მთავარი

9 სიცოცხლე

დატოვე კომენტარი

სიცოცხლე პირველი – გვიან გავიღვიძე… მაღვიძარამ არ დარეკა… ფეხშიშველი შევედი აბაზანაში სასწრაფოდ გადავივლე… პირსახოცი… სიჩქარეში დამავიწყდა ახლოს გადამეკიდა თითის წვერებზე დავდექი და მთელი ტანით გადავიწიე, თითქმის მივწვდი ფეხი რომ ამისრიალდა და ონკანს თავი პირდაპირ საფეთქელთან დავარტყი… 1 წამში მოვკვდი…

სიცოცხლე მეორე – პირსახოცს მივწვდი და ნახევრად სველმა დავიწყე ჩაცმა, ჩაიდანი ჩავრთე, თან თმას ვიმშრალებდი და თან ვცდილობდი მესაუზმა როცა გადამცდა, რა საშინელებაა ერთი ნაჭერი ცხელი ტოსტი რომ დაგახრჩობს გავიფიქრე და მოვკვდი ))))

სიცოცხლე მესამე – ცრემლები მომდიოდა, მაგრამ ვსუნთქავდი არასოდეს შევჭამ ასეთი სისწრაფით, ამას ვფიქრობდი როცა ფეხზე ვიცვამდი თან ჩანთაში ვალაგებდი ნივთებს და თან კარს ვკეტავდი… კიბეზე ფეხი ამისრიალდა და თერთმეტი საფეხური ისე უმტკივნეულოდ ჩავიფრინე მეთორმეტე მოყინული ბეტონის, რომ არ შემხვედროდა… დაახლოებით თორმეტი მოტეხილობიდან ერთ-ერთი სასიკვდილო აღმოჩნდა, სამაგიეროდ დანარჩენი თერთმეტისგან მიყენებული ტკივილი ვერც კი ვიგრძენი ისე სწრაფად დავლიე სული

სიცოცხლე მეოთხე – წამოვდექი და თოვლი დავიფერთხე, გული შიშისგან სადღაც ყელსა და ნიკაპს შორის მიცემდა ენის ქვეშ. სირბილით და სრიალით ჩავედი ქუჩაზე ეთერში მაგვიანდებოდა, პირველივე ტაქსი გავაჩერე, ძალიან ვთხოვე სწრაფად ევლო, მაგრამ შუქნიშანზე გაჩერება რომ მოვისურვეთ და დამუხრუჭებისას მოგვასრიალა, იმდენი ვიტრიალეთ სანამ მანქანა ჩემს მხარეს საგზაო ნიშნის ბოძმა არ გააჩერა, უფრო სწორად საგზაო ბოძმა რომლის ნაწილიც პირდაპირ გულში მქონდა გაყრილი

სიცოცხლე მეხუთე – საგზაო ნიშნის ბოძი რამდენიმე მილიმეტრით ამცდა, მანქანიდან გადმოსვლა გამიჭირდა, ახლა ნამდვილად ვეღარ მივუსწრებდი ეთერს, მწვანე შუქს არც დაველოდე, გზაზე გადარბენისას მანქანის მუხრუჭის ხმა გავიგე, ზუსტად ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა “ტყტყ” ბგერები გამოსცა მძღოლმა და ვიფიქრე აი სამშვიდობოს გამოვედითქო, როდესაც გზის მეორე მხარეს პალტოში და ბერეტში გამოწყობილი, მომღიმარი, საშუალო ასაკის ქალბატონის მზერა შევნიშნე. არ გავუღიმე იმიტომ რომ არ მეცნო, მაგრამ დავაკვირდი, რომ მივუახლოვდი ეს მზერა ისეთი კეთილი აღარ მომეჩვენა…

– შენ იცი რომ შეიძლება მომკვდარიყავი??? ვინ არის დამნაშავე ის თუ შენ??? შენ და შენნაირები უნგრევენ უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრებას??? ჩემს შვილს უნდოდა მკვლელი გამხდარიყო??? მაგრამ შენნაირი ალქაჯების გამო ხდებიან მკვლელები და არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ შუბლში მესროლა… უფრო სწორად ხმა გავიგე სროლის…

სიცოცხლე მეექვსე – ბერეტიანმა ქალბატონმა სათამაშო პისტოლეტით წყალი სახეში შემასხა, ფიზიკურად საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც მთელი ძალით გავრბოდი, 5 წუთში გავჩერდი და სული ძლივს მოვითქვი არც არაფერი დარჩა ფეხით მივედი… ლიფტში რომ შევედი წამებს ვითვლიდი და აი სადღაც მეშვიდესა და მერვე წამს შორის ჩაწყდა, ამჯერად უკვე სიკვდილში გამოცდილს ხმაურიც დამამახსოვრდა, ჩემი ყვირილიც, შეჯანჯღარებაც და სამწუხაროდ ძლიერი დარტყმაც, ლიფტში არა, მაგრამ საავადმყოფოსკენ გზაში კი ნამდვილად მოვკვდი

სიცოცხლე მეშვიდე – ძლივს დავარწმუნე სასწრაფოს ექიმები რომ არაფერი მიჭირდა, იმის გარდა, რომ ეთერში მაგვიანდებოდა და სულ სირენებით მიმიყვანეს სამსახურამდე, რა თქმა უნდა კიბით ავედი, გულამომჯდარი მივეყუდე კედელს და ის იყო სიგარეტისთვის უნდა მომეკიდა, რომ ჩემი მეწყვილეც გამოვიდა

– ძალიან ძალიან გთხოვ ირაკლი ვერ ვსუნთქავ და ერთი ჭიქა წყალი მომიტანე
– ახლავე

ეს ახლავე კი გამიკვირდა, მაგრამ გაკვირვების გამოსახატი ენერგია ჯერ არ მქონდა, სამწუხაროდ მოგვიანებით უკვე დაგვიანებით აღმოჩნდა, რადგან ჩემმა საკუთარმა და ღვიძლმა მეწყვილემ მოწამლული წყალი გამომიწოდა და მეც იქვე მოსაწევში გარდავიცვალე

სიცოცხლე მერვე – წყალი დავლიე და ცოტა გონს რომ მოვეგე გამახსენდა ჩემი ეთერი, საეთეროში პალტოთი და ქუდით შევედი, რამდენიმე წამიც და დავაგვიანებდი, ის იყო უამინდობის ბლოკზე უნდა გადავსულიყავი, რომ კარგად გვარიანად შეგვაზანზარა და მერე მახსოვს რომ იატაკი გამომეცალა ფეხქვეშ. 10 ბალიანმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა თბილისი და მეც…

სიცოცხლე მეცხრე – გამოვედი საეთეროდან, გავიხადე პალტო, გავთბი, ლევანმა ყავა მომიდუღა, დავჯექი ირაკლის გვერდით და დავიწყეთ მაფიოზობანას თამაში… წინ თავისუფალი სამი საათი მქონდა, დავხუჭე თვალები, გამეცინა, სულ მეცინება ამ დროს, გავახილე, ყველა მე მიყურებს, დავასახელე, ხმა მივეცი, გავარდა, მაფიოზია, ისევ აბაშმაძე, მაფიის ღამეც დადგა, მაფიოზის გადაწყვეტილებით თამაშს ტოვებს ანა სიდამონიძე

პ.ს. ისევ აბაშმაძე თუ მომკლავს )))))))))))))

სიმთვრალის ქრონიკები

8 Comments

გუშინ ერთად შევხვდით ახალ წელს… დავლიეთ… ბევრი დავლიეთ… არაყი…

მერე მახსოვს რომ მანქანით მივდიოდით… მერე მახსოვს რომ გაჩერდა მანქანა და მერე მახსოვს მაგიდას ვალაგებდი…

შუალედებში რა ხდებოდა ახლაც ვერ ვიხსენებ…

მერე აბაზანაში აღმოვჩნდი და მახსოვს ვთხოვე დარჩენილიყო ოღონდ მერე არაფერი მახსოვს… 😀

მერე მახსოვს რომ ექიმ ჰაუსს ვუყურებდი… გამოდის რომ აბაზანიდან რომ გამოვედი გადმოვწერე, მერე ფლეშზე გადავწერე, მაგრამ ამდენს ვერ მოვასწრებდი, იმიტომ რომ დილის 4 საათზე მოვედი სახლში და 6 საათზე ეს ყველაფერი უკვე მომხდარი იყო ჰაუსიც ნანახი მქონდა და უკვე ვიძინებდი…

ანუ სადღაც იმ დროს როცა ვალაგებდი ალბათ კომპიუტერი ჩავრთე და გადმოწერა დავიწყე, მერე აბაზანიდან რომ გამოვედი ალბათ ფლეშზე გადმოვწერე…

როგორ დავწექი არ მახსოვს…

ბუნდოვნად მახსოვს რომ ძალიან მაგარი სექსი მქონდა… შეგრძნებები მახსოვს… ოღონდ დარწმუნებული არ ვარ… რომ მქონდა… მაგრამ კარგი იყო ყველა შემთხვევაში…

ოღონდ მგონი ჰაუსის ყურებამდე მქონდა, იმიტომ რომ ეგრევე დავიძჲნე რომ დამთავრდა … დილის ექვსზე …

დღეს დილით გავიღვიძე ადრე… ავდექი და საწოლთან ცხოვრებაში პირველად დამხვდა დალაგებული ტანსაცმელი რაც უნდა ჩამეცვა : ))))

ეტყობა გუშინ მივხვდი რომ გამოუძინებელი ვერ მივხვდებოდი რა ჩამეცვა და ცხოვრებაში პირველად მოვიმზადე, ოღონდ არც ეს მახსოვს…

აბაზანაში როგორ მოვხვდი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის მომენტი სარკეში რომ ჩავიხედე… შემეშინდა…

სახე დავიხატე რასაც ქვია და მერე მახსოვს კიბორგამ დამირეკა მე მივედიო… მანამდეც არ მახსოვს როგორ მაგრამ უკვე მანქანაში ვიჯექი…

დათომ მკითხა გუშინ ჰაუსს ბოლომდე უყურეო და მოვუყევი თავიდან ბოლომდე მთელი სერია… ერთადერთი რაც ნათლად მახსოვს ჰაუსია, დეტალებიც კი მახსოვდა…

მივედი და მახსოვს უკვე იქიდან ყავს რომ ვსვამდი… მერე რაღაცეები ბუნდოვნად…

მახსოვს ეთერი მქონდა მაგრამ რას ვკითხულობდი არ მახსოვს…

მერე კიდე მახსოვს კიბორგა, მუსიკა მახსოვს და რაღაცეებს ვტვირთავდი…

საკრედიტო ბარათი მივეცი არტურს პინკოდით???

შევუცვლითქო… შევუცვლი!!!

მერე გვიან უკვე თათიას ვუყვებოდი ამას რაც მახსოვდა და გამახსენდა რომ აბაშმაძეს დავურეკე გვიან და ვერ ვიხსენებდი რატომ დავურეკე…

ლიფტი მახსოვს და თათის ვეუბნებოდი გამახსენდა გუშინ გვიან სახლში რომ მოვედი გადავწყვიტე რომ ზუბროვკა ჩამესხა სხვა ბოთლში… ძაბრი ვერ ვიპოვნე და ასე ჩავასხი ძაბრის გარეშე ერთი ბოთლიდან მეორეში, ოღონდ წვეთი არ დამიქცევია და ისე გამიხარდა რომ აბაშმაძეს დავურეკე რომ მეთქვა ზუბროვკა ერთი ბოთლიდან მეორეში ძაბრის გარეშე ჩავასხი და წვეთი არ დამიქცევიათქო… ოღონდ დილის 5 საათზე..

აბაზანაში არისო… მერე დამავიწყდა დამერეკა…

მერე თათიამ მკითხა რატომ ასხავდი სხვა ბოთლში თუ ესხა ისედაცო? და გამახსენდა რომ რატომღაც მინდოდა რადიოში ამეტანა და დამელია დილით… ოღონდ რატომ ვასხავდი მაინც ვერ გავიხსენე…

ეს ბოლო ნახევარი საათის წინ იყო მაგრამ მაინც ბუნდოვნად მახსოვს…

%d bloggers like this: