ერთ დილას ჩვენ აღარ გავიღვიძებთ. ხანდახან ძილის წინ თვალს რომ ვხუჭავ იმ დილის წარმოდგენა მინდა. რას ვიგრძნობ ნეტა. მეშინია რომ იქ არაფერი იქნება და მერე ვცდილობ არაფერი წარმოვიდგინო, არაფრის გრძნობა, არაფერზე ფიქრი, არაფერი გარშემო და მეც არაფერი. მერე ფიქრს ვწყვეტ ხოლმე, ან შეიძლება მგონია და უბრალოდ მეძინება. სიზმარში ვხედავ იმ დილას სადაც არაფერია. თქვენ გგონიათ რომ არაფერი შავია? აღიარეთ ჰო შავი წარმოიდგინეთ? კარგად არ წარმოგიდგენიათ, არაფერს ფერიც არ აქვს, ამ მდგომარეობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, იმიტომ რომ ის არაფერია. დილაა როდესაც არ ვიღვიძებთ. იმ დილას სულერთია როგორ იცხოვრე და რამდენი ცოდვა გქონდა, ან რამდენი სიკეთე გაგიკეთებია, იმ დილით ჩვენში ღმერთები კვდებიან, ის დილაა აპოკალიფსი. ის დილაა მეორედ მოსვლა ადამიანებს რომ ეშინიათ, მაგრამ არასწორ მისამართზე ელიან. გრძნობა რომ შეგვეძლოს ვაღიარებდით რომ ტყვეობაში გვიცხოვრია და ნამდვილი თავისუფლება არაფერშია როგორც იმ დილას. იმ დილას რომ შეგეძლოს ინანებდი ყველაფერს რაც არ გამოგიცდია, იმიტომ რომ ეს დილა მაინც აუცილებლად არ გათენდებოდა.