მთავარი

ფაქტობრივად სტრიპტიზი

4 Comments

დიდი ხანია მოდღიურო არაფერი დამიწერია.  სურვილი მქონდა როცა დრო არ მქონდა და პირიქით, ხანდახან მეგონა, რომ დასაწერიც არაფერი იყო და როცა ასე მეგონა ვწერდი ასტროლოგიაზე, შაბაშებზე, ტატუებზე და ყველაფერზე ჩემს გარდა. ახლა რომ ვხედავ იმ პოსტს მაიას ტომის კალენდარზე მაჟრიალებს, რამ დამაწერინა ამდენი :დ

არადა ვკითხულობ ხოლმე სხვების ბლოგებს და ვფიქრობ, აი ამაზე ჰომ მეც შემეძლო დამეწერა, ნუ შემეძლო, მაგრამ ვიღაცას გამოსდის კარგად და ადვილად წეროს საკუთარ თავზე, მე პირიქით. მარტო ვწერო კი არა, ისე რომ დავფიქრდე საუბარიც მიჭირს ჩემს გრძნობებზე და ემოციებზე. ავიღოთ ყოველდღიური განცდები და უბრალოდ აზრები, გაზიარების დონეზეც კი მიჭირს ამაზე საუბარი ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი. მგონი ფსიქოლოგი მჭირდება.

ჰოდა დღეს გადავწყვიტე რომ დამეწერა, ოღონდ არ ვიცი თუ შენიშნეთ, რთული არ იქნებოდა, დღესაც არ ვიცი კონკრეტულად რა დავწერო. ავხსნი. აი წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც თავის განცდებს, აზრებს არ უზიარებს არავის, უფრო სწორად რაღაც ნაგლეჯებს კი, მაგრამ სიღრმისეულად, რამეს, ძალიან პირადს არასდროს და ეს გრძელდება წლები. მერე უცბად ხასიათზე მოდის რომ გააზიაროს და ხვდება იმდენი აქვს მოსაყოლი, რომ აზრი არ აქვს. მოკლედ არც ვიცი საიდან დავიწყო. თავიდან.

თავიდან იყო, როცა ჯერ კიდევ არ მახსოვს, მოყოლით ვიცი, რომ ბავშვობაში არ ვიღიმოდი, არც კი ვიცინოდი ასე 5 წლამდე. ზუსტად მახსოვს პირველად როდის, როგორ, რა ვითარებაში და რაზე გამეცინა.  მე და ჩემი მეგობარი ვთამაშობდით ეზოში. ბავშვობაში ჭიანჭველებს ვაგროვებდი, პატარა ლაბირინთებს ვაკეთებდი, მერე ამ ჭიანჭველებს ვსვამდი ამ ლაბირინთში და ვაკვირდებოდი. ერთ-ერთი ასეთი დაკვირვებისას ჩემს მეგობართან ერთად, ჭიანჭველა ამ ლაბირინთში გაჩერდა, ჰოდა ჩემმა მეგობარმა წამოიძახა ჰო არ დაეძინაო. არ ვიცი ახლა ძალიან სულელურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად მახსოვს როგორ გადავიხარხარე და მერე მახსოვს ნინომ, ჩემმა მეგობარმა როგორ წამოიძახა ანა იცინისო და რაღაც წამებში ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, მოკლედ ასე გავიცინე პირველად. ახლა რომ ვფიქრობ, ბავშვობიდან რამდენად არ მიყვარდა გაზიარება ემოციის, რომ არც კი ვიცინოდი. ალბათ ამიტომ არ ვიცინოდი.

მერე მახსოვს ბავშვებთან რომ მბეზრდებოდა ხოლმე თამაში და მარტო ვჯდებოდი და ერთ წერტილს ვაკვირდებოდი, როგორც წესი სიჩუმეში, მარტო და ნუ თუ სიბნელე იყო ჰო მთლად იდეალური. ჰოდა მახსოვს რომ ვუყურებდი რამე საგანს და ვცდილობდი წარმომედგინა რას გრძნობდა ის, უფრო სწორად გავმხდარიყავი ის საგანი. იდეალური შედეგი იყო ქვაზე. ზუსტად მახსოვს ის შეგრძნება, როცა პირველად გამომივიდა გავმხდარიყავი ქვა. არასდროს დამავიწყდება და ვერც გადმოვცემ როგორი გრძნობაა, უფრო სწორად რა არ არის. არაფერია. არაფერზე ფიქრობ, ვერაფერს გრძნობ, არაფერი ხარ, უფრო სწორად არ იცი. რთულია მოკლედ ეს გადმოსცე. ჰოდა ასე გამომივიდა პირველად მედიტაცია და მას შემდეგ ვმედიტირებ, ოღონდ ამაზეც ხშირად არ ვსაუბრობ.

კიდევ მახსოვს როგორ დამეწყო სიმაღლის შიში, პირველ კლასში ვიყავი, სკოლაში გაკვეთილზე ჩემთვის წყნარად ვიჯექი და ასოები გამომყავდა რომ დაიწყო მიწისძვრა, მასწავლებელმა ოთახიდან გამოგვიყვანა და ტალღამ რომ წამიღო სადღაც კიბიდან აღარ მახსოვს რა ხდებოდა, ასე 15 წუთი ამოშლილია მეხსიერებიდან. ამ დღის მერე მეშინია სიმაღლის. საერთოდ 1 წელი კიბის საფეხურს ვერ ვუახლოვდებოდი და დიდი მუშაობა დამჭირდა საკუთარ თავზე, იმისთვის რომ დღეს საერთოდ შემიძლია ავიდე კიბეზე. აი პატარა ბავშვი რომ თავიდან სწავლობს სიარულს ისევე ვისწავლე კიბეზე ასვლა, მაგრამ პირველ ჯერზე მაინც მიჭირს ხოლმე ახალი კიბის დაძლევა, მერე ვეჩვევი კი არადა ვძლევ. ისე გამოდის, რომ ყოველ ახალ კიბეზე ახლიდან ვსწავლობ ასვლას, მაგრამ ამას იმდენად შენიღბულად ვაკეთებ მგონი ვერავინ ამჩნევს :დ ყოველშემთხვევაში მთელი სიმძაფრით ეს არ იგრძნობა.

ზოგადად ჩაკეტილი ადამიანი ვარ, კი. მიუხედავად იმისა რომ ალბათ ასე არ დამახასიათებენ, ვერ ვიტან როცა მეკითხებიან რა მაწუხებს, რა მჭირს, როგორ ვარ და ა.შ. ამიტომ არ ვაძლევ კითხვების საბაბს. თავს იმით ვიმართლებ რომ თუ მომინდება მე თვითონ მოვყვები, მაგრამ ასე მგონი არასდროს ხდება :დ

კიდევ მაქვს ბევრი ჩვევა, მათი ნაწილი დავძლიე. მაგალითად ერთი, რომელიც დავძლიე ასე 15 წლის წინ. კითხვა ვისწავლე 3 წლის ასაკში და იმ დღიდან როცა დამოუკიდებლად შევძელი პირველი ზღაპრის წაკითხვა მქონდა ასეთი ჩვევა. თუ რამე ან ვინმე შემაწყვეტინებდა კითხვას, წიგნს ვხურავდი, ვშლიდი თავიდან და ვიწყებდი კითხვას ახლიდან. იმიტომ არა რომ არ მახსოვდა, არც იმიტომ რომ ვბრაზდებოდი და ა.შ. უბრალოდ ასე მინდოდა,  რატომ? არ ვიცი. თანაც არც ნერვები მეშლებოდა, არც მაღიზიანებდა ეს ფაქტი, აი უბრალოდ ასე მინდოდა და მორჩა. მერე გავიდა ბევრი წელი და მივხვდი რომ ეს ჩვევაა და გადავეჩვიე. რთულად.

როდის დავიწყე დღიურების წერა? ესეც უსიამოვნო პერიოდია. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უსიამოვნო. ასე 17 წლის ასაკში დამისვეს ეპილეფსიის დიაგნოზი, როგორც მითხრეს ეს არ იყო ეპილეფსიის გავრცელებული ფორმა ანუ ტიპიური კრუნჩხვებით, უფრო იშვიათი ფორმა იყო, მაგრამ მაინც ეპილეფსია. დამინიშნეს საკმაოდ ძლიერი ფსიქოტროპული წამლები, რომელიც 2 წელი და 6 თვე ვსვი. ბოლო 1 წელი კი საერთოდ არ მახსოვს. უფრო სწორად ნაგლეჯებად. აღმოჩნდა რომ ამ წამალს რამდენიმე უკუჩვენება ქონდა, აქედან ერთ-ერთი იყო მეხსიერების დაკარგვა. მაგრამ ეს არ იყო ტიპიური მეხსიერების დაკარგვა “ვაიმე სად ვარ, ვინ ვარ?” სხვა იყო.

წამალს ვიღებდი დღეში 2-ჯერ, დილას საუზმის შემდეგ და საღამოს ვახშმის შემდეგ. და მახსოვდა მხოლოდ ეს პერიოდი, დილას წამლის მიღებამდე და საღამოს რაღაც მონაკვეთი ვახშმამდე. ეს გავდა პორტირებას. მაგალითად: დგახარ გაჩერებაზე ელოდები მარშუტკას უნივერსიტეტში რომ წახვიდე და უცბად ღამეა და ხარ მეგობრებთან ერთად, თითქოს შუაში არაფერი ყოფილა, თითქოს დრო შეიკუმშა და მიეწება, თითქოს უცბად გაჩნდი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას. მეგობრები მეუბნებოდნენ რომ დღისით ჩეულებრივად ვიქცეოდი. ჰოდა ამ დღიდან დავიწყე დღიურების წერა. ვიწერდი ყველა ჩემს ნაბიჯს და სიტყვას მგონი, ყველა აზრს, იმიტომ რომ საღამოს და არასდროს, დღესაც კი ისინი არ მახსოვს. თითქოს ჩემი არ არის და სხვის დღიურებს ვკითხულობ.

მოკლედ 1 წლის მერე უბრალოდ მივატოვე ეს წამალი და უკუჩვენებამაც გაიარა, მაგრამ ეს პირველი ფაქტია, როცა ვინმეს ამის შესახებ მოვუყევი. მგონი ესეც დავძლიე.

მე – მონსტრი

დატოვე კომენტარი

annano0001უკვე ერთ წელზე მეტია აღარ გვისაუბრია ჩემო უფერულო მეგობარო. მას შემდეგ რაც ალქაჯებს თავი დავაღწიე და ჩემზე დროებით ნადირობაც შეწყდა ბევრი დრო გავიდა და იარებიც ალბათ მომიშუშდა. გულიც ბევრს გადავუშალე, მაგრამ შენ ჩემი წყლულების საუკეთესო გამზიარებელი ხარ, სხვები კი მოშუშებას ცდილობენ. შენთან საუბარი მომენატრა უბრალოდ, მეგობარო. ბევრჯერ გადამიშლიხარ და წამიკითხიხარ. არ დამიწერიხარ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ დამეწერე. არ დამვიწყებიხარ, უბრალოდ შორს ვიყავი, ძალიან შორს. საკუთარ ცხოვრებაში ვმოგზაურობდი მეგობარო. ყველას ზურგი ვაქციე, წითელი გზა ავირჩიე, მგლების საძმოს შევებრძოლე და უამრავი სასიკვდილო იარაც მივიღე, მაგრამ გადავრჩი. ყველა ადამიანი მოვატყუე ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო, არ მინდოდა, უბრალოდ ისინი დავიცავი. შეურაწყოფა, ტყუილი და იმაზე მეტი სისასტიკე ვიდრე ადამიანის ყურს გაუგია და თვალს უნახავს საკუთარ თავზე გამოვცადე და სვირინგებად დავიხატე. საკუთარ შიშველ სხეულს რომ დავხედე წერტილიც აღარ იყო დარჩენილი ამდენი ტკივილისგან და საკუთარ სულში რომ ჩავიხედე ამოსუნთქვა გამიჭირდა. მოგზაურობის ბოლოს ყველა შეგროვილი და წლების დაგროვილი გრძნობები დავხარჯე, ენერგია დავცალე, სუნთქვა შევიკარი და უბრალოდ გავჩერდი. მას შემდეგ მთელი ერთი წელი უძრაობაში ვცხოვრობდი. მთელი სამყარო მოძრაობდა ჩემს გარშემო. მე კი ვიდექი სუნთქვაშეკრული და ფიქრშესუნთქული. ბოლოს ხალხმაც თავი მომაბეზრა და დღე ღამედ შევცვალე. პატარა ქალაქის ღამურად ვიქეცი. ყველა საათი გადავმალე და ამ არაფრით ვტკბებოდი. მე შევიცვალე, გავიზარდე და უფრო მეტად სასტიკი გავხდი ვიდრე აქამდე ვიდრე არსებობდა. ამიტომაც მოვედი, გადაგშალე, ბევრჯერ დაგწერე და წაგშალე. გაგაღვიძე გვიან ღამით და ცრემლებითაც დაგასველე, მერე მთელი ჩემი ტკივილი სვირინგებათ გადმოგილოცე ჩემო უფერულო მეგობარო. სასტიკად მოგექეცი და არ ვიცი მომავალში კიდევ თუ შევხვდებით. იქნებ არც გადაგშალო და არც დაგწერო კიდევ არასდროს, საერთოდაც დაგკუჭო, დაგხიო და დაგწვა. შენ ხომ მაინც ვერავის შესჩივლებ და ვერ უამბობ, რადგან არ შეგიძლია საუბარი. შენ ხომ უბრალოდ უფერული ფურცელი ხარ, რომელიც ჩემთვის ყველა ქაღალდზე ძვირფასი და ყველა მეგობარზე ახლობელია, იმიტომ რომ შენ იზიარებ და სხვები მოშუშებას ცდილობენ და კიდევ იმიტომ, რომ შენ შემიძლია დაგკეცო, გულის ჯიბეში ლამაზად ჩაგიდო და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძო მოგზაურობა საკუთარ ცხოვრებაში.

P.S. ხომ არ გაგაღვიძე ჩემო უფერულო მეგობარო?

დატოვე კომენტარი

я одинокa как невидимка

ანალიზი

დატოვე კომენტარი

არაფრით განსხვავებული ჩვეულებრივი დღეა. მწონიან, მზომავენ და ისევ მიღებენ ვენიდან სისხლს და ასხავენ სხვადასხვა ფორმის კოლბებში. ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ და მიყურებენ თითქოს მათი შველა მჭირდება. არაფრით განსხვავებული ჩვეულებრივი დღეა.

დატოვე კომენტარი

თავს შენს ხელში ძაფზე აცმულ მძივად ვგრნობ, რომელიც გაწყვიტე და სულ დააბნიე

წამლები

დატოვე კომენტარი

ადამიანებმა ჯერ იმისგან მიმკურნალეს რითაც ავად არ ვიყავი, ეხლა იმისგან მკურნალობენ რაც მკლავს, მაგრამ მე ყველა ქიმიურ შენაერთს გავუძლებ რომელსაც ადამიანები ჩემთვის დაამზადებენ და ჩემს სისხლში შეუშვებენ, იმიტომ რომ მე დიდი ხანია ადამიანი აღარ ვარImage035

ჩვენი ვირტუალური შეხვედრის გაგრძელება..

დატოვე კომენტარი

მზე უფრო ყვითელია ვიდრე ჩვეულებრივ, თბილა, მაგრამ პერიოდულად სიგრილისგან სასიამოვნოდ გბურძგლავს ტანზე. ჰაერში ნეშომპალანარევი სიცოცხლის სუნია და ძალიან ძალიან ადრე ამ ცხოვრებისთვის.

მე ვულკანი

დატოვე კომენტარი

მიწა ვარ, რომელმაც გული იგრძნო და ამოხეთქა. ვულკანი ვარ, რომელიც ღმერთებმა დასაჯეს და ქალად აქციეს.

ვულკანი ვარ, შიგნიდან დაფლეთილი და გადამწვარი, ლექსად ამოხეთქილი და გრძნობებისგან დაცლილი, ცრემლად გადმოღვრილი და დიდი ხნის წინ ჩაძინებული ვულკანი ვარ

ავადმყოფი…

დატოვე კომენტარი

სუნთქვა მაქვს აკრძალული, ავადმყოფური და გადამდებია… შენთან ვერ ვისუნთქებ. სუნთქვა შეკრული დავითვლი წამებს და ისევ წავალ იქ სადაც მარტო ვარ და ღრმად ვსუნთქავ ჩემი სევდით

დემონები

%(count)s კომენტარი

მყუდროება დაგვირღვიე მე და ჩემს დემონებს. ჩემი სასტიკი და დაუნდობელი სულისთვის არ მემეტები, ამიტომაც ვმალავ ჩემს სამყაროს დედამიწის გულში.

შენი გზა ძნელი და ეკლიანია, თუმცა შენი ღუზა უკვე აქ არის და ამას ვერ შევცვლი, ამიტომაც მთელი ჩემი იმედები ძველ კომპასში გამოვკეტე, რომელიც ხელთ გიპყრია და გზას გიჩვენებს.

Older Entries

%d bloggers like this: