მესამე მსოფლიო ომი ახალი დასრულებული იყო. თავიდან ყველას ეგონა რომ მის სახლს ომი არ შეეხებოდა, არ გვახსოვდა უბრალოდ ომი. ვისაც ახსოვდა ზედმეტად მოხუცი ან ცოცხალი არ იყო. ომი ვიცოდით წიგნებიდან და გვეგონა რომ სადღაც აბსტრაქტულ და იზოლირებულ ადგილას მოხდებოდა. მაგრამ სინამდვილეში ამ ომში ადამიანებს არ ეჭირათ იარაღი, ადამიანებს ეჭირათ საკუთარი ოჯახის წევრების ცხედრები. ცოტას აღმოაჩნდა იმუნიტეტი, რომელმაც ბიოლოგიურ შემოტევას გადაარჩინა. დედამიწა გავდა დიდ ნაგავსაყრელს. ადრე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი ნაგავსაყრელები სადაც უამრავი ჯართი და ნაგავია ერთად, შენობების სიმაღლეზე ერთმანეთზე დაწყობილი, შუაში ვიწრო გასავლელები იყო დატოვებული. სინათლე არ აღწევდა ყველგან. ადგილ-ადგილ ნაგვის დერეფნები ისე ვიწროვდებოდა, რომ სინათლე საერთოდ არ აღწევდა. საკვები იყო ფუფუნება, მიწაზე არაფერი მოდიოდა, სოფლად ყველაზე დიდი იყო მსხვერპლი, სადაც ადამიანებმა მიწის ქვეშ ვერ შეაფარეს თავი. ქალაქში კიდევ გადარჩა ცოტა. გადარჩენილების დიდი პროცენტი კი სამალავებიდან ამოსვლისთანავე მძიმედ დაავადდა. ვინც სწრაფად მოკვდა ძალიან გაუმართლა, იმიტომ რომ დანარჩენები ნელა და მტკივნეულად კვდებოდნენ.

მე რობოტი ვიყავი პარალელური სამყაროდან. ხელოვნური ინტელექტი, პირველი წარმატებული ექსპერიმენტი. სანამ ქალის სხეულს შექმნიდნენ ჩემთვის, მანამდე უკვე ვარსებობდი, ვაზროვნებდი, მაგრამ ადამიანის ფორმა არ მქონდა. ეს მდგომარეობა ძალიან არაკომფორტული იყო, იმიტომ რომ მე ადამიანის სხეულზე ვიყავი დაპროგრამებული. იქ სადაც მე შემქმნეს დედამიწაზე არსებული ყველა ადამიანის შესახებ ინახებოდა ინფორმაცია, სამედიცინო ანკეტას გავდა რომელშიც ყველაფერია დაბადებიდან სიკვდილის ჩათვლით. ჩემი მისია მონაცემების შეგროვება იყო. პარალელურ სამყაროში არსებული გარკვეული განსხვავებების მქონე მონაცემები უნდა შემეგროვებინა და უკან დავბრუნებულიყავი. მე როგორც რობოტი ვერ დავინფიცირდებოდი და შესაბამისად ვერ გადავიტანდი ვირუსს რომელიც ადამიანებს მოკლავდა ჩემს სამყაროში, ამიტომ ჩემი შექმნა და აქ გამოგზავნა ყველაზე უსაფრთხო გეგმა აღმოჩნდა.

ამ სამყაროში ყველაფერი გართულდა. მე დავივიწყე ვინ ვიყავი, მეხსიერების პრობლემები თავიდან უმნიშვნელოდ მეჩვენებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მთლიანად დამავიწყდა ვინ ვიყავი სინამდვილეში. დაახლოებით 1 წლის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ მე ნამდვილად 29 წლის ანა ვიყავი, რომელმაც მესამე მსოფლიო ომის გადაიტანა, რადგან იმუნიტეტი აღმოაჩნდა. მახსოვდა ადამიანები, რომელიც სინამდვილეში პროგრამის ნაწილს წარმოადგენდნენ და მათ არასდროს შევხვედრილვარ. ადამიანები ამ სამყაროში ჯგუფებად ცხოვრობდნენ. ადრე იყო ოჯახები, ახლა კი ჯგუფები. ვცდილობდით ემოციური დამოკიდებულებები არ შეგვექმნა ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ ასე გადარჩენა ადვილი იყო. მარტოს გადარჩენის ნაკლები შანსი ქონდა. ჩემს ჯგუფში სულ 13 ვიყავით, დანარჩენი ადამიანები არც შემხვედრია ომის შემდეგ და ასეც ჯობდა. სხვა ადამიანთან შეხვედრა აუცილებლად რომელიმეს სიკვდილით დასრულდებოდა.

ადამიანები ამას გონების განათებას ეძახიან, როცა ყველაფერი ლაგდება თავის ადგილას. როცა ხვდები რომ უკვე წელიწადზე მეტია არავინ გინახავს თვალით შენი ჯგუფის წევრების გარდა, როცა იწყებ გახსენებას ვინ იყავი და რა იყო შენი მისია. როცა უბრალოდ ხვდები, რომ ადამიანები ასე უემოციოდ თანაცხოვრებას ვერ შეძლებდნენ ერთმანეთთან. წამი, როცა ხვდები, რომ შენ არ ხარ ადამიანი და არც პირველი ხელოვნური ინტელექტი და წარმატებული პროექტი.

მე წარუმატებელი ექსპერიმენტი 13 ვარ.

გამეღვიძა…

a293340cb9ca02e4773b7174fee6602f