ყველა ოცნებობს მოგზაურობაზე, თავისებურად. ვიღაცას კოსმოსში სურს გაფრენა, დროში მოგზაურობა, მოგზაურობა შოპინგისთვის, მუზეუმებისთვის, სასმელისთვის, ქალებისთვის, სპორტისთვის ან მუსიკისთვის. სინამდვილეში ყველას ერთი მიზეზი აქვს მოგზაურობისას – სიამოვნება, გულისაჩქარება, ეიფორია. განსხვავება მხოლოდ საშუალებებშია. ჩემი სიამოვნების მწვერვალი ხელუხლებელი ბუნებაშია, სუფთა ჰაერში, რომელიც ფილტვებს გტკენს ჩასუნთქვისას, უჩვეულო ტენში, რომელსაც კანით გრძნობ და ხედი, რომლის ესთეტიკაც გაშეშებს, სუნთქვას გიჩერებს, გრძნობას გაკარგვინებს და მიწა გეცლება ფეხქვეშ, თვალსაც აღარ ახამხამებ და თავბრუსხვევამდე მიდიხარ, მაგრამ გაუნძრევლად დგახარ, იმიტომ რომ ამ ხედისთვის შეგიძლია მოკვდე კიდეც.
მოგზაურობას კუნძულ ბორნეოდან დავიწყებდი, სადაც მე წინა რეინკარნაციაში დავიბადე და უდარდელად ვიცხოვრე, მერე დიდ ბარიერულ რიფში ყველაზე არაადამიანურ მოგზაურობას მოვიწყობდი წყალქვეშ
იქიდან წავიდოდი ინდოეთში და ანაპურნას მთას თუ ვერ დავიპყრობდი მინიმუმ 2573 მეტრის სიმაღლიდან ვნახავდი ამ ხედს. მერე ალბათ ვეღარაფერი შემაჩერებდა სიკვდილის გარდა რომელიმე მწერვალი მაინც არ დამეპყრო, სიმაღლის და გაშლილი სივრცის შიშიც.
და თუ ცოცხალი დავბრუნდებოდი, აუცილებლად წავიდოდი ჩინეთში. არ ვნახავდი ჩინეთის დიდ კედელს, შენობებს და ქალაქებს. აუცილებლად წავიდოდი რომელიმე მიყრუებულ სოფელში და რამდენიმე დღე გაუნძრევლად ვიჯდებოდი რომ ბრინჯის მინდვრებისთვის მეყურებინა.
იქედან პირდაპირ ბენქსის რეგიონში წავიდოდი სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ტყის სანახავად, რომელიც გიგანტური გამოქვაბულის სისტემას შეადგენს და 5 მილიონ წელს ითვლის
ჩინეთიდან გზას ალიასკაში გავაგრძელებდი, სადაც ყინულის გამოქვაბულს ვნახავდი
ალიასკიდან მექსიკაში იუკატანის მიწისქვეშა გამოქვაბულში ვიმოგზაურებდი
მოგზაურობის შუა გზაზე ჩემთვის ყველაზე ლამაზ ადგილს ვნახავდი, რომელიც სულ ღრუბლებს ზემოთ არის, რომელსაც ეძახიან დაკარგულ ქვეყანას, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი სამყაროში, სამხრეთ ამერიკაში რორაიმას მთაზე აუცილებლად მოვხვდებოდი
იქიდან პირდაპირ აფრიკაში მოსი ოა ტუნიას სანახავად წავიდოდი
აფრიკიდან ევროპის დიდ ნაწილს მთლიანად გამოვტოვებდი, მეტიც, მძინარე გადავუფრენდი, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზ სანაპიროზე შევხვედროდი მზის ამოსვლას, ირლანდიის ქვიან, ჯადოსნურ და საკრალურ სანაპიროზე.
და ბოლოს მოგზაურობის დასასრულს ჩრდილოეთით ნორვეგიაში დავბანაკდებოდი, სადმე გორაკის წვერზე კარავში, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მენახა პოლარული ციალი