მთავარი

ადამიანები რომლებიც გვქმნიან

5 Comments

ვიღაცისთვის უფრო ესთეტური და მისაღები შეიძლება იყოს გამოთქმა, რომ იძერწები ცხოვრების მანძილზე, უფრო ზედაპირულებმა და პრაგმატულებმა შეიძლება გითხრან, რომ გამოცდილებით იცვლებიან, ოპტიმისტებს სჯერათ რომ ადამიანები უკეთესები არიან ვიდრე სინამდვილეში, პესიმისტებისთვის ყველა ერთნაირია. მე ასე ვიტყოდი, ჩვენ ყველა სილიკონის ბურთები ვართ რომლებიც რიკოშეტს იძლევიან შეხებისას და დაუყოვნებლივ იცვლიან მიმართულებას. რაც უფრო შთამბეჭდავია ადამიანი, იმდენად გვქმნიან ისეთებად როგორებიც ვართ დღეს, ეს ჩვენი შეხების წერტილებია.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ კითხვა 3 წლის ასაკში ვისწავლე, თანაც ორ ენაზე. დედაჩემი პროფესიით ბიბლიოთეკარია, ბავშვობაში ბიბლიოთეკაში ყოველი მეორე დღის დიდ ნაწილს ვატარებდი. ბიბლიოთეკა ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია ზღაპრული ლაბირინთივით, სადაც სრული წესრიგია. ბავშვობაში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ რომელიმე წიგნის წაკითხვისას ვიპოვნიდი მასში ჩაშიფრულ საიდუმლოს და მივაგნებდი საგანძურს ან ბიბლიოთეკაში არსებულ საიდუმლო კარს, რომელიც მინიშნებებით, თავსატეხებით, რუკებით და საიდუმლო წიგნებით სავსე სარდაფში ჩამიყვანდა. გულის სიღრმეში დღესაც ეს შეგრძნება მაქვს როცა ბიბლიოთეკაში შევდივარ, ამიტომ როცა განსაკუთრებით ცუდად ვარ მივდივარ ბიბლიოთეკაში და პირველივე შემთხვევით წიგნს ვითხოვ. კითხვა ბიბლიოთეკის უჯრებზე მიწერილი ასოებით ვისწავლე, რომელშიც ბარათები აწყვია. დედაჩემი მაძლევდა ბარათს და მე უნდა წამეკითხა და შესაბამისი ასოთი დასათაურებულ უჯრაში ჩამედო. სინამდვილეში ბიბლიოთეკაში არა მარტო კითხვა, არამედ საგნების, მოვლენების, საქმის და ყველაფრის ადვილად სტრუქტურიზებაც ვისწავლე.

ბავშვობაში ასანთებით თამაში მიყვარდა, ვერაფრით გამაგებინეს რომ შეიძლება რამე დამეშავებინა თავისთვის, ჯიუტად ვამტკიცებდი რომ ცეცხლი არ წვავს, ამიტომ მამაჩემმა ასანთი აანთო, თითი დამწვა და მითხრა რაც არ გკლავს ის გაძლიერებსო. ბევრი ვიტირე და მალე შემიხორცდა, სამაგიეროდ ცოცხალი ვარ და მახსოვს, რომ რაც არ მკლავს მაძლიერებს. მამაჩემი სკოლაში ხაზვას და შრომას ასწავლიდა. ხაზვის კლასში სპეციალური ძველებური ხის მაგიდები იდგა, ზემოდან სახაზავი პლანშეტით და კედელზე გასაცურებელი სამდონიანი დაფა ეკიდა. ამ ოთახიდან შეგეძლო გასულიყავი შრომის ოთახში, რომელიც არცერთი სხვა სკოლის შრომის ოთახს არ გავდა რაც მინახავს. ბევრი დაზგა და ინსტრუმენტი იყო, საღებავის და ფოსფორის სუნი იდგა. მე ბოლო მერხზე ვიჯექი ხოლმე, წინ ფურცელი და ფანქრები მელაგა, ვცდილობდი დამეხაზა დავალება სხვებთან ერთად. 5 წლის რომ გავხდი დაბადებისდღეზე თავისი ხელით გაკეთებული სახაზავი პლანშეტი მაჩუქა, მომდევნო ხაზვის გაკვეთილზე კი მოვიდა და წინ ფარგალი დამიდო. მისთვის ეს ნიშნავდა, რომ გავიზარდე და ახლა შემეძლო ფარგალი თვალში არ გამეყარა, მაგრამ ჩემთვის ეს ემოცია იყო განუმეორებელი, პირველი გაცნობიერებული სიამაყის შეგრძნება. შრომის გაკვეთილზე ასწავლიდა ყველაფერს, ნათურის გამოცვლით და ლურსმნის დაჭედებიდან დაწყებული, ხის კონსტრუქციების აგებით და მათზე ორნამენტების ამოწვით დამთავრებული. ამიტომ უკვე 10 წლის ასაკში კარგად ვიცოდი, როგორ დამეხაზა და ამეგო ნებისმიერი კონსტრუქცია, სამუშაო იარაღებსაც საკმაოდ კარგად მოვიხმარდი. ზაფხულში მამაჩემს საზაფხულო ბანაკები ქონდა და ლაშქრობებში დაყავდა ბავშვები, იქ გვასწავლიდა, როგორ უნდა გაგვეგნო გზა კომპასის გარეშე, გამოგვეცნო დღის რა დრო იყო, როგორ წაგვეკითხა რუკა და აგვენთო კოცონი. სოფელში რომ მივდიოდით მასწავლიდა როგორ უნდა დამებარა, დამეთესა, გამემარგლა და მომეარა მცენარეებისთვის, ბოსტნეულისთვის, მწვანილსთვის. ყველაზე მეტად ხეებზე ძრომიალი მომწონდა, ამიტომ კრეფის დროს მე ყოველთვის ვკრეფდი. სულ პატარა ვიყავი როცა საჭესთან ჯდომისას მუხლებზე მისვამდა, მერე საჭეს ხელს უშვებდა ხოლმე. ერთ დღეს მასწავლა სიჩქარეები როგორ ირთვებოდა და საჭესთან დამსვა. მე და მამას გვქონდა თამაში, ახალ ფილმს რომ ვუყურებდით მერე უნდა დაგვესვა ერთმანეთისთვის შეკითხვები, მაგალითად “რა დრო იყო კედელზე X სცენაში”, “რა ფერის მაისური ეცვა X გმირს სადილობისას” და ა.შ. ასე მასწავლა დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა.  მამაჩემი იყო ერთადერთი ადამიანი რომელმაც ჩემ მიერ ცხოვრებაში პირველად მომზადებულ კერძზე თქვა, რომ მომკლას მაინც ვჭამო და მოიწამლა ))) ის არის ადამიანი, რომლის გამოც უბრალოდ ცოცხალი გადავრჩები ალბათ ყველგან და არ დავიწყებ ტირილს თუ სახლში წყლის მილი გასკდება როგორც მინიმუმ ))

ბიძაჩემი მონადირე იყო და ზაფხულობით დავყავდი ხოლმე მწყერზე სანადიროდ, მასწავლიდა როგორ ამეღო კვალი და როგორ გამერჩია სხვადასხვა ცხოველის ნაკვალევი ერთმანეთისგან. დღემდე არ ვიცი სტვენა 😦 საერთოდ ვერ ვუსტვენ, ამიტომ ვერაფრით მასწავლა ჩიტების ხმების განსახიერება, თუმცა ვიცი მათი ერთმანეთისგან გარჩევა, მიზანში კარგად სროლა, ცხენზე ჯირითი და ნანადირევის სწრაფად გატყავება.

ბაბუშკამ მასწავლა ველური მცენარეების სახელები, რისი ნახარში რისთვის გამოიყენება, სოკოების ცნობა, გემრიელი კერძების მომზადება, არყის გამოხდა და ყველაზე გემრიელი მარინადების კეთება ))

ადრე ჩემს იტალიურ ეზოში 13 ოჯახი ცხოვრობდა. მეზობლებს ჩემზე ორი წლით უფროსი შვილი ყავდათ – ლენა. მამამისი იყო ფანტასტიკის და მუსიკის მოყვარული, სულ ქონდა რაღაც ფირფიტები და კასეტები სხვადასხვა ჯგუფების და სანამ ჩვენ ვთამაშობდით ოთახში გვასმენინებდა ხოლმე, ვუსმენდით ძირითადად დევიდ ბოუვის და პინკ ფლოიდს. ერთხელაც ლენამ მომცა კასეტა რომელსაც ეწერა Sex Pistols 🙂

ჩემი რუსულენოვანი ინგლისურის მასწავლებლის სახლის კარზე ვუდსტოკის ცნობილი პლაკატი ეხატა და გარშემო კედელზე ცისარტყელას მსგავსი ფერადი ოღონდ დაკლაკნილი გამოსახულებები იყო მიხატული )))) პირველ გაკვეთილზე მასწავლა დაკაკუნების წესი, რომელიც მორზეს ენაზე ნიშნავს SOS ))) მას შემდეგ მასწავლიდა ინგლისურს რუსულად, მიყვებოდა 60-იანი წლების როკ ჯგუფებზე, შიგადაშიგ მასწავლიდა მორზეს ანბანს და კარს არ აღებდა სანამ სწორად არ დავაკაკუნებდი ))) ინგლისურად მელაპარაკებოდა რატომ იყო ათეისტი, ვსაუბრობდით ამ ცხოვრების ამაოებაზე, ჩვენს ღირებულებებზე და სახლში დავალებად ცნობილი როკ ჯგუფების სიმღერის ტექსტებს მაძლევდა )))

ჩემს მუსიკის მასწავლებელს სჯეროდა, რომ ადამიანს ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევა უნდა შეძლებოდა მიზნის მისაღწევად და რომ ყველაფერია შესაძლებელი თუ ეს ნამდვილად გინდა. ამიტომ როცა მასთან მივდიოდი გაკვეთილზე, თვალებს მიხვევდა, ხელზე ნაქსოვ ხელთათმანებს მაცმევდა, თავზე, მხრებზე და ხელის მტევნებზე მონეტებს მალაგებდა და მე უნდა დამეკრა უშეცდომოდ, ძალიან სწრაფი ეტიუდი ისე რომ მონეტები არ ჩამოვარდნილიყო. ასე დავასრულე ათწლედი 7 წელიწადში, დავუკარი სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან 6 წლის ასაკში, მოვიპოვე წლის ვირტუოზის დიპლომი ყველა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს მასშტაბით და 9 წლის ასაკში მქონდა ყველაზე ცოტა კონცერტი ერთი წლის განმავლობაში – სულ რაღაც 13 🙂

უკვე ვმკურნალობდი ეპილეფსიას, დედაჩემმა იმედით რომ ექიმები ცდებოდნენ, ერთ ცნობილ ტვინის ფიზიოლოგთან მიმიყვანა. ამ კაცმა დიაგნოზი კი დაადასტურა, მაგრამ დედაჩემს მიუბრუნდა და უთხრა, რომ მის ადგილას ჩემი ეპილეფსიის მკურნალობას არ დაიწყებდა მედიკამენტოზური მეთოდით, მე უფრო ფსიქოლოგი დამჭირდებოდა, რომელიც ჩემი მდგომარეობის მიღებაში და მასთან გამკლავებაში დამეხმარებოდა. მე სულ არ ვუმკურნალებდი თქვენს ადგილას, ისეთი ჰალუცინაციები აქვს უფრო LSD-ს ეფექტს გავს და თუ მისი ფსიქიკა გაუმკლავდება ამ მდგომარეობას, შეიძლება ძალიან კარგადაც გამოიყენოსო. კარგია, რომ ოთახიდან არ გამომიშვა როცა ამას ამბობდა. მისი სიტყვები ძალიან დამეხმარა რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მკურნალობა შევწყვიტე, თუნდაც არ ყოფილიყო მართალი, რწმენა, რომ ამ მდგომარეობასთან გამკლავება შესაძლებელია დღემდე მაძლევს ძალას “რელსებზე” დავბრუნდე, როცა “მივდივარ”.

ერთი ბიჭი მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და მასთან ერთად საცხოვრებლად გადავედი ერთ პატარა ბინაში ასე 10 წლის წინ. ყოველ საღამოს ყველაზე აღვირახსნილ და არაფხიზელ წვეულებებს ვაწყობდით. ყველა წესს ვარღვევდით და ყველაფერს ვაკეთებდით რაც მშობლების აზრით არცერთმა ახალგაზრდამ არ უნდა გააკეთოს ))) ეს იყო ყველაზე არაფხიზელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა გავსინჯე და ვცადე ყველაფერი, ერთდროულად, უზომო რაოდენობით, როცა მართლა გავიზარდე, გავხდი დამოუკიდებელი და ვისწავლე გადაწყვეტილებების მიღება, მართალია მერე ამ ბიჭს ცოლად გავყევი და ერთ თვეში დავიშალეთ, მაგრამ დამოუკიდებლად მიღებული პირველი გადაწყვეტილებებიდან ყველა არ შეიძლება იყოს უნაკლო, ასე რომ, ამ ბოლოს გარდა არაფერს ვნანობ. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ როცა შეცდომას მიხვდები დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედო და გზა განაგრძო. ფორტეპიანოზე თვალებახვეულ დაკვრას გავს ნაქსოვი ხელთათმანებით, ხელები გისხლტის კლავიშებზე, სუნთქვასაც კი აკონტროლებ, მონეტები რომ არ ჩამოგეყაროს. თუ პირველივე შეცდომაზე მოიხსენი თვალსახვევი, ვერასდროს გაიგებ შეძლებდი თუ არა დაგეკრა იდეალურად ნებისმიერ პირობებში. საკუთარი თავის ერთგულებაც ასევეა, შეცდომებს არასდროს უნდა მისცე უფლება დაგაკარგვინონ მიზანი.

ერთი მოხუცებული მხატვარი იყო, რომელსაც შემთხვევით, გამოფენისთვის სამზადისისას მივაგენი. პატარა სარდაფი ქონდა სახელოსნოდ გადაკეთებული, სკულპტურებით და ნახატებით იყო სავსე. გამოფენის შემდეგაც ხშირად მივდიოდი ხოლმე მასთან, ჩაის ვსვამდით და ვსაუბროდით ხელოვნებაზე. ხანდახან უბრალოდ საათობით ვიყავით 10 კვადრატულ ოთახში ისე, რომ ხმასაც არ ვიღებდით და უბრალოდ ვხატავდით საერთო ნახატს. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ არასდროს აღარ ვნახავდი. ამ ურთიერთობამ მასწავლა, რომ აუცილებელი არ არის ურთიერთობები განისაზღვროს სახელებით, კლიშეებით და სტანდარტებით. შესაძლებელია ურთიერთობას არაფერი არ ერქვას და ხანდახან ვერბალურიც კი არ იყოს, ან უფრო ზუსტად ურთიერთობაც კი არ იყოს. ორი უცნობი ადამიანის შეხვედრები ჩაიზე და უბრალოდ ხატვა საერთო ფურცელზე. ხანდახან ყველაფერი მარტივი და დროებითია, რითაც შეგიძლია დატკბე.

ჩემი მეგობრებისგან ვისწავლე, რომ მაგრად უნდა ჩავეჭიდო ყველა ახალ ადამიანს, ვინც ჩემში ახლობელი სულის შეგრძნებას აღძრავს, იმიტომ რომ ის შეიძლება ჩემი ნამდვილი და ყველაზე ახლო მეგობარია, უბრალოდ ჯერ არ ვიცნობ კარგად. ქიმიასავით არის რომელიც ვნების დროს გიჩნდება, მაგრამ თვისობრივად განსხვავებული, უფრო გაელვებაა გონების დონეზე და ვნება არ ახლავს თან. ყველა მეგობართან მქონდა ეს გაელვება და არცერთი მომავალი მეგობრის დაკარგვა არ მინდა ისე, რომ შანსიც არ მივცე იგრძნოს იგივე, თუნდაც მან ეს ჯერ არ იცოდეს.

ჩემი დიდი სიყვარული, მან შემქმნა ადამიანად, რომელიც არასდროს ამბობს არასდროს. არასდროს ვიფიქრებდი, რომ მე კიდევ შევქმნიდი ოჯახს. ვფიქრობდი, რომ მარტოხელა ტიპის ადამიანი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ არასდროს მომეწონებოდა ბიჭი პირველივე ნახვით, არასდროს ვიმოგზაურებდი უცხო ადამიანთან ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორემდე და არ მექნებოდა რომანტიკული პირველი კოცნა ზღვის სანაპიროზე მოგზაურობის დასასრულს. ყოველთვის მეგონა, რომ რომანტიკაზე გადაჭარბებული წარმოდგენა ქონდათ და “ნამდვილი” სიყვარული არ არსებობს. რთულად, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მასწავლა არის ადამიანი შენს ზურგში, რომელსაც ბოლომდე შეგიძლია ენდო და დარწმუნებული იყო, სამყაროს დასასრულსაც კი შენს გვერდში იქნება, ყველაზე დიდი დამნაშავეც რომ იყო სიტუაციის. მასწავლა, რომ არასდროს იცი როგორ იფიქრებ ან რას გააკეთებ ხვალ 🙂

გენეზისი

5 Comments

ეს პოსტი ჩემი ყველაზე დიდი ქამინგაუთია. დღეს 15 იანვარია, 2014 წელი, მე ვზივარ საკუთარ ოთახში, თავი მისკდება, მგონია რომ ახლა ყიფლიბანდი უნდა გაიხსნას და იქიდან ჩემი მეორე მე ამოვიდეს, ეს არის ახალი მეს დაბადების წინასამშობიარო სპაზმები. უკვე ვეღარ ვუძლებ კოშმარებს, ჩემს არამდგრად ფსიქიკურ მდგომარეობას. სარკეში რომ ვიხედები, ჩემი ინდეფერენტული გამომეტყველების მიღმა ვხედავ როგორ მაქვს ფართედ გაღებული პირი და უხმოდ ვყვირი საშველად. ოდესღაც ჩემი ეს მეორე რეალობა განვაცალკევე. განსხვავებულ პიროვნებად გამოვაცხადე, დავარქვი ჩემი დემონი და ძალიან დიდი ხანი მასთან ერთად ვიცხოვრე. 9 წელი, 7 თვე და 12 დღე გავიდა, იმ დღიდან როცა არაფერი მახსოვდა. თავიდან ეს იყო თანაცხოვრება ჩემს დემონთან, მერე გადაიქცა რთულ თანაცხოვრებად, კოშმარად, აუტანლად. ბოლო თვეები ჩემი დემონი იბრძვის რომ სრულად შემერწყას და ეს საბოლოოდ მანადგურებს, მე, ჩემ მიერ განცალკევებულ პირვანდელ პიროვნებას.

fortean_times_9571_7

გენეზისი

17 წლის ასაკში დამისვეს ეპილეფსიის დიაგნოზი. იმ ფორმის რომელსაც თან ახლავს ჰალუცინაციები. ეს შეიძლება იყოს ფერების სხვაგვარად აღქმა, პირში გემო რომელიც არაადეკვატურია და საკვებს ან სუნს არ უკავშირდება, ხმა რომელიც შეუძლებელია გესმოდეს, მეხსიერების ჩავარდნები. დეჟავუ, რომელიც უკვე ყოველდღიური და ჩვეულებრივი მოვლენაა, ჟემავუ, შეგრძნება როდესაც იცი რომ იცოდი, მაგრამ არ იცი, რეალობის შეგრძნების დაკარგვა, დამახინჯებული მეხსიერება. რაღაც რაც როგორც ირკვევა არ მომხდარა არასდროს, მაგრამ შენ გახსოვს და შეგიძლია დაიფიცო რომ ეს სიმართლეა და ა.შ. რთულია ყველაფრის აღწერა რითაც მე ყოველდღიურად ვცხოვრობ და რაც შეადგენს ჩემს ცხოვრებას, ჩემს განცალკევებულ დემონს. შუალედებში ის რაც რეალობა და სინამდვილეა, სხვის მიერ დადასტურებული და გადამოწმებული, ვარ მე, პირვანდელი პიროვნება.

ყველაფერი დაიწყო ბევრად უფრო ადრე 17 წლამდე. როდესაც მე არ შემეძლო ზუსტად მეთქვა რა საგანი მედგა წინ ჭიქის ყურებისას, ვფიქრობდი რომ ვსაუბრობდი, როდესაც ვიყავი სრულიან ჩუმად. ვფიქრობდი რომ არ ვსაუბრობდი და ვფიქრობდი, როდესაც ვესაუბრებოდი მეგობარს. ვიდექი ქუჩაში და რამდენიმე წამით ვერ ვიხსენებდი როგორ მოვხვდი აქ. მერე იყო პანიკა რომ იკარგები, ერთადერთი რასაც აცნობიერებ ამ მომენტში ისაა რომ უნდა იცოდე სად ხარ, რას უყურებ, როგორ მოხვდი აქ და რა ხდება შენს გარშემო, მაგრამ არ გახსოვს არც სახელი, არც დრო, აღარ არსებობს სივრცე და არ ხარ დარწმუნებული არაფერში, მერე არის პანიკა, რომელიც ძლიერდება, მერე დგება აურა, მდგომარეობა როცა ყველაფერს ხვდები, მაგრამ აბსტრაქტულად, სახელს ვერ არქმევ მაგრამ ზუსტად იცი რა ხდება და რა მოხდება ამ წამს. თითოქს შენელებული, ჰაერში გამოკიდებული მდგომარეობაა, წამის მეასედით გამოდიხარ სხეულიდან და შენს თავს ხედავ გვერდიდან, სანამ სივრცეში არ ჩნდება პირველი შავი წერტილი, როგორც ეკრანზე მკვდარი პიქსელი, მერე მეორე შავი წერტილი, სანამ ყველაფერი პატარა შავი წერტილებით არ იფარება და გონებას კარგავ. როცა გონს მოდიხარ ჯერ გესმის ხმები, მერე გიბრუნდება გრძნობა და თვალებს ახელ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ სუნთქავ. პანიკა გეწყება რომ ვერ სუნთქავ და ახლა უნდა გაიგუდო. თუ ფეხზე ვერ დგები, ხოხვით მიდიხარ გასასვლელისკენ, სრულიად ინსტინქტურად, გადიხარ გარეთ, იხედები მაღლა, რომ დაინახო ცა და აკეთებ პირველ ღრმა შესუნთქვას. მერე გახსენდება რომ როცა გონება გქონდა დაკარგული, სანამ ხმებს გაიგებდი შენთვის ყველაფერი გაგრძელდა. ალტერნატიული გაგრძელება იყო, შავმა წერტილებმა დაფარა ყველაფერი, შენ დაბრუნდი შენს სხეულში რომელსაც გვერდიდან ხედავდი და განაგრძე მოძრაობა სივრცეში სადაც ყველაფერმა დაიწყო აზრის დაბრუნება, ჯერ გაგახსენდა საგნების ფორმის სახელები, რომელსაც ხედავდი, მერე გაიხსენებ ფერები, საგნები, გაიხსენე სად ხარ, ვინ ხარ და როგორ მოხვდი აქ. როდესაც ყველაფერი გაგახსენდა, გაიგონე ხმა, რომელიც ამ ალტერნატიულ რეალობაში იყო ზედმეტი, გაგახსენდა მდგომარეობა – აურა, როდესაც ყველაფერი ეს აბსტრაქტულად შეგრძნების დონეზე გააცნობიერე და მიხვდი რომ ეს რეალური არ იყო, ამიტომ გონებით ჩაეჭიდე ამ ხმას, ჯერ სიტყვებს ვერ არჩევ, მერე გესმის რომ შენ სახელს იძახიან და გთხოვენ გონს მოხვიდე, კიდევ უფრო ეჭიდები ხმას და ისევ სიბნელეა, მერე გრძნობ შეხებას და ხვდები რომ დაბრუნდი, თვალს ახელ, მაგრამ ვერ სუნთქავ, ამიტომ გარბიხარ რომ გათავისუფლდე იმ სივრცისგან რომელიც გაწვება თითქოს უნდა გაგჭყლიტოს, შენ გჭირდება სივრცე რომ ჩაისუნთქო. როცა ამას აცნობიერებ ახლადგონზემოსული, ფაქტობრივად 1 წამში, გაელვებასავით, კუჭი ვერ უძლებს და უახლოესი ტუალეტისკენ გარბიხარ, გული გერევა.

გონების გახშირებული დაკარგვის გამო მიმიყვანეს ექიმთან, ჯერ ეგონათ კისტა ან სიმსივნე, შემდეგ ფსიქიკური აშლილობა, როცა ყველაფერი გამოირიცხა ენცეფოლოგრამა გამიკეთეს და დამისვეს ეპილეფსიის იმ ფორმის დიაგნოზი, რომელსაც თან არ ახლავს კრუნჩხვები, თუმცა ძლიერი ჰალუცინაციები ხანდახან გონების დაკარგვას იწვევს. მე ვიტყოდი არა ძლიერი ჰალუცინაციები, არამედ პანიკა, რომელსაც ეს ძლიერი ჰალუცინაციები იწვევს. დამინიშნეს მკურნალობა – ფინლეპსინი. ამ პრეპარატს 2 წელი და 6 თვე ვსვამდი. თავიდან მეხსიერების ჩავარდნებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, მერე უყურადღებოდ ვეღარ ვტოვებდი. ბოლო ერთი წელი კი თითქმის არ მახსოვს თუ არ ჩავთვლით საუზმეს და ვახშამს. თუ გაქვთ ნანახი ფილმი პეპლის ეფექტი, ძალიან გავდა იმას რასაც განვიცდიდი ყოველდღიურად. ეს არ იყო ამნეზია, უბრალოდ ღამით როდესაც მეორე დოზას ვიღებდი მთელი დღე ჩემი თავიდან იშლებოდა რაღაც დროიდან და ეს ორი წერტილი ერთმანეთს ეკვროდა, თითქოს შუაში არაფერი არ იყო და მე მქონდა შეგრძნება თითქოს ტელეპორტაცია განვიცადე დროსა და სირვცეში. მაშინ დავიწყე დღიურის წარმოება, ყველაფერს ვიწერდი რაც ხდებოდა დღის განმავლობაში, საათებით, დღეებით და ყველაზე უმნიშვნელო მოვლენებითაც კი. ერთი წლის სტრესის შემდეგ მივხვდი რომ ვეღარ გავუმკლავდებოდი ასე ცხოვრებას, ან რა აზრი ქონდა ჰალუცინაციების გარეშე ცხოვრებას თუ ეს ცხოვრება არ მემახსოვრებოდა და მარტო დღიურებიდან მომიწევდა მისი კითხვა. ასე ვთქვი უარი ყველანაირ მკურნალობაზე და დახმარებისთვის მივმართე ფსიქოლოგს.

ჩემი თხოვნა ამბიციური აღმოჩნდა. ჩემი ჰალუცინაციების მართვა მინდოდა მესწავლა. მაგრამ შესაძლებელი მხოლოდ ის აღმოჩნდა რომ მისი გარჩევა შემძლებოდა რეალობისგან. ამისთვის საჭირო იყო სქემები. სახლის, ქუჩის, ადამიანის, მცენარის, ცხოველის, მანქანის, საგნების, მოვლენების, რომელიც ყოველდღიურად ჩვენს გარშემოა. ყველა მათგანს აქვს სქემა, ფორმულა რომელიც არის ძირეული და არ იცვლება. თუ ამ სქემებს შექმნი და ყოველდღიუად ივარჯიშებ შეძლებ გაარჩიო ჰალუცინაცია რეალობისგან და აბსოლუტურად ინსტინქტურად დაიწყო მათი აგება, მაშინ როდესაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილის არსის აღქმის უნარს დაკარგავ.

და აი ასე გაჩნდა ჩემი დემონი მე, ადამიანი ალტერნატიული, არარსებული, ჰალუცინაციური რეალობიდან, როცა ის ჩნდება, ჩემი პირვანდელი მე მხოლოდ ამ სქემების იმედადაა. ყველაფერი გარშემო იქცა ფორმულებად, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტია და მათთან ერთად ჩემი სიზმრებიც კოშმარებად იქცევა, რომლებსაც ვეღარ ვუძლებ. ყოველ დილით გულისრევის მძაფრი შეგრძნება მაღვიძებს და ღამით მომდევნო კოშმარის ნახვის შიში არ მაძლევს დაძინების საშუალებას.

ოდესღაც როცა ჩემი დემონი შევქმენი, ამაზე საუბარი შევწყვიტე გარშემომყოფებთან, იმიტომ რომ ეს უსიამოვნოა, ეს იწვევს ზედმეტ ყურადღებას და განსაკუთრებულ მოპყრობას, ეს იწვევს უნდობლობას ადამიანების გულწრფელობაში და მათი კეთილგანწყობით სარგებლობის ცდუნებას, რომელსაც ძალიან რთულია გაუძლო და მუდამ არ ესაუბრო იმაზე როგორ გრძნობ თავს, იმიტომ რომ ამის ძლიერი დეფიციტი გაქვს. შენი მდგომარეობა აუტანელია და მისი გაზიარება ნარკოტიკივით მოქმედებს, თუნდაც ეს საერთოდ არ გეხმარებოდეს. ამ ცდუნებას ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად ვუმკლავდები, მაგრამ მთავარი მიზეზი რატომაც დავწერე ყველაფერი ასე დეტალურად, ისაა რომ უკვე ვეღარ ვუძლებ, მე მჭირდება დახმარება, იმიტომ რომ დავიღალე და მინდა ეს ყველაფერი უბრალოდ დამთავრდეს, რაც დრო გადის უფრო მეტად სულერთია როგორ, იმიტომ რომ საერთოდ აღარ მაქვს ძალა შევეწინააღმდეგო ჩემ დემონს, რომელიც ჩემს პირვანდელ მესთან საბოლოოდ აპირებს შერწყმას. ჩემს წარმოსახვაში ეს განცალკევება ყოველთვის გულისხმობდა გადარჩენას, სანამ ის ჩემგან შორს იყო მე დაცულად ვიყავი. მაშინებს ის, რომ ჩემი დემონი სინამდვილეში მე ვარ, ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის, ის არასდროს ყოფილა ცალკე მდგომი, მხოლოდ იმიტომ რომ მე მას სხვა სახელი დავარქვი.

IM000782.JPG

%d bloggers like this: