მთავარი

სომნოგრაფია

დატოვე კომენტარი

 

 

4578fcf278606099218167d2ce28b350

ეს სიზმარი ეძღვნება ყველას ვინც გამოიღვიძა.

წუხანდელი სიზმარიც კოშმარი იყო. ჩემი სიზმრის კატა ისევ წინ მიმიძღვოდა და გასასვლელს მიჩვენებდა. ბავშვობაში, როცა სიზმრის კატა ჯერ კიდევ არ მყავდა, კოშმარის ნახვისას გაღვიძება მიჭირდა. მშობლებს არაერთხელ გაუღვიძიათ ჩემი ყვირილით. შემდეგ ჩემმა ქვეცნობიერმა ფარი გამოიგონა და მას კატის ფორმა მისცა, როდესაც კოშმარი კულმინაციას აღწევს, კატა მიჩვენებს გასასვლელს და მე ვიღვიძებ.

ყველა კოშმარი გაღვიძებით იწყება, თითქოს მე ამ სამყაროში ვიძინებ და მაშინვე სადღაც სხვა, ალტერნატიულ რეალობაში მეღვიძება. იქ ჩემი თვალები ცისფერია, მაგრამ არასდროს იცვლება სამოსი. როგორც ყოველთვის ახლაც ტომარასავით კაბა მეცვა. თავიდან ვიფიქრე რომ საკანში ვიყავი გამომწყვდეული, ვერაფერს ვხედავდი სიბნელეში. თვალი რომ შევაჩვიე უფანჯრო, უხეშად თლილი ქვისგან აგებულ ოთახში აღმოვჩნდი, რკინის მთლიანი ფირფიტებით შედუღებული კარი შეღებული იყო და მკრთალი სინათლე შემოდიოდა. საკნიდან გამოსული მრგვალ შენობაში აღმოვჩნდი, შიდა რიკულებიან აივანზე, რომლიდანაც უამრავ სხვა ოთახში შესასვლელი კარი იყო. აივანი სპირალივით დაუყვებოდა შენობას ორივე მიმართულებით, არც ზემოთ და არც ქვემოთ სპირალს დასასრული არ უჩანდა. სიმაღლის ძალიან მეშინია ამიტომ კედელზე აკრულმა ქვემოთ დავიწყე ჩასვლა, მიწასთან ახლოს თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ.

ყოველ დონეზე ჩასვლისას ვივიწყებდი სად ვიყავი, ან საით მივემართებოდი. ყველა კარიდან მაცდუნებელი მოწვევა მიხმობდა. ხმები და შეძახილები კარის გაღებისკენ მიბიძგებდნენ. ყოველ ოთახში შესვლისას ჩემი პიროვნება უკვალოდ ქრებოდა. მე ცარიელ ფურცელს ვემსგავსებოდი და ოთახის სხვა ბინადრების ასლი ვხდებოდი. ყოველ ჯერზე მიწევდა შინაგანი ძალის პოვნა, რომ ოთახისთვის თავი დამეღწია და გზა განმეგრძო. ვერ ვიტყვი, რომ პირველ სართულზე უფრო რთული იყო ოთახში შესვლის ცდუნების დაძლევა ვიდრე დანარჩენში. ჩემთვის ყველა სართული პირველი იყო, რადგან წინამორბედი არც მახსოვდა. ყოველი ოთახიდან ისე გამოვდიოდი, როგორც საკნიდან, რომელშიც გამოვიღვიძე. იქნებ არც ის იყო პირველი.

ყველა ოთახი უნიკალურობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთში ულამაზესი ადამიანები იყვნენ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი სრულყოფილი სილამაზის მქონე ადამიანები არსებობდნენ. ნარცისები იყვნენ, ცდილობდნენ საკუთარი სილამაზით მოეხიბლე და სამუდამოდ მათთან დაეტოვებინე. მოკვდავი ადამიანი სჭირდებოდათ, რომ საკუთარი თავით მეტად აღფრთოვანებულიყვნენ. კიდევ იყო ოთახი სხვადასხვა ლიტერატურული პერსონაჟებით, ყოველ მათგანს მხოლოდ საკუთარი სიუჟეტის განვითარების ფარგლებში შეეძლო მოქმედება და მხოლოდ მწერლის მიერ დაწერილი ფრაზებით საუბარი. თითოეულ მათგანს კიდევ ერთი ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც ერთი პერსონაჟის როლით არ იქნებოდა შეზღუდული და წიგნს დაასრულებინებდა. იყო მატყუარების ოთახიც. ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ მატყუარას გულწრფელი ადამიანი სჭირდება? ამ მატყუარებსაც სჭირდებოდათ გულწრფელობა, რადგან ისე ტყუილს აზრი ეკარგებოდა. მათ სიამოვნებას ადამიანის მოტყუება ჰგვრიდათ, თუმცა ერთმანეთის მოტყუებით მიზანს ვერ აღწევდნენ, რადგან არ იცოდნენ მართლაც მოტყუვდა თუ არა მოწინააღმდეგე. მეცნიერების ოთახი ყველაზე სევდიანად მომეჩვენა. მათი სამყარო ეს ერთი ოთახი იყო, რომლიდანაც ალბათ არასდროს გამოსულან, ან უბრალოდ არ ახსოვდათ ჩემსავით. მათი აზრები ქვით უხეშად ნათალი კედლებით აგებულ, უსარკმლო ოთახში იწყებოდა და სრულდებოდა. ღამეებს ათევდნენ საუბრებში, კამათსა და გამოთვლებში, როგორ იყო მოწყობილი ის ოთახი და რა ხდებოდა მის გარეთ. საბოლოოდ კი თანხმდებოდნენ, რომ იმ ოთახის გარეთ სიცოცხლე არ არსებობდა. უცნაური ხალხი იყვნენ მეოცნებეები, მათი ოთახის კარი სხვებისგან განსხვავებით მიხურულიც კი არ იყო. საათობით ისხდნენ ფართოდ გაღებული კარის წინ და მხოლოდ იმაზე ოცნებობდნენ რამენაირად დაეღწიათ ოთახისთვის თავი. კიდევ უამრავი ოთახი იყო, კოსმონავტების, რომლებიც კოსმოსში არასდროს გაფრენილან. ჩაძირულ გემებზე ბოლომდე რომ არ დარჩნენ იმ გემების გადარჩენილი კაპიტნების. ერთ ოთახში მხოლოდ ის მხატვრები იყვნენ ვის სახელსაც ყველაზე ხშირად წარმოთქვამენ შეცდომით. ყველაზე დიდი ოთახი იმ ცნობილ მწერლებს ეკუთვნოდათ, რომელთათვისაც ძეგლი არასდროს დაუდგამთ.

სულ ქვედა სართულს რომ მივაღწიე იატაკი ჭადრაკის დაფას გავდა. ჩემ მიერ ნანახი ოთახებიდან სხვადასხვა ადამიანებს ფიგურების ადგილი ეკავათ. თეთრი ფიგურების ადგილები უცნობებით იყო შევსებული, ალბათ იმ ოთახებიდან იყვნენ მე რომ არ შევსულვარ. შავი ფიგურებიდან კი ყველა მეცნობოდა. მეფის ადგილი ნარცისს ეკავა, ალბათ ფიქრობდა, რომ მისი სილამაზე მოწინააღმდეგეს მიახლოების საშუალებას არ მისცემდა. კუს უჯრაზე მეცნიერი იდგა. თავის სისწორეში დარწმუნებული მეცნიერი, ვისთვისაც შავი, სხვისთვის თეთრია. მისთვის სწორხაზოვნება შესაძლოა სულაც არ იყოს სწორ ხაზზე სიარული. მხედარი მეოცნებე იყო, მეოცნებეები ყველაზე არათანმიმდევრული ადამიანები არიან, მათ პირდაპირ სადღაც უნდათ რომ გაჩნდნენ. ეტლის ადგილი ლიტერატურულ პერსონაჟს ეკავა და როგორც ოთახში ყოფნისას, აქაც სიუჟეტს არ უხვევდა არცერთი ნაბიჯით. პაიკები მატყუარები იყვნენ. ჩემთვის კი შავი დედოფლის უჯრა იყო თავისუფალი.

აქ ფსკერზე მდგომს უკვე სრული მეხსიერება მქონდა, ყველა იმ ოთახის და სართულის შესახებ რომელიც გამოვიარე. მახსოვდა სად გამოვიღვიძე და როგორ დავიწყე გასასვლელის ძებნა. მიმოვიხედე, ამ სართულზეც არ ჩანდა გასასვლელი, თუმცა სპირალისებური აივანი აქ სრულდებოდა და ეს შენობის სულ ქვედა დონე იყო. გასასვლელი, გავიფიქრე და თამაშში ჩავერთე.

პირველი რამდენიმე წამი ველოდი, რომ შავ ანაფორაში ჩაცმული რუხი კარდინალი გამოვიდოდა და კონკრეტულ უჯრაზე გადაადგილებას გვიბრძანებდა, მაგრამ გონგის ხმასთან ერთად პირველი მატყუარა დაიძრა და მოწინააღმდეგე საშინელი ტყუილებით გულის შეტევამდე მიიყვანა. მაშინ მივხვდი, რომ ამ ჭადრაკის დაფაზე წესები განსხვავებული იყო. ფიგურებს მოთამაშეები არ მართავდნენ, საერთოდ არ იყვნენ მოთამაშები, ვინც უჯრებზე მდგარ ადამიანებს გადაადგილებას უბრძანებდა. ადამიანები, ჭადრაკის წესების დაცვით, მაგრამ მაინც თვითონ წყვეტდნენ საით, რომელი და როდის გადაადგილებულიყვნენ. მხოლოდ ადგილის დაკავება საკმარისი არ იყო. იმისთვის რომ მოწინააღმდეგის ადგილი დაგეკავებინა, უჯრა უნდა გათავისუფლებულიყო. ფიგურის მოკვლა უბრალოდ დაფიდან გასვლას არ გულისხმობდა, მოთამაშეები მართლაც კვდებოდნენ. ყოველ მათგანს მოწინააღმდეგის თავიდან მოცილების თავისებური მეთოდი ქონდა. რა თქმა უნდა იერიშის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო განსაკუთრებით მყარი ფსიქიკის მქონეთათვის. თავიდან, სანამ გონს მოვეგებოდი და გავაცნობიერებდი რა ხდებოდა გარშემო, მეც თავდაცვის ხერხს მივმართე. მალევე მივხვდი, რომ თავდაცვა ვერ გადამარჩენდა და აუცილებლად დადგებოდა იერიშზე გადასვლის დრო. რა არის ჩემი იარაღი? მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში, თუმცა სულ უფრო ცოტა დრო მრჩებოდა საკუთარ თავში გამოსარკვევად. მიჭირდა იმ აზრთან გამკლავება, რომ მეც უნდა მომეკლა ადამიანი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. გამახსენდა, რომ ფიგურების ადგილს მსგავსი თვისებების ადამიანები იკავებდნენ, მათ თავისი მახასიათებლები ქონდათ. მაშინ დავფიქრდი რატომ ვიდექი მე დედოფლის ადგილას? ჩემს გვერდით იყვნენ მეცნიერები, მეოცნებეები, მატყუარები, ნარცისები და ლიტერატურული პერსონაჟები, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა მე ვინ ვიყავი. მხოლოდ ის მახსოვდა, რომ ოთახში შესვლისას მეც მათნაირი ვხდებოდი. ამიტომ მაქვს ყველა მხარეს სვლის შესაძლებლობა? ის შინაგანი ხმა, რომელიც მეხსიერების და პიროვნების დაკარგვისას ყოველი ოთახიდან გამოსვლაში მეხმარებოდა, რომელსაც ეჭვი შექონდა, რომ მე არ ვიყევი მეოცნებე ან სხვა რომელიმე ოთახის მცხოვრები, ახლაც მეუბნებოდა, რომ ეს არ იყო ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ ვიდექი დედოფლის უჯრაზე. იქნებ მეც იმ მეცნიერებს ვგავარ თავისი ოთახის იქით რომ ვერაფერს ხედავდნენ, ან იმ მეოცნებეებს ღია კარიდან გასვლაზე რომ ოცნებობდნენ? ჩემი სვლა იყო. მხოლოდ თავდაცვით ვეღარ დავიხსნიდი თავს, შეტევაზე უნდა გადავსულიყავი. როგორც გრიგალის წინ ისადგურებს სიმშვიდე, ასევე არის ერთი წამის ხანგრძლივობის სიმშვიდე, რომელსაც ადამიანი მღელვარების ზედა ზღვარზე აღწევს. ის ერთი წამი ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება. იმ ერთ წამში ადამიანის თავი ყველა ფიქრის, განცდის, ემოციისგან თავისუფლდება და სადღაც ადამიანის ქვეცნობიერში ღრმად დამარხულ სიმართლეს, რომლისთვისაც თვალის გასწორება ჭირს, ცხადად და შეუნიღბავად გვანახებს. ჭადრაკის დაფას გადავხედე, ყველა მოთამაშე ჩემთვის გადაშლილი წიგნივით იყო. მე ვიცოდი რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ ისინი, ისიც ვიცოდი რას მოიმოქმედებდნენ და რატომ იდგნენ აქ.  მე ისინი გავაქრე ჩემი დაფიდან.

თამაში დასრულდა თუ არა, იატაკმა ქვემოთ დაიწყო ჩაწევა და შენობას კიდევ ერთი სართული დაემატა. მე მარტო ვიდექი ჭადრაკის დაფაზე, ზემოთ ვიხედებოდი და ვცდილობდი დამენახა შენობის ჭერი, რომელიც რამდენიმე წამის წინ კიდევ უფრო ამაღლდა. ჩემი კატა ფეხზე გამეხახუნა და დ1 უჯრაში ჩაიხედა, საიდანაც ცა და ღრუბლები ჩანდა. მე კიდევ ვერაფრით ვხვდებოდი შენობა საძირკველიდან როგორ ამაღლდა. გასასვლელს მიწასთან ახლოს ვეძებდი, მაშინ როცა ჩემს ქვეცნობიერს მაღლა მივყავდი. ხანდახან თავად არ ვიცით რა გვსურს სინამდვილეში, ისე ვართ შიშით დაბრმავებული.

ჩემი განწყობის არქიტექტურა

2 Comments

triptych-1996

საერთოდ ნგრევა ცუდია, მაგრამ ასოციაციები წყვეტს ყველაფერს სინამდვილეში. ხანდახან რთულია აღიარო რომ ის რაც ზოგადად ნეგატიურად აღქმადია, შენთვის პირიქითაა. მე ჩემი განწყობის არქიტექტურა მაქვს. ყოველდღიურად მესმის ურთიერთობის აწყობა, გამყარება, აშენება და მიკვირს როგორც შეიძლება რამე ააშენო როცა ვინმეს უახლოვდები. მე პირიქით ვარ, ვაშენებ როცა ვმარტოვდები და ვანგრევ როცა ვურთიერთობ. არშემდგარი აუტისტი ვარ.

ჩემი არქიტექტურა მრავალფეროვანია, მის ვიზუალიზაციასაც კი ვახდენს უკანასკნელ დეტალამდე და ჩემს პირად სამყაროში გადავდივარ, სხვა განზომილებაში, სადაც ჩემი ციხე-სიმაგრე მიცავს. მაგალითად როცა უბრალოდ გულნატკენი ვარ ჩემი სასახლე ოკეანეში მდგარ შუქურას გავს. არც გალავანი აქვს გარშემო, არც სარკმელი ან კარი, მარტო მორკალული კიბე შიგნიდან და რაც უფრო მეტად ვიხვევ გულში წყენას, მით უფრო მაღლა ავდივარ მორკალული კიბით. ბოლოს შუქურას მწვერვალზე ვექცევი. ეს არის ჩიხი, როცა კოშკის წვერზე ხარ მოქცეული უკუნ სიბნელეში, საიდანაც გასასვლელი კი არა, გასახედიც არ არსებობს. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ გარშემო ბევრი კილომეტრი რადიუსით ოკეანეა. ამ მდგომარეობიდან მე გამოსვლასაც არ ვცდილობ. ამ მდგომარეობაში კომფორტულადაც კი ვარ. დანგრევა უფრო ადვილია როცა ბოლომდე არ ვარ ასული. როცა ჰორიზონტზე გამოჩნდება ნავში მჯდომი ჩემი წყენის ობიექტი. დანანების გარეშე ვიწყენ აგურ-აგურ შუქურის დაშლას.

გაბრაზებული სულ სხვანაირ ციხესიმაგრეს ვიშენებ გარშემო. მას გალავანი აუცილებლად აქვს. საცალფეხო ხიდიც კი რომელიც უფსკრულზეა გადებული და სასახლეს გარესამყაროსთან აკავშირებს. სასახლე მთლიანად შავია, ობსიდიანისგანაა ნაშენები. სასახლე თაღის ფორმის ფეხებზე დგას რომელიც ეზოს ქვაფენილს დრაკონის ფეხის ფორმის საყრდენებით ადგას. მთლიანობაში გოთიკურია, წვეტიანი წაგრძელებული გუმბათებით. თითოეული სარკმელი ფილიგრანული ვიტრაჟით შესრულებული ხელოვნების ნიმუშია. ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მეტი სარკმელი აქვს ამ სასახლეს და ყოველ სარკმელში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სიბრაზის სცენებია გამოსახული. სასახლესა და გალავნს შორის ეზო ლაბირინთია. ამ სასახლეში შემოსვლა რთულია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი სიბრაზის ობიექტს, შესაბამისად უკვე მსხვერპლს შეუძლია. ის მარტო გადმოდის უფსკრულზე გადებულ მორკალულ ხიდზე და ლაბირინთში ხვდება. უფსკრული კი ნელ-ნელა ვიწროვდება სასახლის გარშემო და კუნძული რომელზეც სასახლე დგას კონტინენტს ერწყმის. ახლა უკვე ერთადერთი გზა აქედან გასასვლელად სასახლის დანგრევაა, რომელიც მეც დამაზიანებს და ჩემს მსხვერპლსაც. ეს სასახლე ყველაზე იშვიათად შენდება ჩემს წარმოსახვაში და ყველაზე დიდი სიამოვნებით მას ვანგრევ, მაგრამ ამისთვის სიბრაზემ უნდა გადამიაროს, რადგან რაც უფრო მეტად ვბრაზდები მით უფრო მყარი ხდება ჩემი სიბრაზის შავი სასახლე.

კიდევ მონატრების ციხე-სიმაგრე მაქვს. როცა ვინმე მენატრება ჩემი ციხე-სიმაგრეც იწყებს შენებას. ეს ციხე-სიმაგრე ყველაზე ნელა და გულდასმით შენდება, აგურ-აგურ. ის წითელი აგურის მრგვალი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც კიბე გარშემო აქვს. შიგნით კი სხვადასხვა ნივთებით სავსე განსხვავებული ოთახები, ქუჩები და ქალაქებია, განსხვავებული დროიდან და ყველა მათგანი იმ ადამიანს უკავშირდება ვინც მენატრება. ყოველი ახალი საფეხურის მიმატებით ციხე-სიმაგრე გარშემოწერილობაც მატულობს რადგან მოგონებები აღარ ეტევა და ამავე დროს ერთი საფეხურით იძირება. სასახლე ოკეანეში დგას, პირდაპირ წყალზე ტივტივებს, როცა უკვე მოგონებები აღარ მრჩება, ციხე-სიმაგრე დასრულებულია და მე მის მწვერვალზე შემომდგარი იმ ბოლო და ერთადერთ საფეხურზე ვდგავარ, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩაძირულა. მაგრამ საბოლოოდ ჩაიძირება და მე მონატრებისგან ვეღარ ვისუნთქებ.

ყველაზე ძველი კოშკი უსახური და ნაცრისფერია, არცერთი სარკმელი და კარიც არ აქვს. ის არც არქიტექტურით გამოორჩევა და არც სილამაზით. ეს კოშკი ერთადერთია რომელიც არც უფსკრულის პირას დგას და არც ოკეანის შუაგულში. ის მთის წვერზეა, ღრუბლებს ზემოთ და სწორედ ამიტომ არ ჩანს ბარიდან. მთის ძირში მდგარმა შეიძლება იფიქრო რომ მე ტყეში მცხოვრები ლაღი ადამიანი ვარ. ქვემოთ ნისლია და მხედველობა ცუდი. ჩემს კოშკამდე მხოლოდ ალპინისტი თუ მოაღწევს, იმიტომ რომ ალპინისტები ყველაზე გულწრფელი და თავდადებული ადამიანები არიან, რადგან თვალთმაქცი ვერ მოატყუებს მთას და ვერ დაიპყრობს მის მწვერვალს. ამ კოშკის კედელს მხოლოდ დროებით ვანგრევ ხოლმე ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ მამაცი მთასვლელებისთვის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩემ კოშკამდე მოაღწევს შიგნით შემოხედვასაც იმსახურებს. ახალი ქვები რომლითაც ამონგრეულ ნაპრალებს ვავსებ ნაიარევად ეტყობა მის კედლებს. ბოლომდე ეს კოშკი ჯერ არასდროს დამინგრევია, იმიტომ რომ ის ჩემი სახლია, იმიტომ რომ ის არ არის ჩვეულებრივი კოშკი ერთჯერადი გამოყენებისთვის, რომელსაც ყოველ ჯერზე თავიდან ააშენებ და ბოლომდე დაანგრევ, იმიტომ რომ მას მთელი ცხოვრება ვაშენებ და ის თავად მე ვარ, ჩემი კანია, რომელშიც ვცხოვრობ.

tumblr_mnzqclaJCk1qhttpto7_1280

შემშურდა…

დატოვე კომენტარი

ამოდი მზეო, ფანჯარას გავაღებ და ნაწნავებს ჩავუშვებ კოშკიდან, რომ ზამთარი შევიფარო. გაზაფხულის მოახლოებას ვგრძნობ, ის ისეთი მდედრობითია და მე ისეთი გაბრაზებული მის გვერდით, რომ ქალურობას ვკარგავ მასთან. მოვიდა გაზაფხული და დამჩრდილა

%d bloggers like this: