
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და თოვლი. ახლა არცერთი. ფეხბურთი მიყვარდა იმიტომ რომ ერთხელ კიკეთში ვისვენებდით და იქ ჩემზე დიდი, ლამაზი და ფეხბურთელი ბიჭი მომწონდა. თოვლი მიყვარდა იმიტომ რომ როგორცკი მოთოვდა და მაშინ თოვლი უფრო მშრალი, უფრო თეთრი, უფრო დიდხანს და უფრო ბევრი იყო ვიდრე დღეს არის. ქუჩა მთლიანად იფარებოდა ხოლმე თოვლით და მამაჩემს გამოქონდა სარდაფიდან ჩემი ფერადი ხისდასაჯდომიანი ციგა, ავივლიდით ქუჩას და სულ მაღლა რომ მივიდოდით დამსვავდა და გამიშვებდა, თვითონ ფეხით და სრიალ-სრიალით მომყვებოდა უკან და იქიდან ხელში აყვანილი ამოვყავდი. რომ მოსაღამოვდებოდა ჩამიყვანდა ქუჩის ბოლოს ბაღში, კარგად გემრიელად ვიგუნდავებდით და მე დაღლილ-დაქანცული და ის არ ვიცი, მიჭირს წარმოდგენა რა მდგომარეობაში ვბრუნდებოდით სახლში.
ძალიან სასაცილო ბავშვი ვიყავი. მახსოვს რამეს რომ დავაშავებდი, მე თვითონ მივდიოდი ხოლმე და კუთხეში ვდგებოდი, სანამ არ მეტყოდნენ რომ მაპატიეს. ნუ ახლა არ მახსოვს, მაგრამ როგორც დედა მიყვება სულ პირველად რაღაც დამიშავებია და მამამ რომ დამაყენა კუთხეში ეგ იყო და ეგ, იმის მერე თქმაც არ მჭირდებოდა. ისე დღესაც ასე ვარ როცა ვაშავებ (თუ მივხვდი) ვაღიარებ და ბოდიშს ვიხდი. ზრდილობისთვის არა, არც მაშინ ვიდექი ზრდილობისთვის იმ კუთხეში გულითადად ვნანობდი :დ ჰო ძალიან სახალისოდ დავიწყე პოსტი, მაგრამ რატომღაც ჩემს თავს ასე კუთხეში ატუზულს და საჯდომზე ხელებდაწყობილს რომ წარმოვიდგენ სახით კედლისკენ ძალიან მეცინება.
5 წლის რომ გავხდი სკოლაში მინდა უკვე დიდი ვარ როგორ ვერ გაიგეთთქო გამოვედი სიტყვით, ჰოდა კარგი ცეკვაზე შეგიყვანთო. დავთანხმდი, რომელზე გინდაო? ბავშვობიდან მიყვარს ბალეტი. აი მაშინაც კი შემეძლო საათობით მეყურებინა ბალეტისთვის, ჰოდა არც მიფიქრია ისე მივიღე გადაწყვეტილება. მიმიყვანეს. მაგრამ ამ ქორეოგრაფმა დამინახა თუ არა უარი უთხრა ჩემებს, ძალიან პატარა არისო (არ ვიცი ასაკი იგულისხმა თუ სიმაღლე, ალბათ სიმაღლე) ჰოდა ეს თურმე მე გავიგე და დავიწყე
– მე რომ დიდი გავიზრდები და ისეთი ცნობილი გავხდები როგორიც ნინო ანანიაშვილია მერე მეტყვი მიგიღებო და მე არ მოვალ! (აქ დავუბღვირე)
ამიყვანა. ნინო ანანიაშვილივით ცნობილი მაინც არ გამოვედი, ალბათ არ უნდა ავეყვანე.
სკოლაში 90 წელს შევედი, ფორმა არ მცმია. მე ვცხოვრობ პლეხანოვზე, სკოლაში ვერაზე დავდიოდი, ჰოდა მე და მამაჩემი ასე ხელიხელჩაკიდებული, ფეხით გადავივლიდით მარჯანიშვილის ხიდს, სანაპიროს მხრიდან ვერის ბაღში რომ კიბეები ადის იმას ავუყვებოდით და ვერის ბაღის გადავლით მივდიოდით სკოლაში, ფილარმონიის უკან იყო. არადა პატარა არ ვიყავი 6 წლის უკვე და სხვა დეტალები კარგად მახსოვს იმ პერიოდიდან, მაგრამ მახსოვს, რომ გზაში არასდროს შემშინებია, არ ვიცი როგორ ახერხებდა იმ ტყვიების წვიმაში ასეთ საშიშ ადგილებზე გაგვეარა და ასე მშვიდად და მხიარულად მივეყვანე სკოლამდე.
იმ პერიოდში რა დასამალია და ყველას უჭირდა, ნუ 99.99% -ს. ბიბლიოთეკარი დედით და მასწავლებელი მამით ჩვენც, არ მახსოვს ვინმესგან ისესხეს თუ ნანატრი ხელფასი აიღო რომელიმემ, მაგრამ მახსოვს რომ ბაზარში წავედით მე და მამა საჭმელი უნდა გვეყიდა. საერთოდ არასდროს არ ვამბობდი ხოლმე “მიყიდეეეე, მიყიდეეე” იმიტომ არა რომ მესმოდა მაშინ რატომ ვერ მიყიდიდნენ, უბრალოდ აი თითქმის არაფერი მომწონდა, არჩევანიც არ იყო მაინცდამაინც დიდი. ზუსტად ამ ბოლო კაპიკებით ხელში რომ ვიდექით ბაზარში მაშინ მომეწონა შლაპა. აუ მამ მიყიდეთქო. მიყიდა. მაშინ ვერ მივხვდი რატომ აღარ ვიყიდეთ საჭმელი, მაგრამ სახლში ძალიან ბედნიერი დავბრუნდი. რომ მოვედით ცარიელი ხელებით და თავზე შლაპით დედამ მახსოვს იკითხა არაფერი იყიდეთო? მამამ უპასუხა შლაპა მოეწონა და უარი ვერ ვუთხარიო. დავსხედით მაგიდასთან. დედამ გააწყო, თეფშები დაალაგა, ჩანგლებიც, ქუდი შეიძლება მოგხადოო? კითქო. დადო ეს შლაპა შუა მაგიდაზე, თვითონაც მოგვიჯდა და ჰა დავიწყოთო? მერე სამივემ ბევრი ვიცინეთ. მაგრამ იმის მერე აღარასდროს გამიკეთებია იგივე, ასე მხიარულად ამიხსნეს რა იყო პრიორიტეტული ამ ცხოვრებაში, შლაპა თუ მშიერი კუჭი. ახლა რომ ვუფიქრდები და მათ ადგილას ვაყენებ საკუთარ თავს მეშინია, რომ მე ვერასოდეს ვიქნები ისეთი კარგი მშობელი როგორებიც ისინი არიან ჩემთვის.
ბავშვობაში ხშირად ვისვენებდით ოჯახით კისლავოდსკში. ნუ სანამ თავზე დაგვენგრეოდა სიმწრით ნაშენები საბჭოთა კავშირი )))) როგორც ახლა, არც მაშინ მითუმეტეს მღალატობდა ფანტაზია და ტყეში როცა ვსეირნობდი ხოლმე დედასთან ერთად მეგონა რომ ხეებს და ცხოველებს ჩემი ესმოდათ, მაგრამ იქ იყო ერთი დიდი გადაჭრილი ხე რომელიც ბაბა-იაგას სახლი მეგონა. ვერ წარმოიდგენთ როგორ მეშინოდა იმ გადაჭრილი ხის. მახსოვს რომ ერთხელ დედამ მითხრა, მოდი სტუმრად მივიდეთ ბაბა-იაგასთანო. წარმოიდგინე ამ ტყეში სულ მარტოა და იქნებ მოწყენილიაო, ამიყვანა ხელში და დამაყენა ამ გადაჭრილ ხეზე. როგორ მახსოვს ეგ უმწოების შეგრძნება ხელები გავიშვირე და ნიკაპი ამიკანკალდა. მაგრამ არ ჩამომსვა. რამდენიმე წუთში არაფერი რომ არ მოხდა გავჩერდი, გავოგნდი და არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნება, აღმოჩენის შეგრძნება.
– ანა როცა რამის შეგეშინდება, შეეცადე სხვა მხრიდან შეხედო, ახლოს უნდა მიხვიდე, ჰო შეიძლება ის საშიში არ იყოს და უბრალოდ შენი დახმარება სჭირდებოდეს. ეს ბებერი, მახინჯი და ბოროტი ბაბა-იაგაც იმსახურებს ერთ შანსსო.
მეორე დღეს იმავე ტყეში სეირნობისას, მივირბინე ამ გადაჭრილ ხესთან და ჩუმად რატომ ვთქვი, ვინმეს რომ არ გაეგო ალბათ ნუ გეშინია ბაბა-იაგა, არ მოიწყინო მე ვიქნები შენი მეგობარი-მეთქი.
მაშინ 4 წლის ვიქნებოდი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ როცა რამის გეშინია უბრალოდ უფრო ახლოს უნდა მიხვიდე და შანსი მისცე საკუთარ შიშს თავი სხვა მხრიდან დაგანახოს. ხანდახან ცოტა მეტი დრო ჭირდება ამ ყველაფერს ვიდრე გადაჭრილ ხეზე აძრომაა, მაგრამ ზემოდან ყველაფერი უკვე სხვაგვარად ჩანს.

Like this:
Like იტვირთება. . .