მინდა ჩემს მეგობრებზე მოგიყვეთ. ჩემი ყველაზე ძველი და პირველი მეგობარი დაახლოებით წლინახევრის ასაკში გავიცანი. ჩემს მეგობარს ქვია გივი, რომელიც ჩემი მეჯვარე იყო და თანაც ორჯერ 🙂 ჩვენი მეგობრობა დაიწყო ბაგა-ბაღიდან. ის ინგლისურ ჯგუფში დადიოდა, მე ქართულში. ისინი წითელქუდას დგავდნენ ინგლისურად, ჩვენ სამ გოჭს ქართულად. გივი მთხრობელი იყო, მე მესამე გოჭი. იმათი დღე წითელქუდას წაკითხვით იწყებოდა, ჩვენი სამი გოჭის. ერთ მშვენიერ დღეს მივედი ინგლისური ჯგუფის მასწავლებელთან და ეს შენი წითელქუდა, თანაც ინგლისურად სულ სხაპასხუპით ჩამოვურაკრაკე. იმ დღეს გავიცანი გივი და მერე ზეიმზე ორივე მთხრობელები ვიყავით. მერე ერთ მერხზე ვიჯექით სკოლაში და ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, მართალია მან ფიზიკა აირჩია და მე ჟურნალისტიკა, მაგრამ ის ყოველთვის ძლიერი იყო ტექნიკურ საგნებში და მე ჰუმანიტარულში.

კიდევ ერთი ძველი მეგობარი მყავს რომელიც ჩემი კარის მეზობელი იყო ასე 20 წელზე მეტი. ნინო. ნინო ჩემზე 2 წლით პატარაა, ასე რომ გივის მერე ნინოს დავუმეგობრდი და როცა ბაღში გივის ვემშვიდობებოდი ხოლმე სახლში ნინოს ვესალმებოდი. გივი ჩემი დღის მეგობარი იყო, ნინო საღამოს მეგობარი. ნინო დღეს საფრანგეთში ცხოვრობს, პარიზში, სორბონაში სწავლობს და დამოუკიდებელი ქალია. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე წელია არ მინახავს და შეიძლება ხანდახან კვირები გავიდეს ისე რომ არ მივწეროთ ერთმანეთს, როცა ვწერთ ისე ვსაუბრობთ თითქოს ბოლოს გუშინ ვნახეთ ერთმანეთი.

მესამე ძველი მეგობარია თამო. თამო სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში ჩამოვიდნენ, ჩვენს ეზოში რომ იყიდეს ბინა მე უკვე მესამე კლასში ვიყავი, თამო პირველში. მე, ნინო და თამო ერთად გავიზარდეთ, ერთ პატარა იტალიურ ეზოში. დღეს თამოს მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ბავშვი ყავს, ნიკოლოზი, რომლის ერთადერთი მეგობარი ჯერ მე ვარ 🙂 აქვს მნიშვნელობა წლებს, კი, და იმას რომ ადამიანს თავიდან ბოლომდე იცნობ. უსიტყვოდ, რომ შეხედავ და იცი რას ფიქრობს, რა აწუხებს ან რა უხარია. უბრალოდ ადამიანია, რომელთანაც შეიძლება სიტყვაც არ თქვა, მაგრამ მთელი ამბავი მოუყვე და ის ზუსტად გაიგებს რა უთხარი.

კიდევ მყავს მეგობარი შორენა, ჩემი კლასელი. მეხუთე კლასში გადმოვიდა ჩვენს სკოლაში და იმ დროიდან ვმეგობრობთ. მანამდე მუხიანში ცხოვრობდნენ, მერე ბინა გაყიდეს და ჩვენს ქუჩაზე ბებიასთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ასე გავიცანი შორენა, რომელიც არცერთ ჩემს მეგობარს არ გავს. საერთოდ ძალიან განვსხვავდებით. მარტო ჩემგან არა ზოგადად განსხვავებული ადამიანია, ისე არა როგორც ყველა, აი ძალიან განსხვავებულია. აქვს საკუთარი კარგად განსაზღვრული პრინციპები, მე რომ მერვე კლასში ვარდისფერი სათვალეების მთელი კოლექცია მქონდა წარმოსახვით კარადაში, შორენა უკვე მუშაობდა, ეხმარებოდა დედას და უკვე დამოუკიდებელი იყო, დიდი ადამიანი. საერთოდ ძლიერი და კარგი ადამიანია, ბევრზე კარგი ვისაც ვიცნობ.

შემდეგი ახალი შენაძენი უკვე უნივერსიტეტში სწავლისას მოხდა. დავიწყებ მშვენიერი სამეულით. მე, ოლიკო და თამუნა. მახსოვს ზუსტად პირველად დავინახე ორივე ერთ მერხზე ისხდნენ ჩემს უკან რომელიღაც ლექციაზე, პირველი კურსის დასაწყისი იყო და ერთმანეთს არავინ ვიცნობდით ნორმალურად. მაგრამ ისინი უკვე დამეგობრებულებივით იყვნენ. ორივე საკმაოდ სწერვა სახით იჯდა და პერიოდულად რაღაც შენიშვნებს ისროდნენ ლექტორის მიმართულებით, რომელიც ამ ყველაფერს არ იმჩნევდა. მაშინვე ვიფიქრე რომ მინდოდა ამ გოგოების გაცნობა. მერე ოლიკო ჩემს სახლთან შევამჩნიე და ზუსტად იგივე ვიფიქრე, ამ გოგოსთან ვიმეგობრებდითქო. არ ვიცი საერთოდ რა პრინციპით არჩევენ ადამიანები მეგობრებს, მაგრამ აი ზრდასრულ ასაკში, თანაც ბუნებრივად კი არა შეგნებულად მეგობარი მაშინ ავირჩიე პირველად. როცა გრძნობ რომ ის შენიანია, მაგრამ ჯერ არ იცი რატომ. მე, ოლიკო და თამუნა საუკეთესო მეგობრები გავხდით. იყო ძალიან ბევრი ისტორია დაწყებული ჩემი დაუმთავრებელი ლავსთორებით, რომლისაც უკვე აღარავის ჯეროდა ისეთი სისწრაფით მთავრდებოდა ყველა. მახსოვს ერთხელ სანაძლეო დადეს. თამუნა ფიქრობდა რომ მორიგი ბიჭი ერთ თვეში მომბეზრდებოდა, ოლიკოს ვერსია ორი კვირა იყო. საბოლოოდ ერთი კვირაც არ იყო გასული რომ მომბეზრდა და კიდევ ერთი კვირა ვატყუებდი, სანამ არ მიმიხვდნენ ))) თამუნას ჯიხვივით კაცები მოწონდა, ოლიკო ყოველთვის განსაკუთრებით რომანტიკული იყო და აი ისეთი ერთი რომ უყვარს და უყვარს და უყვარს 🙂

უნივერსიტეტში კიდევ მეორე სამეგობრო წრე მყავდა, რომელთანაც ასევე დღემდე ვმეგობრობ. ბექა, გიგა, ლევანი (ჩიტი), ლექსო, რატი და სოფო იგივე პეტაჩოკი.

ბექა გავიცანი გიტარით ხელში, თმა ქონდა და დიდი წვერი, ბევრს ლაპარაკობდა, ჩქარა და ემოციურად. დღესაც ასეთია ოღონდ თმის და წვერის გარეშე ))) ბექა არის ყველაზე ემოციური ადამიანი ვისაც კი ვიცნობ ალბათ. ძალიან ბევრს ფიქრობს და ძალიან ბევრს ზრუნავს. საერთოდ მგონი ყველაზე უნდა იზრუნოს, იფიქროს და ინერვიულოს, არ იმჩნევს, მაგრამ ემჩნევა. ბექა არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი. წერს მოთხრობებს, ნუ მე მახსოვს რომ წერდა. ახლა სიმღერებს წერს და ჯგუფი მუZიკას შემქმნელ, სოლისტ, ვოკალისტ, გიტარისტ, პიარშიკ, მენეჯერია. აი ზუსტად ასეთია ყველაფერს ერთად აკეთებს და კარგად. არის ძალიან გულჩვილი და არ ვიცი ამას ჩემს ბლოგში რამდენად უნდა ვწერდე, მაგრამ ამ ერთელ დავწერ. მიუხედავად იმისა რომ ბექასაც ყავს ბავშვობის მეგობრები და მეც, მგონია რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, იმიტომ რომ შევხედავ და ვიცი რა უტრიალებს თავში. განა მალავს, ან თამაშობს და იმიტომ ვერ ხვდებიან სხვები, არა. უბრალოდ ასე არ იცნობენ. საერთოდ ცხოვრებაში ბევრი ცუდი მაქვს გაკეთებული და ბექა იმ მეგობრების რიცხვში შედის რომელიც ვიცი, რაც არ უნდა გავაკეთო მაინც ჩემს მეგობრად დარჩება, დროით გამოცდილია 🙂

შემდეგი იყოს ლევანი ანუ ჩიტი. ჩიტი რატომ? იმიტომ რომ ჩიტია. ლევანი არის უგენიალურესი ადამიანი, იმტომ კი არა რომ ჩემი მეგობარია, მართლა ასეა. მე ალბათ ვერასდროს შევძლებდი ისეთი ძლიერი ვყოფილიყავი როგორიც ჩიტია. შეიძლება ამას ხშირად და არასდროს ვეუბნები, იმიტომ რომ ზოგადად ჩემი ემოციები რთული საკონტროლებელია და ამიტომ ვახშობ. მაგრამ ჩიტი ზუსტად ის მეგობარია რომლითაც ვამაყობ და ბედნიერი ვარ რომ მე ვარ მისი მეგობარი.

შემდეგი იყოს ლექსო. ლექსო ყოველთვის იყო და არის ჩუმი, წყნარი მორიდებული. საერთოდ სიტყვა ალალის მნიშნელობა თუ ვინმეს ზუსტად არ გესმით შემიძლია თვით ამ სიტყვის განსახიერება ლექსო გაგაცნოთ. ადამიანი რომელიც, გარემოს, განწყობის და ყველა სხვა ფაქტორის მიუხედავად ყოველთვის და გამონაკლისების გარეშე ამბობს არც მეტს და არც ნაკლებს, ზუსტად იმას რასაც და როგორც ფიქრობს. ამიტომ არის ლექსო ჩემი უნიკალური მეგობარი.

რატი. რატი არის საყვარელი და ჩუმი. ან შეიძლება იმიტომ არის საყვარელი, რომ ჩუმია. უფრო სწორად სიტყვაძუნწი. მაგრამ როცა ლაპარაკობს მაშინაც სიტყვაძუნწია. რატი არის ადამიანი რომლისგანაც მაშინაც კი არ გწყინს როცა საშინლად პირდაპირია, ოღონდ როგორ ახერხებს არ ვიცი.

სოფო რატის ცოლია, მაგრამ სანამ რატის ცოლი გახდებოდა მანამდე პეტაჩოკი იყო.  პეტაჩოკი იყო ის და მეც პეტაჩკი ვიყავი, ასე შევარქვით ერთმანეთს და დღემდე ასე მივმართავთ. სოფოს ჩემი მეგობრებიდან ყველაზე მეტად აქვს იუმორის გრძნობა განვითარებული, შავიც და თეთრიც. სოფო არის მეგობარი რომელიც შეიძლება არ ნახო რამდენიმე თვე, მაგრამ იცი რომ სადღაც არის პეტაჩოკი რომელიც მუდამ მზად არის გაგამხიარულოს, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდება.

გიგა არის მაღალი, გამხდარი და უსმენო. გიგა ერთადერთია ჩემი მეგობრებიდან რომელიც მესალმება გინებით და ეს ნორმალურია. გიგა არის ადამიანი რომლისგანაც არ ვიცი რა შეიძლება გამიკეთოს რომ მეწყინოს ან ვერ ვაპატიო ან დამჭირდეს საერთოდ პატიება. გიგა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოვიდეს და მითხრა რომ 2 წუთში დაიწყება არმაგედონი და ეს მისი შეგნებული, ნაფიქრი და დიდხანს დაგეგმილი პროცესის ნაწილია და მე მასზე არ გავბრაზდები. გიგა არის მეგობარი რომელსაც მიჭირს არ შევუსრულო თხოვნა, როგორიც არ უნდა იყოს ის.

ლელი. ლელი გავიცანი ჯიპაში ფოტოჟურნალისტიკის კურსებზე რომ გადავწყვიტე ჩაბარება. კლასში შემოვიდა აფორიაქებული, ქოთქოთით და ყველას მოგვიყვა როგორ იმშობიარა წინა ღამეს მისმა კატამ და როგორი საოცარი მომენტი იყო პატარა კნუტების გაჩენა. ლელის ძალიან უყვარს ცხოველები და ფოტოგრაფია. ლელი არის ყველაზე თბილი და ექსცენტრული ადამიანი ვისაც ვიცნობ, ლელი არის ძალიან ლამაზი და მიზანდასახული. გიჟდება საკუთარ საქმეზე და იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან. ლელი არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობარიცაა და მიბაძვის საგანიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თვისება აქვს რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ და პატივს ვცემ ადამიანში და რომლებიც მე თითქმის არ მაქვს. ამიტომ ლელი არის ის ვინც მე მინდა ვიყო, მაგრამ არ ვარ.

ეს ის ადამიანები არიან რომლებიც ჩემს ცხოვრებას ცვლიან, შეცვალეს და რომლებიც მე მხდიან უკეთესს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ მიმართლებს ასე ადამიანებში

Advertisements