მთავარი

რაც ძალიან მიყვარს

დატოვე კომენტარი

ძალიან ბევრი რამეა რაც გვიყვარს, მაგრამ მე ამ “ბევრს” დავყოფდი შემდეგ კატეგორიებად: არსებობს საგნები და მოვლენები რომლებიც გიყვარს მაგრამ მათი ცოდნა სხვა ადამიანებისთვის არაფრის მომცემია, მაგალითად რა ფერი გიყვარს ან რომელია შენი საყვარელი რიცხვი )))  არის მეორე კატეგორია რომელიც ისედაც ზედაპირზე ტივტივებს და ცუდ ნაცნობზე ოდნავ კარგად ვინც გიცნობს შესაძლოა ყველამ გასცეს მასზე პასუხი შენს ნაცვლად. მაგალითად ასეთია რა სტილის ჩაცმულობას ანიჭებ უპირატესობას, გიყვარს თუ არა ლუდი და ა.შ. არის კიდევ მესამე საინტერესო კატეგორია, რომელიც როგორც წესი დანარჩენ ორზე უფრო ღრმაა და ბევრად ინტიმური, შესაძლოა ეს ყველაფერი იმათმაც არ იცოდნენ ვინც ფიქრობს რომ კარგად გიცნობს.

ამ მესამე კატეგორიაზე დავწერ ზუსტად, იმ საგნებსა და მოვლენებზე რომლებიც რომ იცოდე ალბათ იმ ადამიანთან უნდა იცხოვრო კიდეც.

კიტრის სურნელი – საერთოდ კიტრი არ მიყვარს და არც მძულს, შესაძლოა რამდენიმე წელი ისე გავიდეს რომ არც გავსინჯო, მაგრამ ძალიან ხშირად ვყიდულობ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს კიტრის სურნელი.

სტუმრები – გამიჭირდება ვთქვა რა შეიძლება მანიჭებდეს უფრო დიდ სიამოვნებას ვიდრე სტუმრები, იქნება ეს ერთი ადამიანი თუ ადამიანებით გაძეძგილი ოთახები. ჩემთვის სტუმრის მოსვლა, იქნება ის პირველად ჩემს სახლში თუ ძველი მეგობარი, არის მოვლენა, ვემზადები ყოველთვის, ვცდილობ კარგი განწყობა ქონდეს, ვცდილობ არ მოიწყინოს და ყოველთვის როცა ჩემთან მოდის ადამიანი ვცდილობ ჩემი ერთი ნაწილით მეტი გავაცნო.

ნაცრისფერი ამინდები – არ მიყვარს ბევრი მზე, ალერგია მაქვს. არ მიყვარს წვიმა, იმიტომ რომ არ მიყვარს წვიმაში ჩასაცმელი ფეხსაცმელები. არ მიყვარს თოვლი, იმიტომ რომ მხედველობა მიჭირს თეთრს რომ ვხედავ და თანაც სულ მგონია რომ ახლა უნდა გავხდე ავად და მოვკვდე. ეს ალბათ ფობიების რიცხვშიც შეგვიძლია გავიყვანოთ. არ მიყვარს ქარი იმიტომ რომ ზედმეტად ცივა თბილ ამინდშიც კი. ძალიან მიყვარს ნაცრისფერი ამინდები, როცა მოღრუბლული, წყნარი, მშვიდი ამინდია. არც ქარია, არც წვიმს და თოვს, მზისგან დამცავი კრემის წასმაც არ მჭირდება სახლიდან გამოსვლისას და თვალებიც არ მტკივა, იმიტომ რომ იდეალურად თანაბარი განათებაა.

საღამოს გაღვიძებულს ძილის შებრუნება – იშვიათად მაქვს ისეთი უქმე როცა არაფერი მაქვს საქმე. საერთოდ არ მიყვარს უსაქმურობა, მაშინაც კი როცა არ მაქვს რამე სამუშაო, მოვიგონებ ან ნამცხვარს გამოვაცხობ, ან ძველ დავიწყებულ საქმიანობას ამოვატივტივებ, ან რომელიმე ოთახს შევღებავ და ა.შ. მაგრამ იშვიათად არის ხოლმე დღეები, როცა ვიღვიძებ როცა გამეღვიძება და ეს ყოველდღე მოხდებოდა საღამოს, როცა უკვე ბნელა, რომ არა ჩემი მაღვიძარა და კეთილი ადამიანები, რომელთაც მისი ხმა ესმით. ჰოდა ხდება ასეც რომ ვიღვიძებ დაძინების დროს, გადმოვბრუნდები ამოვყოფ საბნიდან თავს და გადავბრუნდები და ეს დღეები არის ყველაზე გემრიელი ტორტის ნაჭრები.

მგზავრობის დროს ძილი – ისე გამომდის რომ ძილი მიყვარს, თუმცა არა. არასდროს მიძინია დღისით თუ არ ჩავთვლით მგზავრობის დროს ძილს. უბრალოდ მგზავრობისას მომენტალურად ვიძინებ. ეს არის ის დრო, როცა ყველა მდგომარეობაში, გარემოში, ყველანაირ ადამიანებთან და ყველანაირი ხმაურისა და მუსიკის ფონზე შემიძლია ანგელოზივით დავიძინო და სიზმარიც კი არ ვნახო.

სამაგიდო თამაშები – ძალიან აზარტული ვარ და განსაკუთრებით მიყვარს სამაგიდო თამაშები. ჩემი აზარტულობა იმდენად მაქვს გაცნობიერებული რომ ფულზე არასდროს მითამაშია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ბოლოს ორგანოების გაყიდვით დავასრულებ და ამიტომ მხოლოდ მეგობრებთან ერთად ვთამაშობ არაფერზე :დ უბრალოდ მოგებისთვის. ვთამაშობ ცუდად, მიმართლებს მაგრად. ცუადად იმიტომ რომ ძალიან სულსწრაფი ვარ და ყველაფერი უცბად მინდა, მიმართლებს იმიტომ, რომ როცა კარტს ვხსნი დამცინიან ამით როგორ წააგეო )))) ყველაფერს ნიჭი უნდა რას იზამ.

საჩუქრების ჩუქება – მიყვარს ადამიანების სურვილების შესრულება, ეს მანიჭებს თითქმის ფიზიკურ სიამოვნებას )))  ის მომენტი როცა ვინმეს რამე უნდა, უსრულდება და მე ვარ ის ვინც ამას ასრულებს, არის მომენტი, საკმაოდ ხანმოკლე მაგრამ საკმარისად შთამბეჭდავი. მადლობები არა, ხანდახან ისე ამისრულებია რომ არც ცოდნია ვინ აუსრულა, ამას არ აქვს მნიშვნელობა მთავარია მე ვიცი რომ ავუსრულე.

ჩემი დაბადებისდღე – მიკვირს როცა ამბობენ რომ საკუთარი დაბადებისდღე არ უყვართ. მე ყველაზე მეტად მიყვარს ეს დღე, ახალ წელსაც მირჩევნია და ყველაფერ დანარჩენსაც. არ ვიცი რომ შეიძლებოდეს თან ნაძვის ხის დადგმა, თან კვერცხების წითლად შეღებვა და თან ვალენტინობის მილოცვას ყველაფერს ერთად ვიზამდი. ისე რატომაც არა? მიყვარს იმიტომ რომ ეს ჩემი დღეა და მარტო ჩემი, ვიცი რომ ამ დღეს მე ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. ეს არის დღე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მიზეზია და ყველაზე დიდი საჩუქარი რაც კი მიმიღია ოდესმე.

ომლეტი საუზმედ – ჩემთვის დილა დილა არ არის თუ კვერცხი არ შევიწვი. არ არსებობს არანაირი კარაქიანი პური და ბუტერბროტი, ტოსტი და ნამცხვარი, დილა არის შექმნილი სპეციალურად იმისთვის რომ ადამიანებმა მიირთვან გემრიელად მომზადებული ომლეტი.

და ვაღიარებ ფრანგული შანსონები :დ – დიახ ვაღიარებ რომ ძალიან მომწონს ფრანგული შანსონები, აი არც მეტი და არც ნაკლები, მომწონს და მორჩა, ვუსმენ ხოლმე ფლეიერშიც მაქვს ჩაწერილი U2-სა და  Rolling Stones -ს შორის, ვინცობაა და დაინტერესდნენ რომ თითის მარტივი მოძრაობით ავიმაღლო მუსიკალური გემოვნება :დ არადა ფრანგული შანსონი ჰო სულ სხვაა )))

დეკემბრის პოსტი

დატოვე კომენტარი

გარდა იმისა რომ ზამთარი დგება, ახალი წელი მოდის, ცივა, თოვლია და ჩაი ლიმნით მთელი მოვლენა, ჩემთვის ეს თვე ცხოვრების ეპიზოდია, რომელიც გაფუჭებული ფირფიტასავით ერთ ადგილას ტრიალებს ყოველ დეკემბერს.  უკვე მეოთხე წელია რაც ტრადიციულ პოსტს ვწერ და მგონი ყველა დეტალი მოყოლილი მაქვს, ყველა ემოცია გადმოცემული, არაფერი მაქვს ახალი სათქმელი.

წელს არ მინდოდა დამეწერა ამაზე, გულწრფელად ვიტყვი. ბევრი ვიმუშავე ზოგადად ამ ემოციის გარდაქმნაზე, ამ ფაქტის ნეგატიურობის ჩახშობაზე. ხანდახან მთელი გულით მინდა ეს ეპიზოდი ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ამის გაფიქრების შემდეგაც კი საშინელი დანაშაულის გრძნობა მაქვს და ალბათ ამიტომ ვერასოდეს განვახორციელებ ამ ნებაყოფლობით ამნეზიას, ყოველშემთხვევაში ტრეპანაციის გარეშე. ტვინის რაღაც ნაწილს თუ ამომიღებენ ალბათ დავივიწყებ. განა არ შემიძლია? რისთვის არსებობენ ფსიქოთერაპევტები, მაგრამ არ მინდა. ჯერაც ვერ დავლაგდი მოკლედ, ვერ ჩამოვყალიბდი რა დამოკიდებულება მაქვს ამ თემის მიმართ. ჩაღრმავება მჭირდება, მაგრამ რთულია, უფრო სწორად ჩემთვის საშიში, მშიშარა ვარ.

ყურით მოთრეული პოსტია, სიტყვებად ვაკოწიწე. რაც დრო გადის უფრო მიჭირს ლაპარაკი, ფიქრი ისედაც მიჭირდა. მიგროვდება და ზამთარი რომ მოდის უბრალოდ მაქვს მიზეზი ვთქვა რომ დეკემბერში ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო.

იშვიათად დადებითი პოსტი

დატოვე კომენტარი

Image

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და თოვლი. ახლა არცერთი. ფეხბურთი მიყვარდა იმიტომ რომ ერთხელ კიკეთში ვისვენებდით და იქ ჩემზე დიდი, ლამაზი და ფეხბურთელი ბიჭი მომწონდა. თოვლი მიყვარდა იმიტომ რომ როგორცკი მოთოვდა და მაშინ თოვლი უფრო მშრალი, უფრო თეთრი, უფრო დიდხანს და უფრო ბევრი იყო ვიდრე დღეს არის. ქუჩა მთლიანად იფარებოდა ხოლმე თოვლით და მამაჩემს გამოქონდა სარდაფიდან ჩემი ფერადი ხისდასაჯდომიანი ციგა, ავივლიდით ქუჩას და სულ მაღლა რომ მივიდოდით დამსვავდა და გამიშვებდა, თვითონ ფეხით და სრიალ-სრიალით მომყვებოდა უკან და იქიდან ხელში აყვანილი ამოვყავდი. რომ მოსაღამოვდებოდა ჩამიყვანდა ქუჩის ბოლოს ბაღში, კარგად გემრიელად ვიგუნდავებდით და მე დაღლილ-დაქანცული და ის არ ვიცი, მიჭირს წარმოდგენა რა მდგომარეობაში ვბრუნდებოდით სახლში.

ძალიან სასაცილო ბავშვი ვიყავი. მახსოვს რამეს რომ დავაშავებდი, მე თვითონ მივდიოდი ხოლმე და კუთხეში ვდგებოდი, სანამ არ მეტყოდნენ რომ მაპატიეს. ნუ ახლა არ მახსოვს, მაგრამ როგორც დედა მიყვება სულ პირველად რაღაც დამიშავებია და მამამ რომ დამაყენა კუთხეში ეგ იყო და ეგ, იმის მერე თქმაც არ მჭირდებოდა. ისე დღესაც ასე ვარ როცა ვაშავებ (თუ მივხვდი) ვაღიარებ და ბოდიშს ვიხდი. ზრდილობისთვის არა, არც მაშინ ვიდექი ზრდილობისთვის იმ კუთხეში გულითადად ვნანობდი :დ ჰო ძალიან სახალისოდ დავიწყე პოსტი, მაგრამ რატომღაც ჩემს თავს ასე კუთხეში ატუზულს და საჯდომზე ხელებდაწყობილს რომ წარმოვიდგენ სახით კედლისკენ ძალიან მეცინება.

5 წლის რომ გავხდი სკოლაში მინდა უკვე დიდი ვარ როგორ ვერ გაიგეთთქო გამოვედი სიტყვით, ჰოდა კარგი ცეკვაზე შეგიყვანთო. დავთანხმდი, რომელზე გინდაო? ბავშვობიდან მიყვარს ბალეტი. აი მაშინაც კი შემეძლო საათობით მეყურებინა ბალეტისთვის, ჰოდა არც მიფიქრია ისე მივიღე გადაწყვეტილება. მიმიყვანეს. მაგრამ ამ ქორეოგრაფმა დამინახა თუ არა უარი უთხრა ჩემებს, ძალიან პატარა არისო (არ ვიცი ასაკი იგულისხმა თუ სიმაღლე, ალბათ სიმაღლე) ჰოდა ეს თურმე მე გავიგე და დავიწყე

– მე რომ დიდი გავიზრდები და ისეთი ცნობილი გავხდები როგორიც ნინო ანანიაშვილია მერე მეტყვი მიგიღებო და მე არ მოვალ! (აქ დავუბღვირე)

ამიყვანა. ნინო ანანიაშვილივით ცნობილი მაინც არ გამოვედი, ალბათ არ უნდა ავეყვანე.

სკოლაში 90 წელს შევედი, ფორმა არ მცმია. მე ვცხოვრობ პლეხანოვზე, სკოლაში ვერაზე დავდიოდი, ჰოდა მე და მამაჩემი ასე ხელიხელჩაკიდებული, ფეხით გადავივლიდით მარჯანიშვილის ხიდს, სანაპიროს მხრიდან ვერის ბაღში რომ კიბეები ადის იმას ავუყვებოდით და ვერის ბაღის გადავლით მივდიოდით სკოლაში, ფილარმონიის უკან იყო. არადა პატარა არ ვიყავი 6 წლის უკვე და სხვა დეტალები კარგად მახსოვს იმ  პერიოდიდან, მაგრამ მახსოვს, რომ გზაში არასდროს შემშინებია, არ ვიცი როგორ ახერხებდა იმ ტყვიების წვიმაში ასეთ საშიშ ადგილებზე გაგვეარა და ასე მშვიდად და მხიარულად მივეყვანე სკოლამდე.

იმ პერიოდში რა დასამალია და ყველას უჭირდა, ნუ 99.99% -ს. ბიბლიოთეკარი დედით და მასწავლებელი მამით ჩვენც, არ მახსოვს ვინმესგან ისესხეს თუ ნანატრი ხელფასი აიღო რომელიმემ, მაგრამ მახსოვს რომ ბაზარში წავედით მე და მამა საჭმელი უნდა გვეყიდა. საერთოდ არასდროს არ ვამბობდი ხოლმე “მიყიდეეეე, მიყიდეეე” იმიტომ არა რომ მესმოდა მაშინ რატომ ვერ მიყიდიდნენ, უბრალოდ აი თითქმის არაფერი მომწონდა, არჩევანიც არ იყო მაინცდამაინც დიდი. ზუსტად ამ ბოლო კაპიკებით ხელში რომ ვიდექით ბაზარში მაშინ მომეწონა შლაპა. აუ მამ მიყიდეთქო. მიყიდა. მაშინ ვერ მივხვდი რატომ აღარ ვიყიდეთ საჭმელი, მაგრამ სახლში ძალიან ბედნიერი დავბრუნდი. რომ მოვედით ცარიელი ხელებით და თავზე შლაპით დედამ მახსოვს იკითხა არაფერი იყიდეთო? მამამ უპასუხა შლაპა მოეწონა და უარი ვერ ვუთხარიო. დავსხედით მაგიდასთან. დედამ გააწყო, თეფშები დაალაგა, ჩანგლებიც, ქუდი შეიძლება მოგხადოო? კითქო. დადო ეს შლაპა შუა მაგიდაზე, თვითონაც მოგვიჯდა და ჰა დავიწყოთო? მერე სამივემ ბევრი ვიცინეთ. მაგრამ იმის მერე აღარასდროს გამიკეთებია იგივე, ასე მხიარულად ამიხსნეს რა იყო პრიორიტეტული ამ ცხოვრებაში, შლაპა თუ მშიერი კუჭი. ახლა რომ ვუფიქრდები და მათ ადგილას ვაყენებ საკუთარ თავს მეშინია, რომ მე ვერასოდეს ვიქნები ისეთი კარგი მშობელი როგორებიც ისინი არიან ჩემთვის.

ბავშვობაში ხშირად ვისვენებდით ოჯახით კისლავოდსკში. ნუ სანამ თავზე დაგვენგრეოდა სიმწრით ნაშენები საბჭოთა კავშირი )))) როგორც ახლა, არც მაშინ მითუმეტეს მღალატობდა ფანტაზია და ტყეში როცა ვსეირნობდი ხოლმე დედასთან ერთად მეგონა რომ ხეებს და ცხოველებს ჩემი ესმოდათ, მაგრამ იქ იყო ერთი დიდი გადაჭრილი ხე რომელიც ბაბა-იაგას სახლი მეგონა. ვერ წარმოიდგენთ როგორ მეშინოდა იმ გადაჭრილი ხის. მახსოვს რომ ერთხელ დედამ მითხრა, მოდი სტუმრად მივიდეთ ბაბა-იაგასთანო. წარმოიდგინე ამ ტყეში სულ მარტოა და იქნებ მოწყენილიაო, ამიყვანა ხელში და დამაყენა ამ გადაჭრილ ხეზე. როგორ მახსოვს ეგ უმწოების შეგრძნება ხელები გავიშვირე და ნიკაპი ამიკანკალდა. მაგრამ არ ჩამომსვა. რამდენიმე წუთში არაფერი რომ არ მოხდა გავჩერდი, გავოგნდი და არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნება, აღმოჩენის შეგრძნება.

– ანა როცა რამის შეგეშინდება, შეეცადე სხვა მხრიდან შეხედო, ახლოს უნდა მიხვიდე, ჰო შეიძლება ის საშიში არ იყოს და უბრალოდ შენი დახმარება სჭირდებოდეს. ეს ბებერი, მახინჯი და ბოროტი ბაბა-იაგაც იმსახურებს ერთ შანსსო.

მეორე დღეს იმავე ტყეში სეირნობისას, მივირბინე ამ გადაჭრილ ხესთან და ჩუმად რატომ ვთქვი, ვინმეს რომ არ გაეგო ალბათ ნუ გეშინია ბაბა-იაგა, არ მოიწყინო მე ვიქნები შენი მეგობარი-მეთქი.

მაშინ 4 წლის ვიქნებოდი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ როცა რამის გეშინია უბრალოდ უფრო ახლოს უნდა მიხვიდე და შანსი მისცე საკუთარ შიშს თავი სხვა მხრიდან დაგანახოს. ხანდახან ცოტა მეტი დრო ჭირდება ამ ყველაფერს ვიდრე გადაჭრილ ხეზე აძრომაა, მაგრამ ზემოდან ყველაფერი უკვე სხვაგვარად ჩანს.

Image

მე მიყვარს დედამიწა

5 Comments

მე ვარ ლომი, გამოქვაბული, თოვლი, მდინარე, მიწა, ქვა…

მედიტირებისას ვგრძნობ, რომ დედამიწის ერთი პატარა და უმნიშვნელო ნაწილი ვარ, მაგრამ ამავე დროს მთელი დედამიწა…

მე მიყვარს დედამიწა…
მე ვგრნძობ დედამიწას…

მიყვარს ლომები აფრიკაში, სპილოები ინდოეთში, პინგვინები ანტარქტიდაზე, თეთრი დათვები ალიასკაზე და ციმბირული ვეფხვი, მიყვარს დედამიწის ყველა უჯრედი და ატომი…

მიყვარს ტირილამდე და სიკვდილამდე…

ვგრძნობ ქვას როგორც ჩემს სხეულს, ჩანჩქერს როგორც სისხლს, ვგრძნობ ხეებს როგორც კიდურებს, ვგრძნობ ბალახს როგორც კანს, ვგრძნობ მიწას როგორც ხორცს და ლავას როგორც გულს…

როდესაც მარტო ვრჩები ჩემს თავთან პირველყოფილ ადამიანს ვგრძნობ ჩემში და ამ მოასფალტებულ და აგურის ჯუნგლებში, უფრო ახლოს ვარ ბუნებასთან, ვიდრე ავსტრალიელი წარმოშობის შამანი…

ვგრძნობ როგორ სტკივა ანტილოპას, როდესაც მკერდიდან აგლეჯენ შიგნეულს და ჭამენ, ვგრძნობ როგორ ნაყრდება ლომი ამავე შიგნეულით…

ვგრძნობ როგორ მყარად დგანან სპილოები მიწაზე და როგორ გრძნობენ მცენარეები სპილოს წონას…

ვგრძნობ როგორ ეშინია კურდღელს ღამე და როგორ უმძიმს ჭიანჭველას…

ვგრძნობ როგორ გრძნობს წყალს თეთრი დათვი ცურვისას და რას გრძნობს გაყინული წყალი… ვგრძნობ როგორ ღელავს ოკეანე და როგორ ვერ იმორჩილებს თავს ქარი…

ვგრძნობ როგორ ბრუნავს დედამიწა და როგორი ჰარმონიულია ყველაფერი ცივილიზაციის გარეშე…

ვგრძნობ როგორ შიათ პინგვინებს როცა თევზები აღარ რჩებიან მათ სანაპიროებთან, ვგრძნობ რომ სიგრეტის ყოველი მოწევისას გამოშვებული ბოლი, სადღაც ამაზონის ჯუნგლებში აჭკნობს მცენარეებს, ვგრძნობ როდესაც მეგობრის საჩუქარს ვფუთავ პოლიეთილენის ქაღალდით, როგორ კვდებიან დედამიწის მეორე მხარეს ცხოველები დაბინძურებული წყლით…

როცა ვქოქავ მანქანას ვგრძნობ როგორ იხოცებიან ცხოველები გვალვისგან, როდესაც ავდივარ ჩემი ხის კიბით სახლში, ვგრძნობ როგორ სტკიოდა როდესაც ჭრიდნენ და როგორ ვერ გადაარჩინა კოდალამ ბარტყები, რადგან მათ ჯერ ფრენა არ იცოდნენ…

ვგრძნობ როგორ გაუმართლა ალიასკაზე დათვს იმიტომ რომ ნანახი აქვს ჩრდილოეთის ნათება… როგორ გაუმართლა პინგვინს, იმიტომ რომ არ ფიქრობს რა დაუჯდება თხილამურებით სრიალი და ფულის გადახდა მათში… იმის, რასაც ხეების მკვლელობით და დედამიწის განადგურებით ამზადებენ… როგორ გაუმართლა ლომს იმიტომ რომ მეფეა, პატივმოყვარეობის, პოლიტიკისა და მილიონების გარეშე… როგორ გაუმართლა ცხენს თავისუფლებაში და მგელს ოჯახში… როგორ გაუმართლა მაიმუნს, იმიტომ რომ მისი ტვინი ვერასდროს შექმნის რამეს ისეთს, რაც დედამიწას განადგურებამდე მიიყვანს…

ვგრძნობ როგორი “ლუზერები” ვართ მაღალტექნოლოგიურ და დემოკრატიულ გარემოში მცხოვრები “კულტურული” ადმიანები, რომ დიდი ხნის წინ დაგვავიწყდა ის რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ვცდილობთ ის ნაწილი, რაც ჯერ კიდევ თავს გვახსენებს გავანადგუროთ

ვერ ვხვდებით, რომ დედამიწა ვართ ჩვენ…

თავს ვინადგურებთ და ამას ტექონოლოგიურ წინსვლას ვუწოდებთ…

ამ ყველაფრის განცდის შემდეგ ფიზიკურად მტკივა გული და რამდენიმე საათიანი ტირილის შემდეგ, ვცდილობ კიდევ დიდი ხანი არ დავკავდე მედიტაციით, იმიტომ რომ მე ვარ საცოდავი ადამიანი და ვცდილობ დავივიწყო ის ყველაფერი რასაც ვგრძნობ…

გაყინული პოეზია ნაბახუსევზე

11 Comments

ჩემს ნაბახუსევს ალერგიაც დაემატა… ევკალიპტის ექსტრაქტზე მაქვს ალერგია და ჩემდა საუბედუროდ ჩემი თანამშრომლის ახალ ძვირადღირებულ სუნამოში სწორედ ეს ექსტრაქტი შედის…

რა ვქნა… ვერც ვერაფერი…

ამ გამწარებულ გულზე შემომეწერა ლექსი

ხეს ფოთლები რად უნდოდა
ზამთარი რომ გაუთოვდა,
გაიხადა მწვანე კაბა
და ლოგინში ჩაუგორდა.

საჩუქარი მინდა

დატოვე კომენტარი

თეთრი წვიმა მინდა დაბადებისდღეზე ბუნებისგან საჩუქრად. მოდით ფიფქებო. მზეო ამოდი და გაატარე შენში სინათლე რომელსაც თავად ასხივებ, მინდა წვიმა გაყინო და გაათეთრო ჩემთვის

თოვლი

დატოვე კომენტარი

დილით სახლიდან გასვლისას სიკვდილის შიში ჩავიცვი, ყელზე სევდა მოვიხვიე, ფეხზე გაცვეთილი დრო შევიკარი, მერე კარადაში მოვძებნე ყველა გრძნობა რაც მქონდა, ჩავაწყვე დიდ გულში, მხარზე გადავიკიდე და სახლიდან გავედი.

თბილისში თოვდა…

%d bloggers like this: