მთავარი

მე და ჩემი კოშმარები

3 Comments

მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება კოშმარებს ვხედავ. ნუ სიზმრების 100%-დან 99.99% კოშმარები იყო და დანარჩენი ერთი არ მახსოვდა. სხვათაშორის ბოლო რამდენიმე დღეა თუ უკვე ერთი კვირაა მძინავს ჩვილივით და ვხედავ კარგ სიზმრებს. ისეთ კარგებს და ლამაზებს, საყვარლებს და ფუმფულებს, რომ აღარ ვიცი რა ვქნა, რას ვეცე, როგორ გავაზიარო, ვის მოვუყვე. რა კარგი ყოფილა კარგი სიზმრების ნახვა ღმერთო ჩემო, რომ იღვიძებ და ადამიანის სახე გაქვს, მზეს ამჩნევ ცაზე თურმე ამოდის და ანათებს კიდეც და საერთოდ რა კარგი და მშვენიერია ირგვლივ ყველაფერი. როგორ მოქმედებს ადამიანზე თურმე ცუდი სიზმრები. გულში ვფიქრობ ეს დღეები, თურმე რა ბედნიერები არიან ადამიანები და არ იციან.

nightmares

ჩემი სიზმრები უკიდურესად კოშმარულია და ეხება ყველა თემას რაც კი ოდესმე მაინტერესებდა ან ვიცოდი. რელიგია, მითოლოგია, რიტუალები და ა.შ. მაგალითად როცა ყველა იხსენებს ბედნიერად სიზმარს, რომელშიც იფრინა და აღფრთოვანებული ყვება იმ განცდებს, რომელსაც ფრენის დროს განიცდიდა. ამ დროს მე, ერთადერთხელ ვიფრინე სიზმარში და ისიც როგორ, მილიონი ფსიქოპათი მე მომსდევდა უკან, მთელი ქალაქი ჩემი ალტერნატიული განსხეულებებით იყო სავსე, ოღონდ ყველა თავისებურად საშინელი იყო და რომ მომიმწყვდიეს რომელიღაც კორპუსის თავზე იქიდან გადმოვხტი და ვინატრე ფრთები, შედეგად ვიფრინე, მაგრამ ეს იყო მტკივნეული, თან მწონდა ღამურას ფრთები. მთელი დღე მტკიოდა ზურგის კუნთები და მას შემდეგ არ მიფრენია.

ერთხელ მოვხვდი ჯოჯოხეთში სადაც კანი გამაძრეს ამოატრიალეს, ისევ ჩამაცვეს და მიმაკერეს. თან ამ ყველაფერს ვგრძნობდი და ისეთი რეალისტური იყო. ვერ ვიხსენებ რომელი გრძნობა უფრო მტკივნეული იყო გატყავების თუ ჩაცმის, მაგრამ ეს იყო ნამდვილი კოშმარი, რომელიც იმდენად კოშმარი იყო, რომ გავიღვიძე ვიგუდებოდი უჰაერობისგან. სხვათაშორის ჯოჯოხეთში კიდე ვიყავი სხვა დროსაც, მაგრამ იქ უკვე სახელგანთქმული კუპრის უდაბნო ფიგურირებდა, რომელზეც დავდიოდი შიშველი ფეხებით და ვერ ვაგნებდი გასასვლელს, თან ვეძებდი ლუციფერის ქამარს, რომელიც საიდანღაც ვიცოდი რომ გამიყვანდა ჯოჯოხეთიდან. ჰოდა ვიპოვნე ქვა, რომელიც მივხვდი რომ ეს იყო ქამარი და რაღაც ღვთაებრივად კი არა, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკებში რომ არის, იმ ტექნოლოგიის მსგავსად გარდაიქმნა ეს ქვა ქამრად. ოღონდ რომ გავიკეთე მე თვითონ გავხდი ლუციფერი და ჯოჯოხეთიდან გამოსვლა აღარ მინდოდა.

კიდე ერთხელ მახსოვს რაღაც შენობაში მოვხვდი რომლის ოთახებიც ფორმას იცვლიდა და თან დროც სხვანაირად მიდიოდა ამ სახლში. მაგალითად ერთ ოთახში რომ შევიდოდი და რომ დაიწყებდა დამრგვალებს უნდა გამესწრო მეორეში, მერე დერეფანი იწყებდა დავიწროვებას და შემდეგი ოთახის კარი მხოლოდ დერეფნის ბოლოს იყო, არადა უნდა მომესწრო შესვლა თორემ გავიჭყლიტებოდი, ჰოდა მერე რომ ვბრუნდებოდი ისევ იმ ოთახში სადაც უკვე ვიყავი იქ ვხედავდი ჩემს თავს, რომელიც მე ვერ მხედავდა და იმ ვითარებას რაც უკვე იყო რამდენიმე წუთის წინ. რამდენჯერაც ვბრუნდებოდი ერთსა და იმვე ოთახში იმდენ დროს ვხედავდი ერთდროულად და იმდენ ჩემს თავს. ანუ ყველა დრო ფენებად იყო ერთმანეთზე დადებული და თითქოს მთელ სახლში ყველაფერი სინამდვილეში ერთდროულად ხდებოდა, უბრალოდ მე სივრცეში გადავაადგილდებოდი და არა დროში.

ერთხელ სიზმარში ვნახე სამყაროს დასასრული. ესეც კოშმარი იყო პრინციპში, მაგრამ ისეთი ლამაზი, რომ სამყაროს დასასრული თუ ასეთი იქნება მინდა რომ რეალურადაც ვნახო. სიზმარში ვნახე რომ მზის სისტემის ყველა პლანეტა ცაზე ჩანდა, იმიტომ რომ დედამიწა იზიდავდა მათ და ვითომ ამას ერქვა პლანეტარული სუიციდი. არც ვიცი საიდან მომივიდა ეს ტერმინი თავში. ჰოდა მოკლედ ყველა პლანეტა დედამიწას უნდა შეჯახებოდა, იმიტომ რომ საერთოდ მთელი სამყარო, ანუ მთელი არსებული კოსმოსური სივრცე იკუმშებოდა და ამ შეკუმშვის ეპიცენტრი იყო დედამიწა. ყველაზე ლამაზი იყო ბოლო რამდენიმე წუთი, როცა პლანეტები შემოიჭრნენ ატმოსფეროში და მათ გარშემო ფეიერვერკივით ალის რგოლები იყო, თვითონ კიდე შავები გახდნენ და მთელი ცა გამწვანდა როგორც ჩრდილოეთის ნათების დროს, ისე ალივლივდა სხვადასხვა გარდამავალ ფერებად და დედამიწაზე უცბად, რამდენიმე წამში მომწვანოდ ნაცრისფერი კვამლი ჩამოწვა, მაგრამ თან ანათებდა ყველაფერი და ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი იყო ენითაუწერელიო, რომ იტყვიან.

ერთ სიზმარში ვიყავი სვანეთში, არადა სვანეთში არ ვარ ნამყოფი. ჰოდა ვითომ რაღაც კოშკში ვზივარ და უცბად ხალხი შემოიფანტა ყვირილით სამმა სვანმა გოლიათმა გაიღვიძაო. შემოვიდა ეს სამი სვანი გოლიათი დიდები, თეთრები და როგორც უკვე გაქცეული ხალხი ყვიროდა კაციჭამიები. თუმცა არ შევუჭამივარ, მახსოვს რომ სამივემ რაღაც ძალა მომცა, უფრო სწორად შემპირდა, აი ზუსტად ისე როგორც ზღაპრებშია ხოლმე, ოღონდ რაღაცის სანაცვლოდ. რის სანაცვლოდ არ ვიცი. იმედია სული არ მივყიდე ))))

ერთხელ ერთ სიზმარში სადღაც ცენტრალურ ამერიკაში ვცხოვრობდი, ნუ ეგეთი სახლები იყო და მე შავკანიანი მაღალი, ლამაზი ქალი ვიყავი. პრინციპში მხოლოდ ამის გამო ეს სიზმარი შემიძლია კოშმარების რიცხვში არც გავიყვანო, მაგრამ მე მქონდა რაღაც პატარა მრგვალი მინის კოლბებივით ბოთლები, რომლებშიც ფერადი ფოსფორივით მანათობელი ბლანტი სითხე ესხა. ხოდა ამ ქალაქში დავდიოდი და ყველას ვისაც შევხედავდი და ჩავთვლიდი რომ მისი დრო მოვიდა ვასმევდი ამ სითხეს და ამ კოლბაში ხვდებოდნენ. სიკვდილი ვიყავი ფაქტობრივად. როცა გავავსე ყველა კოლბა მთაზე ავედი სადაც ძველი ქვის სარიტუალო მაგიდასავით იყო, ქვემოდან დიდი ქვის თასივით ქონდა შედგმული. დავწექი, დავლიე ეს ყველა დაგროვილი სითხეები, გავდნი და ამ ქვის ჯამში დავგროვდი. ეგ შეგრძნება მახსოვს თან სითხე რომ ვიყავი. კატასტროფა შეგრძნება იყო, რომელიც ვერ აბალანსებს ჩემს ლამაზ, მაღალ შავ ქალად ყოფნას და ამიტომაც კოშმარია.

ერთხელ ვნახე როგორ ჩადიოდა თბილისი მიწაში, ვითომ მე ვიდექი სადღაც სააკაძის მოედანზე, უცბად დავინახე რომ შენობები ჩადიოდა მიწაში, ინგრეოდა ყველაფერი გარშემო და უკვე გასაქცევიც რომ აღარსად მქონდა ხვრელით მიწაში ჩავედი, თან ვფიქრობდი ამ ხვრელში როგორ ვეტევითქო. ნუ კი კომპაქტური ვარ, მაგრამ მაინც ძალიან ვიწრო ხვრელი იყო. მოვხვდი მიწისქვეშა გამოქვაბულში სადაც ტბა იყო, რომ ჩავიხედე თურმე გველის ტანი მქონდა და დრაკონის თავი. მერე მივხვდი იქ როგორ ჩავედი, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დრაკონის სახე არ მეუცხოვა, პირიქით ძალიან ბუნებრივად აღვიქვი, მაინც ერთგვარი სტრესი იყო, უცბად რომ აღმოაჩენ ამ ფაქტს. საკმაოდ უსიამოვნო სიზმარი იყო.

ერთი მძაფრსიუჟეტიანი კოშმარიც იყო, რაღაც ლაბირინთში ვიყავი ქვის ლაბირინთი იყო, ოღონდ შენობაში, იმიტომ რომ ცა არ ჩანდა ჭერი ქონდა და იატაკიც ქვის. ვითომ ვიღაც მომსდევდა და მე მეცვა ტყავისა და რკინის ტანსაცმელი ძალიან სექსუალური. სხეულის ის ნაწილები რომელსაც ვხედავდი სულ მოხატული მქონდა. ჰოდა გავრბოდი თან ხელში მეჭირა ხმალივით თუ ხანჯალივით იარაღი. წამომეწია ეს ვისაც გავურბოდი და ისიც მე ვიყავი, ისიც მოხატული იყო, ზუსტად ჩემნაირი და მომკლა, ჰოდა სისხლი როგორცკი წამომივიდა გაქრა. საშინელი გრძნობაა საკუთარი თავი რომ გკლავს. ამ სიზმრის მერე დავრწმუნდი რომ სუიციდი ნოთ მაინ.

და ჩემი ფავორიტი კოშმარული სიზმარი იყო, როცა რეალურ ცხოვრებაში დავიძინე და სიზმარში გავიღვიძე კოსმოსურ ხომალდში, რომელიც დაჯდა პლანეტაზე, რომელზეც მე არალეგალურად ვიმყოფებოდი, საბუთები არ მქონდა და ვცდილობდი სატვირთო ნაწილით დედამიწაზე დაბრუნებას ))))) ეს იყო ყველაზე სასაცილო კოშმარული სიზმარი რაც კი მინახავს.

კიდევ უამრავი კოშმარი მაქვს ნანახი რომელსაც არცერთი პოსტი არ ეყოფა, თითქმის იმდენივეა რამდენი ღამეც იყო ჩემს ცხოვრებაში, ნუ თითქმის. ყველა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამავე დროს საშინელი. ხანდახან თავსაც ვიმშვიდებდი იმით რომ, აუ მე ისეთი საინტერესო სიზმრები მაქვს, ისეთი არაბანალური, მაგრამ ბულშით. თურმე რა კარგი ყოფილა მათ გარეშე. არ დაბრუნდეთ კოშმარებო, არ მენატრებით.

nightmare

რატომ მქვია HAG

%(count)s კომენტარი

მას შემდეგ რაც უკვე 10 წელია ვატარებ სახელს HAG უამრავ ადამიანს უკითხას რას ნიშნავს ეს სიტყვა, არცერთს არ უკითხავს მიზეზი რატომ ჰაგ, რატომ ალქაჯი?

სინამდვილეში არა იმიტომ რომ ალქაჯი 🙂 მიზეზი სხვაა, მაგრამ ამის ახსნას იმდენი დრო, ენერგია და სიტყვა დასჭირდებოდა, რომ ყოველთვის მეზარებოდა ეს პროცესი, თანაც არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილი მიზეზი ანუ ის რასაც ქვემოთ დავწერ სინამდვილეში ვინმეს დააინტერესებდა, მაგრამ დღეს დავწერ 🙂

ძველ ინგლისში ალქაჯებს მოიხსენიებდნენ როგორც HAG, მაგრამ სინამდვილეში ამ სიტყვას ბევრად უფრო ძველი ფუძე აქვს და ის სათავეს რუნებიდან იღებს. HAG მომდინარეობს რუნის სახელიდან HAGALAZ. ჰაგალაზთან მჭიდროდაა დაკავშირებული ძველგერმანული სიტყვა HACHEL – ალქაჯი, ის შეესაბამება ანგლოსაქსურ სახელს HAEGTESSA – ალქაჯი, საიდანაც სწორედ წარმოსდგება სახელი HAG. შესაძლოა ბევრი რამ რასაც ახლა წაიკითხავთ ყველასთვის გასაგები არ იყოს, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად დავწერო.

ჰაგალაზი არის მეორე ეტის პირველი რუნა. ის მდედრობითი ენეტგეტიკის მატარებელია და არის გარდამავალი “გზა” ალგხეიმისა და მუსპელხეიმის სამყაროებს შორის. (მომავალში კიდევ ბევრს დავწერ, რუნებზე, სამყაროებზე და ბევრ საინტერესო რამეებზე, ახლა კი არ დაიძაბოთ და უბრალოდ სახელებად აღიქვით წინათქმული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნაკლებად მნიშნელოვანია)

რუნა ჰაგალაზი როგორც ვთქვი მდედრობითი ენერგეტიკის მატარებელია, ის აერთიანებს ორ სტიქიას წყალს და ჰაერს. შესაბამისად ის ყინულია, ასევე გამოისახება როგორც ფიფქი. არ ვიცი რამდენად კარგად ერკვევით ასტროლოგიაში, მაგრამ ყველა თქვენგანმა იცის ზოდიაქოს რომელ ნიშანს მიეკუთვნება, აი ეგ რაც თქვენ იცით პირად რუკაში მხოლოდ მზით გამოისახება, მაგრამ ასევე ყველა თქვენგანს იმავე რუკაში აქვს სხვა პლანეტებიც რომელიც სხვადასხვა ნიშნებშია გაფანტული და საბოლოოდ თქვენ და თქვენი არსებობის ყველა სხვა ალტერნატიულ “თქვენებს” გქმნით. მზე ანუ ის ნიშანი რაც თქვენ იცის გამოგხატავთ არა თქვენ სრულყოფილად, არამედ მხოლოდ თქვენს გარსს, თქვენს ცნობიერს. მთვარე – გამოხატავს ქვეცნობიერს. შესაბამისად როდესაც კითხულობთ ნიშნის აღწერას რომელშიც მზე გყავთ ეს ნიშნავს, რომ თქვენ ასე აცნობიერებთ თქვენს არსს. ხოლო როცა გაეცნობით იმ ნიშანს რომელშიც მთვარე გყავთ მაშინ გაეცნობით თქვენი ქვეცნობიერის ნაწილს. რა შუაში ეს? განვაგრძობ…

რუნა ჰაგალაზი – დედა რუნა. ის თავისი ფორმით ყველა დანარჩენ რუნას აერთიანებს. ამიტომაც მას ეძახიან დედარუნას. ჰაგალაზი როგორც ვთქვი გაყინული წყლისგან შედგება და ის სეტყვის სტიქიის მმართველია. სეტყვა გამანადგურებელია დიახ. მხოლოდ ისევე როგორც სეტყვა განადგურების შემდეგ დნება და იქცევა სიცოცხლის მომტან წყლად. ასევეა ჰაგალაზი ის ანადგურებს, რომ განავითაროს. ამიტომ ლოგიკურია რომ ჰაგალაზი არ არის სამყარო ის არის გარდამავალი გზა/პერიოდი სამყაროებს შორის, სიკვდილი არა როგორც შედეგი არამედ როგორც პორცესი/გარდასახვა/რეინკარნაცია. და მივედით ყველაზე საინტერესო ჰაგალაზის ოკულტურ და ფსიქოლოგიურ მნიშვნელობამდე. ის რაც ჩვენს თავებშია იმის მიუხედავად იცით თუ არა ამის არსებობის შესახებ. ვსაუბროდი სიკვდილზე. ცოცხლებისთვის კი მკვდრები ასოცირდებიან წარსულთან. აქ გავიხსენებ სკანდინავიურ მითოლოგიას სამყაროს შექმნის შესახებ, როდესაც ეთუნხეიმიდან მოვიდა სამი გოლიათი (მდედრობითი სქესის), იგივე ნორნები – ბედისწერის ქალღმერთები, ისინი სამივე ერთად განასახიერებენ დროს რომელშიც სამყარო არსებობს. ვერდანდი განასახიერებდა აწმყოს, სკულდი – მომავალს, ხოლო ურდი განასახიერებდა წარსულს შეგვიძლია ის ჰაგალაზის რუნის ეზოთერულ მმართველადაც მივიჩნიოთ. გამოდის რომ ჰაგალაზი მართავს წარსულს? არა! პირიქით წარსულის “მქსოველი” ბედისწერის ნორნა განაგებს ჰაგალაზს. მაშინ რას განაგებს ჰაგალაზი?

განასახიერებს თუ არა ჰაგალაზი სიკვდილს ან წარსულს? ეს ძალიან პრიმიტული გაგებაა. წარსული არის ჩვენთვის წარსული, რომელიც ოდესღაც იყო აწმყოც და მომავალიც, ისევე როგორც სიკვდილი არის შედეგი ცოცხლებისთვის, პროცესი მომაკვდავისთვის და განცდილი გარდაცვლილთათვის, მხოლოდ ეს ბოლო გაუცნობიერებელი და ამაში ბევრი არ დამეთანხმება სავარაუდოდ ვინც წაიკითხავს. დამშვიდდით და ღრმად ისუნთქეთ, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია 🙂 მივედით წრემდე. ნუ ჩემი გამოცდილებით, რადგან მე მქონია მცდელობა ამ ყველაფრის ვერბალურად გადმოცემის, ამ მომენტში ყველა თუ არა ბევრი მაინც წამოიძახებს ხოლმე “ანუ წრეზე დავდივართ?” არა, წრეზე არ დავდივართ!

განვაგრძობ, ჰაგალაზი არის განადგურების რუნა, ამ სიტყვას ვინახავდი არ მინდოდა თავშივე მეთქვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს, ვინც კითხულობთ ეს სიტყვა ჯერ კიდევ არასწორად გესმით, ანუ ისე როგორც მე მას არ ვგულისხმობ. განადგურება როგორც ელემენტი პროგრესის, იმისათვის რომ ზემოთწამოძახებული წრიდან გამოვიდეთ და არ ვიაროთ მართლაც წრეზე. ის ბუნებრივი ცვლილებების მამოძრავებელი ძალაა, აუცილებელი იმისათვის, რომ დაკარგული ბალანსი აღადგინოს სამყაროში და შექმნას განვითარების და წინსვლისთვის სასურველი გარემო. ჰაგალაზი არის რუნა რომელიც ერთი შეხედვით გამანადგურებელი, უმართავი ენერგიის ამოფრქვევას გავს, მაგრამ სინამდვილეში ის ტრანსფორმაციის და განახლების უდიდეს პოტენციალს ფლობს და განწმენდის სიმბოლოა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებში აუცილებელი საფუძველია განვითარებისთვის.

ჰაგალაზი როგორც განადაგურების რუნა. ის არ არის აბსოლუტური განადგურების აღმნიშვნელი. ის გამორჩევით განადგურების აღმნიშვნელია, სხვანაირად რომ ავხსნა ანადგურებს იმას რამაც თავისი დრო მოჭამა, რასაც აღარ აქვს უფლება არსებობისთვის, რაც თავისი არსებობით ხელს უშლის წინსვლას. რუნა აქტიურად გამოიყენებოდა მაგიაში, ამიტომ მეომრები მას ხშირად გამოიყენებდნენ მოსალოდნელი ბრძოლის წინ, როგორც ნათქვამია ცოდვების და შეცდომებისგან გასათავისუფლებლად რომ ბრძოლისას ისინი სრულყოფილნი ყოფილიყვნენ და მათი გონება ვნებებსა და ცდუნებებს არ გაეფანტათ.

ჰაგალაზი როგორც ვთქვი ანადგურებს იმას რამაც დრო მოჭამა, არა ზემოდან, არამედ აცლის ფეხებიდან მიწას, რაზეც დგას, რასაც ეყრდნობა, აცლის საფუძელს იმას რასაც ანადგურებს. ძირფესვიანად აცალმტვერებს. არის მკვეთრი და ძლიერი. მე ზემოთ მეწერა სიკვდილზე და წარსულზე. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჰაგალაზი ანადგურებს კომპლექსებს, რომელიც ხელს გვიშლის წინსვლაში და ჩვენს დესტრუქციულ წარსულს განასახიერებს.

ჰაგალაზი არსებობის უპირველეს კანონს ეფუძვნება, ყველაფერი რაც ოდესღაც დაიბადა უნდა მოკვდეს, ყველაფერი რაც დაიწყო უნდა დასრულდეს. მითოლოგიურად ჰაგალაზი მთლიანად შეესაბამება ხელხეიმს და მის მმართველს ხელს. ხელი ბნელი დედოფლის და ლოკის შვილია. ის აბსოლუტურად არ არის პირველქმნილი არსება, ის როგორც ჰაგალაზი მხოლოდ მაშინ ჩნდება როცა მისი არსებობის აუცილებლობა იქმნება. ჰაგალაზი, ის ჩნდება მაშინ როცა აუცილებელია გარდაქმნა, ის არ არსებობს თავისთავად და უწყვეტად, მას ქმნის აუცილებლობა განადგურების. ისევე როგორც სიკვდილი არსებობს კონკრეტული ადამიანისთვის, მაშინ როდესაც ის კვდება. ისევე როგორც ვუშვებთ რომ სამყაროში არსებობს უამრავი რამ რის შესახებაც ჩვენ შესაძლოა არც კი ვიცოდეთ, მაგრამ ისინი არსებობენ. ასევე შესაძლოა რიგ შემთხვევებში ჩვენ ვიცოდეთ რაიმეს არსებობის შესახებ, მაგრამ ის არ არსებობდეს – სიკვდილი, მხოლოდ ჩემი, შენი და ვიღაცის. ის მოვლენაა, რომელიც ძალიან კონკრეტული და ინტიმურია, იმის მიუხედავად იცი თუ არა მისი არსებობის შესახებ, ის არ არსებობს იქამდე სანამ არ დგება მომენტი სიკვდილის. ეს ერთობლივია პროცესია, ორმხრივი, რომელსაც იწვევს ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ეს სუიციდი იქნება თუ უბრალოდ დაბერება, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი. მიზეზი გამომწვევი არის ადამიანი, პროცესი კი არის ერთობლივი და უნიკალური. ამ კონტექსტში ჰაგალაზი არის არა განადგურება, არამედ შექმნა პირობის, რომ ადამიანს ქონდეს საშუალება რეინკარნაციის – თავიდან დაბადების. სწორედ ამიტომ ჰაგალაზი ასევე განასახიერებს პირველყოფილ ქაოსს, მაგრამ რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ ქაოსის ყველა მამოძრავებელი ძალა ხელთან ერთ დონეზე თანაბრდება, ვგულისხმობ იმას რომ ეს ძალები, ქაოსის ძალები ემსახურებიან კოსმიურ ძალებს, ხოლო სიკვდილი მხოლოდ ეხმარება იმაში რომ აღდგეს ბალანსი, ბალანსი რომელსაც არღვევს სიცოცხლე. ჰაგალაზი განასახიერებს სიკვდილისა და სიცოცხლის ყველაზე ღრმა კავშირს სტიქიებთან, რომლებიც სრულიად არ არიან დაუმორჩილებლები.

სკანდინავიურ მითოლოგიაში ხეიმდალი – საწყისის ასი ასევე შეესატყვისება რუნა ჰაგალაზს, ხეიმდალი, თეთრი ასი, რომელიც სამყაროების გზაჯვარედინზე დგას და იცავს სამყაროს შექმნის საწყისს, ერთმანეთთან აკავშირებს ურთიერთსაპირისპირო სამყაროებს და იცავს მათ შორის ბალანსს. ხეიმდალი არის არა მარტო სიცოცხლის მამა, წერტილი საიდანაც ყველაფერი იწყება, ის ასევე განასახიერებს სიკვდილსაც, წერტილს სადაც მთავრდება. სწორედ ამიტომ ჰაგალაზის რუნა როგორც დასაწყისში ვთქვი დედა რუნადაც მოიხსენიება, ის ყველა სხვა რუნას აერთიანებს თავის თავში და გზაჯვარედინს განასახიერებს. სამყაროების გზაჯვარედინს.

ასტროლოგიაში ჰაგალაზი შეესატყვისება მერწყულის ნიშანს, მერწყული ჰაერის სტიქიით არის მართული. მას ხშირად ადარებენ სუნთქვის გაჩერებას, როდესაც რაიმე ისეთი დამანგრეველი ისე სწრაფად ცვლის ყველაფერს, რომ სუნთქვა გეკვრით და როდესაც ჩაისუნთქავთ უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა. აი ასეთი სწრაფი, ძლიერი და დამანგრეველია ჰაგალაზი, მაგრამ აუცილებელი. როდესაც რუნებში მე ამომდის ხოლმე ჰაგალაზი ვხვდები რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში არაფრის გაკეთებას არ აქვს აზრი, სანამ ყველაფერი თავისთავად და ერთბაშად არ შეიცვლება და როდესაც ეს ხდება, შემდეგ მშვიდად განვაგრძობ მოქმედებას.

ასტროლოგიაში ჰაგალაზის მოქმედებას კარმულ ვალსაც უკავშირებენ. კარმული ვალი, მარტივად რომ ავხსნა იმის შედეგია როგორც ჩვენ ვიცხოვრეთ უკვე. შეცდომები რომელიც უნდა გამოვასწოროთ. ადამიანები რომლებიც არ ცნობენ კარმულ კანონებს, ხშირად კარმულ ვალს ჰაგალაზის მოქმედების სფეროში იხდიან – ანუ მტკივნეულად. ვგულისხმობ როდესაც ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომები იმდენად მნიშნელოვანი და მძიმეა და ის იმდენად ვერ ხვდება ამას და არ აკეთებს არაფერს, მისი გარდასახვა ხდება მტკივნეული და შესაძლოა დამანგრეველი მისთვისვე.

ჰაგალაზის მოქმედება უფრო მარტივად რომ ავხსნა კარმული თვალსაზრისით გავს მეხს, რომელიც დაარტყამს ტყვეს და მას ბორკილებს ახსნის, თუმცა უკვე ტყვეზეა დამოკიდებული რამდენად შეეჩვია ის ბორკილებს და მოუნდება თუ არა მათ გარეშე სიცოცხლე. ამის მიუხედავად ეს მისთვის ახლის დასაწყისია.

როგორც ვთქვი ჰაგალაზის რუნა უკავშირდება მერწყულის ნიშანს. მერწყული განასახიერებს მომავალს, რომელიც იჭრება აწმყოში. მომავლის აწმყოში შემოჭრას უკავშირდება ძველი ჩარჩოების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების განადგურება.

ჰაგალაზი ძალიან მძიმედ სატარებელი რუნაა, ის ადამიანს ემუქრება ფსიქიკური აშლილობითაც თუ მას არასწორად მოიხმარს. როდესაც ადამიანი იციკლება, იკეტება, როდესაც მისთვის რაიმე, ღირებულება იქნება ეს, შეხედულება თუ სხვა რამ ხდება უცვლელი. როდესაც ის თავიდანვე გამორიცხავს რაიმეს ცვლილებას, საკუთარი აზრებისასაც კი. როდესაც ამბობ რომეს ასეა და სხვანაირად ვერ იქნება და გამორიცხავ იმას რომ ოდესმე შეიცვლი აზრს და იციკლები ამაზე. სწორედ მაშინ ამუშავდება ჰაგალაზი. ის განასახიერებს ნაჭუჭის გამომტვრევას და არა მასში ჩაკეტვას, თუმცა ბევრი ადამიანი ზუსტად მისი მოქმედების შემდეგ იკეტება ნაჭუჭში და ეს მტკივნეული ხდება ისევ მათთვის, ასეთ შემთხვევაში ჰაგალაზს მიყავს ის ეგოს განადგურებამდე.

ჰაგალაზი მითოლოგიურად ასევე ასოცირდება დიონისესთან, დიონისე კი ასტროლოგიაში ასოცირდება ლომთან, ლომი კი მერწყულის ოპოზიციაა. ანუ მისი საპირისპირო. ხშირად არასწორად იგებენ, უფრო სწორად ერთმნიშვნელოვნად იგებენ სიტყვას “ოპოზიცია”. სინამდვილეში ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებს კი აქვთ შანსი ერთამენთს აბსოლუტურად არ დაეთანხმონ, მაგრამ სამაგიეროდ აქვთ ასევე შანსი ერთამენთი ისე შეავსონ როგორც არავინ სხვამ. რადგან ისინი ერთმანეთის აბსოლუტურ ორ საპირისპოროს, ორ აბსოლუტურად განსხვავებულს წარმოადგენენ, მაგრამ ერთი ფლობს იმას, რაც არ აქვს მეორეს. ეს ერთი მთლიანის ორი ნახევარია. მერწყულისთვის ასეთია ლომი 🙂 და პირიქით.

დავუბრუნდეთ დიონისეს. მერწყული ეს მომვლიდან აწმყოში შემოჭრილი რევოლუციონერია. ლომი ეს რევოლუციის შედეგად ტახტზე ასული მონარქია, რომელსაც აქვს შანსი შექმნას ახალი კანონები და დაამყაროს მშვიდობა.

ყურადღებით თუ გაეცნობით მისტიკების, ხელოვანების და სხვა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, მათი შექმნა შედეგია რაღაც ფაქტის, გადატრიალების, განადგურების რაც მოხდა მათ ცხოვრებაში, ანუ ჰაგალაზის გამოვლინების. იმის თქმა მინდა რომ კოსმოსი ადამიანს ავითარებს ჰაგალაზის მეშვეობით. ე.წ. გამოღვიძების/გამოფხიზლების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი უნდა გათავისუფლდეს ჩვეულისგან და დაიწყოს ფიქრი სხვაგვარად, რადგან ზუსტად ჩვევები არ აძლევს მას განვითარების საშუალებას.

და ბოლოს დავამთავრებ ფრაზით რომელიც დაახლოებით იმდენივე წლის წინ ვთქვი, რამდენი წელიც ვატარებ რუნას ჩემს სახელად.

ადამიანი არ ირჩევს გზას, ადამიანი თვითონ არის გზა.

მათ ვინც ეს დამღლელი და გაუგებარი პოსტი ბოლომდე წაიკითხა, წარმატებულ წელს ვუსურვებ და ბევრ დადებით, უმტკივნეულო ცვლილებას. ჩემს თავს კი ვეტყვი, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჰაგ 🙂

%d bloggers like this: