მთავარი

მე და ჩემი ისტერიები

4 Comments

ამ პოსტის ფონი, სიმღერა რომელიც ყველაზე უკეთ გამომხატავს, ჯონი ქეშის სიმღერის ქავერი, შესრულებული ჩემ მიერ.

 

საერთოდ საკმაოდ ისტერიული ვარ. ნუ ისტერია მარტო ისტერიკას არ გულისხმობს ჩემთვის, უკიდურესობები ჩემი სტიქიაა. ერთიდან მეორეში ისე ვვარდები, რომ ხანდახან მეც ვერ ვამჩნევ. ნუ ეს თევზებს არ ახასიათებთ უფრო ჩემი ტყუპების ბრალია. ვინც ასტროლოგიაში ერკვევით მთვარე ტყუპებში მყავს. ვინც არა, ბოლო ფრაზა დაიკიდეთ.

ბოლო სამი კვირა ძალიან დატვირთული და ემოციური მქონდა. ყველამხრივ. ბოლო რამდენიმე დღეში კი გავაცნობიერე და საერთოდ დიდი ხნის მერე პირველად დავფიქრდი, რამდენად ასოციალური ვყოფილვარ ბოლო პერიოდი ჩემი სამსახურიდან გამომდინარე. აი ფეისბუქზე რომ მოიკითხავ მეგობარს და გგონია რომ ეურთიერთე და სინამდვილეში მარტო იმათთან ურთიერთობ უკვე პირადად, ვისთანაც მუშაობა გიწევს.

ბოლო სამი კვირაა თბილისის ლუდის ფესტივალზე აქტიურად ვმუშაობდი, ახლა ვაღიარებ, რომ ძალიან ვნერვიულობდი როგორ ჩაივლიდა ყველაფერი, პანიკაში არ ვიყავი, არა. ჩუმად ვღელავდი, შეუმჩნევლად, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია და მინდოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო. თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარგი დასასრული ექნებოდა. საქმე იმაში არაა რომ ფესტივალმა კარგად ჩაიარა, თუმცა ესეც. მუშაობის პროცესშიც და განსაკუთრებით ბოლო დღეებში გავიცანი ადამიანები, კარგი ადამიანები ჩემი აზრით, საინტერესო და საერთოდ ისტერიულად ინდეფერენტულობიდან, ისტერიულად გულახდილობაში გადავვარდი მათი წყალობით. კარგია თუ არა არ ვიცი 🙂 მაგრამ მომეწონა.

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთ მშვენიერ დღეს მითხრეს ხვალ ბლოგერი მათე მოდისო, მე იმავე დღეს შევედი ბლოგერების ჯგუფში და დავსერჩე ყველა მათე, სულ ვიპოვნე სამი, გამორიცხვის მეთოდით დავტოვე ერთი, წავიკითხე ბლოგი და მომზადებული მივედი მეორე დღეს სამსახურში მის პირდად გასაცნობად, რომ ხელში შემრჩა ყვავა და გამარჯობის მაგივრად ეს მირიანიათქო ვთქვი ))) რაც დამიდასტურეს და ამან უფრო გამაკვირვა. საბოლოოდ გავიცანი მათე, რომელთანაც რამდენიმე დღე მდუმარედ გავატარე ერთ მაგიდასთან თუ არ ჩავთვლით სიტყვებს, გშია? დამტენი მომაწოდე და მსგავსნი. ))) მათე გავიცანი მაკდონალდსში, როცა შაბათს ლუდის ფესტივალის სამზადისში აღმოვაჩნეთ რომ თავისუფალი 3 საათი გვქონდა, გვესაჭიროებოდა საკვები დაწესებულება ინტერნეტით, ვარდების რევოლუციის მოედნიდან უახლოესი ასი მეტრის რადიუსში. ყურადღება შევაჩერეთ მაკდონალდსზე და სინამდვილეში მაშინ გავიცანი.

სანამ ეს მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ოთოს მოუვიდა იდეა, რომ ბლოგერების შეჯიბრებისთვის, რომელიც წელს ფესტივალზე დავამატეთ, მონაწილეებისთვის გადაგვეცა სერთიფიკატები.

ოთო რა ტიპია. ოთო არის ანტიდეპრესანტი, ოღონოდ თვითონ არ იცის. იმიტომ რომ არ იცის მე როგორ ვნერვიულობდი ლუდის ფესტივალზე და მიუხედავად ამისა თავისდაუნებურად ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზეც და ჩემს მოტივაციაზეც, მისი რწმენა საქმის წარმატებით შესრულებაში. ოთოს მოუვიდა ეს გენიალური იდეა ბლოგერებისთვის მიგვეცა სერთიფიკატები, რომელსაც მე პატარა დეტალი დავამატე. დეტალი დავამატე რა ვითარებაში.

სამშაბათი დღე იყო როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი ავტობუსით. სადღაც მშრალ ხიდზე უდიდეს საცობში მოვყევით. ხიდზე იდგა ავტობუსი, ცემენტის გადამზიდი (არ ვიცი როგორ ქვია ზუსტად) ტრაილერი და სადღაც შუაში მსუბუქი მანქანებიც. 10 წუთი რომ ვიდექით, ყურებიდან ყურსასმენები გამოვიღე და დავიწყე ფიქრი რომელ წელს იყო ეს ხიდი აშენებული, რამდენს იწონიდა ნეტავ ეს ყველა მანქანა ერთად, ბოლოს როდის შეაკეთეს და საერთოდ გადავრჩებით? )) ისევ ვიდექით. მერე მივხვდი, რომ ამაზე ფიქრს თუ გავაგრძელებდი ჩამოვიდოდი და სახლში ძალიან დაღლილს ფეხით მომიწევდა ასვლა. ამიტომ გადავწყვიტე თავი გამერთო და დავიწყე ფიქრი საქმეზე. გამახსენდა ოთოს იდეა სერთიფიკატებზე. გონება დავძაბე და შევეცადე მომეფიქრებინა ეს გენიალური იდეა როგორ გადაქცეულიყო კრეატიულად. მოვიფიქრე!!!

სერთიფიკატებს დავიტანდით ლუდის კათხებზე და მონაწილეებს ლუდის ტალონებს რომ გადავცემდით პირდაპირ სერთიფიკატებიდან დალევდნენ ლუდს 🙂

ოთხშაბათი ისე გავიდა 1 კათხაც ვერ ვიშოვნე, სად აღარ დავრეკე და მინის კათხები წარწერების გარეშე მეუბნებოდნენ, რომ არსად ქონდათ. დანიური სახლი იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი, რომ დავრეკე და ოპერატორმა, რომელიც მოგვიანებით დაცვა აღმოჩნდა ძალიან კომპეტენტური ხმით მიპასუხა რომელ სართულზე გადაგრთოთო.

ხუთშაბათი რომ გათენდა ჩავიცვი და წავედი სუპერში, მივედი ათზე და 1 საათი ველოდე სანამ გაიხსნებოდა, შევედი და აღმოჩნდა რომ მინის უწარწერო მშვენიერი კათხები ქონიათ. ფასები დავადგინე. გადავადებინე. დავბრუნდი ოფისში გადავრეკე სტამბაში, შევუთანხმდი, დავბრუნდი სუპერში ვიყიდე, წავიღე სტამბაში და კმაყოფილი და დაბრუნებული სამსახურში ოთოსთან ვაღიარე, რომ ოთხშაბათს ამ იდეის განხორციელების აღარც მჯეროდა 🙂 საერთოდ არასდროს ვაღიარებ ხოლმე ამას, მაგრამ რადგან გამომივიდა თავს უფლება მივეცი მეთქვა და მოედო ჩემი ემოცია მთელ ოფისს. ყველა კათხებზე ლაპარაკობდა.

პარასკევი მახსოვს ბუნდოვნად, მაგრამ კარგად მახსოვს როგორ ვვარჯიშობდით ყველა ერთად ჭიქების ამოტრიალებაში, რომელიც რამდენად შემეცნებითი იყო არ ვიცი, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ შეხვედრით, იმიტომ რომ მოთელვა გავიარეთ და ჩემთვის ამ უმძიმეს დღეს იყო 1 საათი როცა არ ვღელავდი.

ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს ან წაიკითხავს მიხვდება რამდენად ჩაკეტილი ვარ და სულ ამაზე ვწუწუნებ ბოლო დროს. ნუ აი ესეც ვაღიარე რომ მე ვწუწუნებ, დიახ! მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა ყველაფერი პირიქით არის. მაგალითად მათეს მოვუყევი იმდენი რომ ბოლოს მეორედ მოსვლაზე ჩავაფიქრე, ნათიასთან დავლიე ჭიქა ყავა და იმდენი ვილაპარაკე ნახევარი არც კი მახსოვს რაზე. მართალია ნახევრად მეძინა მაგ დროს, მაგრამ იმედია საინტერესო რამეებზე მაინც ვლაპარაკობდი )) გიოს ვიცი რომ საიდანღაც ვეცნობი, მაგრამ საიდან არ იცის და გიორგი აღფრთოვანდა ჩემი იდეით ბლოგერებს შორის გამოცდილების გაცვლასთან დაკავშირებით. აკას გაუკვირდა რამდენად მზრუნველი შეიძლება ვიყო და ნუ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მისი ზომის მაისური შევურჩიე. გავიცანი ანა, რომელიც ყველამ ვიცით რომ ძალიან ლამაზია და აღმოვაჩინე საყვარელიც ყოფილა, ყვავას ქონდა მაგარი ფრაზა კიდევ ამ კვირაში, ისევ საპნიანმა წყალმა გაგვაერთიანაო ))) ასე დავარქვით ლუდს ასე 6 წლის წინ. ნათ ნოუაიდეზ გავიცანი, რომელსაც ჭიქებისამოტრიალების ფობია აქვს და ძალიან მხიარული გოგოა. თემოს დავარქმევ მისტერ ნონსტოპს, იმიტომ რომ პირველად ვნახე ადამიანი რომელსაც ჩემზე მეტი ლაპარაკი შეუძლია შეუჩერებლად )) ადო კიდევ ჩემზე მეტად აქცევს ყურადღებას ნიუანსებს. ყველა განსხვავებულია და რაღაცით საინტერესო.

საერთოდ ადამიანების სწავლა მიყვარს, დაკვირვება, როგორები არიან, როგორები იყვნენ და როგორები გახდნენ, როგორ იცვლიან თმის ფერს და ხასიათს, როგორ კარგავენ იმედებს და პოულობენ ახალ მიზნებს. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი შეიძლება იფიქროთ რომ მათი ბლოგების კითხვითაც შეიძლება გაარკვიო, მაგრამ ვერ მოგართვით ))

ახლა ვზივარ უდაღლილესი და კმაყოფილი. მეზარება ამ პოსტის შეცდომების გასწორება, მაგრამ გავასწორებ. ვამაყობ ჩემი თავით, რომ 1 თვის წინ მოვიფიქრე და წინასწარ შევიძინე რელაქსაციური მასაჟის აბონიმენტი, რომელსაც ამ კვირაში აუცილებლად გამოვიყენებ და მიხარია ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ ამ და სხვა საინტერესო ადამიანებს კიდევ შევხვდები ბლოგერების შეხვედრაზე ტურიზმის დეპარტამენტთან.

ერთადერთი რაც ამ წუთას მაკლია, არის ადამიანი, რომელიც 1 თვით გერმანიაში გაფრინდა ხუთშაბათს ისე, რომ ვერც კი გავაცილე და რომელთანაც ყოველთვის ვახერხებ სიჩუმის გაზიარებას და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმიდან, საყვარელი ფრაზის გახსენებას.

Mia: Don’t you hate that?
Vincent: What?
Mia: Uncomfortable silences. Why do we feel it’s necessary to yak about bullshit in order to be comfortable?
Vincent: I don’t know. That’s a good question.
Mia: That’s when you know you’ve found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.

კიდევ ერთი შანსი ბლოგერებს

12 Comments

რადიო გადაცემისთვის და უფრო კონკრეტულად დილის გადაცემისთვის, რომლის სახელია “რადიო დილა” გვჭირდება ბლოგერი…

იდეა წამოვიდა პრესის მიმოხილვაზე რომ ვფიქრობდი იქიდან, მერე ერთ ნიჭიერ ბლოგერსაც ვესაუბრე 😀 და იდეაც გაჩნდა…

მოკლედ გვჭირდება ბლოგერი რომელსაც

1. უნდა შეეძლოს 12 საათის მანძილზე დაწერილი პოსტების მიმოხილვის გაკეთება, თითქმის ყველა პოსტი უნდა წაიკითხოს, შეაფასოს, გამოხატოს საკუთარი აზრი და მოკლედ… რაც უნდა და როგორც უნდა ისე გააკეთოს მიმოხილვა… სრული თავისუფლება…

2. მიმოხილვა უნდა იყოს 3დან 5გვერდამდე, რადგან ჩართვისთვის გამოყოფილი დრო მეტის წაკითხვის საშუალებას არ მისცემს

3. უნდა ქონდეს ნორმალური ხმის ტემბრი და კარგი დიქცია

მსურველებმა დღეს 28 იანვრის ღამის 12 საათამდე, გთხოვთ პირადი წერილი მომწეროთ რომ გსურთ სცადოთ ბედი

და დაწეროთ არა 12 საათის არამედ რამდენიმე საათის მანძილზე დაწერილი პოსტების მოკლე მიმოხილვა, დაახლოებით 1 გვერდი რომ იყოს

წარმატებას გისურვებთ ყველას

%d bloggers like this: