მთავარი

BIAFF – ბათუმის ფსიქოდელიური ქრონიკები

დატოვე კომენტარი

როგორ მოვხვდი ბიაფზე მთელი კვირით. შვებულების გატარებას თურქეთში ვაპირებდით. გეგმის მიხედვით 18 სექტემბერს დავბრუნდებოდი და ფესტივალის დახურვას მივუსწრებდი. საბოლოოდ ფესტივალის დახურვაზე ვერ დავრჩი. რა მოხდა ფესტივალის დახურვამდე ერთი კვირით ადრე.

12 სექტემბერს თურქეთში წასვლა გადავიფიქრე, ბილეთები დავიბრუნე, ჯავშანი მოვხსენი და წავედი ბათუმში. პირველი რაც ჯერ კიდევ ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში მოხდა დიტოს დარჩენა იყო, რომლის ცხვირწინაც მატარებლის კარი დაიხურა. მერე იყო გრძელი და მტანჯველი 5 საათიანი მგაზვრობა. რბილ და კომფორტულ მატარებელში, სადაც კონდიცირება,  WiFi და ყავის აპარატია, მაგრამ არ არის მოსაწვი ადგილი. ბათუმში იმდენად კარგი ამინდი იყო, რომ გავიხადე და პლაჟზე გავედი. ზღვაში არ ჩავსულვარ, მაგრამ დიდხანს ვუყურე. მერე იყო ჩემი პირველი ჰალუცინაცია ბათუმში. პლაჟზე ვიწექი. თვალი რომ გავახილე ცაზე იყო ნახატი მზე, რომლიდანაც აბსოლუტურად არანახატი ლავა ჩადიოდა ზღვაში. ასეთ დროს განსაკუთრებულად მინდება ლუდი, იმიტომ რომ ჰალუცინაცია + ლუდი ყოველთვის უდრის დროის შენელებას. დიახ, ზუსტად ისე როგორც ფილმებშია. მერე გავიცანი დათო, მისი ველოსიპედის ბორბლებში კალეიდოსკოპის გამოსახულებები იყო. ოღონდ მხოლოდ ჩემთვის. ეს იყო მეორე ჰალუცინაცია ბათუმში.  მერე უკვე წვიმდა და ზღვისკენ აღარც გამიხედავს, ჩემი ძირითადი მარშრუტი შემოიფარგლებოდა სახლი, კინოთეატრი, პრესკაფე.  ასე აღმოვჩნდი ფესტივალის გახსნაზე.

1375139_10151627646800754_698836599_n

ბიაფმა შეძლო რომ ახალი ასოციაცია მაქვს ბათუმზე – კინოთეატრის დარბაზში მჯდომი საკუთარი თავი დიდი ეკრანის წინ, ფილმის დაწყების მოლოდინში. ფილმები ბევრი იყო, მაგრამ მათგან მხოლოდ სამს გამოვყოფ, პირველს ძალიან ვგულშემატკივრობდი და გამიხარდა რომ ჟიურის სპეციალური პრიზი აიღო –  Fill the Void, ასევე Lifelong და ფარაჯანოვი. კიდევ იყო ერთი, მეხუთე სეზონი, რომელმაც აიღო პრიზი საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის და  რომელიც ნახევრად არ მახსოვს, იმიტომ რომ ნახევარი ფილმი ჰალუცინაციები მქონდა და ალბათ ასიათასჯერ მაინც ვიფიქრე დარბაზიდან გასვლაზე.  ფესტივალის განმავლობაში ვცდილობდი იმ ფილმებზე დამეწერა რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს, მაგრამ კიდევ არის ერთი.

ყველაფერი იყო ისე როგორც ფილმებში. სიუჟეტი ვითარდებოდა ერთი ადამიანის ირგვლივ, რომელიც ყოველ დღე ერთსა და იმავე გზას გადის და ერთსა და იმავე ადამიანებს ხვდება, მაგრამ ამ ადამიანის რეალობა განსხვავდება სხვებისგან.  მისი დილა უარეს შემთხვევაში იწყება ღამით გამოყოლილი კოშმარებით და ძილის ძლიერი მოთხოვნილებით, რომელიც წინა ღამით დალეული ძილის წამლის გამო აქვს. უკეთეს შემთხვევაში ის თვალის გახელისას ხედავს ატომებს, რომლებიც მის ირგვლივ არსებულ ჰაერს შეადგენს. ჩვეულებრივ დღე გადის რეალობისა და ჰალუცინაციების მონაცვლეობაში, რომელსაც უკვე შეეჩვია. ეს არ არის დანებება, ეს საკუთარი პიროვნების მიღებაა. ის არ არის გამარჯვებული, იმიტომ რომ ომი არც ყოფილა. დღის ამოგლეჯილი ეპიზოდები მეხსიერების რამდენიმე წამიანი ჩავარდნების გამო, დროის და სივრცის აღრევა, ილუზია, აბსურდი და მშვიდი მთავარი გმირი. ფილმს ერქვა “Somewhere over the rainbow”, ერთხელ სახლიდან კინოთეატრამდე გრძელ ქუჩაზე ასფალტი გახდა ცისარტყელა. ის არ ფიქრობდა იმაზე რომ ჰალუცინირებდა, არც იმაზე რომ ეს ცისარტყელა სულაც არ იყო ცისარტყელა სინამდვილეში, არც ის უნდოდა რომ ეს შეწყვეტილიყო და არც ის რომ გაგრძელებულიყო, მას გაახსენდა ბავშვობა, როცა ქუჩაში სეირნობისას მხოლოდ ერთის გამოტოვებით უნდა დაედგა ფილაზე ფეხი და კინოთეატრამდე ასე ცისარტყელის მხოლოდ ყვითელ ფერზე იარა. ეს არის ფილმი იძულებით მარტოსულ ადამიანზე, რომელსაც სულაც არ უნდა მარტო გრძნობდეს თავს, მაგრამ არჩევანიც არ აქვს, რადგან ამის გაზიარება სიტყვებით შეუძლებელია. მას კი არ შეუძლია ხატოს ისე როგორც ამას აკეთებს ზურიუსი.

1185399_640675692644142_1814944393_n (1)

კიდევ იყო რობი, გლინტვეინი და კონიაკიანი ჩაი, იყო ბევრი ეპიზოდი, ნაწილობრივ ბუნდოვანი. ზუსტად მახსოვს რომ დახურვაზე მაინც ვერ დავრჩი. ერთი დიდი გამოუძინებელი დღე იყო 22 სექტემბერი. ყველაფერი ისე იყო როგორც ბათუმში ყოფნის ბოლო დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო. დილა დავიწყე უსიგარეტოდ, უხასიათოდ. მადლობა ნათიას, რომლის დახმარებითაც ის დღე შედგა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ ამას ხვდება. არსებობენ ნეგატიური, პოზიტიური, ინდეფერენტული და სუპერ ადამიანები. ნათია აქედან ბოლოა. უბრალოდ როცა შენი დღეები არასრულია, ისინი ეპიზოდებად გახსოვს და აქედან კიდევ უმეტესობა საერთოდ არარეალურია, აფასებ ადამიანებს რომლებიც ქმნიან შენს მეხსიერებაში დარჩენილ ყოველდღიურობებს, თუმცა წარმოდგენაც არ აქვთ ამის შესახებ.

1271042_639625122724202_193538622_o

BIAFF ფილმი როგორც მეტამორფოზა

2 Comments

მილიონი მიზეზი დისკომფორტისთვის. წყალი ყოველთვის მინის ჭიქიდან არის გემრიელი. დილით საუზმედ უნდა მქონდეს შემწვარი კვერცხი. როცა ჩემი კომფორტის ზონიდან გამოვდივარ ვხვდები რამდენი წესი მაქვს ცხოვრებაში. უცხო სახლში, უცხო ქალაქში და უცხო გარემოში ჩემი წესების შესრულება რთულია. ბინაში სადაც ახლა ვცხოვრობ საერთოდ არ არის მინის ჭიქები და წყალს გემო აღარ აქვს. პირველივე დილა დაიწყო თითქმის იდეალურად. პრესკაფეში შემწვარი კვერცხი არ ქონდათ მენიუში, მაგრამ ეს გამონაკლისი ჩემთვის დაუშვეს, ალბათ ძალიან სასოწარკვეთილი სახე მქონდა. საერთოდ ბევრი აკვიატებული აზრი მაქვს. დღეს პირველად დავფიქრდი, რომ ძალიან ვგავარ მელვინს ფილმიდან “As Good As it Gets“.  მე შემეძლო ვყოფილიყავი ადამიანი, რომელიც თავისი ოთახიდან იშვიათად გამოდის და არასდროს პირადი კომფორტის ზონიდან, ყოველდღე აკეთებს ზუსტად ერთსა და იმავეს, არ უყვარს როცა ეხებიან და სიამოვნებს ის რასაც ეჩვევა. ასე ბევრად კომფორტულად ვიქნებოდი, მაგრამ მე არასდროს მაკმაყოფილებს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. მე არ მინდა ვიყო უკეთესი, მე მინდა ვიყო ჩვეულებრივი.

Never, never, interrupt me, okay? Not if there’s a fire, not even if you hear the sound of a thud from my home and one week later there’s a smell coming from there that can only be a decaying human body and you have to hold a hanky to your face because the stench is so thick that you think you’re going to faint. Even then, don’t come knocking. Or, if it’s election night, and you’re excited and you wanna celebrate because some fudgepacker that you date has been elected the first queer president of the United States and he’s going to have you down to Camp David, and you want someone to share the moment with. Even then, don’t knock. Not on this door. Not for ANY reason. Do you get me, sweetheart?

tnhagaig02

ჩვევა #მემილიონე. როცა ფილმს ვუყურებ ვცდილობ გავიხსენო ადამიანი, რომელიც ამ ფილმს მაგონებს. პერსონაჟს არა, ფილმს მთლიანად. ფილმი როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, სხეულით, კანით, სახით, გამომეტყველებით, ხასიათით. ფილმი როგორც პიროვნება. ჰოლივუდური ფილმებიდან, მაგალითად ავიღოთ რომელიმე იდეალური მელოდრამა “ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი” ეს ფილმი მაგონებს ბარბის. ის იდეალურია, მაგრამ პლასტმასის. ის ზედმეტად სწორია და ეს ესთეტიკისგან ამიტომაა შორს. არ შეიძლება იდეალურად სწორი იყოს იდეალურად მშვენიერი.

გუშინ ბიაფის გახსნაზე გზაში გავილუმპე და ფილმის ყურებისას გავშრი, უფრო სწორად იმ კონდიციამდე მივედი ნესტიანი ტანსაცმელი რომ გათბობს. როგორ შეიძლება მაღიზიანებდეს არასწორ ჭიქაში დასხმული წყალი და არ მაღიზიანებდეს სველი ტანსაცმელი?

გახსნის ფილმი გიორგი დანელიას “Ku! Kin-Dza-Dza” იყო. თავისივე ფილმის რიმეიქი. საერთოდ რიმეიქების არ მჯერა. რიმეიქები ცალკე პიროვნებასაც არ გავს. ის იგივე ადამიანია საბანკეტო კაბაში გამოპრანჭული, ზედმეტად სწორად დალაგებული ვარცხნილობით და ბევრი მაკიაჟით. ასე მეგონა დღემდე. გუშინდელი რიმეიქი იყო იგივე პიროვნება, არც ზედმეტად დავარცხნილი, არც კლონირებული და არც პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით განახლებული. ის რეინკარნირებული პიროვნება იყო და ამ ყველაფერში რეჟისორს არ ქონდა ღმერთის როლი, რომელიც კლავს და აცოცხლებს. რეჟისორი იყო საარსებო გარემო. ეს იყო სამყარო, რომელშიც ფილმები, როგორც ადამიანები კვდებიან და გარდაისახებიან. ფილმი როგორც მეტამორფოზა.

Ku_Kin-dza-dza_12

პრინციპულად არ ვიტყვი რომ ფილმი სანახავია. თუ უკვე არ ფიქრობთ რომ სანახავია, ამის თქმას აზრიც არ აქვს. მაგრამ ის ვინც არ ნახავს მას, ვერასდროს მოხვდება პირად პლანეტაზე სახელად “ჩემი გულწრფელი მე”. ეს არ არის ის ფილმი, რომელზეც მარტივია თქვა რისი თქმა უნდოდა რეჟისორს, იმიტომ რომ ეს საერთოდ არ არის მთავარი. აქ მნიშვნელოვანია რისი თქმა გინდა შენ, დარბაზის მორალური სტრიპტიზია. კანს გხდის, გატრიალებს და სარკეზე გარტყმევინებს სახეს, ფილმი თავიდან ბოლომდე ალეგორიაა, იუმორის ფერუმარილით. ყველას შეუძლია დაიჭიროს ერთი ფრაზა, რომელიც მისთვის არის გარდამტეხი. ჩემთვის ასეთი ეპიზოდი იყო საჰაერო ბუშტების ველი, როდესაც ტოლიკი ბუშტების გახეთქვას გადაწყვეტს და პაცაკი ეტყვის “Родной, это же последний выдох. Могила. Кладбище”.  ეს იყო მომენტი, როცა აღარ ვფიქრობდი ძეგლების ტრაგიზმზე და საფლავის ქვების ამორალობაზე. ეს იყო მომენტი როცა გავაცნობიერე, ჩვენ ყველა ვინახავთ საკუთარ ბოლო ამოსუნთქვას, როგორც ის ბუშტები უდაბნოში.

BIAFF ავანტიურისტის თავგადასავალი – ეპილოგი

2 Comments

385329_546543185364621_1256151985_n

იმდენარ არასაჩემოა სხვა რამეზე წერა ჩემი თავის გარდა რომ ახლა მივხვდი რამდენად ეგოცენტრული ბლოგი მაქვს. ის ვინც ხშირად მკითხულობს მიხვდება მაინც რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი ჩემთვის, რადგან მასზე ვწერ. ფესტივალი როგორც ფესტივალი პრინციპში. მაგრამ მე რადგან იღბლიანი ვარ და თან კარგი ინტუიცია მაქვს, წელს რამე განსაკუთრებულს უნდა ველოდეთ ალბათ, სრულიად ეგოცენტრულად ვწერ ამას.

უკვე მეოთხე წელია რაც სულ მესმის ამ ფესტივალის შესახებ და სულ ვგეგმავდი წასვლას და სულ ვერ ვახერხებდი სხვადასხვა მიზეზით მასზე მოხვედრას. არადა ყველაფერი სურვილზეა დამოკიდებული. არსებობს არაერთი მიზეზი, რატომაც უნდა წახვიდე ფესტივალის დროს ბათუმში.

1. ზღვა ყველაზე უშნო ზაფხულშია

2. ბათუმი ყველაზე ლამაზი სექტემბერშია

3. არც ისე ბევრი კინოფესტივალია საქართველოში

ამას კიდევ თუ დაემატება პირადი სუბიექტური უწიპუწები, საბოლოოდ ხელში შეგვრჩება ერთი დიდი სიზარმაცე და მომავალი წლისთვის გადადებული გეგმები. მაგრამ წელს ყველაფერი იდეალურადაა ჩემს ცხოვრებაში. მე როგორც არშემდგარი პერფექციონისტი ვწერ ამას. ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. ფესტივალი 15 სექტემბერს იხსნება, თუმცა მე ჩემს ბარგს 20 სექტემბერს ჩავალაგებ და ალბათ ღამის მატარებელს გავყვები, ისევ უცხო ადამიანებთან ერთად ვიმგზავრებ და მერე ბევრს გეწუწუნებით ამაზე. 21 სექტემბერს დილით უნდა ვიყო ბათუმში. სანამ ყველა გაიღვიძებს წავალ პლაჟზე და ვუყურებ ზღვას. მერე დავლევ ბათუმურ ყავას, ყველაზე გემრიელ ყავას დედამიწაზე. ის ისეთივე იდეალურია როგორც ინგლისური ზღაპრებია ყველაზე ზღაპრული სამყაროში. დავესწრები 22 სექტემბერს ფესტივალის დახურვას და გამოვყვები ისევ ღამის მატარებელს უკან. შუალედში რა მოხდება არ ვგეგმავ, არ მინდა დაგეგმვით გავაფუჭო ყველაფერი. სწორედ ამიტომ ვარ არშემდგარი პერფექციონისტი. ყველაფერი მინდა იყოს იდეალურად და ამავე დროს ექსპრომტად.

არ მგონია ჩემს მკითხველებს ფესტივალის შესახებ მშრალი ინფორმაციის კითხვა მოგინდეთ, მე კიდევ საკმარისად პატივს გცემთ რომ ის არ შემოგაჩეჩოთ რასაც არ ელით ჩემგან. ინფორმაციის ნახვა ფესტივალის ფეისბუქის გვერდზეც შეგიძლიათ ან კიდევ ვებზე ანდა ბლოგზე და ტვიტერზე. ჩემგან მხოლოდ ემოციებს, თავგადასავლებს და იმ შთაბეჭდილებებს მიიღებთ რაც ინფორმაციულ ჩარჩოში ვერანაირად ჩაეტევა და რის არა მხოლოდ ნახვას, განცდასაც კი ვერ შეძლებთ ვერასდროს, იმიტომ რომ ეს შეგრძნებები მხოლოდ ჩემი საკუთრება იქნება, მე მათ მხოლოდ გაგიზიარებთ. განცდით, ჩაალაგეთ ბარგი და თავად განიცადეთ. შევხვდებით ბიაფზე.

1186259_657950824223856_436426696_n

სამსახური შევიცვალე

2 Comments

დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, უფრო სწორად ბევრად უფრო ადრე, მაშინ როცა წავიდა პირველი. პირველი იყო ჩვენი უფროსი, ადამიანი რომელმაც შემქმნა, დემნა.

დაახლოებით ერთი წლის წინ, მე გავხდი გუნდის წევრი, რომელმაც ადვილად ვერ მიმიღო, იმიტომ რომ ეს არ იყო ადვილი გუნდი. ეს იყო გუნდი სადაც ყველაფერს გეუბნებოდნენ პირდაპირ, სადაც არავინ არ თვალთმაქცობდა, სადაც ურთიერთობა აწყობილი იყო გულწრფელობაზე.

კიდევ იმიტომ რომ მე ვიყავი ერთი თავგადაპარსული გოგო, რომელსაც თითქოს გამოცდილებაც ქონდა და განათლებაც საკმარისი, რომ ყველაფერი კარგად ეკეთებინა, მაგრამ გაწვრთნილი არ იყო. ძალიან გამიმართლა რომ ამ გუნდმა მიმიღო.

დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი ყველაზე კარგ, ყველა გაგებით კარგ გარემოში, იმიტომ რომ ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ თავისი საქმე, რომელბსაც უყვარდათ თავისი საქმე, რომლებიც ბოლომდე დებდნენ ენერგიას საქმეში.

ჩვენ გვქონდა გუნდი, რომელიც მუშაობდა მოტივაციაზე, რომლისთვისაც მთავარი იყო პროფესიონალიზმი. გვიხაროდა როცა გვქონდა სპეცები და დამატებითი სამუშაო, იმიტომ კი არა რომ მაზოხისტები ვიყავით? დამატებითი სამუშაო არავის უხარია, იმიტომ რომ გვქონდა უფრო საინტერესო სამუშაო, ვიდრე უბრალოდ სამუშაო დღეა ჟურნალისტისთვის.

მათთან მხოლოდ ურთიერთობითაც კი, ყოველ წამს ვსწავლობდი როგორ უნდა ვიყო უკეთესი. ეს იყო გუნდი, რომელიც არ გაპატიებდა შეცდომას, მაგრამ ამის გამო არ დაგტოვებდა მარტო, გუნდი რომელიც ყოველთვის დაგეხმარებოდა, გეტყოდა რომ მეტიც შეგეძლო ან შეგაქებდა როცა კარგად იმუშავებდი.

როდესაც გავაკეთებდი მაქსიმუმს აუცილებლად შემაქებდნენ, ცხვირს მოადებდნენ სტუდიის მინას და დამელოდებოდნენ ყავით და სიგარეტით ხელში.

იმ მინიმალური რესურსით, რომელიც სხვა რადიოებთან შედარებით გაგვაჩნდა, ვაკეთებდით მაქსიმუმს. ეს იყო ჩვენი მიზანი გაგვეკეთებინა მაქსიმუმი, დავხარჯულიყავით ბოლომდე და დღის ბოლოს, ჩვენს სალათისფერ-სტაფილოსფერ სამზარეულოში კმაყოფილები ვსხდებოდით და ყავას მივირთმევდით.

მერე წავიდა ერთი, მერე მეორე, მესამე, მერე მე გადამიყვანეს სხვა განყოფილებაში და ვინც დარჩნენ იმათთანაც ვერ ვმუშაობდი. სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდით. მარტო დავრჩი. დავნამცეცდით, ცოტ-ცოტა და ყველგან გავიფანტეთ, ზოგი დარჩა, ზოგი წავიდა.

თუ შეიძლება რამე იდეალური არსებობდეს ეს გუნდი ძალიან მიახლოებული იყო ამასთან. ხანდახან მეჩვენებოდა რომ იდეალურიც კი იყო. ზედმეტად კარგი იყო რომ დიდხანს ყოფილიყო.

ადამიანები განსხვავდებიან, განსხვავდება მათი შეხედულებები, მოთხოვნილებები, სხვადასხვაა მოტივაციაც.

არის ადამიანის ტიპი, რომელმაც უნდა იმუშაოს მარტომ, იმიტომ რომ მხოლოდ საკუთარი ხელით და თავით გაკეთებული საქმე მოსწონს და ყოველთვის უკმაყოფილოა სხვისით.

არის სხვა ტიპიც, რომელიც არის კარგი შემსრულებელი, მაგრამ ვერასდროს წყვეტს რა უნდა გაკეთდეს.

არის კიდევ ისეთიც, რომელიც გეგმავს და იცის რა უნდა დაავალოს, მაგრამ თავად ვერ აკეთებს ვერაფერს.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია გავაკეთო ყველაფერი და გავაკეთო კარგად, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გუნდთან ერთად გავაკეთებ უკეთ, აუცილებლად უნდა დავგეგმო რას გავაკეთებთ, ყველა ერთად და არა მხოლოდ დანარჩენები. მე აუცილებლად უნდა გავაკეთო ჩემი დავალებები ისევე, როგორც ყველა დანარჩენი გააკეთებს ამას. მე უნდა ვიგრძნო კონკურენცია რომ ვიფიქრო უკეთ, უნდა ვცემდე პატივს და ვცდილობდე მის მოპოვებას, მე უნდა ვენდობოდე და მენდობოდნენ.

მე მჭირდება გუნდი, იმისთვის რომ შევძლო მუშაობა, არ დამიმთავრდეს იდეები, მივიყვანო საქმე ბოლომდე, მე მჭირდება კონკურენტუნარიანი გუნდი, რომ მუდმივად ვიყო დაძაბული და მომზადებული, სულ ვიყო ფორმაში. მე მჭირდება ადამიანები, რომლებთანაც უბრალოდ მესიამოვნება მუშაობა.

დაახლოებით 2 კვირის წინ წამოვედი რადიოდან, დაახლოებით 1 კვირის წინ მოულოდნელად ახალი სამსახური დავიწყე.

დამხვდა გუნდი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან გავს გუნდს ჩემი წინა ცხოვრებიდან, იმედი მაქვს მიმიღებენ და დარწმუნებული ვარ რომ ბევრ ახალს ვისწავლი მათგან.

მე ვარ ბათუმელების, netgazeti.ge და pliaj.ge – ს მარკეტინგის მენეჯერი და ვეძებ ჩემს გუნდს.

ადამიანებს, რომ შევქმნა მარკეტინგის განყოფილება და საუკეთესო გუნდი საქართველოში.

%d bloggers like this: