ჩემი შვილი რომ გეი იყოს, როგორც დედა ვისურვებდი საქართველოში არ ეცხოვრა, მაგრამ როგორც ადამიანი უფრო მეტად დავაფასებდი მის პიროვნულ ძალას და გამბედაობას. მე მას ისევე ვასწავლიდი სიარულს და გავუთენებდი ღამეებს, როგორც ამას დედამიწაზე ყველა მოსიყვარულე დედა აკეთებს. ჩემი შვილი რომ გეი იყოს ისეთივე თავისუფალ, დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ ადამიანად ვისურვებდი მის ჩამოყალიბებას, როგორც ეს ყველა დედას უნდა სურდეს ამ პლანეტაზე. ჩემი შვილი რომ გეი იყოს, მე აუცილებლად ვიამაყებდი, რომ ასეთი განსაკუთრებული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე საყვარელი ადამიანი მოვავლინე ამ ქვეყნად, როგორც ამას გულის სიღრმეში ყველა დედა ფიქრობს. მე ამაყი ვიქნებოდი რომ ჩემი შვილი არ არის მკვლელი, ქურდი ან მოძალადე. ბედნიერი ვიქნებოდი რომ ჯანმრთელია. ჩემი შვილი რომ გეი იყოს ის ისევე იქნებოდა ჩემი ყოველი ჩასუნთქვის მიზეზი, როგორც ეს ყველა სხვა დედისთვის არის. მე ვერ გავიგებდი ადამიანებისას, რომლებიც მას სიყვარულისთვის გაკიცხავდნენ და ზიზღით შეხედავდნენ, როგორი უჩვეულოც არ უნდა ყოფილიყო მათთვის ეს სიყვარული. ჩემი შვილი რომ გეი იყოს უფრო მეტად ვერ გავიგებდი ადამიანებისას, რომელთაც სიყვარულის გამო მისი მოკვლის სურვილი ექნებოდათ. ჩემი შვილი რომ გეი იყოს ყველა ღამე უძილო მექნებოდა ფიქრით, რომ ერთხელ აუცილებლად მომიკლავდნენ.
ჩემი შვილი რომ გეი იყოს
ნოემბერი 15, 2014
დღიური ბისექსუალი, გეი, ლგბდ, ლესბი, მკვლელობა, ტრანსგენდერი, ძალადობა, ჰომოსექსუალი, ჰომოფობია დატოვე კომენტარი