მთავარი

მე და ჩემი კოშმარები

3 Comments

მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება კოშმარებს ვხედავ. ნუ სიზმრების 100%-დან 99.99% კოშმარები იყო და დანარჩენი ერთი არ მახსოვდა. სხვათაშორის ბოლო რამდენიმე დღეა თუ უკვე ერთი კვირაა მძინავს ჩვილივით და ვხედავ კარგ სიზმრებს. ისეთ კარგებს და ლამაზებს, საყვარლებს და ფუმფულებს, რომ აღარ ვიცი რა ვქნა, რას ვეცე, როგორ გავაზიარო, ვის მოვუყვე. რა კარგი ყოფილა კარგი სიზმრების ნახვა ღმერთო ჩემო, რომ იღვიძებ და ადამიანის სახე გაქვს, მზეს ამჩნევ ცაზე თურმე ამოდის და ანათებს კიდეც და საერთოდ რა კარგი და მშვენიერია ირგვლივ ყველაფერი. როგორ მოქმედებს ადამიანზე თურმე ცუდი სიზმრები. გულში ვფიქრობ ეს დღეები, თურმე რა ბედნიერები არიან ადამიანები და არ იციან.

nightmares

ჩემი სიზმრები უკიდურესად კოშმარულია და ეხება ყველა თემას რაც კი ოდესმე მაინტერესებდა ან ვიცოდი. რელიგია, მითოლოგია, რიტუალები და ა.შ. მაგალითად როცა ყველა იხსენებს ბედნიერად სიზმარს, რომელშიც იფრინა და აღფრთოვანებული ყვება იმ განცდებს, რომელსაც ფრენის დროს განიცდიდა. ამ დროს მე, ერთადერთხელ ვიფრინე სიზმარში და ისიც როგორ, მილიონი ფსიქოპათი მე მომსდევდა უკან, მთელი ქალაქი ჩემი ალტერნატიული განსხეულებებით იყო სავსე, ოღონდ ყველა თავისებურად საშინელი იყო და რომ მომიმწყვდიეს რომელიღაც კორპუსის თავზე იქიდან გადმოვხტი და ვინატრე ფრთები, შედეგად ვიფრინე, მაგრამ ეს იყო მტკივნეული, თან მწონდა ღამურას ფრთები. მთელი დღე მტკიოდა ზურგის კუნთები და მას შემდეგ არ მიფრენია.

ერთხელ მოვხვდი ჯოჯოხეთში სადაც კანი გამაძრეს ამოატრიალეს, ისევ ჩამაცვეს და მიმაკერეს. თან ამ ყველაფერს ვგრძნობდი და ისეთი რეალისტური იყო. ვერ ვიხსენებ რომელი გრძნობა უფრო მტკივნეული იყო გატყავების თუ ჩაცმის, მაგრამ ეს იყო ნამდვილი კოშმარი, რომელიც იმდენად კოშმარი იყო, რომ გავიღვიძე ვიგუდებოდი უჰაერობისგან. სხვათაშორის ჯოჯოხეთში კიდე ვიყავი სხვა დროსაც, მაგრამ იქ უკვე სახელგანთქმული კუპრის უდაბნო ფიგურირებდა, რომელზეც დავდიოდი შიშველი ფეხებით და ვერ ვაგნებდი გასასვლელს, თან ვეძებდი ლუციფერის ქამარს, რომელიც საიდანღაც ვიცოდი რომ გამიყვანდა ჯოჯოხეთიდან. ჰოდა ვიპოვნე ქვა, რომელიც მივხვდი რომ ეს იყო ქამარი და რაღაც ღვთაებრივად კი არა, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკებში რომ არის, იმ ტექნოლოგიის მსგავსად გარდაიქმნა ეს ქვა ქამრად. ოღონდ რომ გავიკეთე მე თვითონ გავხდი ლუციფერი და ჯოჯოხეთიდან გამოსვლა აღარ მინდოდა.

კიდე ერთხელ მახსოვს რაღაც შენობაში მოვხვდი რომლის ოთახებიც ფორმას იცვლიდა და თან დროც სხვანაირად მიდიოდა ამ სახლში. მაგალითად ერთ ოთახში რომ შევიდოდი და რომ დაიწყებდა დამრგვალებს უნდა გამესწრო მეორეში, მერე დერეფანი იწყებდა დავიწროვებას და შემდეგი ოთახის კარი მხოლოდ დერეფნის ბოლოს იყო, არადა უნდა მომესწრო შესვლა თორემ გავიჭყლიტებოდი, ჰოდა მერე რომ ვბრუნდებოდი ისევ იმ ოთახში სადაც უკვე ვიყავი იქ ვხედავდი ჩემს თავს, რომელიც მე ვერ მხედავდა და იმ ვითარებას რაც უკვე იყო რამდენიმე წუთის წინ. რამდენჯერაც ვბრუნდებოდი ერთსა და იმვე ოთახში იმდენ დროს ვხედავდი ერთდროულად და იმდენ ჩემს თავს. ანუ ყველა დრო ფენებად იყო ერთმანეთზე დადებული და თითქოს მთელ სახლში ყველაფერი სინამდვილეში ერთდროულად ხდებოდა, უბრალოდ მე სივრცეში გადავაადგილდებოდი და არა დროში.

ერთხელ სიზმარში ვნახე სამყაროს დასასრული. ესეც კოშმარი იყო პრინციპში, მაგრამ ისეთი ლამაზი, რომ სამყაროს დასასრული თუ ასეთი იქნება მინდა რომ რეალურადაც ვნახო. სიზმარში ვნახე რომ მზის სისტემის ყველა პლანეტა ცაზე ჩანდა, იმიტომ რომ დედამიწა იზიდავდა მათ და ვითომ ამას ერქვა პლანეტარული სუიციდი. არც ვიცი საიდან მომივიდა ეს ტერმინი თავში. ჰოდა მოკლედ ყველა პლანეტა დედამიწას უნდა შეჯახებოდა, იმიტომ რომ საერთოდ მთელი სამყარო, ანუ მთელი არსებული კოსმოსური სივრცე იკუმშებოდა და ამ შეკუმშვის ეპიცენტრი იყო დედამიწა. ყველაზე ლამაზი იყო ბოლო რამდენიმე წუთი, როცა პლანეტები შემოიჭრნენ ატმოსფეროში და მათ გარშემო ფეიერვერკივით ალის რგოლები იყო, თვითონ კიდე შავები გახდნენ და მთელი ცა გამწვანდა როგორც ჩრდილოეთის ნათების დროს, ისე ალივლივდა სხვადასხვა გარდამავალ ფერებად და დედამიწაზე უცბად, რამდენიმე წამში მომწვანოდ ნაცრისფერი კვამლი ჩამოწვა, მაგრამ თან ანათებდა ყველაფერი და ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი იყო ენითაუწერელიო, რომ იტყვიან.

ერთ სიზმარში ვიყავი სვანეთში, არადა სვანეთში არ ვარ ნამყოფი. ჰოდა ვითომ რაღაც კოშკში ვზივარ და უცბად ხალხი შემოიფანტა ყვირილით სამმა სვანმა გოლიათმა გაიღვიძაო. შემოვიდა ეს სამი სვანი გოლიათი დიდები, თეთრები და როგორც უკვე გაქცეული ხალხი ყვიროდა კაციჭამიები. თუმცა არ შევუჭამივარ, მახსოვს რომ სამივემ რაღაც ძალა მომცა, უფრო სწორად შემპირდა, აი ზუსტად ისე როგორც ზღაპრებშია ხოლმე, ოღონდ რაღაცის სანაცვლოდ. რის სანაცვლოდ არ ვიცი. იმედია სული არ მივყიდე ))))

ერთხელ ერთ სიზმარში სადღაც ცენტრალურ ამერიკაში ვცხოვრობდი, ნუ ეგეთი სახლები იყო და მე შავკანიანი მაღალი, ლამაზი ქალი ვიყავი. პრინციპში მხოლოდ ამის გამო ეს სიზმარი შემიძლია კოშმარების რიცხვში არც გავიყვანო, მაგრამ მე მქონდა რაღაც პატარა მრგვალი მინის კოლბებივით ბოთლები, რომლებშიც ფერადი ფოსფორივით მანათობელი ბლანტი სითხე ესხა. ხოდა ამ ქალაქში დავდიოდი და ყველას ვისაც შევხედავდი და ჩავთვლიდი რომ მისი დრო მოვიდა ვასმევდი ამ სითხეს და ამ კოლბაში ხვდებოდნენ. სიკვდილი ვიყავი ფაქტობრივად. როცა გავავსე ყველა კოლბა მთაზე ავედი სადაც ძველი ქვის სარიტუალო მაგიდასავით იყო, ქვემოდან დიდი ქვის თასივით ქონდა შედგმული. დავწექი, დავლიე ეს ყველა დაგროვილი სითხეები, გავდნი და ამ ქვის ჯამში დავგროვდი. ეგ შეგრძნება მახსოვს თან სითხე რომ ვიყავი. კატასტროფა შეგრძნება იყო, რომელიც ვერ აბალანსებს ჩემს ლამაზ, მაღალ შავ ქალად ყოფნას და ამიტომაც კოშმარია.

ერთხელ ვნახე როგორ ჩადიოდა თბილისი მიწაში, ვითომ მე ვიდექი სადღაც სააკაძის მოედანზე, უცბად დავინახე რომ შენობები ჩადიოდა მიწაში, ინგრეოდა ყველაფერი გარშემო და უკვე გასაქცევიც რომ აღარსად მქონდა ხვრელით მიწაში ჩავედი, თან ვფიქრობდი ამ ხვრელში როგორ ვეტევითქო. ნუ კი კომპაქტური ვარ, მაგრამ მაინც ძალიან ვიწრო ხვრელი იყო. მოვხვდი მიწისქვეშა გამოქვაბულში სადაც ტბა იყო, რომ ჩავიხედე თურმე გველის ტანი მქონდა და დრაკონის თავი. მერე მივხვდი იქ როგორ ჩავედი, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დრაკონის სახე არ მეუცხოვა, პირიქით ძალიან ბუნებრივად აღვიქვი, მაინც ერთგვარი სტრესი იყო, უცბად რომ აღმოაჩენ ამ ფაქტს. საკმაოდ უსიამოვნო სიზმარი იყო.

ერთი მძაფრსიუჟეტიანი კოშმარიც იყო, რაღაც ლაბირინთში ვიყავი ქვის ლაბირინთი იყო, ოღონდ შენობაში, იმიტომ რომ ცა არ ჩანდა ჭერი ქონდა და იატაკიც ქვის. ვითომ ვიღაც მომსდევდა და მე მეცვა ტყავისა და რკინის ტანსაცმელი ძალიან სექსუალური. სხეულის ის ნაწილები რომელსაც ვხედავდი სულ მოხატული მქონდა. ჰოდა გავრბოდი თან ხელში მეჭირა ხმალივით თუ ხანჯალივით იარაღი. წამომეწია ეს ვისაც გავურბოდი და ისიც მე ვიყავი, ისიც მოხატული იყო, ზუსტად ჩემნაირი და მომკლა, ჰოდა სისხლი როგორცკი წამომივიდა გაქრა. საშინელი გრძნობაა საკუთარი თავი რომ გკლავს. ამ სიზმრის მერე დავრწმუნდი რომ სუიციდი ნოთ მაინ.

და ჩემი ფავორიტი კოშმარული სიზმარი იყო, როცა რეალურ ცხოვრებაში დავიძინე და სიზმარში გავიღვიძე კოსმოსურ ხომალდში, რომელიც დაჯდა პლანეტაზე, რომელზეც მე არალეგალურად ვიმყოფებოდი, საბუთები არ მქონდა და ვცდილობდი სატვირთო ნაწილით დედამიწაზე დაბრუნებას ))))) ეს იყო ყველაზე სასაცილო კოშმარული სიზმარი რაც კი მინახავს.

კიდევ უამრავი კოშმარი მაქვს ნანახი რომელსაც არცერთი პოსტი არ ეყოფა, თითქმის იმდენივეა რამდენი ღამეც იყო ჩემს ცხოვრებაში, ნუ თითქმის. ყველა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამავე დროს საშინელი. ხანდახან თავსაც ვიმშვიდებდი იმით რომ, აუ მე ისეთი საინტერესო სიზმრები მაქვს, ისეთი არაბანალური, მაგრამ ბულშით. თურმე რა კარგი ყოფილა მათ გარეშე. არ დაბრუნდეთ კოშმარებო, არ მენატრებით.

nightmare

ტატუები და ასტროლოგია

2 Comments

ამ პოსტზე ბევრს ვფიქრობდი, იმიტომ არა რომ ბევრია რამე საფიქრალი, უბრალოდ მეზარებოდასავით დაწერა და სულ იქით ვდებდი რატომღაც. ეს პოსტი ეხება სიმბოლოებს ჩვენს კანზე ანუ ტატუებს და მათ მნიშნელობას ჩვენს ცხოვრებაში. მოკლედ ჰაგის ახალი პოსტი ტატუებზე და ასტროლოგიზე.

ძალიან მომწონს ტატუ, ზოგადად სხეულის გალამაზება და დამატებითი ენერგეტიკა, არხი თუ უბრალოდ ბევრისთვის სამკაული, როდესაც კარგადაა შესრულებული უდაოდ მიმზიდველია. ნუ არიან ადამიანები ვისაც არ იზიდავს ტაუტები, მაგრამ ეს პოსტი მათთვის არაა 🙂 ეს პოსტი არის იმაზე, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად რა არხებს ვხსნით, რა ენერგიას ვიღებთ და უბრალოდ რა იცვლება იმით, რომ თუნდაც ერთ დამატებით წერტილს ვისვამთ სხეულზე. მთავარი არის სამი რამ: ერთი – სად ვიკეთებთ ტატუს, მეორე – რას ვიკეთებთ და მესამე – რაც ასტროლოგიას არ ეხება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ვინ გვახატავს მას 🙂 ამ პოსტში პირველ ორზე იქნება საუბარი.

ძალიან რომ არ დაიბნეთ დავიწყებ მარტივად. მგონი ყველამ იცის თავისი ასტროლოგიური ნიშანი ამიტომ პირდაპირ დავწერ რომელი ნიშანი სხეულის რა ნაწილის და რა ორგანოს მმართველია.

ვერძი – თავი, სახე და ტვინი

კურო – კისერი, ყურები, ხორხი და იოგები

ტყუპები – მკლავები, მხრები, კუნთები, ფილტვები და ბრონქები

კირჩხიბი – მუცელი, მკერდი, დიაფრაგმა, ღვიძლის ზედა ნაწილი

ლომი – გული, ხერხემალი და მალები

ქალწული – კუჭ-ნაწლავი, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ღვიძლის ქვედა ნაწილი

სასწორი – თირკმელი, წელი და კანი

მორიელი – სასქესო ორგანო, შარდის ბუშტი, ნაღვლის ბუშტი, სწორი ნაწლავი, რეპროდუქციული სისტემა.

მშვილდოსანი – თეძოები და ნერვული დაბოლოებები.

თხისრქა – მუხლები, სახსრები და თმები

მერწყული  – ძვლები, კბილები და სისხლი

თევზები – ტერფები და თითები

რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგალითად მე ვარ თევზები და ჩემი სუსტი წერტილია ტერფები და თითები. მე შემიძლია ავირჩიო სიმბოლო რომელიც პირადი რუკიდან გამომდინარე გააძლიერებს ამ ენერგეტიკას ან შეიძლება ისეც მოხდეს, არასწორად არჩევის შემთხვევაში, რომ ძალიან ცუდად ჩავერიო, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ კიდევ ერთს შემოგაპარებთ. ყველა ნიშანს ყავს თავისი მმართველი პლანეტა, ხოლო ყველა პლანეტას აქვს გავლენა კონკრეტულ ორგანოზე. მაგალითად:

მარსი მართავს ვერძს და მორიელს, ხოლო გავლენა აქვს არტერიებზე, კუნთებზე, თმებსა და ფრჩხილებზე.

ვენერა მართავს კუროს და სასწორს, ხოლო გავლენა აქვს თირკმელზე და საჭმლისმომნელებელ სისტემაზე.

ვენერა და მარსი ერთად განაგებენ რეპროდუქციულ სისტემას.

მერკური მართავს ტყუპებს და ქალწულს, ხოლო გავლენა აქვს რესპირატორულ სისტემაზე.

ნეპტუნი მართავს თევზებს, ურანი მერწყულს. ურანსა და ნეპტუნს ერთობლივად აქვს გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე.

მერკურსა და ურანს კი ერთობლივად აქვთ გავლენა ტვინსა და ნერვულ სისტემაზე.

მერწყულს ურანთან ერთად მართავს სატურნიც, ხოლო თხის რქას ასე ვთქვათ დამოუკიდებლად. სატურნს გავლენა აქვს ვენებზე, კანზე, ძვლებსა და ჩონჩხის აგებულებაზე.

ასევე მორიელს მარსთან ერთად მართავს პლუტონიც, პლუტონს გავლენა აქვს სათესლე ჯირკვლებზე.

იუპიტერი ნეპტუნთან ერთად მართავს თევზებს ხოლო დამოუკიდებლად მშვილდოსანს, იუპიტერს გავლენა აქვს ღვიძლზე.

კირჩხიბს მართავს მთვარე, ხოლო გავლენა აქვს საკვერცხეებზე.

მზე კი მართავს ლომს და გავლენა აქვს გულზე.

ახლა დავლაგდეთ. შევეცდები ავხსნა მარტივად, რადგან სინამდვილეში ასეცაა. მოკლედ როგორც ვიცით უამრავი თანავარსკლავედი არსებობს ცაზე, მათ შორისაა 12 ასტროლოგიური ნიშნის თანავარსკლავედიც, რომელიც ფიზიკურად არსებობს. მზე ერთი ნიშნის გავლას 1 თვე უნდება დაახლოებით, სწორედ ამიტომაა, რომ თუ თქვენ დაიბადეთ 20 ოქტომბრისა და 20 ნოემბრის შუალედში მორიელი ხართ, ანუ მზე იყო მორიელის თანავარსკვლავედში, თუ მაგალითად 20 აპრილიდან 20 მაისამდე ე.ი. კურო ხართ და ა.შ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ასე ვთქვათ მზით ხართ მორიელი ან კურო იმის მიხედვით თუ მზე რომელ თანავასკვლავედს გადიოდა.

ახლა რა ხდება ხოლმე პირადი რუკის შედგენისას, საქმე იმაშია რომ თქვენი დაბადების მომენტში ყველა პლანეტას, ასტეროიდსა და მზეს ასევე, როგორც მთვარეს კონკრეტული მდებარეობა ქონდა, უნიკალური (გრადუსების გათვალისწინებით) შესაბამისად თქვენი პლანეტები შესაძლოა სხვადასხვა ნიშნებში იყოს გაფანტული. უფრო მარტივად თქვენი დაბადების მომენტში ისინი სხვადასხვა თანავარსკვლავედს გადიოდნენ. სწორედ ეს ხდის ადამიანს უნიკალურს და ანგრევს მითს “მე წავიკითხე ჩემი ნიშნის დახასიათება და საერთოდ არ დაემთხვა”. შესაძლოა თქვენ სხვა ნიშნის გავლენა უფრო მეტად გაქვთ, ამას დავამატოთ თქვენს რუკაში პლანეტების ურთიერთმიმართება ანუ ასპექტები და სახლები, თუმცა შორს არ წავალ.

დავუბრუნდეთ ტატუებს, რატომ იყო ეს ყველაფერი სათქმელი და მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ შესაძლოა თქვენ მთვარე გყავთ მაგალითად მორიელში, მორიელს მართავს მარსი, ამ შემთხვევაში მორიელი, მთვარის და მარსის მდებარეობებია მნიშვნელოვანი და ასე ყველა სხვა პლანეტაზე 🙂 საბოლოოდ ვიღებთ ობობის ქსელის რაღაც მსგავს ნახაზს, რომელსაც თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკა ქვია და რომელიც მნიშნელოვანია იმისთვის, რომ როცა რამეს იხატავ კანზე, სხეულის კონკრეტულ ადგილზე, ბედს არ ენდო და იცოდე რას შეცვლის ეს შენს ცხოვრებაში, რადგან ჩვენ ადამიანები კანს არ ვიცვლით.

იმისთვის რომ უფრო ცხადი იყოს რა საშიშროება შეიძლება იყოს, უბრალოდ ჩამოვწერ თუ რომელ ნიშანს რა დაავადებები ახასიათებს.

ვერძი: თავის და თვალის ტკივილი, ციება, უბედური შემთხვევები

კურო: ძირითადად ყელის ტკვილი და რაც მას უკავშირდება.

ტყუპები: ბრონქებთან დაკავშირებული დაავადებები, პლევრიტი და პნევმონია, ბრონქიალური ასთმა და ანემია.

კირჩხიბი: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.

ლომი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.

ქალწული: კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები.

სასწორი: თირკმელებთან და ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები.

მორიელი: ვენერიული დაავადებები.

მშვილდოსანი: რევმატიზმი ან სახსრების სხვა დაავადებები.

თხისრქა: ძირითადად კანთან დაკავშირებული პრობლემები.

მერწყული: ვენების ვარიკოზული დაავადებები, ავარიები და ზოგი ნერვული დაავადება.

თევზები: გაციება და ჰაერწვეთოვანი ვირუსები.

რაც მთავარია და აუცილებლად გასათვალისწინებელი, ის თუ რომელია თქვენი ნიშანი არ განსაზღვრავს ზემოთჩამოთვლილი დაავადებების მიმართ მიდრეკილებას, ეს შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული რამდენიმე ან სულაც განსაკუთრებით არცერთი, რადგან ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენს მზეზე, არამედ სრულად პირად რუკაზე.

პ.ს. იმედი მაქვს სასარგებლო და დამაფიქრებელი ინფორმაცია მიიღეთ, მათთვის კი ვისაც არ ჯერა ამ ყველაფრის იმედია პოსტით იხალისეთ, თუ ჩაიკითხეთ რათქმა უნდა 🙂

სიყვარულით თქვენი ჰაგი

%d bloggers like this: