვირიან ხოლმე ხმაჩახლეჩილები და ვიცინოდი ისტერიულად, თან ვსლუკუნებდი და ვტიროდი.

382869_461687147222810_1265087938_n

დათო უნდა მოსულიყო დილით ღამის მორიგეობიდან. ნაძვისხე აღმოჩნდა სხვენში გაჭედილი და არა შენახული. მე დაახლოებით 45 გრადუსით გადახრილი თითის წვერებზე ვიდექი წიგნებზე, წიგნები იდო სკამზე და რომ დაიძახა და წამოვიდა ნაძვისხემ, გადმოყვა სათამაშოების ყუთი, დასრიალდა წიგნი, ჩამოვყევი მე და ბოლოს ნაძვისხე მქონდა თავში მორტყმული. ასე სწრაფად ჯერ არასდროს მომირთავს ოთახი.  საერთოდ სიკეთე გადამდებია. ჩავხედე სათამაშოებით, ნათურებით, ძველი ნაძვის ხითა და წვიმებით სავსე ყუთს და გადავწყვიტე მეც ვყოფილიყავი წელს ვინმეს სანტა, დავაწერე ზემოდან “საახალწლო სათამაშოები სანტა კლაუსისგან” და არ მოვყვები იმას თუ როგორ, მაგრამ როგორღაც გავიტანე ქუჩაში, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ეს იყო ტელევიზორის დიდი ყუთი და თანაც გაძეძგილი.

314572_10151324141183586_728058065_n

უკვე ღამის სამი საათია დ სასწრაფოდ მჭირდება ლეგენდა ე.წ. სცენარი, რომელიც იქნება იმდენად დამაჯერებელი, რომ მორიგეობიდან მოსულ და ორი ღამის ნათევ დათოს აიძულებს არ დაიძინოს. ეს ყველაზე კეთილი ტყუილი იყო, რომელიც ოდესმე მითქვამს. კარგად ვიტყუები, მაგრამ ძალიან ეძინებოდა, იმდენად, რომ გეგმის შეცვლა და იმპროვიზაცია იყო საჭირო. საბოლოოდ დათო თბილ ლოგინში ჩაღუნღულების ნაცვლად მანსარდში, დივანზე, საძილე ტომარაში ელვაშეკრული აღმოჩნდა. ეს იმისთვის, რომ სწრაფად გამეღვიძებინა და ჩაცმა არ დასჭირვებოდა სანტას მოსვლისას.

არასდროს მინახავს ასეთი ბედნიერი და გაოგნებული ერთდროულად. უჭირდა ემოციების გამოხატვა, იყო ჩუმად გაფართოებული თვალებით და ცდილობდა დაბნეულობა არ შეემჩნია, მე რაღაცეებს ვლაპარაკობდი გაუჩერებლად, ვიცინოდი, მადლობებს ვიხდიდი, თუმცა ყველას ყურადღებას მაინც დათოს გაოგნებული ბედნიერება იპყრობდა.

24 საათის უძინარი, დღეს ისევ ღამის მორიგეა 12 საათით, მაგრამ ვიცი რომ ბედნიერია, იმიტომ რომ მას აქვს არა აბსტრაქტული, პოლიტიკური, მიუწვდომელი ან არარეალური, არამედ ხელშესახები, ფიზიკური, მუქი შავი ფერის, სრული დინამიური კლავიატურითა და უამრავი სხვა ფუნქციით, ყველაზე ერგონომიული ოცნება, რაც კი არსებობს დედამიწაზე. საახალწლო საჩუქარი – ელექტრო პიანო სანტასგან.

75968_10151325286753586_1256001586_n

როგორ გადავიტანეთ აპოკალიფსი

%(count)s კომენტარი

წესით წლის შემაჯამებელი პოსტი უნდა დამეწერა რამდენიმე დღის წინ, მაგრამ შემდეგ აპოკალიფსამდე მოცდა გადავწყვიტე. წინააპოკალიტპურ აჟიოტაჟს მიყურადებული წარმოვიდგინე რას იფიქრებდენ რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ როცა მაგალითად ინტერნეტ არქეოლოგები აღმოაჩენდენ უამრავ პოსტს აპოკალიფსსა და 21 დეკემბერთან დაკავშირებით. ალბათ იფიქრებდნენ რომ ჩვენ იმდენად განვითარებული ვიყავით რომ სხვა განზომილებაში გადავინაცვლეთ და იქიდან შევძელით დაკავშირება დედამიწაზე დარჩენილებთან, რომლებიც განადგურდნენ.

6127934_700b (1)

რაც წელი ის აპოკალიფსი. ახალ წელს ჩემი მეგობრები მოვიდნენ, ვაპირებდით გართობას, გავაკეთე ტირამისუ, მოვიდნენ 3 საათის დაგვიანებით და დაიძინეს, მერე გაიღვიძეს და წავიდნენ. დაბადებისდღეც მქონდა საკმაოდ მოსაწყენი პრინციპში, ვერც კი ვიხსნებ. მერეც ვერ ვიხსნებ და ო მერე დავიწყეთ რემონტი, გადავიხადეთ ბევრი ფული კომუნიკაციებისთვის და რემონტი ისევ ისეა. ანუ არანაირად და შესაბამისად ველოდები გამოდარებას.

უკვე სახლში მაქვს ყველა საჩუქარი რომელიც დათოს, დედას და დედამთილს ვუყიდე საახალწლოდ, მაგრამ მათ ეს არ იციან. ალბათ ხვდებიან იმიტომ რომ სულ ვყიდულობ ხოლმე საჩუქრებს და დარწმუნებული ვარ მე წელსაც არაფერს მაჩუქებენ როგორც ყოველთვის.

სანტა იმედი მაქვს არ არსებობ, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულად და ნელა მოკვდებოდი ყველა ჩემი საჩუქრის გამო, რომელიც არ მიმიღია შენგან.

პ.ს. რაც მთავარია თუ ოდესმე ბევრი ათასწლეულის შემდეგ აღმოაჩენენ ამ წერილს ინტერნეტ არქეოლოგები, მინდა ვუთხრა, რომ დიახ, მე ვიცოდი რომ თქვენ არსებობდით იმიტომ რომ მომავალში ვიმოგზაურე. დიახ, სამყარო განადგურდა 21 დეკემბერს, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც გადავრჩით და თქვენ ახლა ჩვენი შთამომავლები ხართ და კიდევ, შემდეგი აპოკალიფსი მოხდება 25820 წლის 30 თებერვალს და ამ თარიღის შეტანა არ დაგავიწყდეთ კალენდარში.

6138288_460s_v2

დეკემბრის პოსტი

დატოვე კომენტარი

გარდა იმისა რომ ზამთარი დგება, ახალი წელი მოდის, ცივა, თოვლია და ჩაი ლიმნით მთელი მოვლენა, ჩემთვის ეს თვე ცხოვრების ეპიზოდია, რომელიც გაფუჭებული ფირფიტასავით ერთ ადგილას ტრიალებს ყოველ დეკემბერს.  უკვე მეოთხე წელია რაც ტრადიციულ პოსტს ვწერ და მგონი ყველა დეტალი მოყოლილი მაქვს, ყველა ემოცია გადმოცემული, არაფერი მაქვს ახალი სათქმელი.

წელს არ მინდოდა დამეწერა ამაზე, გულწრფელად ვიტყვი. ბევრი ვიმუშავე ზოგადად ამ ემოციის გარდაქმნაზე, ამ ფაქტის ნეგატიურობის ჩახშობაზე. ხანდახან მთელი გულით მინდა ეს ეპიზოდი ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ამის გაფიქრების შემდეგაც კი საშინელი დანაშაულის გრძნობა მაქვს და ალბათ ამიტომ ვერასოდეს განვახორციელებ ამ ნებაყოფლობით ამნეზიას, ყოველშემთხვევაში ტრეპანაციის გარეშე. ტვინის რაღაც ნაწილს თუ ამომიღებენ ალბათ დავივიწყებ. განა არ შემიძლია? რისთვის არსებობენ ფსიქოთერაპევტები, მაგრამ არ მინდა. ჯერაც ვერ დავლაგდი მოკლედ, ვერ ჩამოვყალიბდი რა დამოკიდებულება მაქვს ამ თემის მიმართ. ჩაღრმავება მჭირდება, მაგრამ რთულია, უფრო სწორად ჩემთვის საშიში, მშიშარა ვარ.

ყურით მოთრეული პოსტია, სიტყვებად ვაკოწიწე. რაც დრო გადის უფრო მიჭირს ლაპარაკი, ფიქრი ისედაც მიჭირდა. მიგროვდება და ზამთარი რომ მოდის უბრალოდ მაქვს მიზეზი ვთქვა რომ დეკემბერში ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო.

უკანასკნელი წერილი სანტას

%(count)s კომენტარი

 

წერილს სანტასთვის ყოველ წელს, საახალწლოდ ვწერ ხოლმე ბლოგზე. ამჯერად მორალურად შემზადებული, მურაბიანი ჩაით შემთბარი და სიგარეტის ბოლით გაჟღენთილი ვწერ. სხვათაშორის არასდროს ვეწეოდი ხოლმე სანტასთვის წერილის წერისას, იმიტომ რომ კარგი გოგოები ჰო არ ეწევიან. ჩემი წერილები ეხებოდა ყოველთვის იმას, რასაც საბოლოოდ მე თვითონ ვისრულებდი. მაგალითად ვწერდი რომ მინდოდა სუნამო და საახალწლო ხელფასით “გამდიდრებული” გავრბოდი საყიდლად თავქუდმოგლეჯილი, სანტაც კი ვერ დამასწრებდა ყიდვას. ვინ იცის ჩემთვის გამზადებული რამდენი საჩუქარი აქვს გადაყრილი.

ბავშვობაშიც ასე ვიყავი, არასდროს მითხოვია სანტასთვის ის, რასაც ჩემი მშობლები ვერ შემისრულებდნენ. მოსაწყენი ბავშვი არ ვიყავი, ფანტაზიორიც და ზედმეტადაც, მაგრამ საჩუქრებს უფრო პრაგმატულად ვუდგებოდი. ეს წერილი უკანასკნელი იმიტომ კი არ არის, რომ მე დიდი გოგო ვარ და სანტას არსებობის აღარ მჯერა, პირიქით. სანტასიც მჯერა, მფრინავი ირმებისაც და დამხმარე ელფებისაც. 28 წლის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ სინამდვილეში ჩემი არცერთი წერილის ადრესატი სანტა არ ყოფილა. ჰოდა აი გავაცნობიერე, რომ ის იმსახურებს ჩემგან განსაკუთრებულ წერილს და მე ვიმსახურებ განსაკუთრებული სურვილის ასრულებას სანტასგან.

ძვირფასო სანტა,

გამარჯობა, მე ანა ვარ. ერთ პატარა, შენთვის ალბათ უცნობ ქვეყანაში ვცხოვრობ. არ ვიცი მიგიღია თუ არა აქედან წერილი, ჩვენ თოვლის ბაბუებს ვთხოვთ ხოლმე სურვილების ასრულებას, მაგრამ მე თოვლისბაბუების მეშინია 6 წლიდან. მშობლებმა გამოძახებით რომ მოიყვანეს ისტერიკამდე მივედი, სანამ ჩემი სახლის ტერიტორია არ დატოვა. მანამდე არ მახსოვს ვის ვწერდი ხოლმე წერილებს. ისიც არ ვიცი ქართული იცი თუ არა. თუ არ იცი ძალიან გთხოვ ეს წერილი Google Translate-ით არ გადათარგმნო დამირეფლაე და მე თვითონ შევეცდები თარგმნას. ვიცი, ალბათ ჩემხელები აღარ გწერენ წერილებს, ან არ აღიარებენ. მე ყოველთვის მინდოდა რომ პირადად გამეცანი. მეგონა რომ ნამდვილად მხოლოდ მაშინ ამიხდებოდა სურვილი თუ პირადად გთხოვდი. სახლში დიდი ბუხარიც კი მაქვს და გელოდებოდი ხოლმე, მაგრამ შენ არ მოდიოდი. ერთ ახალ წელს უკვე სტუდენტი რომ ვიყავი ისე დავთვერი მთელი ღამე გეძახდი ბუხრიდან და მაშინაც არ მოსულხარ, მაგრამ მე მაინც მჯეროდა, რომ არსებობდი.

ძვირფასო სანტა, მინდა რომ ხვალ გავიღვიძო და მოვხვდე ფილმში საუზმე ტიფანისთან და ფილმის დასრულებამდე ჰოლი გოლაითლის პერსონაჟად ვიცხოვრო. მინდა გადავიდე პარალელურ სამყაროში, სადაც ჩემი პარალელური მე ცხოვრობს და დავინახო შესაძლებლობა, როგორი შემიძლია კიდევ ვიყო სხვანაირი. იქაც მექნება თუ არა კოშმარული სიზმრები ყოველღამე, რამდენად შემეძლება ადამიანების სახეების დამახსოვრება და პარალელურ მეს მაინც თუ ექნება საყვარელი ფერი. მინდა რომ ამ ახალ წელს მაინც ჩამოძვრე ჩემი ბუხრიდან და დილით დამახვედრო წინდაში ჩადებული მინის ბურთი ჩრდილოეთის ნათებით. ყოველთვის მინდოდა ჩრდილოეთის ნათება მაშინ დამენახა როცა მომინდებოდა.

არ ვიცი რომელ წლამდე ასრულებ სურვილებს, ვიმედოვნებ რომ ესეც სტერეოტიპია და ნამდვილი სანტა ყოველთვის შეასრულებს გულწრფელ სურვილს. პირობას გაძლევ ოდესმე შვილები თუ მეყოლება შენთვის დაწერილ წერილებს არასდროს მოვპარავ და არც შენ მაგივრად შევუსრულებ სურვილებს. რადგან ამის ყველაზე ჯადოსნურად გაკეთება მხოლოდ შენ შეგიძლია.

პ.ს. ბუხარზე დაკიდებული სამი წინდიდან ჩემი თეთრი იქნება 🙂

სიმთვრალის ქრონიკები

8 Comments

გუშინ ერთად შევხვდით ახალ წელს… დავლიეთ… ბევრი დავლიეთ… არაყი…

მერე მახსოვს რომ მანქანით მივდიოდით… მერე მახსოვს რომ გაჩერდა მანქანა და მერე მახსოვს მაგიდას ვალაგებდი…

შუალედებში რა ხდებოდა ახლაც ვერ ვიხსენებ…

მერე აბაზანაში აღმოვჩნდი და მახსოვს ვთხოვე დარჩენილიყო ოღონდ მერე არაფერი მახსოვს… 😀

მერე მახსოვს რომ ექიმ ჰაუსს ვუყურებდი… გამოდის რომ აბაზანიდან რომ გამოვედი გადმოვწერე, მერე ფლეშზე გადავწერე, მაგრამ ამდენს ვერ მოვასწრებდი, იმიტომ რომ დილის 4 საათზე მოვედი სახლში და 6 საათზე ეს ყველაფერი უკვე მომხდარი იყო ჰაუსიც ნანახი მქონდა და უკვე ვიძინებდი…

ანუ სადღაც იმ დროს როცა ვალაგებდი ალბათ კომპიუტერი ჩავრთე და გადმოწერა დავიწყე, მერე აბაზანიდან რომ გამოვედი ალბათ ფლეშზე გადმოვწერე…

როგორ დავწექი არ მახსოვს…

ბუნდოვნად მახსოვს რომ ძალიან მაგარი სექსი მქონდა… შეგრძნებები მახსოვს… ოღონდ დარწმუნებული არ ვარ… რომ მქონდა… მაგრამ კარგი იყო ყველა შემთხვევაში…

ოღონდ მგონი ჰაუსის ყურებამდე მქონდა, იმიტომ რომ ეგრევე დავიძჲნე რომ დამთავრდა … დილის ექვსზე …

დღეს დილით გავიღვიძე ადრე… ავდექი და საწოლთან ცხოვრებაში პირველად დამხვდა დალაგებული ტანსაცმელი რაც უნდა ჩამეცვა : ))))

ეტყობა გუშინ მივხვდი რომ გამოუძინებელი ვერ მივხვდებოდი რა ჩამეცვა და ცხოვრებაში პირველად მოვიმზადე, ოღონდ არც ეს მახსოვს…

აბაზანაში როგორ მოვხვდი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის მომენტი სარკეში რომ ჩავიხედე… შემეშინდა…

სახე დავიხატე რასაც ქვია და მერე მახსოვს კიბორგამ დამირეკა მე მივედიო… მანამდეც არ მახსოვს როგორ მაგრამ უკვე მანქანაში ვიჯექი…

დათომ მკითხა გუშინ ჰაუსს ბოლომდე უყურეო და მოვუყევი თავიდან ბოლომდე მთელი სერია… ერთადერთი რაც ნათლად მახსოვს ჰაუსია, დეტალებიც კი მახსოვდა…

მივედი და მახსოვს უკვე იქიდან ყავს რომ ვსვამდი… მერე რაღაცეები ბუნდოვნად…

მახსოვს ეთერი მქონდა მაგრამ რას ვკითხულობდი არ მახსოვს…

მერე კიდე მახსოვს კიბორგა, მუსიკა მახსოვს და რაღაცეებს ვტვირთავდი…

საკრედიტო ბარათი მივეცი არტურს პინკოდით???

შევუცვლითქო… შევუცვლი!!!

მერე გვიან უკვე თათიას ვუყვებოდი ამას რაც მახსოვდა და გამახსენდა რომ აბაშმაძეს დავურეკე გვიან და ვერ ვიხსენებდი რატომ დავურეკე…

ლიფტი მახსოვს და თათის ვეუბნებოდი გამახსენდა გუშინ გვიან სახლში რომ მოვედი გადავწყვიტე რომ ზუბროვკა ჩამესხა სხვა ბოთლში… ძაბრი ვერ ვიპოვნე და ასე ჩავასხი ძაბრის გარეშე ერთი ბოთლიდან მეორეში, ოღონდ წვეთი არ დამიქცევია და ისე გამიხარდა რომ აბაშმაძეს დავურეკე რომ მეთქვა ზუბროვკა ერთი ბოთლიდან მეორეში ძაბრის გარეშე ჩავასხი და წვეთი არ დამიქცევიათქო… ოღონდ დილის 5 საათზე..

აბაზანაში არისო… მერე დამავიწყდა დამერეკა…

მერე თათიამ მკითხა რატომ ასხავდი სხვა ბოთლში თუ ესხა ისედაცო? და გამახსენდა რომ რატომღაც მინდოდა რადიოში ამეტანა და დამელია დილით… ოღონდ რატომ ვასხავდი მაინც ვერ გავიხსენე…

ეს ბოლო ნახევარი საათის წინ იყო მაგრამ მაინც ბუნდოვნად მახსოვს…

დამთავრდი

%(count)s კომენტარი

ვერ ვწერ… დეკემბერში ვიცლები და მილეული წელივით მეც ვმთავრდები, ვცოტავდები, ვპატარავდები და ვთავდები…

ყველაზე მეტად რა არ მიყვარს რომ მკითხო დეკემბერია…

მოგონებებითაც, განწყობითაც და ზოგადად არ მიყვარს დეკემბერი…

დღეს დილით 7 ზე გამეღვიძა ცხოვრებაში პირველად… მარტო დეკემბერში თუ დამიფრთხებოდა ასე დილის ძილი…

და ყავის სმის დროს ვფიქრობდი რატომ მიყვარდა ასე ძალიან ახალი წელი, ის ჰომ დეკემბერშია…

და მივხვდი ახალი წელი კი არ მიყვარს, 31 დეკმებერი რომ არის და 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 იანვარია, ეს მიყვარს…

%d bloggers like this: