შავი ვუალით და გრძელი ხელთათმანებით ელეგანტურად შემოსილი, ჩემს პირდაპირ მჯდომ მამაკაცს თეთრ სმოკინგში, რომელსაც ბაბთა ყელში ისე ქონდა წაჭერილი, რომ მის მაგივრად სუნთვა შევწყვიტე,  ჩემი შავი მოხდენილი მუშტუკიდან გამოწოვილ ნაცრისფერ კვამლს სახეში ვაბოლებდი თავდავიწყებით და ერთადერთი რაც მახსოვდა ის იყო, რომ დოსტოევსკიზე არ ვფიქრობდი და როცა მივხვდი, რომ ჩემი მახრჩობელაბაბთიანი მეგობრისთვის ეჭვიანი ცოლის საწამლავს სულ მოეღო ბოლო, ბარიდან გამოვედი, მაგრამ შავი ლინკოლნის ნაცვლად რომელსაც ჩემი პირადი მძღოლი მართავდა, ცხენზე ამხედრებულმა კასტილიის მინდვრებზე ყვავილები გავთელე ჩემი უმშვენიერესი ცხენით, რათა ქარის წისქვილებს შევბრძოლებოდი. როცა მივხვდი, რომ ქალი ვარ და დონ კი ხოტი ვერ ვიქნებოდი, გადავწყვიტე თავბრუდამხვევ დულსინეად ვქცეულიყავი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ დულსინეა ყოველთვის მახინჯი მეგონა და ჩემივე შეთხზული ზღაპრული სასახლის კიბეები ჩამოვირბინე, ალბათ ამ თავგადასავალსაც ადვილად დავაღწევდი თავს კიბეზე ფეხსაცმელი, რომ არ დამეკარგა. ხოლო როდესაც ფანჯრიდან დავინახე ეტლიდან გადმოსული პრინცი ჩემი დედინაცვლის შვილებს უზარმაზარ ფეხებზე, ჩემს პატარა ფეხსაცმელს როგორ ტენიდა, მივხვდი, რომ კონკიას არც თუ ისე კარგი გემოვნება ქონია და მისგან თავის დასაღწევად ფანჯარაში შემოფრენილ ბიჭუნასთან ერთად გავფრინდი არარსებულ კუნძულზე. ხოლო როცა გავიზარდე და დავბერდი, პიტერ პენმაც გადამიყვარა და მხოლოდ წითელქუდას ბებიობაღა მხვდა წილად. ყველაფერი ჩემი ფრენის შემდეგ დაიწყო ამიტომ, კიდევ ერთხელ ვსინჯე ბედი მფრინავად და პირველივე რეისით დავბრუნდი ესპანეთში თავბრუდამხვევ კარმენად.